№44 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: გამიგია, რომ არის ერთი დღე, როდესაც შეგვიძლია თვითმკვლელს ეკლასიაში სანთელი დავუნთოთ და ლოცვებში მოვიხსენიოთ. სიმართლეა თუ არა ეს და რომელი დღე იგულისხმება?
პასუხი: მართლმადიდებლურ ეკლესიას არ აქვს არც ერთი დღე, როცა თვითმკვლელთა და მოუნათლავთა სულისთვის ლოცვა და სანთლის დანთება შეიძლება. უფლის სიყვარული ნებაყოფლობითია. მაცხოვარი ამბობს: ვისაც ვუყვარვარ, შემომიდგესო. თუ ადამიანი სიცოცხლეში არ მივიდა ქრისტესთან და სასოწარკვეთაში მყოფს უფალი არ გაახსენდა, გარდაცვალების შემდეგ როგორღა უშველის მას ღმერთი? თქვენ, ალბათ, გულისხმობთ 19 სექტემბერს, როდესაც ხალხში გავრცელებული ცრურწმენის შედეგად, მთავარანგელოზ მიქაელის ხსენების დღეს შეიძლება თვითმკვლელთა მოხსენება. ეს არასწორია. თვითმკვლელთა სახელზე მხოლოდ მოწყალების გაღება შეიძლება გაჭირვებულთათვის. ამის გაკეთება კი ნებისმიერ დღეს შეიძლება.
კითხვა: არსებობს თუ არა მართებული მრისხანება?
პასუხი: მრისხანება იმ შემთხვევაშია მართებული, თუ ის მიმართულია ცოდვისკენ – რჯულის დარღვევის, დანაშაულის წინააღმდეგ და ბუნებრივად ჩნდება ადამიანში. უპირველესად, როგორც უფლის დიდებისადმი მოშურნეობის ნაყოფი, რასაც თან ახლავს, არა სიძულვილი და ბოროტება, არამედ სიყვარული და მოყვასისადმი თანაგრძნობა და აქვს ერთადერთი მიზანი – ცოდვილი ადამიანის ხსნა.
კითხვა: როგორ უნდა დავიხსნათ თავი ცდუნებისგან?
პასუხი: იმას კი ნუ მიაქცევთ ყურადღებას, თუ როგორ იქცევიან სხვები, არამედ გულისყური მიაპყარით, რას გვასწავლის უფლის სიტყვა – წმიდა სახარება. მიბაძეთ მაცხოვარსა და წმიდა მოციქულების მიწიერ ცხოვრებას. სმენა და მზერა მოარიდეთ უკეთურებას და მეტი დრო დაუთმეთ ოჯახსა და საკუთარ თავთან განმარტოებას.
კითხვა: შეიძლება თუ არა პირჯვრის გადაწერა მარცხენა ხელით თუ ადამიანი ცაციაა?
პასუხი: მარცხენა ხელით პირჯვრის გადაწერა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს მარჯვენა ხელი დაზიანებული აქვს და ვერ ხმარობს. ასეთ დროსაც კი პირჯვრის გადაწერის მიმართულება უნდა ემთხვეოდეს მარჯვენა ხელით პირჯვრის წერას.
კითხვა: ჩვენი წინაპარი მღვდელი იყო და სახლში გვაქვს საეკლესიო წიგნები. შეიძლება თუ არა მათი სახლში დატოვება თუ ეკლესიაში უნდა მივიტანოთ?
პასუხი: თუ ეს წიგნები ფართო სასულიერო მოხმარების ლიტერატურაა, როგორიც მაგალითად, „სახარება“ ან „წმიდა მოციქულთა ცხოვრება“, შეგიძლიათ, დაიტოვოთ სახლში, თუმცა, თუ არ გამოიყენებთ, სჯობს, ისეთ ადამიანს აჩუქოთ, ვინც სათანადოდ მოიხმარს. რაც შეეხება ისეთ წიგნებს, რაც მკაცრად საეკლესიო დანიშნულებისაა – ისინი ეკლესიაში უნდა მიიტანოთ.
კითხვა: უნდა გადაიხადოს თუ არა მორწმუნე ადამიანმა თავისი დაბადების დღე?
პასუხი: მართლმადიდებლური ჩვეულებით, მორწმუნენი დიდი ზეიმით არ იხდიან თავიანთ დაბადების დღეს. უფრო დღესასწაულობენ თავიანთი მფარველის – მოსახელე წმიდანის მოხსენიების დღეს.