№43 რა სასწაულმოქმედ ნიჭს ფლობს თემურ გუგეშაშვილი
ეს გახლავთ ამბავი „მხატვრების სახლზე“, ადამიანებზე, რომლებმაც უარი თქვეს თბილისში ცხოვრებაზე და შუაგულ რაჭაში შექმნეს პატარა, მშვენიერი სამყარო. ეს ნამდვილი ხელოვნების მუზეუმია, ორი ადამიანის მიერ შექმნილი. აქ ნახავთ უნიკალურ კოლექციას, რაჭის მიდამოებში ნაპოვნს: 40 მილიონი წლის წინათ გაქვავებულ ფოთლებს, ხოჭოებს, უცნაურ მინერალებს, უძველეს საყოფაცხოვრებო ნივთებს; სახლის ბინადართა მიერ საკუთარი ხელით შექმნილ ავეჯს, რომელთაგან ერთ-ერთი გახლავთ საკარცხული (ხის სავარძელი). პირველი, რასაც ამ სახლში შესული იგრძნობთ, ისაა, რომ ის ხელოვნებით სუნთქავს. აქ ყველაფერი ხელნაკეთია და თვალნათლივ ჩანს მის მობინადრეთა ნიჭი და თავდაუზოგავი შრომა. სახლი ხალხმრავალია. ზამთარ-ზაფხულ ევროპიდან და მსოფლიოს სხვა კუთხეებიდან ჩამოდიან დამსვენებლები. ეს ოჯახი მთელი მსოფლიოდან იზიდავს ტურისტებს და ცდილობს, დაანახვოს ადამიანებს, რომ ყველგან შესაძლებელია შექმნა ის, რაზეც ოცნებობ – რომ შეუძლებელი, არაფერია. ამ ყველაფერს მისტიკურობას სძენს სახლის მეპატრონის ნიჭი, რომელსაც შეუძლია, საკუთარი სხეული დატოვოს, და ასტრალში გადაინაცვლოს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას აქვს უნარი, იგივე შეაგრძნობინოს სხვა ადამიანებსაც. ამ საოცარ სახლში გავიცანი უცხოელი დამსვენებლები, რომელთა ნაწილს სჯერა ბატონი თემურის ამ უცნაური და მისტიკური ნიჭისა. პირადად შევხვდი პოლონელ ბალერინას, რომელიც ერთი თვის განმავლობაში, უკვე მეორედ ჩამოვიდა რაჭაში – ამჯერად, როგორც ბატონი თემურის პაციენტი ტრავმირებული ფეხის სამკურნალოდ. როგორც ჰყვებიან, არაერთი კრიმინალური საქმე გახსნილა მისი დახმარებით და არაერთი ადამიანი განუკურნავს. ამ ოჯახზე ბევრჯერ დაწერილა, მაგრამ საინტერესოა, რატომ მიიღეს გადაწყვეტილება, თბილისიდან რაჭაში გადასულიყვნენ საცხოვრებლად და რა შეიცვალა ამ გადაწყვეტილების შემდეგ მათ ცხოვრებაში. გთავაზობთ ინტერვიუს თემურ გუგეშაშვილთან.
– ბატონო თემურ, გვიამბეთ თქვენი შესაძლებლობის შესახებ? როგორ აღმოაჩინეთ თქვენი უნარი და რით განსხვავდება ის ჰიპნოზისგან?
