№43 რატომ აღიზიანებდა ზუზუ ბეჟაშვილს თიკო სადუნიშვილი და როდის უღალატია მას საყვარელი ქალისთვის
ზუზუ ბეჟაშვილის კარიერაში სიახლეებია, რითაც ძალიან გახარებულია. მისთვის ყველაზე მძიმე პერიოდი მაშინ დგება, როდესაც კარიერაში წყვეტაა, თან ეს ყოველთვის პირად ცხოვრებაში წარუმატებლობასაც ემთხვევა. ზუზუს ცხოვრებაში ყოფილა პერიოდები, როცა ფსიქოლოგი დასჭირდა, ტრანკვილიზატორებით იძინებდა და კვეთებულის ლოცვებზეც დადიოდა...
ზუზუ ბეჟაშვილი: ძალიან გახარებული ვარ, ჩემს კარიერაში რაღაც სიახლეებია. ერეკლე ბადურაშვილმა დამიძახა და ფილმში დამამატკიცა. ეს ვიცი, რომ დამტკიცებული ვარ. არ მომიწერია კონტრაქტზე ხელი, ჯერ ისეთი ცივილიზებულიც არ ვარ, კონტრაქტები დავიწყო. რაც არ უნდა ხმამაღალი ნათქვამი იყოს, მე ვხედავ ჩემს თავში პოტენციალს, რომ უკეთესად გავაკეთო, ვიდრე გამიკეთებია. ხშირ შემთხვევაში, ეპიზოდებით უფრო ამაყი ვარ, ვიდრე „ტუპოი“ მთავარი როლებით. იცი, როდის მომწონს ჩემი თავი? როდესაც ვერ ვხვდები, ეს როგორ გავაკეთე. საქმეში თუ ვარ ცუდად, ლოგინიდან არ ვდგები, როცა არ მეძახიან, მგონია, რომ არასაჭირო ვარ ვიღაცისთვის.
– როცა კარიერაში პაუზაა და ცუდად გრძნობ თავს, ეს პირად ცხოვრებაზეც აისახება?
– ჩემთან ემთხვევა. ზოგს ხომ აქვს, რომ პირადი თუ აქვს, კარიერა არ აქვს, ან პირიქით. ჩემთან ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა – თუ არ მაქვს კარიერა, არც პირადი მაქვს. თუ არ მაქვს ათასი დოლარი, ათი ლარიც არ მაქვს. თუ პირადში პაუზაა, მეგობრებშიც პაუზა მაქვს – ასე ემთხვევა, მათ კი არ უნდათ. ამიტომაც არის, რომ ვწევარ და იწელება ჩემი დაწოლა. მე სულ ვამბობ, ყველამ რომ დაკარგოს ჩემ მიმართ ინტერესი, საკუთარი თავის მიმართ მე არ დავკარგავ ინტერესს. მარტო ყოფნა საჭიროა. მარტო რომ ვარ, ძალიან ბევრს ვფიქრობ. უბრალოდ, ძალიან იწელება ჩემი მარტო ყოფნა და წოლა. დილიდან დაღამებამდე რომ გადაღებაა და წუწუნი რომ იციან, მე არასდროს მბეზრდება. ჩვიდმეტი საათი ვყოფილვარ გადაღებაზე ყინვაში, მაშინ, როცა მეზიზღება დისკომფორტი. მაგრამ, ამ სადენების სუნი მიყვარს. „მოტორზე“ ხომ, საერთოდ, ორგაზმს განვიცდი. დღეში ერთი-ორი საათი მჭირდება მარტო დარჩენა, თუნდაც საქმისთვის, როცა რაღაც ღილაკები არ მუშაობს ხოლმე. მოსკოვში მოხდა ასე: გადაღებაზე ძალიან კმაყოფილები იყვნენ. ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რითიც მთავრდება ფილმი, ეს არის საერთო კადრი, გაუჭრელი. მარტო ვარ და ვგრძნობ, რომ ჩემში რაღაც ღილაკები არ მუშაობს, თან, კინოფირია და მიდის ეს ფირი. იქ მეუბნებიან, რომ კარგია. რატომ მეუბნებიან, ოღონდ, არ ვიცი. იმიტომ რომ, მე ვგრძნობ, არ არის კარგი. იქ „ავწიე“ ამბავი – ახლა ისევ თქვენთვის, საქმისთვის ვამბობ, ერთი საათი დამტოვეთ მარტო-მეთქი. არ დამჭირდა ერთი საათი, საგრიმიოროში შევედი, ვიფიქრე, გამოვედი და გავაკეთე. დასასვენებლადაც მარტო მიყვარს წასვლა. მახსოვს, ერთხელ თურქეთში წავედი მარტო. ასე კარგად არ დამისვენია. ძალიან მაგარია, როცა იწყება საზაფხულო ფლირტი და ხშირად, იქვე მთავრდება. მაგასაც თავის მუღამი აქვს. რაღაც უნდა დამთავრდეს. სამაგიეროდ, იქ მოგზაურობისას ბევრს დავმეგობრებივარ, ისეთსაც კი თბილისში რომ დიდად არ ვგიჟდებოდით ერთმანეთზე. მახსოვს, თიკო სადუნიშვილთან საერთოდ არ ვმეგობრობდი თბილისში. თავიდან „თბილისი ლაივი“ რომ დაიწყო, ხომ სულ იკბინებოდა თავის გადაცემაში. მახსოვს, არ ვიცნობდი ამ გოგოს, მიადგა გიგა აგლაძეს, მაშინ ახალი გამოსული იყო ეს ცოტა შტერი ფილმი – „გოგონა სლაიდიდან“, მივიდა და ეკითხება: „გოგონა სლაიდიდან ორს“ ხომ არ იღებთო. მეთქი, ეს ვინ არის, აუ, სადაც ვნახავ ამას... კი, ვეთანხმებოდი, მაგრამ ასე ხმამაღლა მაინც „ტეხავდა“. მერე ისე მოხდა, ბათუმში მეც დამადგა მიკროფონით და ორივეს გაგვეცინა. მის მერე დავმეგობრდით. გადაცემის ფორმატი იყო, თორემ, საერთოდ არ არის ეგეთი ტიპი. ბევრი კაცი არ არის ისეთი კარგი თვისებების, თიკოს რომ აქვს.
