№43 რა აკავშირებთ ეკო ფანგანსა და მარკო დელვეკიოს ერთმანეთთან და რატომ არის ეკოსთან ურთიერთობა მამაკაცისთვის რთული
ეკო ფანგანი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია და ბევრ მსოფლიო დონის ვარსკვლავს პირადად იცნობს. ის ახლახან შევჩენკოს დაბადების დღის წვეულებაზეც იმყოფებოდა, სადაც ფეხბურთელებს დაუმეგობრდა და ზოგიერთ მათგანთან ურთიერთობას დღემდე აგრძელებს...
ეკო ფანგანი: ფეხბურთი ბავშვობიდან მიყვარს. ბაბუაჩემი მაყურებინებდა ჩემპიონატებს და შესაბამისად, შემიყვარდა. ასეც გამოვიარე მთელი ცხოვრება ბავშვობიდან. ბევრი ჩემი მეგობარია ფეხბურთელი. ახლა თვითონ არ თამაშობენ, მაგრამ როდესაც ლეგიონერები იყვნენ, სულ ჩავდიოდი მათ თამაშებზე – ხან სად ვარ ნამყოფი, ხან სად. ჩემს ბავშვობაში ძალიან მოდაში იყო კალათბურთი და ამ სპორტსაც ვგულშემატკივრობდი. დავდიოდი სპორტის სასახლეში, ვერის ბაღში და ასე, ყველანაირად ვიყავი ჩართული. დილის ხუთ საათამდე ვუყურებ ნებისმიერ სპორტს, ბადროს ტყორცნასაც კი. არ მესმის მათი, სპორტი რომ არ აინტერესებთ. ძალიან ცუდია, ვისაც არ უყვარს, იმდენ რამეს კარგავს. გოგო კიდევ ჰო, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ იმ კაცს, ვისაც სპორტი არ აინტერესებს, კაცად ვერ აღვიქვამ. არასდროს არანაირ სპორტზე არ მივლია ბავშვობიდან და რაღაცნაირად ვნანობ. ყველას მიზანდასახული ვგონივარ, ამ დროს კი არ ვარ. უბრალოდ, ძალიან სპორტული ვარ.
– ფანი კი ხარ, მაგრამ ამავე დროს, ბევრ მსოფლიო დონის ფეხბურთელს იცნობ...
– ახლო შეხება მქონია მსოფლიო დონის ვარსკვლავ ფეხბურთელებთან, ჩემი მეგობრები პირველ ლიგაში თამაშობდნენ და თამაშების დროს ხშირად ვხვდებოდით ხოლმე. ადრე ევროპაში ძალიან ბევრი ფეხბურთელი მყავს ახლოს ნანახი, გაცნობილი. 2009 წელს საქართველოში იყო თამაში, იტალიის ნაკრები, მთელი ფედერაცია ჩამოდიოდა და ჩვენი ფედერაციიდან დამირეკეს, გამაფორმეს თავიანთ თანამშრომლად, ვითომ საერთაშორისო განყოფილების უფროსი ვიყავი. უნდოდათ, ოფიციალური პირი, ვინც იტალიის ნაკრებთან ერთად იქნებოდა. მათთან ერთად ვიყავი და გავიცანი ძალიან ცნობილი მწვრთნელი, მარჩელო ლიპი, რომლის დროსაც იტალია მსოფლიოს ჩემპიონი იყო. ვიცე-პრეზიდენტე – ასე მეძახდა ლიპი, ვიცე-პრეზიდენტი ვეგონე. მაშინ გავიცანი ბუფონი, კანავარო და სხვები. კურანიც ჩამოსული იყო. კურანთან ერთად, ჩემი მეგობრის დაბადების დღეზეც ვარ ნამყოფი. სპორტსმენები ყველაზე კარგი ხალხია, თუ რამეს აღწევენ, აბსოლუტურად, საკუთარი შრომის ფასად. ყველა სპორტსმენი ასეა. ახალგაზრდობის პერიოდშია პროფესიული სპორტი და პირადი ცხოვრება არ აქვთ ხოლმე. მე რომ მინახავს ფეხბურთელები, კალათბურთელები და ნებისმიერი – ასე არიან, არ აქვთ პირადი ცხოვრება. ისეთ რეჟიმში არიან: დღეში ორჯერ ვარჯიში, სპეციალური კვება. მათთან რომ ჩავდიოდით, ჩემი მეგობრები გასართობად რესტორანში წამოვიდოდნენ, მაგრამ თუ ქვეყანაში საფეხბურთო სეზონი იყო, ამის უფლება არ ჰქონდათ.
