კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 ეშინიათ თუ არა მაკა რაზმაძის მამაკაცებს და რა რჩევებს აძლევდა მას მერაბ კოსტავა პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

ჟურნალისტ მაკა რაზმაძეს მდიდარი გამოცდილებითა და ექსტრემალური სიტუაციებით სავსე ცხოვრება აქვს. მისი პირველი ნაბიჯები აფხაზეთის ომის პერიოდს უკავშირდება. ეს ის ომია, რომელსაც მისი 18 წლის ძმის სიცოცხლე შეეწირა და მაკას არსებობის სურვილი წაართვა, მაგრამ ფეხზე დადგომის ძალა წლების შემდეგ ისევ საკუთარ თავში იპოვა.
მაკა რაზმაძე
: ჟურნალისტიკაში ჩემი პირველი ნაბიჯები ექსტრემალურ სიტუაციებს უკავშირდება. მე ვმეგობრობდი ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან, მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიასთან. მერაბ კოსტავასგან გავიცანი არჩილ გოგელია, რომელიც მაშინ ტელე-რადიო კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ტელევიზიაში წამყვანად მიმიწვია. უნიკალური პროექტი იყო „ალტერნატიული რედაქცია“, რომელიც „პირველ არხზე“ გადიოდა. ეს იყო პირველი საშუალება, ეროვნული მოძრაობის სათქმელის ხალხთან მისატანად, ჯერ კიდევ კომუნიზმის დროს. მივდიოდით აფხაზეთსა და ოსეთში, ვიღებდით იქაური ქართველების ისტორიას. პირველი ჟურნალისტი ვიყავი, ვისთანაც ზვიად გამსახურდია მოვიდა ეთერში. მასთან პირველი ინტერვიუ მე მქონდა. სამწუხაროდ, ამ პროექტმა ცოტა ხანს იარსება. შემდეგ ომი დაიწყო. არეულობის დროს ქუჩაში ვიყავი და ცხელი წერტილებიდან ვაშუქებდი მოვლენებს.
– როგორ იხსენებთ ტყვიების გარემოცვაში მუშაობას?
– 21 დეკემბერს, ძალიან დაძაბული ღამე იყო. ვხვდებოდით, რომ რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო. ჟურნალისტებმა: მე, თამრიკო დეკანოსიძემ და სოსო ტყებუჩავამ, იქ გავათენეთ ღამე. დილით კოლეგებმა საჭმელი მოგვიტანეს. მანქანაში ჩავსხედით თუ არა, იმწამს გავარდა პირველი ტყვია. გადმოვედით და ავტომობილის უკან დავიმალეთ. დავინახეთ, რომ ჩვენ წინ მამუკა ბერძენიშვილი დაიჭრა. სამი ტყვია მოხვდა. მისი დაჭრის ცნობილი კადრები თამრიკო დეკანოსიძემ გადაიღო. მივხვდით, რომ გამოსავალი აღარ იყო. ყველა მხრიდან ისროდნენ. ერთი ტყვია მეც მომხვდა. თამრიკოს გადაღებულ კადრებში