№43 როგორ მოუწყო სიძე-პატარძალს პირველი ღამე დამწვრობის ცენტრის პალატაში გუგა ქაშიბაძემ და რატომ სთხოვა მას ორსული პაციენტის ქმარმა ცოლის ასაკის დადგენა
ვისაც გუგა ქაშიბაძის შექმნილი ნახატები, ქანდაკებები და თოჯინები აქვს ნანახი, ძნელად თუ დაიჯერებს, რომ ის პროფესიონალი ექიმია. ბატონი გუგა ამავდროულად, მთამსვლელი, ერთგული მეგობარი, მზრუნველი შვილი, მეუღლე და მამაა. თუმცა, ამ ყველაფერს ის ერთმანეთს უთავსებს და მიაჩნია, რომ მთავარია, მონდომება და იმის სიყვარული, რასაც ხელს მოჰკიდებ.
გუგა ქაშიბაძე: საკმაოდ მოუსვენარი ბავშვი ვიყავი. ჩემი სამყარო მქონდა, სადაც ჩემივე გამოგონილი ამბები ხდებოდა ჩემ მიერვე გამოგონილი პერსონაჟებით. უცნაურია, მაგრამ მერჩივნა, საკუთარ თავთან განმარტოება, ვიდრე ეზოში, სხვა ბავშვებთან ერთად თამაში. პროფესიის ამორჩევა კი, ძალიან გამიჭირდა. მეათე კლასამდე არ მქონდა გადაწყვეტილი, სად ჩავაბარებდი. ხან მხატვრობისკენ გადავიხარე, ხან არქიტექტურისკენ, ფიზიკისკენ, მედიცინისკენ... და ბოლოს, გადაწვეტილება უცბად მივიღე – მივხვდი, ყველაზე მეტად ადამიანების დახმარება მინდოდა და სამედიცინოზე ჩავაბარე. არცერთ ეტაპზე ამ გადაწყვეტილების მიღება არ მინანია. ახლა ვერც კი წარმომიდგენია, სხვა პროფესიის ადამიანი, ვიყო.
– თუმცა, მიუხედავად დატვითული დღის რეჟიმისა, თქვენს პროფესიას, მშვენივრად უთავსებთ მხატვრობას, მთამსვლელობას, თოჯინებისა და პატარა ქანდაკებების შექმნას.
– ამ ჩამონათვალის გარდა, ხეზე მუშაობა, პარაპლანით ფრენა, თხილამურები და სნოუბორდიც მიყვარს. მოკლედ, ბევრი ჰობი მაქვს, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ. სხვათა შორის, წელს მესამე მცდელობა მქონდა, მყინვარწვერზე ასვლის. ადრე ამინდი არ მიწყობდა ხელს და როგორც იქნა, ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ესეც ავიხდინე. რაც შეეხება თოჯინებს, მისი შექმნა, ცოლის მოყვანის მერე დავიწყე. ძალიან უყვარს თოჯინები (იცინის). პირველი თოჯინა რომ გავაკეთე, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა მისი ერთი ფეხსაცმლის შეკერვას. მეორეს შეკერვა დამეზარა და ავდექი, თაბაშირში ჩავუსვი, ვითომ მოტეხილი აქვს (იცინის). სულ 9 თოჯინა გავაკეთე, გერმანელ კოლექციონერს მოეწონა, შეიძინა და ახლა მისი საკუთრებაა.
– ამ ზაფხულს, თქვენი ნახატების გამოფენა მოეწყო, სადაც მამათქვენის ნახატებიც იყო წარმოდგენილი. როგორც გავიგე, ეს გამოფენა მამას მიუძღვენით და ამით მისი ოცნება აახდინეთ. ასეა?
– ეს გამოფენა, ჩემი მხრიდან მამაჩემის საჩუქარი გახლდათ, 80 წელი შეუსრულდა. მამაც მოყვარული მხატვარია. დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა ისეთი, რაც დადებით ემოციას შესძენდა და დაამახსოვრდებოდა. ერთხელ, საუბარში წამოცდა, კარგი იქნებოდა, ერთობლივი გამოფენა მოგვეწყოო. ასეთი ბედნიერი, როგორიც გამოფენის დროს იყო, მამა არ მინახავს. ვფიქრობ, ეს სჯობდა ბანალური დაბადების დღის გადახდას, სუფრას და სადღეგრძელოებს. ბედნიერი ვარ, რომ, როგორც მამას, ისევე, ჩემს თავს, ასეთი საჩუქარი გავუკეთე.
– რადგან სუფრა და სადღეგრძელოები ახსენეთ, უნდა გკითხოთ: როგორი თამადა ხართ და პაციენტები თუ გეპატიჟებიან ხშირად სათამადოდ?