– შევჩენკოს დაბადების დღის შემდეგ თუ დაუმეგობრდი ფეხბურთელებს?
– შევჩენკოს დაბადების დღეზე კარგი იყო. ძალიან მაგარი რამ გაკეთდა. ზოგადად, ხომ დიდი თანხა შემოვიდა, საქველმოქმედო იყო და თან, მეამაყებოდა, ასეთი ვარსკვლავები რომ ჩამოვიდნენ ჩვენს დასახმარებლად. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენი ფედერაციისა და თუ პოლიტიკურ განცხადებაში არ ჩამეთვლება, კალაძის დამსახურებაა. ჩავწერე რამდენიმე ინტერვიუ შეპარვით, ნაცნობობა-მეგობრობით. გვიან დავურეკე ჩემს ოპერატორს, რომელიც ღამით მოვარდა. მარკო დელვეკიო იქ ხომ გავიცანი, მერე „ინსტაგრამზე” გამომიწერა, „დამილაიქა” ფოტოები. პირადში მიწერ-მოწერები იყო: როგორ ხარო, რაღაცებს მწერს. ისინიც ხომ ადამიანები არიან. იტალიელები საერთოდ ასეთი ტიპები არიან. მე ხომ იქ ვცხოვრობდი და ვსწავლობდი, ძალიან კარგად ვიცნობ მათ. მით უმეტეს, რომ ნახეს ვიწრო სამეგობრო წრე იყო, ჩვენიანიაო, ჩათვალეს. ძალიან კონტაქტურები არიან. ისიც ვიცი, როგორი გოგონები მოსწონთ – თვითონ როგორებიც არიან ეგეთები, კონტაქტურები, გაპრანჭულები და მხიარულები.
– როგორც ვიცი, თვითონაც აქტიურად ვარჯიშობ...
– დილით რომ დგებიან შვიდზე, სპორტულად იკვებებიან, ადრე იძინებენ – ასე არ ვცხოვრობ. კლუბებშიც დავდივარ, ექვს საათზეც ვიძინებ და ყველაფერსაც ვაკეთებ. თუმცა, მაინც, სხვებთან შედარებით, ჯანსაღად ვცხოვრობ. ვვარჯიშობ, ვცდილობ, სუფთა ჰაერზე გავატარო დრო, სიგარეტს არ ვეწევი. ზაფხულში არ ვვარჯიშობდი, ახლა ისევ დავიწყე ერთი კვირაა. მთელი აგვისტო-სექტემბერი არ მივარჯიშია. მარტო გადავდივარ ახალ ბინაში საცხოვრებლად და რემონტს ვაკეთებდი. მივხვდი, რომ ახლა უნდა გამეკეთებინა, თორემ მერე ვერ მოვასწრებდი. 5 დღე ვიყავი კვარიათში. დანარჩენი დრო გავატარე ჩემს აგარაკზე და იქიდან დავდიოდი თბილისში ელიავაზე, სამშენებლო მასალებზე. ისე მიხაროდა, ელიავაზე ყველგან მიკლებდნენ. გამომადგა ჩემი ცნობადობა, ძალიან კარგი ხალხია. სხვათა შორის, ვისწავლე მათთან მიდგომა.
– სპორტული ბიჭები მოგწონს. კიდევ როგორი უნდა იყოს ბიჭი, შენ რომ მოგეწონოს?
