№44 როგორი ურთიერთობა აქვს რემბოს ბერასთან და როგორ ეხმარებოდა ის ექიმებს ცოლის მშობიარობის დროს
ცოტა ხნის წინ ლევან მდინარაძე, იგივე დიჯეი რემბო და მისი მეუღლე, ანა კობახიძე, უსაყვარლესი გოგონას – მაშოს მშობლები გახდნენ. მაშომ მშობლების ცხოვრება თავიდან ბოლომდე შეცვალა. „თბილისელების“ სახელით, ბედნიერ მშობლებს ვულოცავ ქალიშვილის დაბადებას, ჯანმრთელობასა და წარმატებულ მომავალს ვუსურვებ.
ლევან მდინარაძე: ცხოვრების სხვა ეტაპზე გადავედით. ცოტა უძილოები ვართ, მაგრამ კარგი ბავშვია.
ანა კობახიძე: მე ვერ ვიძინებ ადრე, თორემ მაშოს სძინავს კარგად. დილით კი იღვიძებს ადრე, მაგრამ ბებო გვეხმარება. თავიდან ცოტა რთული იყო – რომ უყურებ და ვერც ხვდები, ეს ის არის, მუცელში რომ იჯდა.
ლევანი: ანას ორსულობამაც კარგად ჩაიარა. არსად სიარული არ დაგვიკლია.
ანა: ყველგან დავყვებოდი მუცლით.
ლევანი: ერთი-ორჯერ საცეკვაოდაც ვიყავით – დიდი მუცლით ცეკვავდა, ხალხი ისე გვიყურებდა...
ანა: არ „გამოვარდეს“ ბავშვიო. „ჰერაში“ ვიმშობიარე ფიზიოლოგიურად და მამიკოც დაესწრო.
ლევანი: ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე რთული და მტკივნეული მომენტია ქალის ცხოვრებაში, არაადამიანური ტკივილი, რომელსაც მამაკაცები ვერ აღვიქვამთ.
ანა: გმირულად შეხვდა, თან თავიდანვე ემზადებოდა. ბოლომდე იყო, სანამ არ გააგდეს.
ლევანი: ყველა კაცმა უნდა ნახოს, რას გადის ამ დროს ქალი და მერე უფრო მეტად დააფასებენ. ისე ვიქცეოდი, როგორც ექიმები: ხელები – სუფთა, ვეხმარებოდი რაღაცების მიწოდებაში. ბავშვი ვის მივცეთო და მე დავიჭირე. პანიკის გარეშე, მშვიდად ვედექი თავზე და ვუყურებდი, როგორ გაჩნდა ჩემი შვილი.
ანა: ლევანს ხელში რომ ეჭირა, თან ელაპარაკებოდა. ისიც ისე უყურებდა, გეგონებოდა, უსმენდა. მერე, მეც რომ დამაწვინეს, მიყურებდა თავაწეული. მუცლადყოფნის დროსაც სულ ველაპრაკებოდით, ლევანი ამშვიდებდა ხოლმე, რომ მიბრაგუბდა.
– სახელი როგორ შეურჩიეთ?
– მარიამობას ემთხვეოდა მისი დაბადება, მაგრამ მარიამობამდე ერთი საათით ადრე დაიბადა – 27 აგვისტოს და მაშო-მარიამი დავარქვით. მარიამი ნათლობის სახელია და დაბადების მოწმობაშიც მარიამ-მაშო მდინარაძე უწერია.
ლევანი: ძალიან უხდება სახელი. ბავშვი თვითონ ირჩევდა სახელს, ისეთ დღეს იბადებოდა, რომ არც გვიფიქრია, სხვა სახელი დაგვერქმია. მინდა, რომ ძალიან დატვირთული იყოს. თან, ძალიან რთულ პერიოდში გაჩნდა იმ მხრივ, რომ მე სახლში არ ვიყავი. რაც ჩემი ივენთკომპანია გავაკეთე, ივენთმენეჯმენტის კუთხით წავედი, მხოლოდ 10 ქორწილი მქონდა სექტემბერში, ბათუმშიც მიწევდა წასვლა, ყვარელშიც. რომ მიდიხარ სახლში უძილო, ბავშვი ტირის... მაგრამ ანა ძალიან შეგნებული გოგოა, ცდილობდა, არ გავეღვიძებინე.
ანა: თავიდან ძალიან გამიჭირდა. გარეთ ვერ გადიხარ, გგონია, რომ მთელი ცხოვრება სახლში მოგიწევს ყოფნა. მაგრამ, მერე, ნელ-ნელა გაიარა.
ლევანი: გავაქრისტიანეთ უკვე მაშო.
ანა: 15 ოქტომბერს ჩვენი ქორწინების იუბილე იყო და დავამთხვიეთ. ერთად აღვნიშნეთ ორივე ძალიან ვიწრო წრეში. ჩვენი მეჯვარე გოგონები იყვნენ ნათლიები.
ლევანი: ჩვენთვის თარიღებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. წინა დღეს ყვარელში ვიყავი. ისეთი დაღლილი ჩამოვედი, სექტემბერი და ოქტომბერი ერთმანეთში ამერია.
ანა: 14 სექტემბერს არის ჩემი დაბადების დღე და იმდენად გათიშული იყო, რომ ნერვიულობდა, ეგონა, დაბადების დღის მოლოცვა დაავიწყდა. თან, ვუთხარი: რატომ არ მომილოცე-მეთქი, მე ქორწინების თარიღი ვიგულისხმე.
ლევანი: დედაჩემს დავურეკე: დაბადების დღე მიულოცე ანას-მეთქი. რა დაბადების დღე, სექტემბერში ხომ ჰქონდაო. საერთოდ აღარაფერი მახსოვდა.
