№44 ასრულდა ოცნება?!
ანუ „მოდის მატარებელი, გულის გამხარებელი“
მართალია, ჩვენებურები ისევ იმას არჩევენ, ვის კაპოტზე უყვარს სმა და ვის ნათესავების დასაქმება, მაგრამ ამასობაში აზიიდან უკვე დაიძრა პირველი სატვირთო მატარებელი, რომელიც ტვირთს ყაზახეთის პორტში მიიტანს, საიდანაც ბაქოს საერთაშორისო საზღვაო პორტში გადაიტვირთება და, საბოლოოდ, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ევროპისკენ გაჭრის გზას.
30 ოქტომბერს მაგისტრალი ოფიციალურად ბაქოში გაიხსნება – სამივე ქვეყნის (საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი) პრეზიდენტების მონაწილეობით.
ის ერთი მილიონი მგზავრისა და 6,5 მილიონი ტონა ტვირთის გადასაყვან-გადასაზიდადაა გათვლილი, მომავალში კი ორ მილიონ მგზავრამდე და 17 მილიონ ტონა ტვირთამდეა გაზრდა დაგეგმილი.
იმ მარტივი მიზეზით, მსგავსი მარშრუტის მაგისტრალი (აზია-ევროპა) უკვე მოქმედებს რფ-ის ტერიტორიაზე, ცხადია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედება ჩრდილოეთში დიდად არ ეპიტნავათ. იმდენადაც კი, რომ გამოცემა „როსბალტმა“ ვრცელი სტატიაც კი მიუძღვნა იმას, თუ როგორ დაზარალდება საქართველო ამ პროექტით (მხოლოდ აზერბაიჯანი და თურქეთი იხეირებენო). ხოლო, რაკი იქვე იყო ნახსენები, რომ, თურმე „სომხეთის ანკლავ სამცხე-ჯავახეთში“ ადგილობრივი მოსახლეობა ამ რკინიგზის გახსნით უკმაყოფილოა (არადა რატომ უნდა იყოს?!), ესე იგი, გზავნილიც გამოგვიგზავნეს, რომ, თუ თურქეთსა და აზერბაიჯანს ვერ ერევიან, მათ ჯავრს ჩვენზე მაინც იყრიან. ჯერჯერობით რუსეთი ხომ ის სახელმწიფოა, რომელსაც მხოლოდ ჩვენთვის სროლა შეუძლია (და მერე რა, რომ ბირთვულია?!). –