კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 როგორ მოკლა სუმბატ ბივრიტიანმა ორი ოსი მეფე – ბაზუკი და აბაზუკი

თათია ფარესაშვილი გიორგი მახობეშვილი

ადერკ (როკ) მეფის შემდეგ, ალბათ, ქრისტემდე მეორე საუკუნის დასაწყისიდან, ქართლის სამეფო ორად იყო გაყოფილი. დაახლოებით, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე-მესამე საუკუნეების მიჯნაზე, „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, იბერიაში მეფობდნენ ქართლის მეცამეტე მეფენი - მტკვრის მარჯვენა მხარეს არმაზის მეფე, სახელად არმაზელი; მტკვრის მარცხენა მხარეს კი მცხეთელი მეფე – აზორკი. „მოქცევაÎ ქართლისაÎს“ მიხედვით, ისინი იყვნენ მეთოთხმეტე მეფენი – ამაზაერ და არსოკი (აზოს ჩათვლით. „მოქცევაÎ ქართლისაΓ პირველ მეფედ მიიჩნევს აზოს; „ქართლის ცხოვრება“ – ფარნავაზს). ვაჟკაც და მამულიშვილ ხელმწიფეებს სურდათ, დაებრუნებინათ ჩვენი ისტორიული მიწები, რომლებიც მიიტაცა სომხეთის მეფე იარვანდმა, მათი მამების დროს. ჩვენი სამშობლო ზოგჯერ კარგავდა  ტერიტორიებს, მაგრამ, ყოველთვის, ქართველ მეფეთა უმთავრესი ამოცანა გახლდათ, მტრის განდევნა და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება (ასეთი ამოცანა დღესაც დგას ჩვენი სამშობლოს წინაშე). როგორც ვთქვით, სამხრეთ საქართველოს ზოგიერთი ქართველი დიდებული გადასულა სომეხთა მხარეს, თავისი თანამდებობა რომ შეენარჩუებინა სომხეთის მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე.
იმ პერიოდში სუმბატ ბივრიტიანმა მოკლა მეფე სომეხთა, იარვანდი (ერვანდი) და არმენთა მეფედ დასვა მისი ძმა, არტაშანი (არტაშესი, სომეხი ისტორიკოსის, მოვსეს ხორენაცის მიხედვით). ბივრიტიანთა შესახებ სხვადასხვა შეხედულება არსებობს. ბივრიტიანები, ზოგიერთის აზრით, შეიძლება, ყოფილიყვნენ აზოს შთამომავლები ან ნათესავები, რომლებიც სამხრეთ-საქართველოში დამკვიდრდნენ. არის ვარაუდი, რომ ისინი შეიძლება, ყოფილიყვნენ ფარნავაზის შთამომავლები. ზოგი მიიჩნევს, რომ ფარნავაზიანთა განშტოება – ბივრიტიანები იყვნენ ბაგრატიონთა წინაპრები (ეს იმ შემთხვევაში, თუ ბაგრატიონები არ არიან სინამდვილეში დავით წინასწარმეტყველის შთამომავლები). არის ვარაუდი, რომ ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს, კლარჯეთის ერისთავმა ბაგრატ (ბაგადატ) ბიურიტის (ბივრიტის) ძემ მოჭრა მონეტები არამეული წარწერით: „ბაგადატი, ძე ბიურატისა, ღვთაებრივი მამასახლისი“. სავსებით შესაძლებელია, ფარნავაზიან-ბივრიტიანთა ერთი განშტოება დარჩა ქართველად, ბაგრატონიანებად, მეორე ნაწილმა კი, სათავე დაუდო სომეხი ბაგრატუნების საგვარეულოს. ერთი ერიდან სხვა ერის წიაღში გადასვლა ხდებოდა ხოლმე, განსაკუთრებით, თუ საქმე ტერიტორიების მფლობელობას, დიდ თანამდებობას, მთავრობას, მეფობას ან ერისთაობას ეხებოდა. საკმარისია, გვეყოფა ფრანგი და ესპანელი ბურბონების ისტორიაც, ორბელიანებს თავი რომ დავანებოთ.
