№44 როგორ მოსპო სტალინმა ჰიტლერის მეშვეობით ევროპული კაპიტალიზმი
სტალინში იდეალურად იყო შერწყმული – ბრწყინვალე თეორეტიკოსი, გენიალური სტრატეგი და უზადო ტაქტიკოსი. ისტორიკოსი მიხეილ მარტინოვი წერს: „ბოლშევიკები, ლენინის მეთაურობით, მსოფლიო კაპიტალიზმის მოსპობას ქადაგებდნენ და ამ იდეის განხორციელების მთავარ იარაღად მსოფლიო რევოლუციას ასახელებდნენ. სტალინიც, ისევე როგორც ყველა იდეური რევოლუციონერი, სრულად უჭერდა მხარს ლენინს და რუსეთში მომხდარი გადატრიალების პარალელურად, მსოფლიო რევოლუციის კოცონს აღვივებდა. ასეთი ქმედებები განსაკუთრებით დამახასიათებელი იყო 1917-1924 წლების სტალინისთვის, ანუ ლენინის სიცოცხლეში. ანალოგიურს ქადაგებდა ტროცკიც, რომელიც დღენიადაგ, „პერმანენტულ მსოფლიო რევოლუციაზე“ ლაპარაკობდა და „კომინტერნის“ მეშვეობითა და „წითელი არმიის“ დახმარებით, ცდილობდა, მსოფლიო რევოლუციის ხანძრის გაღვივებას. ლენინის სიკვდილისთანავე, სტალინში ბევრისთვის ამოუცნობი მეტამორფოზა მოხდა. გენერალურმა მდივანმა მოულოდნელად შეწყვიტა ლაპარაკი მსოფლიო რევოლუციაზე და შიდა საქმეებზე გადაერთო. უცხოეთთან კი, კეთილპარტნიორული ურთიერთობების დამყარებას შეუდგა და ცოტა ხანში თქვა: აბსოლუტურად შესაძლებლად მიგვაჩნია, ერთ, ცალკეულ ქვეყანაში სოციალიზმის აშენება, ხოლო სხვა ქვეყნებთან, თანასწორუფლებიანი, პარტნიორული ურთიერთობების დამყარებაო... თითქოს ამ განცხადებას ელოდა ტროცკი. ლევ დავიდოვიჩმა მკვეთრად შეუტია სტალინს ამ განცხადებისთვის. ოპორტუნისტი და კონფორმისტი უწოდა მას და რევოლუციის იდეალების ღალატში დასდო ბრალი. ლევ კამენევი ყვებოდა: „სტალინმა რომ ეს განცხადება გააკეთა, ლევ ტროცკიმ მთელი ოპოზიცია შეგვკრიბა თავისთან და მისთვის დამახასიათებელი ცინიზმითა და მედიდურობით განგვიცხადა:
– მორჩა. სტალინი უკვე წარსულია. ის პოლიტიკური გვამია. გარდა იმისა, რომ მან ამ განცხადებით პოლიტიკურად გამოიჭრა ყელი, პრაქტიკულ ასპექტშიც დამარცხდება. რამეთუ, განა წარმოუდგენია ვინმეს, რომ მტრულ გარემოცვაში მოქცეული, სოციალიზმის მშენებარე სახელმწიფო, თუნდაც ისეთი დიდი, როგორიც რუსეთია, მსოფლიო რევოლუციის გარეშე გადარჩეს განადგურებას? ეს ჩვენ, ნამდვილმა ბოლშევიკებმა, უნდა გავაკეთოთ. მსოფლიო რევოლუციის ხანძარი არ ჩავაქროთ, რომ ჩვენი რევოლუციური მონაპოვარი არ განადგურდესო.