ისმის, როგორ ვიძახი: „მომხვდა, მგონი, მომხვდა“ – ბოლომდე ვერც ვაცნობიერებდი. ხელი მოვიკიდე, სისხლი მომდიოდა. ხერხემალში ვიყავი დაჭრილი, მაგრამ საბედნიეროდ, ისეთი სიმძიმის ჭრილობა არ აღმოჩნდა, რომ სერიოზული ტრავმა მიმეღო. ვყვიროდი: ნუ ისვრით, ჩვენ იარაღი არ გვაქვს-მეთქი. თავზე დამახტნენ, რას შვრები, გაჩუმდიო. ჩემი ხმა რომ გაიგეს, იმ წამს ყველამ ჩვენკენ დაიწყო სროლა. ვინ არჩევდა ქალს და კაცს. იმ მომენტში, ცისფერი გალერეის წინ ვიდექით. ხელები ჩავკიდეთ ერთმანეთს და გალერეისკენ გამოვიქეცით, რომ იქ შეგვეფარებინა თავი, მაგრამ კარი დაკეტილი დაგვხვდა. ღია ცის ქვეშ, ტყვიების წვიმაში აღმოვჩნდით და არ ვიცოდით, რა მოხდებოდა. უცებ მოჭიდავე გივი ქენქაძე მოვიდა, გალერეის კარი მოგლიჯა და შიგნით შევვარდით. ასე გადავურჩით სიკვდილს. ამის მიუხედავად, ისევ ვაგრძელებდით ჩვენს საქმეს. სხვათა შორის, პირველად იმ პერიოდში გაჩნდნენ კამერიანი გოგონები, რამაც შოკი გამოიწვია. შემიძლია, ამაყად ვთქვა, რომ პირველი კამერიანი გოგოები ჩვენ ვიყავით. არადა, იმ დროს ხელფასსაც კი არ ვიღებდით. ღირსების ორდენზე რომ წარმადგინეს, მივლინების ვადებს მეკითხებოდნენ. ჯერ გავვოცდი და შემდეგ ვუთხარი: მე ომში მივლინებით არ დავდივარ. არ მინდა, არანაირი ჯილდო. ჩემთვის მთავარი ჯილდო ისაა, რომ ომში ვიყავი და ჩემი ქვეყნისთვის რაღაცის გაკეთება შევძელი-მეთქი.
– თქვენი და მერაბ კოსტავას მეგობრობა როგორ დაიწყო?
– ჩვენი მეგობრობა ქუჩაში დაიწყო. როგორც კი გავიცანი, ხელი ჩამკიდა და დამიმეგობრდა. ხშირად ვიყავით ერთად. მირეკავდა, სახლში მაკითხავდა. ქუჩაში ვსეირნობდით. ყვავილს თუ დაინახავდა, აუცილებლად მიყიდდა. მაგრამ მარტო მე არა, ის საერთოდ ასეთი იყო. ძალიან მგულშემატკივრობდა და ყველაფერს ვუყვებოდი. მეკითხებოდა, რას აპირებ და როგორ, ვინმე ხომ არ მოგწონსო?! საქმიანთან ერთად, პირადი საუბრებიც გვქონდა – ეს არის მეგობრობა. რომ ვეტყოდი, ესა და ეს მომწონს-მეთქი, არა ეგ არ მოგწონს, ეს ჯობიაო, სხვაზე მეუბნებოდა (იცინის). მის შვილთან – თამთასთანაც მან დამამეგობრა და ჩვენი ურთიერთობა დღემდე გრძელდება.
– ვიცი, რომ თქვენთვის ამაზე ლაპარაკი რთულია, მაგრამ მაინც უნდა გთხოვოთ, თქვენი ძმის შესახებ გვიამბოთ, რომელიც ომს ემსხვერპლა.