ბივრიტიანები ფარნავაზის დროიდან იყვნენ ოძრხის ერისთავები და მართავდნენ ტერიტორიას „ტასისკარიდან ვიდრე არსიანამდის, ნოსტის თავითგან ზღვამდის, რომელ არს სამცხე და აჭარა“. ბივრიტიანებს, როგორც ჩანს, დინასტიური შუღლი-დაპირისპირება ჰქონდათ ქართლის მეფეებთან. ეს დაპირისპირება, შეიძლება, ფარნავაზის შვილის, საურმაგის დროიდან მომდინარეობდეს. წინამდებარე ამბავში ქართლის მეფეთა წინააღმდეგ ბივრიტიანის აჯანყების დანახვაც შეიძლება. სუმბატ ბივრიტიანი გახლდათ სომხეთის სამეფოს სარდალი, მის მხარეს იყო გადასული, მაგრამ ფლობდა დაპყრობილ ქართულ ტერიტორიებს.
იბერიის მეფეებმა, აზორკმა და არმაზელმა, გახსნეს კავკასიის კარი და ჩრდილო კავკასიიდან გადმოიყვანეს ოსთა მეფეები – ბაზუკი და აბაზუკი თავიანთი ჯარით, ასევე ლეკები. მათთან ერთად ყოფილან პაჭანიკები და ჯიქებიც. ლეკთა მეფეს თან წამოუყვანია დურძუკები და დიდეოელები.
ქართლის მეფეებმა მოწვეულ ჯარებს დაახვედრეს თავისი არმიაც. შეკრებილა სიმრავლე ურიცხვი. სამხედრო კამპანია ჩაატარეს ფარულად, რათა არმენებს არ შეეტყოთ და არ მომზადებულიყვნენ. შეიჭრნენ სომხეთში, მოულოდნელად დაარბიეს შირაკუნი ბაგრევანამდე და ბასიანამდე (ბასიანი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიული პროვინცია გახლავთ). შებრუნდნენ და დალაშქრეს დაშტი ნახჭევანამდე. უამრავი ტყვე აიყვანეს და დიდი ალაფი აიღეს. აივსო ქართველთა და ჩრდილოკავკასიელთა ჯარი ხვასტაგით.
სუმბატ ბივრიტიანმა მოუწოდა და სასწრაფოდ შეკრიბა სომხეთის არმია. გამოეკიდნენ მრბეველებს. მოკავშირეები გადასული იყვნენ მტკვარზე. დაბანაკებულიყვნენ იორის პირას და იყოფდნენ ტყვესა და ნაძარცვს.
სუმბატ ბივრიტიანმა კაცი გაუგზავნა მათ და შეუთვალა: „რაც წაგიღიათ ნაძარცვი სომხეთიდან, პირუტყვი, ოქრო, ვერცხლი და ნაქსოვი, თქვენთვის მომიცია. რაც დაღვარეთ სომეხთა სისხლი, ამისთვისაც შურს არ ვიძიებ. მაგრამ, ტყვე რომ წაიყვანეთ სომხები, დააბრუნეთ და წადით მშვიდობით, გამდიდრებულნი და ნაძარცვით სავსენი“.
კავკასიელებმა უპასუხეს: „სომხეთში შემოვიჭერით შენს საძიებლად და ვერ გიპოვეთ. მოდი ჩვენთან და მიიღე შენი წილი. თუ არ მოხვალ, ჩვენ მოვალთ შენთან და ვერ გაგვექცევი ცოცხალი“.
მაშინ სუმბატ ბივრიტიანი გადავიდა მტკვარზე. ბაზუკ ოსთა მეფემ კაცი მიუგზავნა სუმბატს და შესთავაზა, ერთ-ერთზე შებრძოლება. სუმბატი აღიჭურვა, შეჯდა ცხენზე და გავიდა საბრძოლველად. გამოვარდა ბაზუკი. იყვირეს და მიეტევნენ ერთმანეთს. სუმბატმა სტყორცნა ჰოროლი. განვლო ჰოროლმა ბაზუკის სხეულში და გავიდა ზურგიდან ერთი წყრთა (დაახლოებით, ნახევარი მეტრი). ჩამოიღო ცხენიდან და დააგდო მიწაზე. მიეშველა აბაზუკი ძმას. სუმბატ ბივრიტიანი მიუტრიალდა მასაც, ესროლა შუბი და ისიც ისევე მოკლა. მივიდა, აბაზუკის გვამიც დააგდო ქვეყანაზე და დაიძახა: ეს სომეხი ქალების, კაცებისა და ბავშვების მოკვლისთვისო!