– უპირველესად, იმით განსხვავდება, რომ ჰიპნოზის დროს სხვა გმართავს და ამ შემთხვევაში, სეანსის მონაწილეს შეუძლია, სურვილისამებრ, იმოქმედოს: შედის საკუთარ ქვეცნობიერში, შეუძლია საკუთარი ორგანოების დანახვა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, თუკი რამე აწუხებს... ყველაფერი დაიწყო 9 აპრილს, როცა ჩხუბის დროს მოვკვდი და გავცოცხლდი. დამესიზმრა ასეთი რამ: შევედი გვირაბში და აღმოვჩნდი მინდორში, სადაც დამხვდა მოხუცი და ხელი მკრა – ჯერ შენი დრო არ არისო და უკან გამომაგდო. მსგავსი სიზმრები გაგრძელდა, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. კომუნისტების დრო იყო, ათეისტურად ვიყავი გაზრდილი, არც ღმერთის მწამდა და არც ეშმაკის. მერე დედაჩემმა შეამჩნია, კამათის დროს ხელს რომ ავუქნევდი, უნებურად იხრებოდა და სუსტდებოდა. მოგვიანებით, შევიტყვე, თურმე ჩემი ბებიაც ფლობდა მაგიურ ძალას... იგივე მოხდა ჩემს მოსწავლეებთანაც: როცა ვუბრაზდებოდი და ხელს ავიქნევდი, რაღაცნაირად დუნდებოდნენ. მერე წელის ტკივილების გამო მივედი ექიმთან და რაღაც აპარატზე შემაერთეს, რომელიც მწყობრიდან გამოვიდა. როგორც ექიმმა მითხრა, ეს ჩემი ენერგიის გამო მოხდა. ჩემი მოგვარე აღმოჩნდა ეს ექიმი, ყავა მომიტანა და მეუბნება, გინდა თუ არა, მიმკითხავეო. ვეუბნები, მსგავსი არაფერი შემიძლია, შემეშვი და თუ გინდა ანგელოზებს გაჩვენებ-მეთქი. ეს სიტყვები ჩემდაუნებურად წარმოვთქვი და კიდევ რამდენჯერმე გავიმეორე. თან, თვითონვე მიკვირდა საკუთარი ნათქვამის. ექიმიც დაინტრიგდა – აბა, მაჩვენეო. დავაწვინე და ხელები ჩავჭიდე: აბა, რას მიყურებ, დახუჭე თვალები-მეთქი. დახუჭა თვალები და წავიდა... დატოვა სხეული, 20 წუთი უგონოდ იყო, დაბრუნდა ღიმილიანი. მე მაგრად შემეშინდა, ვერ მივხვდი, რა დაემართა. ის კი ამ დროს მიყვება ზუსტად იმავე სიზმარს, რაც მე დამესიზმრა სიკვდილის დროს. დავინტერესდი და დავიწყე მასზე ექსპერიმენტების ჩატარება. ერთ-ერთი სეანსის დროს იმ მოხუცის ხმით დამელაპარაკა, რომელმაც მე უკან, ამ სამყაროში დამაბრუნა: „რატომ თამაშობ? რატომ მაწუხებ?“ – მივხვდი, რომ ეს ძალა ჩემთვის გასართობად არ მოუნიჭებიათ. მე უნდა დავეხმარო ადამიანებს, განვკურნო ისინი. ამასთანავე, დავაჯერო ზებუნებრივი ძალების არსებობაში.
– შეძელით ეს? როგორ ფიქრობთ, შეასრულეთ ეს მისია?
– ფაქტია, ამდენი წლის განმავლობაში, სულ დამთხვევა ვერ იქნება. ერთხელ, დაბადების დღეზე მივედი ერთ ოჯახში დაგვიანებით. სუფრიდან ერთი ქალბატონი წამოხტა და მეუბნება: შენ დამესიზმრე და უნდა მომარჩინოო. თან, მიმათრევს ოთახისკენ. უხერხულ მდგომარეობში ჩავვარდი: რა უნდა მოგარჩინო, დამანებე თავი-მეთქი (იცინის). ამდენი ადამიანის წინაშე... სუფრაა, ქეიფობენ, მე კი უცხო ქალი მექაჩება საძინებლისკენ. გაგიჟდა, გადაირია ეს ქალი, გინდა თუ არა, წამოდიო. მერე მოვიდნენ მასპინძლები, მთხოვეს, გაჰყევიო. თურმე ფიბრომა ჰქონდა საშვილოსნოზე და ოპერაციის გაკეთების საშუალება არ ჰქონდა. რაკი დავესიზმრე, ძალიან სჯეროდა, რომ მოვარჩენდი. აიღო ჩემი ხელი, მუცელზე დაიდო და ეგრევე გაითიშა. შემდეგ წავიდა ექიმთან და გაგიჟდნენ – კვერცხისხელა ფიბრომა რამ გააქრო ორ დღეში, ვერ გაიგეს. მსგავსი რამ მოხდა ჩემი მეუღლის შემთხვევაშიც. კუჭის წყლული ჰქონდა, შემდეგ გავუშვი ექოსკოპიაზე ერთ კვირაში და აღარაფერი გამოჩნდა. შეადარა იმ ექიმმა ძველი და ახალი ანალიზები ერთმანეთს და ვერაფერს მიხვდა. არც ვუთხარი, რა თქმა უნდა.