– სულ სხვადასხვანაირები მომწონებია ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. რაღაც ქარიზმა უნდა ჰქონდეს და ამ ქარიზმის გამო, არასწორი არჩევანიც გამიკეთებია და მერე მინანია. მაგრამ, დღეს უკვე ტიპაჟი შემიძლია დავახასიათო. სულელ კაცებს ვერ ვიტან. შეიძლება, არ ჰქონდეს კემბრიჯი დამთავრებული, მაგრამ სულელი არ უნდა იყოს. დარბაისელი ტიპი მომწონს. ცანცარა კაცებს ვერ ვიტან. ჩემს მეგობარ ბიჭებს რაღაცას რომ ვურჩევ, ვეუბნები: როცა გოგო მოგწონს, ვინც არ უნდა იყოს ის, თუ იქნები მაქსიმალურად ყურადღებიანი და თბილი, ანჯელინა ჯოლიც შეგიძლია, თბილისიდან მოინადირო-მეთქი. რაც მთავარია, ინტერესები უნდა გვქონდეს საერთო. ჯანმრთელი ტიპი უნდა იყოს, ჯანსაღი მენტალობითა და ფიზიკურადაც. მე ჯანმრთელად ვცხოვრობ და ჩემნაირი უნდა იყოს. ძლიერი კაცი დიდი პრობლემაა. გარედან ძლიერი ჩანს და მერე ელემენტარულ ურთიერთობაში ვერ ქაჩავს, უსუსურდება და მერე, ჩნდება იმედგაცრუება. არავინ იცის, ვინ არის ძლიერი ქალი ან კაცი, რაღაც კონკრეტულ სიტუაციამდე. ძალა არც იმაში ჩანს, რომ რეალიზებული ხარ; არც იმაში, რომ კუნთები გაქვს – რაღაც კონკრეტულ სიტუაციაში, ვინ როგორ მოიქცევა, იქ ჩანს სიძლიერე. როგორც ქალს არ უნდა სუსტი მამაკაცი, ასევე, არ მგონია, ძლიერ კაცს ძლიერი ქალის ეშინოდეს. თვითონაც კომფორტულად უნდა გრძნობდეს თავს, როცა ისეთ ადამიანთანაა, ვინც რაღაც სიტუაციაში, გვერდში დაუდგება და ყველანაირად იგრძნობს მის მხარდაჭერას.
– რთულია მამაკაცისთვის შენთან ურთიერთობა? რა მიგაჩნია შენს ყველაზე დადებით და უარყოფით თვისებად?
– ადვილი და მარტივი არ ვარ. რაღაც ეტაპზე, რთულია ჩემთან ურთიერთობა, მაგრამ, სამაგიეროდ, მე ყველაფრის გაგება და თუ გადავხარშე, მიღება შემიძლია. თან, ძალიან მაქსიმალისტი ვარ ურთიერთობაში. ვინმეს თუ რამე არ გამოუვა, ყველამ თავის თავს დააბრალოს. არ ვარ მარტივი და არც მარტივი ადამიანები მაინტერესებს – რომ შეხედავ და შუბლზე წაიკითხავ ყველაფერს, ასეთი ადამიანი ჩემი ინტერესის სფეროში არასდროს ყოფილა. არ ვიცი, დადებითი რა მაქვს, ალბათ ის, რომ ძალიან ოპტიმისტი ვარ. საკმაოდ რთული ცხოვრება მაქვს. გარედან არ მეტყობა, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაცის გადატანა მიწევს ხოლმე. ვყოფილვარ დავრდომილიც, დეპრესიულიც, მაგრამ ღირსეულად ვიცი ადგომა და ეს, ალბათ, ოპტიმიზმის ბრალია. ისე, ცოტა ზარმაცი ვარ და არ ვარ მიზანდასახული. მე რომ მიზანდასახული ვყოფილიყავი, ცხოვრებაში ისეთი შანსები მქონია, ბევრი რაღაცის მიღწევა შემეძლო, მაგრამ უფრო მსუბუქად ვუდგები ყველაფერს. თუ არის წარმატება, იყოს. არ არის და ნუ იქნება. ეს, ალბათ, ცუდია ჩემთვის, იმიტომ რომ, შეიძლებოდა, ახლა ბევრად კარგად ვყოფილიყავი, მაგრამ არ ვარ კარიერისტი. მე, უბრალოდ, ვაკეთებ იმას, რაც მომწონს და მიყვარს. ჩემი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა რაღაცები მომწონს და მიყვარს. თუ პირად ცხოვრებაში არ მაქვს რაღაც დალაგებული, ვერ ვმუშაობ. მაგრამ, ეს ადრე იყო: თუ პირად ცხოვრებაში პრობლემა იყო, შინაგანად არ მქონდა რაღაც მოწესრიგებული, სამსახურში საერთოდ ვერ წავიდოდი. აი, „იმედში“ ფეხს რომ შემოვდგამ, ყველაფერი მავიწყდება.