კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 რა უბედურმა შემთხვევამ გახადა გოგი ცაბაძე კომპოზიტორი

თათია ფარესაშვილი ეკა პატარაია

ქართული ქალაქური საესტრადო სიმღერის, ოპერეტის, მუსიკალური კომედიისა და მიუზიკლის ფუძემდებელი, თბილისის საპატიო მოქალაქე გიორგი (გოგი) ცაბაძე 1924 წლის 24 აგვისტოს დაიბადა თბილისში (წყარო: sputnik). მრავალშვილიან ოჯახში ნაბოლარა იყო, მას ორი ძმა და ორი და ჰყავდა. მამამისი შეძლებული კაცი გახლდათ, თუმცა მისი ოჯახი 30-იანი წლის რეპრესიებს ემსხვერპლა. მამამისი – გაბრიელი დახვრიტეს, ოჯახის ქონება კი კონფისკაციას დაექვემდებარა. პატარა გოგი, და-ძმებთან ერთად, დედასთან იზრდებოდა. მისი ძმები, მოგვიანებით, მეორე მსოფლიო ომმა შეიწირა. გარდაეცვალა დაც. დედამ ისე განიცადა ქალიშვილისა და ვაჟის დაღუპვა, რომ, როდესაც ფრონტიდან მეორე ვაჟის დაღუპვის ცნობა მოვიდა, გიორგიმ ეს ამბავი დამალა. ოლღა სიცოცხლის ბოლომდე ელოდა შვილს. ეს იყო ერთადერთი ტყუილი კომპოზიტორის ცხოვრებაში… პატარა გოგის ოცნება სულაც არ ყოფილა კომპოზიტორობა, ის ბავშვობიდან ფეხბურთელობაზე ოცნებობდა. თუმცა, მისი მომავალი უბედურმა შემთხვევამ განსაზღვრა. 30-იანი წლების თბილისელ ბიჭებში სრული სვლით მიმავალ ტრამვაიზე შეხტომა ერთგვარ მოდად იყო ქცეული. ეს ვაჟკაცობადაც კი ითვლებოდა. სახიფათო გასართობი 14 წლის გოგი ცაბაძისთვის საბედისწერო აღმოჩნდა: როცა ის ტრამვაის კიბეზე ახტა, კართან მგდომმა კონდუქტორმა ქალმა მთელი ძალით ჰკრა ხელი, ბიჭმა თავი ვერ შეიმაგრა. ტრამვაიდან გადმოვარდნილ გოგის ბორბლებში მარცხენა ფეხი მოჰყვა. მუხლქვემოთ ფეხმოკვეთილმა ბიჭმა ვეღარ შეძლო თავისი საყვარელი საქმიანობის გაგრძელება. გამოსავალი თავად იპოვა: დედას
პიანინოს ყიდვა სთხოვა. მას პიანინოც შეუძინეს და მუსიკალურ სკოლაშიც შეიყვანეს. თუ სხვები სრული სასწავლო კურსის გავლას ხუთ წელიწადს ანდომებდნენ, ცაბაძემ სკოლა ორ წელიწადში დაამთავრა. ფორტეპიანოზე დაკვრასა და სიმღერასთან ერთად, გოგიმ მუსიკის წერაც დაიწყო. სწორედ ამ პერიოდიდან გახდა მუსიკა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. გოგიმ მუსიკალური ხუთწლედის დამთავრების შემდეგ, სწავლა კონსერვატორიაში განაგრძო. კონსერვატორიაში ცნობილი კომპოზიტორის, იონა ტუსკიას ჯგუფში მოხვდა. პედაგოგმა შეაფასა ცაბაძის ნიჭიერება, მაგრამ მკაცრი მოთხოვნებიც წაუყენა: ან ესტრადას უნდა შელეოდა, ან კონსერვატორიას, რადგან კონცერტების გამო, ხშირად უხდებოდა ლექციების გაცდენა. ცაბაძეს ბევრი არ უფიქრია და სწავლას თავი დაანება. მამა რეპრესირებული იყო და გოგი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი აღმოჩნდა. მოხუც დედაზე უნდა ეზრუნა და შემოსავლიან სამსახურს ვერ დაკარგავდა. გოგიმ კონსერვატორია მოგვიანებით, მეუღლის თხოვნით, 32 წლის ასაკში დაამთავრა...  გოგი ცაბაძის პირველი სიმღერა იყო „მარი,” რომელსაც ასრულებდა მერი შილდელი. ამას მოჰყვა უამრავი შედევრი. 50-იან წლებში კომპოზიტორი გასაოცარი სისწრაფით ქმნიდა ერთმანეთზე უკეთეს ნაწარმოებებს... არ დარჩენილა მუსიკოსი, გიორგი ცაბაძის სიმღერა თავის რეპერტუარში რომ არ ჩაერთო. გოგი ცაბაძის შემოქმედება, ძირითადად, პეტრე გრუზინსკისა და მორის ფოცხიშვილის პოეზიას დაუკავშირდა. ისინი მისი განუყრელი მეგობრები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ცაბაძე თავად იყო საკუთარი სიმღერების უბადლო შემსრულებელი. ავტორია, აგრეთვე, საგუნდო და დრამატული ნაწარმოებებისა. მისი მუსიკა ჟღერს ფილმებში: „ვერის უბნის მელოდიები“, „მხიარული რომანი“, „მოიტაცეს თამარ ქალი“...