– გიორგი რაზმაძე, 18 წლის იყო. ის ომში გაიპარა, ისე, როგორც მისი არაერთი თანატოლი. ეს ამბები რომ დაიწყო, მე ჯარს გავყევი სოხუმში და პირველივე დღიდან იქ ვიყავი. დედამ დამირეკა და მითხრა, გიორგი რამდენიმე დღე არ გამოჩენილაო. იმწამსვე გამოვფრინდი თბილისში და ძებნა დავიწყე. თუმცა, არავინ არაფერი იცოდა. ერთი თვით ადრე, მის კლასელებს უნდოდათ ომში წასვლა. მშობლებმა მთხოვეს, იქნებ როგორმე გადაარწმუნო ეს ბავშვები, მოსამზადებელი პერიოდი მაინც გაიარონ. სროლაც არ იციან და ომში უნდათ გაპარვაო. მართლა შევხვდი მათ და ვთხოვე, დარჩენილიყვნენ. მაგრამ, გიორგი მაინც გაიპარა, თან მარტო. დილას მითხრეს, მატარებელს დახვდიო. დავხვდი და ფაქტის წინაშე დავდექი – გიორგი ცოცხალი აღარ იყო. ისეთ დღეში ვიყავი, პანაშვიდებზე არ ვჯდებოდი. ჩემთვის სულერთი იყო, ვინ მოვიდოდა და ვინ არა. მხოლოდ ის მინდოდა, მის ადგილას მე ვყოფილიყავი, სხვა არაფერი მაინტერესებდა. მხოლოდ ღამე გავდიოდი და მარტო ვრჩებოდი გიოსთან. ერთხელ დამიძახეს, გამოვედი, ჩემი მეგობარი საშკა იოსელიანი იყო მოსული. კასეტა მომიტანა: აქ ახალგაზრდა ბიჭების კადრებია, ეს, თურმე, შენი ძმა ყოფილა, მე არ ვიცოდიო, – მითხრა. ავტობუსით რომ წავედით, უკან ახალგაზრდები ისხდნენ. ყველა საოცრად კარგები იყვნენ, მაგრამ გიორგი განსაკუთრებულად მომეწონა, ძალიან ლამაზი იყო და ვუღებდიო. ბავშვები დამესივნენ, სახლში არ იციან, აქ რომ ვართ და ტელევიზორში რომ გვნახონ, ოჯახში გაგიჟდებიან, გეხვეწებით, ნუ გამოგვაჩენთო, – მთხოვეს. ამის შემდეგ ვარიდებდი კამერასო, მითხრა საშკამ, მაგრამ რამდენიმეგან მაინც ჩანდა გიორგი. ეს მისი ბოლო კადრებია. ამ ტრაგედიის შემდეგ, წლების განმავლობაში, მეგონა, რომ ჩემი ცხოვრება დამთავრდა და აღარაფერი მინდოდა. სახლიდან, ფაქტობრივად, არ გამოვდიოდი. არავისთან კონტაქტის სურვილი არ მქონდა. ის პერიოდი ძალიან ბუნდოვნად მახსოვს. მერე, ნელ-ნელა მივხვდი, რომ არ მინდოდა სხვა ადამიანებისთვის ტვირთი ვყოფილიყავი. მამაჩემი მაშინვე გადაჰყვა გიორგის. აბსოლუტურად ჯანმრთელი, ორმეტრიანი კაცი იყო. როგორც კი გიორგი დაღუპული დაინახა, მუხლები მოეკეცა და რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. აბსოლუტურად არაფერი სჭირდა, დეპრესიული სიკვდილი დაუდგინდა. მერე, და მერე ჩემი თავი ხელში ავიყვანე. მივხვდი, რომ ჩემს გარშემო მყოფებს არანაირი ბრალი არ მიუძღოდათ ჩემს ტრაგედიაში. თავი უხერხულად ვიგრძენი, რომ ჩემთვის ამ ტრაგედიის გამო ყველას ანგარიში უნდა გაეწია და მე თვითონ გამოვიყვანე თავი ამ მდგომარეობიდან. აი, დედა საოცრად ძლიერი გახლდათ. არავის უგრძნია, რომ ის შვილმკვდარი დედა იყო.
– პოლიტიკაზეც ვისაუბროთ. რამდენადაც ვიცი, გქონდათ შემოთავაზება, რომ პოლიტიკაში წასულიყავით.
– პოლიტიკაში წასვლის შემოთავაზება არაერთხელ მქონდა. თუმცა, მე იმ თაობას მივეკუთვნები, რომელიც ფიქრობდა, რომ კარიერული წინსვლა და სამშობლოსთვის ბრძოლა სხვადასხვა რამაა. მე ვიბრძოდი, მაგრამ მაშინ უხერხულად ითვლებოდა, შენ ბრძოლის სანაცვლოდ, რამე მიგეღო. სხვათა შორის, ესეც მერაბისგან ვისწავლე და როგორც ჩანს, ეს მიდგომა დღემდე გამომყვა.