– პირად ცხოვრებაში გაქვს რაიმე სიახლე?
– კიდევ უცოლო, კიდევ უსახლო... როგორ მინდა, რომ ერთხელ მოხვიდე და გითხრა: სახლი ვიყიდე, პირადი ცხოვრებაც მოვიწყვე. ყოველთვის საინტერესო პირადი ცხოვრება მაქვს – მარტო ვარ თუ ვინმესთან ერთად. თან, რამდენჯერაც ვთქვი, რომ კარგად ვარ-მეთქი, ან თუნდაც – ვიფიქრე, ეგრევე რაღაც ხდება, არა მარტო პირად ცხოვრებაში, კარიერაშიც. უცებ ორი-სამი რეჟისორი გირეკავს ერთად, როცა პაუზა გქონდა და გეგონა, აღარავის ახსოვდი, რაც ყველაზე ცუდი გრძნობაა. პირად ცხოვრებაში კარგად ვარ. ხანდახან ვიტყუები კიდეც, რომ კარგად ვარ. ჩემი პირადი ცხოვრებაა, როცა ჰარმონიაში ვარ საკუთარ თავთან. თანაც, ყოველთვის ვიღაც არის – ისეთი ბებერიც არ ვარ, რომ არ იყოს. მოგწონს, მოსწონხარ, რაღაც იწყება, მაგრამ ვერ ვითარდება – ისიც კარგია, რაც იყო. როცა გაქვს წარუმატებელი პერიოდი, გგონია, რომ ასეთი არასდროს გქონია. იმას ვერ იხსენებ, ადრეც რომ იყავი მსგავსად. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მტკივნეული და გამოუსწორებელია, როცა ამ ცხოვრებიდან ჩემი მეგობრები წავიდნენ. ამ ბოლო დროს რაღაც ფობია მაქვს, ცოტა ეგოისტიც გავხდი. თუ აუცილებელი არ არის, პანაშვიდებზე არც მივდივარ, გული მტკივა. მერე და მერე მემართება ის, რომ ცუდად ვხვდები. არანაირი სანახაობა ამაში არ არის. ჩემი ტკივილი ისაა, რომ მერე მენატრება, მერე უფრო მიმძაფრდება. ვფიქრობ, რაღაც რომ სხვანაირად ყოფილიყო, რაღაცას ვნანობ...
– პირადი ურთიერთობები რომ მთავრდება, მერე თუ გაქვს ხოლმე სინანული, გულისწყვეტა?
– არა და გეტყვი, რატომ. ჩემგან არავინ წასულა ზიზღით. არც ჩემთან ურთიერთობაა ადვილი. სიყვარულით დავშორებივართ. შეიძლება, დავბრუნებულიყავით, მაგრამ რისთვის? ჩვენ ხომ იმიტომ გავიცანით ერთმანეთი, რომ ეს რაღაც მომხდარიყო. მეორესთან მისვლა არის პირველისგან გაქცევა. მერე ხვდები, იმ მეორესთან კარგია თუ არა. არ მიყვარს, ერთმანეთს რომ კარგავენ. მე არასდროს ვიბუტები, უბრალოდ, ურთიერთობა აღარ მინდა. სალამს რომ არ ეუბნებიან ერთმანეთს, მეცინება. იმიტომ არ ვბრაზდები, რომ არც მე ვარ საჩუქარი, მეც მიღალატია, მეც ვიღაცისთვის მიტკენია. როცა იცი, რა არის ცოდვა, შენს ცოდვას საკუთარ თავთან აღიარებ, სხვის ცოდვებს ნაკლებად გამოქექავ. გიღალატა? კაი, კაცო, შენ არ უღალატე არავის ცხოვრებაში? გადახედე, მე კი არა, ვის არ ღალატობენ. როგორ არ მიღალატია, მაგაზე უარესებიც მიქნია. ექსპრომტად სექსი კარგია ხანდახან. ადამიანები მაინც ცხოველებივით ვართ, ხშირად ინსტინქტებით ვმოქმედებთ. ცუდად არ გამიგოთ, მე მიყვარს ცხოველები. კაცმა „იხმარა“ ქალი – რატომ ამბობენ ასე საძაგლად, ვერ გავიგე. ეს, მე მგონია, ორივესთვის დიდი სიამოვნებაა. თუ არ ასიამოვნე ქალს, რას ნიშნავს „იხმარე?“.
