№44 რამდენი ასეულ ათასი ლარი აიღო ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა ხელფასად, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეობის ოთხ წელიწადში
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი 1975 წელსაა დაბადებული. 1999 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა (როდის ჩააბარა და რომელ ფაკულტეტზე, არ ვიცით); 2005 წელს – პროფესიული განათლების უნივერსიტეტი (ჰოლანდიაში) და ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის წოდებაც მიიღო. 2010 წელს FIDIC-ის კონტრაქტების სრულყოფილი პროგრამა გაიარა დავათა მოგვარების საბჭოს ფედერაციაში; 2011 წელს აშშ-ში მიიღო ზედამხედველობის სპეციალისტის ხარისხი (აშშ-ის სამხედრო ინჟინრების ასოციაციაში).
მისი შრომითი ბიოგრაფია 2000 წელს დაწყებულა შპს „ოსტორ-ნიდერლანდებში“, სადაც 2003 წლამდე იმუშავა კონსულტანტად. 2003-2004 წლებში კი – შპს „გორგასლის“ მენეჯერად; 2004 წელს გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანია PA Consulting Group-ის დასავლეთის ცენტრალური რეგიონის დირექტორად დაინიშნა; ხოლო 2006-2007 წლებში ფონდ „ათასწლეულის გამოწვევა – საქართველოს“ ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის დირექტორი გახდა; 2007 წელს უკვე მთავარი აღმასრულებელი ოფიცრის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა; 2007-2008 წლებში შპს „ვისოლ პეტროლიუმის” გენერალური დირექტორის მოადგილე იყო, ოღონდ 2008 წელს კვლავ ფონდ „ათასწლეულის გამოწვევა – საქართველოს“ დაუბრუნდა აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ; 2010-2011 წლებში „ნიუ ენერჯის“ ტექნიკურ დირექტორად დაინიშნა; 2011-2012 წლებში – ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) პროექტ Tetra Tech Inc-ის ხელმძღვანელის მოადგილედ. 2012-2016 წლებში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო. აწ კი უკვე ენერგეტიკის მინისტრია.
ილია ელოშვილის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2012 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ და ოჯახის წევრებად მიუთითა: დედა – მზია შეწირული, მეუღლე – ირინე ლობჟანიძე და ორი შვილი: ომარი და მარიამი.
ილია ელოშვილის საკუთრება იმხანად იყო მიწის ნაკვეთი გლდანში (4 100 კვ. მ.), მიწის ნაკვეთი (1 500 კვ. მ.), საცხოვრებელი სახლი (300 კვ. მ.) ყაზბეგის რაიონში და 1997 წელს გამოშვებული ავტომანქანა. მზია შეწირულს ეკუთვნოდა საცხოვრებელი ბინა თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე (120 კვ. მ.) და მიწის ნაკვეთი ყაზბეგის რაიონში (6 000 კვ. მ.)
2011 წლის განმავლობაში ილია ელოშვილმა, როგორც „ტეტრა ტეკის“ მშენებლობის ზედამხედველმა, 60 000 ლარი აიღო, მისმა მეუღლემ კი, როგორც „ენერგო პროს“ თანამშრომელმა, თანაშემწის პოზიციაზე – 18 000.
ენერგეტიკის მინისტრის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2017 წლის იანვრით თარიდება, რომელიც მან, ასევე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის რანგში შეავსო და ამჯერად ოჯახის წევრებად მხოლოდ ცოლ-შვილი მიუთითა. უძარვ ქონებად კი, 1990 წელს მემკვიდრეობით მიღებული საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ყაზბეგის რაიონში. ამჯერად ილია ელოშვილს 2007 წლისა და 10 000 აშშ დოლარად ღირებული ავტომანქანა ჰყავს.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2016 წლის განმავლობაში, როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, 89 374 ლარი მიიღო. 2014 და 2015 წლებში აღებული სესხების (17 500 აშშ დოლარი და 30 000 ლარი) მომსახურება კი 2 076 აშშ დოლარი და 9 912 ლარი დაუჯდა.
2012 წელს, როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, 55 127 ლარი აიღო; 2013-ში – 97 920 ლარი. 2014-ის წლიური ხელფასი მის დეკლარაციაში მითითებული არ არის; 2015 წელს კი – 104 080 ლარი აიღო.