– რომ ამბობენ, სუფრაზე ორი ვაგონი ღვინო მაქვს დალეულიო, მე ვამბობ, მე ოცი ვაგონი ღვინო მაქვს მოპარული-მეთქი (იცინის). არ მიყვარს დიდ
სუფრებზე ქეიფი, ცოტას ვსვამ, 4-5 ჭიქაა ჩემი მაქსიმუმი. ასე რომ, თამადობა არ მიყვარს, მოადგილეობა მირჩევნია (იცინის). რაც შეეხება პაციენტებს, ხშირად მეპატიჟებიან სუფრაზე. პაციენტიც მომინათლავს და მისი დედმამიშვილიც, მეგობრობაზე რომ არაფერი ვთქვა. მთაში ვისთან ერთადაც დავდივარ, ჩემი მეწყვილე, როსტომი, ჩემი პაციენტი იყო.
– როცა ექიმის პროფესიას ირჩევდით, ალბათ, აზრადაც არ მოგივიდოდათ, ამდენ უცნაურ ადამიანთან რომ გექნებოდათ საქმე. თქვენს სოციალურ ქსელში დაწერილ სტატუსებს რომ ვკითხულობ, ასე მგონია, მხოლოდ თქვენ გხვდებათ უცნაური და სასაცილო პაციენტები...
– ექიმის პროფესია და განსაკუთრებით ის სფერო, რომელშიც მე ვმოღვაწეობ, ყოველდღიურ სტრესთანაა დაკავშირებული – გაუბედურებული ადამიანები, მძიმე ტრავმები, დამწვრობა... ძალაუნებურად, ვცდილობ, გავიმრავალფეროვნო ეს ყოველდღიური რუტინა, სხვა კუთხით შევხედო და იუმორი გავურიო ამ ყველაფერში. ეს, მეც მშველის მუშაობაში და პაციენტსაც – გამოჯანმრთელებაში. ამიტომ, გამახვილებული მაქვს ყური, რამე კურიოზული დავიჭირო პაციენტისგან და ისიც ხასიათზე მოვიყვანო. ამას წინათ, თითი ჰქონდა ორსულ გოგონას დამწვარი და მეუღლემ მოიყვანა. ვკითხე, რამდენი კვირისაა თქვენი მეუღლე-მეთქი... ბიჭი დაიბნა, პასუხი ვერ გამცა... გაიწელა პაუზა. ვიფიქრე, კითხვა ვერ გაიგო-მეთქი და გავუმეორე: რამდენი კვირისაა? დაიწყო რაღაცის დათვლა თითებზე და ბოლოს მითხრა: ექიმო, 28 წლისაა და რამდენი კვირის გამოდის, თქვენ გამოთვალეთო (იცინის). ერთხელ კი, წინასაახალწლო მორიგეობა მიწევდა. მოიყვანეს მამაკაცი, რომელსაც შარვლის ორივე ჯიბე გამომწვარი ჰქონდა და ორივე გვერდი – დამწვარი. ვიკითხე, რა მოხდა-მეთქი და თანამეინახეებმა, ვინც ის მოიყვანა, მიპასუხეს: თამადა იყო, ასაფეთქებლები ჩავუწყვეთ ჯიბეებში და სანამ არ შემოეწვა ნახევარი „კოსტუმი“, ყანწი ვერ მოვგლიჯეთ ტუჩიდანო. დამაინტერესა, ნეტა, რა მნიშვნელოვანი სადღეგრძელო იყო ისეთი, რომ კაცი იწვოდა და ყანწი არ გააგდო ხელიდან-მეთქი (იცინის).
– ესე იგი, პირდაპირ სუფრიდან, ყანწით ხელშიც ხვდებიან თქვენთან პაციენტები?
– ფაქტია (იცინის). ერთხელ, გაიღო კაბინეტის კარი და სადედოფლო, თეთრ კაბაში გამოწყობილი პატარძალი შემოიყვანა სიძე-კაცმა. ზურგი ჰქონდა დამწვარი. ქორწილში, საცეკვაო მოედანზე მოუსხამთ სპირტი, მოუკიდებიათ ცეცხლი და მის შუაგულში უნდა ეცეკვა სიძე-პატარძალს. პატარძალს ფეხი აუსრიალდა და ანთებულ სპირტში ჩავარდა. ასე რომ, მარტო სუფრიდან კი არა, საკუთარი ქორწილიდანაც კი მყავდა პატარძალი კლინიკაში. თან, პაციენტს სამოცი კაცი მოჰყვა – მამამთილი, დედამთილი, სიდედრ-სიმამრი და მთელი მაყრიონი. ასე გაგრძელდა ქორწილი დამწვრობის ცენტრში (იცინის).