– რატომ დაწერე სტატუსი – ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, ლოთი ვარო?
– იმიტომ დავწერე, რომ ორი უკიდურესობაა მანდაც. ყველა ლოთი ჩემზე ამბობს – ლოთიაო. მე, საერთოდ, კლუბშიც აღარ დავდივარ. ჩემს თავს როგორმე ვუვლი, როგორც ყველა. მე არასდროს ვყოფილვარ დამოკიდებული. ჩემთვისაც დავმჯდარვარ და დამილევია. კლუბში თუ წავალ, იქაც დავლევ, წინდების ქსოვას ვერ დავიწყებ. მომივიდა ხმები – ლოთიაო. მეგობრები რომ გეუბნებიან: არ დალიო, რას აკეთებ... იცი, რა, მე თუ დამჭირდა, წავალ და დავწვები სარეაბილიტაციო ცენტრში, მაგრამ არ მჭირდება. ჩემი თავის მე ვიცი. შეიძლება, ერთი თვე დავლიო, ამოვარდნა მქონდეს, თუმცა, მე საერთოდ არ ვეძახი ამას ამოვარდნას – ერთ-ერთი რელაქსია ადამიანისთვის. ჩაიხედონ სარკეში თვითონ, რამდენი ჭაღარა აქვთ. მე კი ჭაღარაც არ მაქვს. ჩემს თავს ვუვლი, მაგრამ სულ წესიერებაც არ მომწონს. ყოველდღე ჰერკულესით ვერ მნახავ, მაგრამ ამ ბოლო დროს, ჩემი დილა თაფლითა და ნუშით იწყება. საქმის დროს ბევრ სიგარეტს ვეწევი. ისე, აღარ მომწონს მოწევა. არც ის მომწონს, რომ თვითონ არ ეწევიან და გაწუხებენ – შენ რატომ ეწევი? მიმაჩნია, რომ მოწევა სულ აღარ არის თანამედროვე. შევამცირე, ხშირად არ მინდა. ტრანკვილიზატორებით ვიძინებდი და ეს ეგონათ რაღაც ნარკოტიკის დონის. არადა, ამაში უცნაური არაფერია, რედიკულიანი დეიდები და ბიცოლებიც სვამენ. ფსიქოლოგთან დავდიოდი და ჩემს ძმას და ვიღაცებს ეგონათ, ფსიქიატრთან ვიყავი. არადა, ფსიქიატრთან მისვლაც არაფერია.
– რატომ დადიოდი ფსიქოლოგთან?
– ძალიან გამიჭირდა საკუთარ თავთან და გარშემო მყოფებთან ჰარმონიაში ყოფნა. არ მომწონდა საკუთარი თავი და საკუთარი თავი თუ არ მოგეწონა, არავის მოეწონები. ფსიქოლოგი იმ წუთში დამეხმარა, მაგრამ ცოტა დამოკიდებული გამხადა. მერე მეტეხის ტაძარი დამეხმარა. კვეთებულის ლოცვებზე მივედი, რამაც ძალიან მიშველა. თვითონ მომინდა და იქ ვთქვი პირველი აღსარება. აღსარებას კი ვაბარებ, მაგრამ სულ მიჭირს, იმიტომ რომ, მეუბნებიან: ასი ცოდვიდან 90 მაინც გააკეთე და ისე მოდიო. მე კი ას ორით მივდივარ ზოგჯერ. აქედან გამომდინარე, მრცხვენია, მაგრამ ძალიან მამშვიდებს ტაძარი, ძალიან მიყვარს. ძალიან მორწმუნე ვარ, სასწაულების მჯერა., მთელი ჩემი ცხოვრება სასწაულია. ძალიან მიყვარს მამა ვიტალის საფლავზე მისვლა. როცა საერთოდ გამოუვალი მდგომარეობა მქონია, დედაჩემის გარდა, არავინ გვერდით არ მყოლია იმწუთას და აბსოლუტურად ქუჩაში ვყოფილვარ, გამოვსულვარ იქიდან და სანამ პლეხანოვი ჩამომივლია, ტელეფონის ზარით დამლაგებია ყველაფერი ისე, რომ საერთოდ პრობლემა აღარ მქონია.