გიორგი ცაბაძეს ბედმა გაუღიმა  – საბჭოთა მუსიკალური იდეოლოგია „თბილისური ფოლკლორის” დამკვიდრებას არ ეწინააღმდეგებოდა... როდესაც გიორგი შენგელაიამ პირველი ქართული (და პირველი საბჭოთა) მიუზიკლის, „ვერის უბნის მელოდიების” გადაღება დაიწყო, მოსკოვი ქართულ კინოზე თავდასხმისთვის ემზადებოდა. ჰოლივუდის მიუზიკლების სტილში გადაღებული ფილმი,  შეიძლებოდა, „თაროზეც შემოედოთ” იმ შემთხვევაში, თუ „ვერის უბნის მელოდიები” მეტისმეტად „დასავლური” აღმოჩნდებოდა. მაგრამ, „თბილისურმა ფოლკლორმა”, დასავლურისა და აღმოსავლურის წონასწორობამ, გადაარჩინა ეს სურათი. ბალანსი დაცული იყო ყველაფერში – დრამატურგიაში, ქორეოგრაფიასა და განსაკუთრებით, მუსიკაში... ფილმის პრემიერიდან რამდენიმე დღის შემდეგ, გიორგი ცაბაძის სიმღერებს მთელი საქართველო მღეროდა. უფრო მეტიც, „ვერის უბნის მელოდიების” მუსიკა რუსეთშიც აიტაცეს, მაგრამ „ვერის უბნის მელოდიებმა” პრობლემებიც შეუქმნა გიორგი ცაბაძეს. ცოტა ხანში მომრავლდა „მეფაიტონესა” და ცაბაძის სხვა სიმღერების ორეულები. „ქალაქური ფოლკლორი”, რომელიც ცაბაძის შემოქმედების წყარო იყო, გადაიქცა „კიტჩად”; ყარაჩოხულ-დარდიანი ინტონაცია, გამოხატული პრიმიტიულზე პრიმიტიული ტექსტით, საფრთხეს უქმნიდა მთელ ქართულ ესტრადას. შესაბამისად, უფრო აქტიური გახდა მუსიკალური კრიტიკა, რომელიც ვერ ბედავდა გიორგი ცაბაძის წინააღმდეგ გალაშქრებას მხოლოდ იმიტომ, რომ ხედავდა, როგორ უყვარდა ეს სიმღერები ხალხს... თუმცა, კულუარებში ეროვნული ესტრადის კრიზისს ხშირად სწორედ ცაბაძეს აბრალებდნენ... მაგრამ, როგორც ჩანს, გიორგი ცაბაძე ამისთვისაც მზად იყო. სიცოცხლის ბოლოს მან აქტიური საკონცერტო მოღვაწეობა დაიწყო – კომპოზიტორი თავად უკრავდა და მღეროდა პოპულარულ სიმღერებს, რომელსაც ხალხი პირველად სხვების შესრულებით გაეცნო. გიორგი ცაბაძე – სხვანაირად მღეროდა. იმპროვიზაციის ხარისხი გამძაფრდა, ინტონაცია შეიცვალა, გადაადგილდა აქცენტები... ის ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ მისი მუსიკა არც ისე მარტივია, როგორც მას ხშირად აღიქვამენ და რაც მთავარია, ასრულებენ.
скачать dle 11.3