– როგორ აღნიშნავთ ხოლმე სხვადასხვა თარიღებს?
ანა: საჩუქრებით, სიურპრიზებით. სადმე მივდივართ ერთად. თუ, ამის გრაფიკიდან გამოდინარე, ამას ვერ ვახერხებთ, მეორე დღეს მაინც წავალთ.
ლევანი: სულ ვცდილობ, ოჯახისთვის უფრო მეტი დრო გამოვნახო. ბიზნესის აწყობის პერიოდში ვართ და ანაც სულ მეხმარება. ბრაზიც ჩვეულებრივი მომენტია. უნდა, რომ სახლში ვიყო ან ჩემთან ერთად იყოს სულ. ახლა რომ ვერ დადის ჩემთან ერთად, ბრაზდება.
ანა: ახლა ბავშვიც მიმყავს ხოლმე.
ლევანი: ხშირად ვერ ვახერხებ, რომ ყველაფერი მოვუყვე, დეტალები მეპარება ხოლმე და ბრაზდება. ახლაც მაძლევს რჩევებს, რადგან მე შეიძლება რამე გამომრჩეს. ჩემი მრჩეველია.
ანა: დირექტორი ვარ, ლევანი – დამფუძნებელი. ერთად დავდივართ ტრენინგებზეც. ორსულობის დროსაც ვიყავით და ტრენერი ისე ომახიანად საუბრობდა, რომ ეს მუცლიდან ეხმიანებოდა.
– ბავშვის ფოტოებს არ დებდით სოციალურ ქსელში.
– თავიდან არ მინდოდა, რომ დამედო, ცოტა გაიზარდოს-მეთქი, თან, ფოტოსესიას ველოდებოდით.
ლევანი: მე არ მიყვარს პირადულის სხვებისთვის გაზიარება. რაც შენია, შენში უნდა დარჩეს. ანა ხშირად იმაზე ბრაზდება, ჩვენს ფოტოებს რატომ არ დებო. ხელოვნურად მიმაჩნია და არ მიყვარს გაზიარება. თუ გულის დაწერა მინდა, ვაკოცებ და ვეტყვი: მიყვარხარ-მეთქი, სხვის დასანახად რატომ უნდა დავწერო?!
– შენი და ბერას მეგობრობის თემა ყოველთვის აქტუალური იყო. ბოლო პერიოდში აღარ გაქვთ ხშირი ურთიერთობა.
– ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. მანამდე უფრო ხშირად ვიყავით ერთად, რადგან ვმუშაობდი. თვითონ ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს, მუშაობს და ვცდილობ, არ შევაწუხო. ამერიკაზე, უცხოეთზეა გადართული და ისეთ პროექტებზე მუშაობს, რაც საქართველოში ბევრმა არ იცის. ისიც მუშაობს, მეც და ხშირი კონტაქტი არ გვაქვს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, მეც ან მასაც რამე რომ დასჭირდეს, ყველაფრისთვის მზად არის. ამ ადამიანს ურთიერთობა არ ეშლება. ბევრი რესურსი აქვს იმის, რომ ყველა ბილბორდზე, ყველგან იყოს, მაგრამ არსად ჩნდება. ეს სისადავე ახასიათებს. მე არასდროს წავსულვარ არც სამთავრობო, არც კულტურის მხრივ. ეს არასდროს გამომიყენებია და არც ვაპირებ. მე ჩემი მქონდა მანამდე და მინდა, რაც მქონდა, ის გავაგრძელო. არ მინდა, ვინმემ თქვას: ეს ვიღაცის ახლობელი ან მეგობარია და ამიტომ არის ასეო. დღესაც ამბობენ ამას, მაგრამ მე ჩემით ვშრომობ. რომ ვთხოვო, დარწმუნებული ვარ, გამიკეთებს, მაგრამ არასდროს მითხოვია. ისეთი ძლიერი სანაცნობო და სამეგობრო მყავს, ბერას თამადობით, რომ შემიძლია, ბევრი რამ მარტივად გავაკეთო. მაგრამ, მე სირთულეები მიყვარს. მაშინაც ვმუშაობდი. არჩევნები რომ დამთავრდა და „ოცნებამ“ მოიგო ბრძოლა – პირველი ვიყავი, ვინც იქ მივიდა და პირველი ვიყავი, რომელიც წამოვიდა. რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ ერთი მხრივ, არ ვნანობ, ამით არაფერი გაფუჭებულა. მე გავხდი თავისუფალი და ყველამ იცის, რომ წარმატებას ჩემით მივაღწიე და არა ბერას დახმარებით. ეს ბერას უფრო მეტად სიამოვნებს და გარემოცვაშიც ყველა ასეა. ბერასთანაც რომ ვიყავი და ახლაც, მან იცის, რომ რემბო იმას ეტყვის, რასაც ფიქრობს. ჩვენ სულ გვქონდა საუბრები და ბევრ რამეს ითვალისწინებდა, რადგან ყოველთვის აინტერესებს თავისი ახლო წრის რჩევა, დამოკიდებულება.
– და ბოლოს, ალბათ, ერთ ბავშვზე არ გაჩერდებით.
ანა: არა, მაგრამ ჯერ არ ვაპირებთ. რაღაც პერიოდის მერე – კი. ცოტა ფეხზე უნდა დავდგეთ. მეც მინდა, ჩემი ბიზნესი გავაკეთო. ახლა განხილვის პროცესში ვართ. აქ მე ვიქნები დამფუძნებელი, დირექტორი, ლევანი კი – მრჩეველი.