№44 უცხოელი ქმრის გამო მშობლებმა მომიძულეს
ინტიმური საუბრები
წლების წინ, სამუშაოდ თურქეთში წავედი. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაც წარჩინებით დავამთავრე და უმაღლესიც – წითელ დიპლომზე, საქართველოში ჩემი სამუშაო არ გამოიძებნა. სად აღარ მივედი, მაგრამ ხან რა მოიმიზეზეს, ხან რა და სამსახური ვერ ვნახე. მოკლედ, ჩემი მეზობელი დადიოდა თურქეთში სამუშაოდ, ყოველ სამ თვეში ჩამოდიოდა და შემომთავაზა, იქნებ წამომყვე, მე მოგინახავ იქ სამუშაოს და შენი ორი კაპიკი გექნება, როდემდე უნდა იჯდე მშობლების კისერზეო. თან, ოჯახში, მხოლოდ მამა მუშაობდა და გვიჭირდა. ახალგაზრდა გოგოს, ჭამას და მეგობრებთან სიარულს რომ თავი დავანებოთ, ჩაცმაც ხომ მინდოდა? ჰოდა, ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, თურქეთში წასვლა. არც გზაში დამეხარჯებოდა ბევრი ფული, ჩემს ქვეყანასთანაც ახლოს ვიქნებოდი და სამ თქვეში ერთხელ, ჩამოვიდოდი. გარდა იმისა, რომ მატერიალურად დავეხმარებოდი ჩემებს, ჩემთვისაც გადავინახავდი ფულს და ადამიანურად ვიცხოვრებდი. მოკლედ, ეს ამბავი რომ გავამხილე, დედა წინააღმდეგი წავიდა. მითხრა, რა გინდა იქ, დაიცადე, გამოჩნდება რამე და აქ დასაქმდებიო. მამაჩემი, სიმართლე რომ ვთქვა, ჩემი წასვლის წინააღმდეგი კი იყო, მაგრამ თან, ამბობდა: ეს გოგო დაიტანჯა ამ უფულობით, სულ სახლში ხომ არ იჯდება, წავიდეს და მოსინჯოს, თუ არ მოეწონება, არავინ იჭერს და უკან ჩამოვაო. მოკლედ, ჩავალაგე ბარგი და წავედი თურქეთში სამუშაოდ. ჩემი მეზობელი ძალიან დამეხმარა. სანამ კარგ სამსახურს მიშოვიდა, მასთან ვცხოვრობდი – მასმევდა, მაჭმევდა, თურქულ, სალაპარაკო ენას მასწავლიდა და მივლიდა საკუთარი შვილივით. ზუსტად ორ კვირაში, გამოჩნდა სამუშაო – ოჯახს ბავშვის ძიძა სჭირდებოდა. რომ მივედი, მართალია, ენა კარგად არ ვიცოდი, მაგრამ ბავშვი 8 თვის იყო და მასთან ურთიერთობა არ გამიჭირდებოდა. მოვეწონე მის დედ-მამას და ამიყვანეს სამუშაოდ. თავიდან, მხოლოდ ბავშვის მოვლა მევალებოდა. მერე, თანდათან შემომაპარეს – საჭმლის მომზადება, სახლის დალაგება, ეზოს მოვლა. მართალია, არ ვარ ზარმაცი და ვიცოდი, გაწეული სამუშაოს გამო მიხდიდნენ ფულს, მაგრამ ამდენს ნამდვილად ვერ მოვასწრებდი. ბავშვზე ვიყავი გადართული, რამე არ მოსვლოდა და ამდენ დამატებით საქმეს, ნამდვილად ვერ შევითავსებდი. მოკლედ, უარი რომ ვუთხარი, გამომიშვეს. სულ ორი თვე ვიმუშავე იმ ოჯახში და რაც ავიღე, ის თანხა მშობლებს გამოვუგზავნე. ისევ ჩემმა მეზობელმა გამიწია დახმარება და მომინახა ოჯახი, სადაც დიასახლისი სჭირდებოდათ. რომ მივედი, ახალგაზრდა კაცი, აჰმედი დამხვდა. მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. ისინი ასაკში იყვნენ და სახლში საჭმლის გამკეთებელი და დამლაგებელი ესაჭიროებოდათ. ეს ჩემთვის, ნამდვილად არ იყო რთული. მოკლედ, ერთი თვე ვიმუშავე და ვგრძნობდი, როგორც საკუთარ ოჯახის წევრს, ისე მიყურებდნენ. აჰმედი კი განსაკუთრებულ ზრუნვას და პატივისცემას გამოხატავდა. მოკლედ, სამი თვის მერე, გამომიტყდა, პირველივე დანახვისას მომეწონე და რაც ჩემს სახლში დაიწყე ფუსფუსი, შემიყვარდი, მინდა ცოლად შეგირთოო. სიმართლე გითხრათ, მეც მომწონდა. ვიფიქრე, უკვე წლოვანი ვარ, ოჯახიც კარგია, ბიჭიც მშრომელი და მოწესრიგებული, ვუყვარვარ და ნამდვილად ბედნიერი ვიქნები-მეთქი. ცოლად გავყევი და დღესაც მის გვერდით თავს კარგად ვგრძნობ. თუმცა, ამ ამბავს ჩემი მშობლები ვერ შეეგუვნენ. რომ დავურეკე და გავაგებინე, გავთხოვდი და თურქს გავყევი-მეთქი, პირდაპირ მომახალეს – მორჩა, შენ ჩვენი შვილი არ ხარო. გასაგებია, რომ ზეპატრიოტები არიან, მაგრამ შემიყვარდა და ნამდვილად ვერ ვხედავ ამაში პრობლემას. იმედია, დროთა განმავლობაში, წყენა და გაბრაზება გაუვლით. აჰმედს ახლოს გაიცნობენ და მიხვდებიან, რომ მათი შვილი, მართალია, არაქართველის, მაგრამ საიმედო ხელშია.
ნანა, 37 წლის.