№44 როგორ მოვუაროთ წარბებს
მოვლილი წარბები და მისი სწორად შერჩეული ფორმა, სახეს უფრო ლამაზს აჩენს. სამწუხაროდ, ასაკობრივი ცვლილებები წარბების შეთხელებას იწვევს. გარდა ამისა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს, გარემო პირობები, ორგანიზმის საერთო მდგომარეობა, საღებავების გამოყენება და ფორმის ხშირი კორექტირება. ზოგადად, არ გირჩევთ წარბის ფორმის ხშირ კორექტირებას, უმჯობესია, მას ბუნებრივი სახე შეუნარჩუნოთ და უბრალოდ, მოიცილოთ ზედმეტი, რამდენიმე ღერი.
წარბების მოსავლელად, კარგია მასზე მკვებავი კრემი გადაისვათ. თუ მბზინვარება დაკარგული აქვს და გამომშრალია, კარგია თბილი აბუსალათინის ზეთის საფენების დადება. შეათბეთ, გაჟღინთეთ ბამბის ტამპონი, შემდეგ გაწურეთ და დაიფინეთ წარბებზე. ზემოდან დაიდეთ თბილი პირსახოცი. 15 წუთის შემდეგ მოიხსენით საფენი და დაინახავთ, რომ წარბები დარბილდა და უფრო მბზინვარე ხდება.
ასევე, ყოველ დილით, პირის დაბანის შემდეგ, წარბები გადაივარცხნეთ სპეციალური ჯაგრისით – ჯერ თმის საწინააღმდეგო მიმართულებით, შემდეგ ზემოთ და ბოლოს მისი ზრდის მიმართულებით.
კვირაში ორჯერ, წარბებზე რეკომენდებულია, წაისვათ ზეთოვანი ხსნარი, რაც ასე უნდა მოამზადოთ: 1/2 ჩაის კოვზი სელის ზეთი, 15 წვეთი აბუსალათინის ზეთი და 2 წვეთი ქაფურის ზეთი კარგად აურიეთ ერთმანეთში. ამ ხსნარის წასმა აუმჯობესებს წარბების ზრდას, იცავს ცვენისა და გაუფერულების; მზისა და ქარის არასასურველი ზემოქმედებისგან. ზრდის გასაძლიერებლად, წამწამებზე შემთბარი ნუშის ზეთით გაჟღენთილი ბამბის თხელი ფენა დაიფინეთ. ზედ პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ და 10-15 წუთის განმავლობაში, დოლბანდით დაიმაგრეთ.
თითოეული სახისთვის არსებობს წარბების ყველაზე ოპტიმალური ფორმა. წარბების ფორმისა და განლაგების შესწორება წარბის ქვედა ნაწილში წამოზრდილი თმის საშუალებით ხდება. წარბის სისქე უცვლელი რჩება მისი ზედა ნაწილის კორექციის ხარჯზე. სპირტში დასველებული ბამბის ტამპონით, დეზინფექციის მიზნით, კანის ის ნაწილი გაისუფთავეთ, სადაც თმის მოცილებას აპირებთ. დაივარცხნეთ წარბი ჯაგრისით. მახვილწვერიანი ფანქრით მოხაზეთ წარბის სასურველი კონტური. შემდეგ მოაცილეთ თმის ყველა ის ღერი, რომელიც კონტურის გარეთ მოექცა. გაისუფთავეთ კანი სპირტიანი ბამბის ტამპონით და წაისვით ცხიმიანი კრემი.
წარბების ფერი დამოკიდებულია თმის ფერზე და შეიძლება იყოს, არა უმეტეს, ორი ტონით მუქი. შავად შეღებილი წარბების შეხამება ბაცი ფერის თმასთან, სახეს ულამაზოდ აჩენს. წარბების შეღებვა უმჯობესია, სპეციალური ფანქრით და არა თხევადი საღებავით. ფანქარი არ აღიზიანებს კანს და წარბებს უფრო ბუნებრივ ფერს ანიჭებს. ძილის წინ კი, აუცილებლად უნდა მოიშოროთ ფანქარი და აბუსალათინის ზეთი წაისვათ.
ბუნებრივი და სქელი წარბები, სახეს უფრო აახალგაზრდავებს. ამიტომ, დიდი სიფრთხილე გამოიჩინეთ მისი მოწესრიგებისას. არ შეეხოთ წარბის ძირითად ხაზს, მას ბოლომდე უნდა აცალოთ გაზრდა, თავდაპირველი ფორმა რომ მიიღოს. ზედმეტი თმის ღერები პინცეტით ამოიძრეთ.
არსებობს სხვადასხვა კოსმეტიკური პროდუქტი, რომელიც წარბის ზრდას აჩქარებს. მაგალითად, შრატი ეფექტურია უკვე ამოღებულ წარბებზე და დაზიანებულ თმის ფოლიკულებზე.
თუ წარბი ბუნებრივად სქელია, მაშინ გამოიყენეთ წარბისთვის განკუთვნილი ლაინერები, ფანქარი და ჩრდილი. ასეთი შტრიხებისა და ფანქრის გამოყენება, წარბს უფრო განსხვავებულ ფორმას მისცემს. მთავარია, ფერი ზუსტად შეარჩიოთ. ასევე, თვალებისა და სახის გამომეტყველება დამოკიდებულია წარბების ფორმაზე, მის ფერსა და სიგრძეზე. წარბები არ უნდა იყოს მეტისმეტად შავი, ძალიან გრძელი ან მოკლე. წარბის ფორმა ხაზს უნდა უსვამდეს ინდივიდუალობას და თვალის ფორმას ჰარმონიულად ეხამებოდეს.
ბოლოს, გაითვალისწინეთ ზოგიერთი მარტივი რჩევა:
1. ყოველდღიურად მოუარეთ წარბებს. ჩაიხედეთ სარკეში და მიხვდებით, რომ წარბები ყოველდღიურ გამოხშირვას ითხოვს.
2. არ დაივიწყოთ წარბის გაწმენდა. ყოველ საღამოს მოიშორეთ მაკიაჟი წარბებიდან. ამ პროცედურის ჩატარება შეგიძლიათ მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალებით და ბამბის ტამპონითაც. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცედურა ჩატარდეს თმის ზრდის მიმართულებით.
3. გაიკეთეთ მასაჟი წარბებისთვის. კვირაში ერთხელ ეს პროცედურა, არა მარტო თითებით, არამედ პატარა ფუნჯითაც უნდა ჩატარდეს. პროცედურა ეხმარება თმის ზრდას.
4. მიეცით თქვენ წარბებს ფორმა და მათი კორექცია პირველად, სპეციალისტს მიანდეთ, შემდეგ კი თავადაც შეძლებთ.
5. გამოიყენეთ ფანქარი კორექციისთვის. ის ყველა ნაკლს დამალავს.