ტროცკის უკვე პოსტსტალინური მთავრობა ჰქონდა ჩამოწერილი ქაღალდზე. სტალინის სრულ კრახს ვარაუდობდა და ლენინის ადგილის დაკავებას ლამობდა...“
როგორც ცნობილია, ტროცკიმ სტალინთან პაექრობა პირწმინდად წააგო. სტალინმა პოსტიც შეინარჩუნა, ქვეყანაც წინ დაძრა და არც ირგვლივ მყოფ, იდეურ-პოლიტიკურად მტრულ სახელმწიფოებს შთაუნთქავთ სოციალისტური საბჭოეთი. თუმცა, ტროცკი ვარაუდობდა, რომ სტალინური სახელმწიფოს დამხობა, გარდაუვალი გახლდათ და ეს მხოლოდ და მხოლოდ დროის ამბავი იყო. მართლაც, თეორიულად, ტროცკი, ერთი შეხედვით, მართალი იყო, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. სტალინის ქმედებამ კი არ გაანადგურა საბჭოეთი, არამედ ვითარდებოდა, წინ მიდიოდა და ძლიერდებოდა. შორეულ მექსიკაში მყოფი ტროცკი მოუთმენლად ელოდა საბჭოეთის კრახს. თუმცა, ეს არ ხდებოდა. ტროცკისთვის სტალინის მმართველობის ქვეშ მყოფი სახელმწიფოს ასეთი წარმატება, ყოველგვარი თეორიულ-პრაქტიკული ნორმების დარღვევას ნიშნავდა და ამოუცნობ საიდუმლოდ რჩებოდა. ამ საიდუმლოს პასუხი, უკვე „პერესტროიკის“ დროს გაამჟღავნა ღრმად მოხუცებულმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა, რომელიც წერდა: „თეორიულად და პრაქტიკულადაც, ერთ ცალკეულ ქვეყანაში სოციალიზმის აშენება, შემდეგ კი განმტკიცება, პრაქტიკულად შეუძლებელი გახლდათ და ერთი შეხედვით, ტროცკი მართალი იყო. იმ პერიოდში მენტალურად, მეც ტროცკის მხარეს ვიყავი, ისევე, როგორც სხვები და ყველას გვიკვირდა, ასე მარტივად, რატომ ცდებოდა სტალინი. საბოლოო ჯამში კი, მხოლოდ სტალინი აღმოჩნდა მართალი და მე, სხვებზე ბევრად ადრე, დანარჩენებმა კი მოგვიანებით, გააცნობიერეს, თუ რას უმიზნებდა ბელადი, სად იყო დამარხული „ძაღლის თავი“.
1932 წლის მაისში სტალინთან, ზუბალოვოში, ვიმყოფებოდი. იქ იყვნენ ჩვენი კულტურის თვალსაჩინო მოღვაწეებიც და როცა ისინი წავიდნენ და პირისპირ დავრჩით, საუბარი საერთაშორისო პოლიტიკაზე ჩამოვარდა. ლაპარაკის დროს სტალინმა მკითხა:
– აბა, რას იტყვი საერთაშორისო მდგომარეობაზე. შენ ამ საკითხში სხვებზე უკეთ ერკვევიო.
ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურად გაძლიერების მიუხედავად, უაღრესად მტრულ გარემოცვაში ვიმყოფებოდით. ბურჟუა-კაპიტალისტები კვლავ ძლიერ გვიტევდნენ. ჯერჯერობით სიტყვით, მაგრამ ისეთი „პასიანსი” ეწყობოდა, რომ უკვე ომითაც კი შეიძლება, წამოსულიყვნენ. ეს ყველაფერი ნათლად და თანამიმდევრულად დავულაგე ბელადს და ბოლოს ვუთხარი:
– კობა, ვფიქრობ, შეცდომა დავუშვით, როცა უარი ვთქვით მსოფლიო რევოლუციაზე და სოციალიზმის მშენებლობას მარტო აქ მივყავით ხელი. კი ვძლიერდებით და ვვითარდებით, მაგრამ ერთიანი ფრონტით შემოტეულ კაპიტალისტებს გავუმკლავდებით?
სტალინს გაეცინა და მითხრა:
– ტროცკის აზრებზე დგახარ?
– ტროცკი ჩვენი მტერია და მტრის მხარეს არასდროს დავდგები, მაგრამ მსოფლიო რევოლუციის გაჩაღება ხომ ჩვენი ერთადერთი შველაა და ამას ილიჩიც (ლენინი) ამტკიცებდა თეორიულად. ტროცკიც მაგას ამბობს და შენც ხომ ამის მომხრე იყავი?
