№44 რა უთხრა სიკვდილის წინ მეუღლეს პოლიციელმა, რომელიც გორში გარდაცვლილი იპოვეს და რატომ არ უნდოდა მას საკუთარი ოჯახის წევრები პოლიციას გაჰკარებოდნენ
19 ოქტომბერს გორში, კომბინატის დასახლებაში, ერედვის პოლიციის განყოფილების თანამშრომელი, რევაზ ოქროპირიძე, საკუთარ მანქანში იპოვეს გარდაცვლილი. მას ჭრილობა გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. ჯერ ისევ პასუხგაუცემელია კითხვები: როგორია ბურუსით მოცული გარდაცვალების დეტალები; რას ფიქრობს ოჯახი – რას შეეწირა ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე – მკვლელობას თუ თვითმკვლელობას.
ოჯახის მეგობარი: ყველა გაოგნებულია, ვერავინ ხვდება, ეს რატომ გააკეთა. არაჩვეულებრივი ცოლი ჰყავს და ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ორი პატარა შვილი დარჩა. ჩემი მტერი იყოს იმ დღეში, როგორშიც ისინი არიან. მკვდარი წამოვედი მათგან. ეს ბიჭი ეკლესიური იყო. ვერაფრით ვხვდები, როგორ შეიძლებოდა, თავი მოეკლა. ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად დადიოდა ეკლესიაში და მარხვებსაც იცავდა. ოჯახიც ისეთ დღეშია, თავი სიზმარში ჰგონიათ და ვერაფრით ხვდებიან, რატომ მოიკლა ორმოცი წლის კაცმა თავი. უმცროსი შვილი დედას ეუბნებოდა: დედა, შენც ხომ არაფერი მოგივა, მითხარი, რომ ცუდად არ გახდებიო. საშინელი ტრაგედიაა. ცოლ-შვილის გარდა, მშობლები და და-ძმა ჰყავს, მაგრამ ვერავინ ვერაფერს ხვდება. პოლიციელი იყო, მაგრამ სულ სხვანაირი ხასიათი ჰქონდა. მიკვირდა კიდეც, შენნაირი გულის პატრონს პოლიციაში რა გინდა-მეთქი.
– თვითონ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა თავის სამსახურთან?
– სამსახურშიც ყველას ძალიან უყვარდა. თუმცა, თვითონ ამბობდა, შვლებს და შვილიშვილებს პოლიციას არ გავაკარებო. არ ვიცი, რატომ, მაგრამ არ უნდოდა, ოჯახის რომელიმე წევრი მის სამსახურთან ყოფილიყო დაკავშირებული. არ უნდოდა, რომ ვინმე პოლიციელი გამხდარიყო.
ნათესავი: ბოლო პერიოდში ამბობდა, თავი უნდა მოვიკლაო და უფროსი შვილისთვის უთქვამს: მე რომ აღარ ვიქნები, დედას და უმცროს ძმას შენ უნდა მიხედოო. ცოლი ეუბნებოდა, ნუ გადამირიე ბავშვებიო. იმ დღეს სახლში რომ მოსულა, ცოტა უცნაურად იქცეოდა. თუმცა, არაფერი უთქვამს. მეუღლეს უკითხავს, სადმე წასვლას ხომ არ აპირებო და არაო, – უპასუხია. თვითონ ბავშვის წამოსაყვანად წასულა და გზაში დაუნახავს, ქმრის მანქანამ სასწაული სისწრაფით რომ ჩაუქროლა. დაურეკავს, სად მიდიხარო და მოუსავლეთშიო, – უპასუხია. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. ერთი გვერდში, მეორე შიგ გულში. ამიტომ, ზოგი ფიქრობს, რომ მოკლულია. მათი ვარაუდით, მკვლელმა ჯერ თვითონ ესროლა, შემდეგ კი საკუთარი ხელით ასროლინა მსხვერპლს, რომ თვითმკვლელობას დამსგავსებოდა. ასე, რომ არავინ იცის ზუსტად რა მოხდა.
ოჯახის წევრი: თავდაპირველად გვეგონა, ავარია მოუვიდა. თვითმკვლელობას ვერ ვიფიქრებდით. სუფრაზე რომ დაჯდებოდა, ლუკმას არ ჩაიდებდა პირში მანამ, სანამ სანთელს არ აანთებდა. ორი პატარა შვილი ჰყავს. ოჯახზე გადამკვდარი, საუკეთესო მამა იყო. არ ვიცი, რამ მისცა ამხელა ძალა, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა. არც მატერიალური პრობლემა ჰქონდა, არც სხვა პრობლემის შესახებ უთქვამს რამე. ვერც და და ვერც ძმა ოთახში ვერ შედიოდნენ, გარდაცვლილს ვერ შევხედავთო.
– რთული პროფესია ჰქონდა. როგორ ფიქრობთ, ამას ხომ არ უკავშირდება მისი ნაბიჯი?
– ეგეც მეეჭვება, მაგრამ ფაქტია, რაღაც მოხდა მის ცხოვრებაში და ტვინი გადაუტრიალა. უამრავი კითხვის ნიშანი არსებობს, მაგრამ ვერავის ვერაფერს დააბრალებ.
– თვითონ ამბობდა, ჩემი მომავალი თაობები პოლიციას არ გაეკარებაო. რატომ?
– კი, ამბობდა ჩემი მომდევნო თაობა პოლიციას არ გაეკარებაო. იმიტომ რომ, ძალიან რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა. ოჯახიდან მუდმივად შორს იყო, რაც ძალიან უჭირდა. მის ძმასაც ჰქონდა შანსი, პოლიციელი გამხდარიყო, მაგრამ სასტიკად უკრძალავდა. ათასჭირგამოვლილი ოჯახია. ორგზის დევნილები არიან. 2008 წლის აგვისტოს ომში იბრძოდა. ყოველთვის მისტიროდა თავის მიწა-წყალს. პირველად ცხინვალიდან მოუწიათ წამოსვლა და ეგრეთ წოდებული, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. სამჯერ დაიწყო ცხოვრება ნულიდან. მკვლელობის ვერსიას ვერც განვიხილავთ. ისეთი ადამიანი იყო, გამორიცხულია, მტერი ჰყოლოდა. თუმცა, ასეც რომ ყოფილიყო, აუცილებლად ეცოდინებოდა ოჯახს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელი გახლდათ, ბავშვის გული ჰქონდა და შეიძლებოდა, სულ ელემენტარული რამის გამოც გაეკეთებინა ეს. ძალიან სათუთი გული ჰქონდა და შიგ გულში აქვს ტყვია მოხვედრილი. ეტყობა, ამოუვიდა ყველაფერი ყელში. როგორც ჩანს, ახლაც რაღაც მოხდა და... ჟურნალისტებზე ძალიან გაბრაზებულები ვართ. მამამისი ტელევიზორთან იჯდა, როცა გამოუცხადებიათ პოლიციელი დაიღუპაო. სახელი და გვარი არ უთქვამთ, მაგრამ მანქანა აჩვენეს და მამამისი, რა თქმა უნდა, ყველაფერს მიხვდა. გაგიჟებული იყო, ტელევიზორიდან გაიგო შვილის სიკვდილის ამბავი.