№43 რატომ არ მოსწონს ბესო ზანგურს გენდერული თანასწორობა და რატომ არ შეუძლია მას სექსი უსიყვარულოდ
ბესო ზანგური რთული და ემოციური ხასიათით გამოირჩევა, რაც მისი ხიბლიც არის, მაგრამ ამავე დროს, ბესოს გვერდით მყოფ ქალებს უჭირთ მისი გაგება. თუმცა, მისი ბოლო ქორწინება დიდი ხანია, გრძელდება და როგორც ბესო ამბობს, ეს უკანასკნელი ქორწინებაა. მეუღლეს კარგად ესმის მისი და ერთმანეთს ავსებენ.
ბესო ზანგური: გიორგობას გახდა დედა ცუდად და ორმოცდახუთი დღე აპარატზე შეერთებულმა გაატარა. რომ დამირეკეს და მითხრეს, დროზე მოდი საავადმყოფოშიო, მამაოს დავურეკე, მოდი-მეთქი. რომ შევედით, უკვე აპარატიდან ხსნიდნენ. დაიწყო მამაომ ლოცვა. დავიჩოქე და იქ ვუთხარი: ახლა არ მიმატოვო, დედა, ამ ერთხელ არ მიმატოვო, მერე თუ გინდა, დამტოვე-მეთქი. ეს ვუთხარი და თვალები გაახილა. იმის მერე წამოვიდა უკეთესობისკენ. რაღა მაშინ გაახილა თვალი და იმქვეყანაზე გაიგო ჩემი ხმა?! ასე გენეტიკურად იგრძნო ეს კოსმიური სიყვარული, რომელიც დედა-შვილს შორისაა, რადგან მიიღო, ალბათ, იმაშიც დამეხმარება, რომ ბოლომდე კარგად გახდეს. შემდეგ გამოვედით სახლში და დავრჩით მე, დედა და ჩემი ვაჟიშვილი ბუსა. რაღაცნაირად უნდა გაგრძელებულიყო ცხოვრება, მეუღლე დედამისთან გადავიდა დროებით, რადგან ბავშვებთან ერთად შეუძლებელი იყო მწოლიარე ავადმყოფთან ცხოვრება. თან, ოცდაოთხსაათიან რეჟიმში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო. ზაფხული დაიწყო მაგრად. დედასთან ერთ ოთახში წამოწოლილი ვიყავი, რაც ცხოვრებაში არ გამიკეთებია. ვუკითხავდი წიგნს, რაღაცაზე ველაპარაკებოდი, ვათვალიერებინებდი თავის სურათებს, მაკიაჟს ვუკეთებდი, ვუღებდი ფოტოებს. ერთად ვიღებდით სელფებს, ვაცმევდი ტანსაცმელს, ვუცვლიდი თავსაბურავებს. ვუვლიდი როგორც დედას, რომელზეც ამ ავადმყოფობის შემდეგ მივხვდი, რომ ფანატიკურად ვაფრენ თურმე. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ დროს მივხვდი, მაგრამ კარგია, რომ ცხოვრებაში მოვესწარი ამის გააზრებას და ამ გრძნობის აღმოჩენას ჩემში, თუ რა ფანატიკური სიყვარული შემძლებია ერთი ადამიანის მაინც, რომელსაც ჰქვია დედა. თავიდან დავიწყეთ ცხოვრება, წერა, ლაპარაკი. მეტყველება უჭირს და რომ მივედი, ფეხი ფეხზე გადაიდო, მაჩვენა, ნახე რა შემიძლიაო. ერთი წუთით რომ დავინახო ისეთი დედა, რომელიც იმ დილით სახლში დავტოვე, როცა ცუდად გახდა, ახლავე დავთმობდი მთელ ჩემს ცხოვრებას, მინდა, რომ ამას მივაღწიო. არ არსებობს მიზანი რომელიც დამესახოს და არ გამომსვლოდეს. ღმერთმა ხომ მაჩუქა დედა. ეს აბსოლუტურად სასწაულია, რომ გადარჩა, მაგრამ ახლა მინდა, მივაღწიო იმას, ისეთი დავინახო დედაჩემი, როგორიც იმ დილით დავტოვე. შემდეგ, როდესაც ყველაფერი დასტაბილურდა, დაიწყო ჩემი განტვირთვის დღეები. გამოვედი სახლიდან და ერთი კვირა მარტომ გავატარე თურქეთში.