მაშინ ოსებმა, ლეკებმა, ქართველებმა და სხვებმა, რომლებიც კოალიციის ჯარში იყვნენ, თქვენს: ვინაიდან მოკლეს ის ორი ძმა, გოლიათებს შორის საუკეთესონი, ჩვენი სიკვდილი არაფრად ღირს, შევუტიოთო. გამწარებულნი დაირაზმნენ ქართველთა მეფეების – აზორკისა და არმაზელის წინამძღოლობით, შეუტიეს სუმბატსა და სომეხთა ჯარს. სასტიკი ბრძოლა გაიმართა დღის სამი საათიდან საღამოს ცხრა საათამდე. ორივე მხრიდან ურიცხვი მეომარი დაიღუპა. ბრძოლის ველზე ისეთი მტვერი ავარდა, დღე ღამეს დაემსგავსა თურმე. მეომრები ვეღარ არჩევდნენ მოწინააღმდეგესა და თანამებრძოლს.
დამარცხდა ჩრდილოელების ბანაკი. სუმბატი  ღამემდე სდევდა მოწინააღმდეგეებს. უამრავი ოსი და ლეკი მოუკლავთ, მხოლოდ მცირე ნაწილი გადარჩენილა. ქართველებმა ადგილმდებარეობა იცოდნენ და თავი ადვილად გაარიდეს. დაბრუნდნენ მცხეთაში დამარცხებულნი.
გამარჯვებული სუმბატი შემოვიდა ქართლში და მოაოხრა, რაც ციხეებისა და ქალაქების გარეთ, სოფლები ნახა. ციხე-ქალაქებს არ შეუტია, რადგან მზად არ იყო. ოძრხეში ანუ სამცხეში, მდინარე ქვაბისხევის დასავლეთით, მტკვრის პირას (ვახუშტის მიხედვით) კლდეზე ააშენა ახალი სიმაგრე – დემოთისციხე. დატოვა იქ ჯარის ნაწილი წუნდელთა დამხმარედ და ოძრხელებთან საომრად, რათა იმ ადგილებში ქართულ ჯარს არ გაევლო, რადგან ჯავახეთი მის ხელში იყო.
იბერიის მეფეები – აზორკი და არმაზელი, არ შეურიგდნენ დამარცხებას. გაამაგრეს ციხეები და ქალაქები და არ აღიარეს სომეხთა ბატონობა ქართლზე.
ოსებიც გამწარებული იყვნენ სომხებზე, მათი მეფეების მოკვლის გამო და შურისძიებით ანთებულნი შეერთდნენ ოსები და ქართველები, ერთად ებრძოდნენ სომხებს და მათ მოკავშირეებს.
იმ დროს ქალაქ ოძრხეში იჯდა არმაზელ მეფის ერისთავი. ის დარჩა თავის ხელმწიფისა და ქართლის სარწმუნოების ერთგულად. მას ეხმარებოდნენ მეგრელები. ხოლო წუნდელები და დემოთელები, სუმბატ ბივრიტიანის მოკავშირეები, ერთმანეთს ეხმარებოდნენ. ებრძოდნენ დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს.
კლარჯეთში იყო ერისთავი არზოკ მეფისა. ის უტევდა სომხების მიერ დაკავებულ ქართულ ტერიტორიებზე განლაგებულ სომხურ გარნიზონებს პარხალში, ტაოში. შიშით ვერავინ ბედავდა კლარჯეთში შესვლას, რადგან შეუვალი გახლდათ, კლდიანი და ტყიანი. კლარჯეთის მკვიდრნი კი კარგი მეომრები იყვნენ.
ქართლის მეფეები უტევდნენ სომხების მიერ დაკავებულ აბოცს. ვერ ურიგდებოდნენ ქართველი მეფეები სომხურ ოკუპაციას.

скачать dle 11.3