– გამოდის რომ, პირველი ღამე თქვენთან გაატარა?
– პირველი ღამე ჩემთან არ გაატარა (იცინის), მაგრამ შევედი მდგომარეობაში და ცალკე პალატა გამოვუყავი კლინიკაში სიძე-პატარძალს, თუ ჰქონდათ რამის თავი (იცინის). თუმცა, მყავდა პაციენტი, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ხარაგაულის რაიონიდან ჩამოიყვანეს 9 წლის ბიჭუნა, რომელსაც ორივე ხელის ამპუტაცია დასჭირდა. მაღალი ძაბვის ბოძზე აძვრა, დენმა დაარტყა და დიდხანს იყო მიწებებული სადენს. ქვევიდან დედა, ბიძა და დედმამიშვილი უყურებდნენ, ვერ ეკარებოდნენ. მოკლედ, ეს ბავშვი ქუთაისის კლინიკიდან გადმოიყვანეს ჩემთან და 14 ოპერაცია დასჭირდა. ღმერთის წყალობით, გადარჩა. დღეს, ძალიან ხალისიანია და სკოლაშიც დადის. ეს ის შემთხვევაა, როცა სასწაულის უნდა გვჯეროდეს. თუმცა, როცა დადგა დრო, დედისთვის მეთქვა, თქვენს შვილს ორივე ხელის ამპუტაცია უნდა გავუკეთოთ-მეთქი, ძალიან გამიჭირდა, ძლივს გავბედე. არ დამავიწყდება, მისი რეაქცია, მითხრა: მთავარია, ჩემი შვილი გადარჩეს, მისი ხელები კი, მისი ექვსი დედმამიშვილი იქნებაო. დღეს 14 წლისაა ის ბიჭუნა და მასთან, დღესაც მაქვს კავშირი. ვფიქრობ, ბავშვის სიცოცხლედ ღირდა ის პროფესია, რომელიც ავირჩიე. დანაშაულზეც კი წავსულვარ, როცა ეს პაციენტის ჯანრთელობას სჭირდებოდა. სხვათა შორის, საკუთარი ბებია მოხვდა დამწვრობით კლინიკაში, საკმაოდ რთული მდგომარეობით. ელექტროქურიდან ხალათზე მოეკიდა ცეცხლი. მაგრამ, მის მკურნალობაზე უარი ვთქვი და კოლეგას გადავაბარე. ასე მაგარიც არ ვარ, საკუთარ ოჯახის წევრს ვუმკურნალო (იცინის). თუმცა, ვიცი შემთხვევა, როცა დედამ დაჭრილ შვილს ნარკოზი გაუკეთა და მამამ ოპერაცია ჩაუტარა. მე, ამას ვერც ცივი და ვერც თბილი გონებით, ვერ გავაკეთებ. ორი კვირის წინ, რაიონიდან დამირეკა პაციენტმა, ნაკვერჩხალზე ჰქონდა დამწვრობა მიღებული. ვთხოვე, ფოტო გამომიგზავნე-მეთქი. გავიხედე და ტელეფონზე, „ვაიბერში,“ გადმომიგზავნა პირადობის მოწმობის ფოტო (იცინის). თან, 2 ფოტო მოვიდა, პირადობა ორივე მხრიდან დაღაღებული. მე დამწვარი უბანი კი ვიგულისხმე, მაგრამ არ ვთქვი, ვიფიქრე, მიხვდებოდა. ალბათ, იმასაც გაუკვრიდა, ნეტა, რაში სჭირდება ექიმს ჩემი მოწმობა, გაღიმებული ფოტოთი და პირადი ნომრითო? (იცინის).
– სულ პირველი მორიგეობა თუ გახსოვთ და პირველი დამწვარი პაციენტი?
– მაგას რა დამავიწყებს (იცინის). ახალი დაწყებული მაქვს მუშაობა და შემოიყვანეს ახალგაზრდა კაცი, რომელსაც გაზი აუფეთქდა. რომ შევხედე სახეზე, შერლოკ ჰოლმსის „ყვითელი ნიღაბი“ გამახსენდა, ზუსტად ისეთი სახე ჰქონდა. ვუყურებ სახეზე, ყვითელი ფერი ადევს. ვერ ვხვდები, როგორი დამწვრობაა – რა გავაკეთო, დავიძაბე. დავიწყე დამწვარი სახის დამუშავება და... უცბათ, არ ჩამოძვრა სახე? თურმე, სამი საათის განმავლობაში, დამწვარ სახეზე კვერცხის გულს ადებდნენ და ეს ნიღაბი რომ მოძვრა და ვარდისფერი კანი დავინახე, წარმოიდგინეთ ჩემი, როგორც გამოუცდელი ექიმის გაოცება (იცინის).