– მარტო რატომ წახვედი?
– დასასვენებლად მარტო მიყვარს წასვლა. მთელი ჩემი ცხოვრება მარტოობაა. მე თუ მარტო არ ვარ, არ ვარ ბედნიერი. მარტოობა ჩემი ბედნიერებაა. მაშინ ვგრძნობ თავს დასვენებულად და ბედნიერადაც. აუცილებლად დღის განმავლობაში უნდა აღმოვჩნდე მარტო საკუთარ თავთან.
– შენს ცხოვრებას გარედან რომ შევხედოთ, ვერავინ იფიქრებს, რომ მარტო ყოფნა გიყვარს – ცოლები ხშირად მოგყავდა...
– როგორ არის, იცი? აუცილებლად უნდა გყავდეს გვერდით ადამიანი, რომელიც რაღაც ეტაპამდე შენს სულიერ სამყაროსთან ახლოს იქნება. ეს აუცილებლად გჭირდება. ადამს ღმერთმა ევა იმიტომ შეუქმნა, რომ არ შეიძლება, მამაკაცი იყოს მარტო, ისევე, როგორც არ შეიძლება, ქალი იყოს მარტო. ეს ორი ქმნილება ერთმანეთის გარეშე არ უნდა არსებობდეს. აუცილებელია, გვერდით გყავდეს ადამიანი, რომელიც გეყვარება, რომელიც გაგიჩენს შვილს, ან თუ ქალი ხარ, გაგაჩენინებს შვილს.
– ამის გაგება არ უჭირთ შენ გვერდით მყოფ ქალებს?
– ძალიან უჭირთ ჩემი გაგება. ამიტომ, ალბათ, სამუდამოდ დავრჩებით ერთად მე და ჩემი მეუღლე, გვანცა წულეისკირი. იმიტომ რომ, ყველაზე დიდხნიანი და მრავალშვილიანი ქორწინება ეს არის. თან, ცოტათი, ჭუჭრუტანიდან შევაჭყიტე იმ ცხოვრებაში, რასაც ეს ჩემი მარტო დარჩენის ცხოვრება ჰქვია – როცა უჩნდებოდა კითხვა, რატომ შეიძლება მომეშალოს ნერვები იმაზე: ჭიქა ასე რატომ დგას, როცა ყველაფერი კარგადაა; ზუსტად და რეალურად დავანახვე, იმ დროს რაზე შეიძლება, ვფიქრობდე და მანაც დაინახა ეს ყველაფერი. აბსოლუტურად სავსეა ჩემით – სავსე ვართ ერთმანეთის ემოციებით და გვესმის ერთმანეთის. არ მინდა, სხვანარიად გაიგონ ყოფილებმა და შეურაცხყოფა მივაყენო მათ, ყველას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ის პერიოდი ჩემთვის გაქრა. ოჯახური ცხოვრება ჩემთვის იწყება იქიდან, როცა ეს მეგრელი ქალი მოვიყვანე. სხვათა შორის, მეგრელებზე სულ დადებითად ვლაპარაკობ, ყველაზე მაგარი ჯიშია.
– ამასწინათ „ფეისბუქზე“ სტატუსიც დაწერე, რომ ყველაფრის მიუხედავად, შენ და შენი მეუღლე ისევ ერთად ხართ, რამე გაუგებრობა იყო თქვენ შორის?
– რაღაცების არ ესმოდა და მე გავუგე ამაში. ბავშვები გავაჩინეთ იცი, როგორ? თერთმეტი თვეა განსხვავება ბუსას და მარიამს შორის. ამ ფსიქოლოგიურ სტრესს ზემოდან კიდევ დაემატა ჩემი ატანის სტრესი. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლეს აბსოლუტურად ყველანაირ კომფორტს ვუქმნი იმისთვის, რომ თავი ღირსეულ ქალად იგრძნოს, რომელსაც გვერდით კაცი ჰყავს. რაღაცები ვერ გაიგო კარგად. მაგრამ, რომ ვაჩვენე, ასე რატომ შეიძლება, იყოს, ძალიან ბედნიერად იგრძნო თავი. თურმე, რა მარტივი ყოფილა, აბსოლუტურად ყველაფერს ჰკრა ხელი, იყო იმ ადამიანთან და უთხრა: მიყვარხარ შვილებზე მეტად. ეს არის ყველაზე მაგარი რამ.