– თქვენი ნიჭის გამო თუ შეგქმნიათ პრობლემები?
– ადრე, როცა სოლოლაკში ვცხოვრობდით, რიგი იდგა ჩემს სახლთან. ვეხმარებოდი ადამიანებს, არაერთი კრიმინალური საქმის გახსნაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ვმუშაობდი ყაჩაღობებზე, გატაცებებზე... ამის გამო გამიჩნდნენ მტრები. შეიძლება, ითქვას, დევნილებივით ვიყავით – შევიცვალეთ სახლი, არ ვეწერებოდი არსად, რომ არ მოეგნოთ. ახლაც აქ, რაჭაში, სამღვდელოება ეწინააღმდეგება ჩემს შესაძლებლობებს და შავ მაგიად მიიჩნევენ, ამას ვითვალისწინებ და ვერიდები...
შევარდნაძის დროს იყო საკმაოდ ბევრი გაუხსნელი საქმე. ხშირად ღამე მირეკავდნენ, მიგზავნიდნენ მანქანას და მივყავდი. ერთხელ ექსტრასენსი მოვიდა, რომელსაც კონკურენტად მივაჩნდი, მაგრამ, ამის მიუხედავად, გამაფრთხილა, შევშვებოდი კონკრეტული საქმის გამოძიებას, რადგან ძალიან ცუდი ხალხი მეძებდა. ერთ ქალს ხელები დაუწვეს, ჩემი მისამართი რომ ეთქვა. ვერ ეტყოდა, რადგან მართლა არ იცოდა ჩემი ადგილმდებარეობა, ვფრთხილობდი.
– ცნობილი ადამიანების ოჯახებთან გქონიათ საქმე? თუ დახმარებიხართ ვინმეს, ჩვენთვის ცნობილს?
(იცინის) ძალიან ბევრი შემთხვევა მქონდა, უბრალოდ ყველაფერს ვერ გეტყვით. იმის მიუხედავად, რომ ძველი საქმეებია, მაინც ვერიდები, კონკრეტულად რამე ვთქვა. იმდენი „შავი ხალხი” გავამწარე, არ მინდა, თავი შევახსენო. ერთს მოგიყვბით. მაშინდელ პოლიციის უფროსს მანქანა მოჰპარეს. დავეხმარე, მისი ცოლი გამომყვა ასტრალში. ვუთხარი სახელი, გვარი და სადაც იდგა მისი ავტომობილი. წავიდა და ნახა ცხინვალში. მართალია, გვარი ზუსტად არ დაემთხვა, მაგრამ მიახლოებული იყო. მოძებნა ეს კაცი და არაფრით არ აღიარებდა დანაშაულს, მე არ ჩამიდენიაო. ბოლოს, ხელჩართული ჩხუბში რომ გადაიზარდა საქმე, უთხრა სახელი კი სწორია, მაგრამ გვარი აგერიაო და ჩააბარა დამნაშავე. ახლა ამას იმიტომ გიყვებით, რომ ის კაცი ცოცხალი აღარაა.
ღამეებს ვათენებდი. ზოგჯერ თვეობით ვიძიებდი საქმეებს. ნახევარი წელიც კი გაგრძელდა ერთი. დედა მოვიდა, შვილი მომპარეს სამშობიაროდან, დამეხმარე, თორემ დავწერ: თემური არ დამეხმარა და თავს ვიკლავო (იცინის). ნერვიულობდა, 2 გოგო ჰყავდა და რომელიც მოჰპარეს ბიჭი იყო. გაიზარდნენ უკვე ჩემი შვილები და რომ შეხვდნენ ერთმანეთს, ჩემი გოგოებიდან რომელიმე შეუყვარდეს, ჰო, დავიღუპეო. როგორც ვიცით, სისხლი თავისებურად იზიდავს ერთმანეთს. დებიდან ერთ-ერთი დავიხმარე და ამ გზით მივაგენით – სახელი დაემთხვა გვარი მიმსგავსებული იყო. ვიწვალეთ, მაგრამ ბოლოს საქმე კარგი შედეგით დამთავრდა.