– მერე და ვინ გითხრა, რომ ამ თეორიის მოწინააღმდეგე ვარ და ან არ მინდა, სოციალისტურმა ბანაკმა ჩაანაცვლოს კაპიტალისტური? – მკვახედ მიპასუხა სტალინმა და დააყოლა, – კარგად მომისმინე. გაიაზრე და დაიმახსოვრე, რასაც ახლა გეტყვი. ტროცკი იმაშია მართალი, რომ მსოფლიო რევოლუციის თუ არა, ევროპული სოციალიზმის გარეშე, ჩვენ სტატუსს ვერ შევინარჩუნებთ. ამაში მას ბოლომდე ვეთანხმები. უბრალოდ, ტროცკი ამხელა მსხვერპლზე წასვლას მოითხოვდა მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანა თოთო ბავშვივით სუსტი იყო. ევროპული რევოლუციები რომ მაშინ გაგვეჩაღებინა, თუნდაც, ჩვენს მეზობელ, სუსტ ქვეყნებში, ამ ხანძარში ჩვენ დავიწვებოდით. ტროცკის ეს უნდოდა თავისი პატრონების ნების აღსასრულებლად. ანუ, საბჭოეთს მსოფლიო რევოლუციის ცეცხლი მოსპობდა. შემდეგ კი, ჩვენს ქვეყანაში კაპიტალისტები მოვიდოდნენ, გაგვძარცვავდნენ, ჩვენს რესურსებს დაეუფლებოდნენ და არც სოციალისტური ქვეყანა დარჩებოდა, არც კაპიტალისტური. ვიქნებოდით მხოლოდ უმდიდრესი რესურსებით სავსე ტერიტორია, რომელსაც ჩვენი იდეური მტრები დაეპატრონებოდნენ. ეშმაკმა, გაიძვერა ტროცკიმ ეს მშვენივრად უწყოდა და ბოლშევიკური ლოზუნგით ცდილობდა, ჩვენს დამარცხებას. მე კი ამას მივუხვდი და თქვენი დახმარებით, დავამარცხე. ეს იყო პირველი ეტაპი და შენ წარმოიდგინე, არასდროს ამიღია ხელი ჩვენი სოციალისტური ბანაკის შევსებასა და მსოფლიო კაპიტალიზმის მოსპობაზე.
სტალინს მხოლოდ სანახევროდ გავუგე და პაუზა რომ გააკეთა, ვუთხარი:
– კეთილი, მაგრამ ახლა როგორ აპირებ მსოფლიო კაპიტალიზმის განადგურებას თუ არა, შესუსტებას მაინც?
– ჯერჯერობით, ევროპული კაპიტალიზმის დიდი ნაწილი განადგურდება, – კვლავ მყისეულად მითხრა სტალინმა.
– როგორ?
– როგორ და კაპიტალისტებისვე ძალისხმევით.
– ვერ მივხვდი.
სტალინს გაეცინა და მითხრა:
– ვერ ხედავ, გერმანიაში რა ხდება? დღე დღეზე იქ ნაცისტები გაიმარჯვებენ. მათ კი სწორედ კაპიტალისტები აფინანსებენ. და იცი, რატომ? ჩვენზე რომ გამოუშვან და გაგვანადგურონ. ჰიტლერს, რომელიც ჩვენსავით სოციალიზმს ქადაგებს და ნაციონალიზმით აქვს შეფუთული ეს ყველაფერი, ევროპას მისცემენ და სწორედ ჰიტლერი მოსპობს ევროპულ კაპიტალიზმს. შემდეგ კი ჩვენზე წამოვა და დამარცხდება. ჩვენ კი უკვე ჰიტლერის მიერ მოსპობილ არაკაპიტალისტურ ევროპაში შევალთ და სოციალიზმს დავამყარებთ. გაიგე ახლა?
სტალინის სიტყვები იმდენად დამაჯერებლად ჟღერდა, რომ უმალვე ჩავწვდი ყველაფერს და კიდევ ერთხელ მივხვდი, რა გენიალურ, შორსმჭვრეტელ ადამიანთან მქონდა საქმე...“
სტალინის ეს თეორიული გათვლა, რომელსაც პრაქტიკული ასპექტებიც ემატებოდა, სრულად ახდა და საბჭოთა ბელადმა მართლაც ჰიტლერის მეშვეობით ჩაიგდო ხელში ევროპა. ისეთი პოლიტიკური პარტია გაითამაშა, ტროცკი და ლენინი ვერც კი იოცნებებდნენ.“