– რა სჭირდება ქალს იმისთვის, რომ ბედნიერად იგრძნოს თავი?
– ქალს სჭირდება ერთდერთი რამ – იცოდეს, რომ ის არის შენთვის ერთადერთი ქალი. გვანცა ეჭვიანობდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მიხვდა, რომ არ არის პრობლემა. თუ სხვაზე გადავერთე, ეს შემიძლია, პირდაპირ ვუთხრა მას. ღალატი ჩემთვის მიუღებელია, ჩემი მთლიანი არსება აგებულია ერთგულებაზე, თუნდაც: მეგობრის, მეუღლის, უფლის, რწმენის, ჩემი ნივთის, ჩემი ტანსაცმლის, ჩემი ოთახის, ჩემი ბალიშისა და საბნის. არ შემიძლია, ვუღალატო და ასე მივაგდო რაღაც და მით უმეტეს, ასე არ მოვექცევი მეუღლეს. შვილების დედას, იმას ვერ გავუკეთებ, წავიდე და ბედნიერი წამოვგორდე, მერე კი ჩავხედო თვალებში. არ შემიძლია სექსი, თუ არ მიყვარს. არ გამომდის, როგორც გინდათ, ისე გამიგეთ. ეს მართლა ყველა მეუღლემ იცოდა. ამ მხრივ ეჭვიანობა არასდროს ყოფილა – სად იყავი და ასე შემდეგ. თუმცა, პატარა ჩხუბები რომ არის და მიდიან, მერე უჩნდება ყველას კითხვა: როგორ შეგიძლია, ასე დაიკიდო ყველაფერი? იმიტომ რომ, როგორც დიდი სიყვარული შემიძლია, ისე შემიძლია, წერტილის დასმა თუ გული მეტკინა. იმ ადამიანთან, ვისთანაც ვარ, ისე ბოლომდე ვარ გადართული, რომ კარგად და ბედნიერად იყოს, მერე უკვე პატარა გულისტკენაც ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა, ამიტომ, წერტილის დასმაც ადვილია.
– მგონია, რომ აზიატი ქმარი ხარ?
– კი, აზიატი ქმარი ვარ და მოსწონს ეს ჩემს მეუღლეს. აბა რა, ევროპელები ვართ? აზიელები ვართ და რით ჩამორჩება აზია ევროპას? აზიური კულტურა ევროპულზე ათასჯერ უფრო გემოვნებიანად აღიქმება. ბევრია შექმნილი აზიურ კულტურაში – სექსუალური კულტურა, ნარკოტიკით თრობის კულტურა, პოეზია, მწერლობა. მე მირჩევნია, ვიყო აზიელი და აზიატი ქმარი, ვიდრე – ევროპელი მუსიე. რას ნიშნავს გენდერი? ვერანაირად ვერ იქნება ჩემნაირად ჩემი ცოლი. ვერ მოიქცევა ჩემსავით, იმიტომ რომ, მე არ „დამევასება“, ჩემსავით ილაპარაკოს ჩემმა ცოლმა: ქუჩაში გავიდე და ჩემი ცოლი ვიღაცას უტყაპუნებდეს და „ფეისბუქზე“ ისეთ პოსტებს წერდეს, როგორსაც მე. მაშინ ის არ იქნება ჩემი ცოლი, მე არ მომწონს ასეთი ქალები. მე მომწონს სასურველი გოგო სუნამოს სუნით კი არა, ქალის სურნელი რომ ასდის – მოფერება, სექსი, კოცნა რომ მოგინდება. თუ გენდერულად სწორია და შემორტყმა მოგინდა, ასე არ გამოვა. თუ გინდა თანასწორი კაცი, პრობლემა არ არის, არიან კაცები და დაუდექით მათ გვერდზე, როგორც თანასწორი. რომელ გენდერულ თანასწორობაზე მელაპარაკებიან საქართველოში, სად არიან იციან? ძალიან ყელში ამოვიდნენ უკვე ეს ჰომოსექსულებიც, აქციებს რომ აწყობენ. მართლა არიან ჰომოსექსუალები საქართველოში? ძალიან მაინტერესებს მართლა განიცდიან სიამოვნებას კაცთან სექსით? ცოტა ეჭვი მეპარება, რომ მართლა განიცდიდნენ. ყველაზე დიდი უბედურება ჩვენში არის ის, რომ ნამდვილი „პიდარასტიც“ არ გვყავს.