– რაც შეეხება პირად ცხოვრებას – ერთხელ ვიყავი შეყვარებულიო, ნათქვამი გაქვთ.
შეყვარებული, შეიძლება, ბევრჯერ იყო, მაგრამ ნამდვილი ურთიერთობა ერთხელ გაქვს. არავის ვკიცხავ და არავისგან მიკვირს სამი-ოთხი და უფრო მეტჯერ ქორწინება, მაგრამ მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ერთი ოჯახი და ერთი ურთიერთობა უნდა მქონოდა. არ ვიყავი მზად, მისი დამთავრების შემდეგ ახლის დასაწყებად. ამიტომ, რაც ჩემი ურთიერთობა დამთავრდა, მას შემდეგ მარტო ვარ. ყველა ნორმალურ ქალს უნდა ოჯახი, მაგრამ იმაზე არ მწყდება გული, რომ ეს მასთან არ მაქვს. პირიქით, ის მწყინს, რომ ეს ურთიერთობა საერთოდ იყო. ჯობდა, არ ყოფილიყო. ნამდვილი რომ ყოფილიყო, არ დამთავრდებოდა. მივხვდი, რომ შეცდომა იყო.
– წარუმატებელი ისტორიის შემდეგ, ახალი ურთიერთობის შიში ხომ არ გაგიჩნდათ?
– მეორე წელია, ეს ურთიერთობა დამთავრდა და ვნახოთ, მერე რა იქნება.
– ჭკვიანი და წარმატებული ქალების მამაკაცებს ეშინიათო, ამბობენ.
– არ მიმაჩნია, რომ ჭკვიანი ვარ. ჭკვიანი ქალი დაოჯახებული, წარმატებული და მდიდარი იქნებოდა (იცინის). ჭკვიანი ქალი ისაა, ვინც კაცებს სულელი ჰგონიათ. თუ ვაშინებ, ნეტა, იმათ. ჩემი რომ კაცს შეეშინდება, მაშინ უნდა ეშინოდეს კიდეც (იცინის).
– როგორ უვლით თავს?
– ძალიან იშვიათი მოვლენაა, ჩემს ასაკში კარიერის თავიდან დაწყება, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ. ყურები არასდროს არ უნდა ჩამოყარო და რაც უნდა მძიმე დარტყმა მიიღო. გახსოვდეთ, ამ ასაკშიც შეიძლება, ყველაფრის თავიდან დაწყება. იყო პერიოდი, საერთოდ არსად ვმუშაობდი და ძალიან დიდი წყვეტა მქონდა.  ყველაფერი ხელახლა დავიწყე. საჭირო იყო რაღაცების შეცვლა. ამიტომ, მივვარდი ხამურად და ყველაფერი გავიკეთე, რაც კი შეიძლებოდა (იცინის). მათ შორის იყო ბოტოქსიც. ისედაც მაღალი წარბები მაქვს და ამ ბოტოქსმა სულ ზურგამდე გადამიყვანა. სასწაული სანახავი ვიყავი. მეორედ ბოტოქსის გაკეთებას აზრად აღარ გავივლებ (იცინის). ახლა ყველაფერი ჩემი მაქვს. მხოლოდ ტუჩია გაკეთებული. ძალიან მეცინება, რომ ამბობენ, მე არაფერი მაქვს გაკეთებულიო და ამ დროს, შეხედავ და ფიქრობ: ნეტავ გქონდესო. ეს სატრაბახო არაა, მაშინ ბოდიში და ნურც იღლიას გაიპარსავ და ულვაშებითაც იარე – თმაც ხომ ბუნებრივია. მოდი, ნურც დავიბანთ და რაც ვართ, ეგ ვიყოთ. გარეგნობის მოწესრიგება კულტურაა და თუ ქალს ან კაცს, რამის გაუმჯობესება შეგიძლია, უარი რატომ უნდა თქვა?!
скачать dle 11.3