№43 სიცოცხლე ფსონად
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹40-42(877)
ადვოკატმა საბრალდებო დასკვნისა და საქმის ძიების მასალების ქსეროასლებზე მიუთითა ხვისტანს, რომელიც მისი იყო და დამცინავად უთხრა:
– ალბათ, ისეთივე დამაჯერებელი, როგორიც ეს დასკვნა და ის მასალებია, ხომ?
– თუნდაც, – ამაყად თქვა თავდაჯერებულმა ხვისტანმა.
– კეთილი, ბატონო ერდო, კეთილი, მაგრამ გპირდებით, რომ ამ საქმეს ქვიშის სახლივით დაგიშლით.
– თქვენ, თუ არ ვცდები, ადრეც მპირდებოდით, რომ სიცრუეში მამხელდით, – სარკაზმით უპასუხა გამომძიებელმა ადვოკატს.
– გამხლეთ კიდეც. მშვიდად ბრძანდებოდეთ.
– მე მშვიდად ვარ, თქვენგან განსხვავებით, – გაეცინა ხვისტანს.
– სულ მალე დაგირღვევთ მაგ სიმშვიდეს. ახლა კი, დროებით, – თქვა ვაჟა ბერიძემ, მკვლელობის საქმის ქსეროასლები აიღო და დასაკითხი ოთახიდან გავიდა.
***
სამოც წელს გადაცილებული ვაჟა ბერიძე წარსულში ცნობილი გამომძიებელი გახლდათ და არაერთი ჩახლართული დანაშაული ჰქონდა გახსნილი. ხელისუფლება რომ შეიცვალა, ახალმა მთავრობამ ძველ კადრებს სამსახური დაატოვებინა და კურსი ახალ თაობაზე აიღო. ბერიძე პროკურატურიდან გაუშვეს და ულუკმაპუროდ რომ არ დარჩენილიყო, ადვოკატობას მოჰკიდა ხელი. ბერიძე განსაკუთრებულ ანტიპათიას გრძნობდა ახალი თაობის გამომძიებელთა მიმართ და შანსს არ უშვებდა ხელიდან, რომ მათი პროფესიული უვიცობა დაემტკიცებინა. ერდო ხვისტანიც სწორედ ამ ახალმა ტალღამ მოიყვანა პროკურატურაში და ბერიძე დიდი მონდომებით შეუდგა მის მიერ გამოძიებული საქმის დაშლას.
მიუხედავად იმისა, რომ საქმეში მთავარი სამხილი „გლოკის“ სისტემის პისტოლეტი ფიგურირებდა, ბერიძეს არაერთი სერიოზული კითხვა ჰქონდა გამომძიებლის მიმართ. ჯერჯერობით დადგენილი არ იყო, თუ სად, ვისთან დაირეკა კოტე ჩხეიძის მობილური ტელეფონიდან, ბაბაიშვილის მკვლელობიდან, დაახლოებით ათი წუთის შემდეგ. იცოდნენ მხოლოდ ის, რომ ზარი რუსეთში განხორციელდა, ხოლო რომელ ქალაქში და ვისთან? – უცნობი იყო. მნიშვნელოვანი გახლდათ აგრეთვე, მკვლელობის ეპიზოდიც, რომელიც სრული ბურუსით იყო მოცული და ერდო ხვისტანს ის საერთოდ არ ჰქონდა გამოძიებული. საქმე კი ისაა, რომ „პიავკა“ ყოველთვის მრავალრიცხოვანი დაცვით გადაადგილდებოდა და გარდა იმისა, რომ მის მანქანაში მძღოლის გვერდით, ყოველთვის მისი დაცვის უფროსი, სოსო კელენჯერიძე იჯდა, უკანა სალონში კიდევ ერთი პირადი მცველი იმყოფებოდა, მთავარ მანქანას, ათი პირადი მცველით სავსე ორი მანქანა აცილებდა ხოლმე. მკვლელობის ღამეს კი, ბაბაიშვილი მხოლოდ პირადი მძღოლის ამარა დარჩა. საინტერესო იყო ისიც, თუ რატომ გაემგზავრა „პიავკა“ ფეშენებელური პენტჰაუზის ბინაში და არა თავის სასახლეში. არც ის იყო დადგენილი, თუ რატომ არ გაიღო პენტჰაუზის ეზოს კარი დისტანციური მართვის პულტით, რამაც პირადი მძღოლი აიძულა, მანქანიდან გადასულიყო და „პიავკა“ მარტოდმარტო, დაუცველი დარჩენილიყო, რითაც კარგად ისარგებლა მკვლელმა. ბერიძემ რომ ეს ფაქტები გააანალიზა, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ალბერტ ბაბაიშვილის მკვლელობა არა სპონტანურად, ემოციურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული გახლდათ, როგორც ამას ერდო ხვისტანი წარმოაჩენდა თავის საბრალდებო დასკვნაში, არამედ კარგად დაგეგმილი და შესრულებული მკვლელობა. აშკარა იყო, რომ მკვლელს სრული ინფორმაცია ჰქონდა „პიავკას“ მარშრუტის თაობაზე. ისიც ცხადზე ცხადი იყო, რომ საკმაოდ მთვრალი კოტე ჩხეიძე ასეთ ზუსტ და თანმიმდევრულ მანიპულაციებს ვერ შეასრულებდა. ჯერ ერთი, რომ მას სიმთვრალე შეუშლიდა ამაში ხელს და ვერც დროში ჩაეტეოდა. ამიტომ, წარსულში ცნობილმა გამოძიებელმა მოქმედების გეგმა შეადგინა და თანმიმდევრულად შეუდგა თავისი კლიენტის გასამართლებელი გზის ძიებას.
***
ვაჟა ბერიძე, უპირველესად, „პიავკას“ მკვლელობის ადგილზე მივიდა და იმ დარაჯს ესაუბრა, რომელიც მკვლელობის ღამეს მორიგეობდა. ყოფილმა გამომძიებელმა მას მოკლულის ახლო ნათესავად წარუდგინა თავი და სთხოვა, ყველაფერი დაწვრილებით მოეყოლა, თან ძვირფასი ვისკი აჩუქა, ზედ ასდოლარიანი მიაკრა და უთხრა:
– მოკლულის სულის მოსახსენიებელი დალიეო.
ძვირფასი საჩუქრითა და ფულით აღფრთოვანებულმა დარაჯმა ადვოკატს უთხრა:
– უკვე თენდებოდა და სიმართლე გითხრათ, ჩამთვლიმა. ფანჯარაზე კაკუნმა გამომაღვიძა. თვალი რომ გავახილე, მოკლული ბატონის მძღოლი დავინახე, რომელიც დისტანციურ პულტს მანახვებდა და მანიშნებდა, კარს ვერ ვაღებო. ბავშვები მაიმუნობენ ხოლმე. კარში რკინებს ჭედავენ, რომ არ გაიღოს და ამაზე ხალისობენ. ვანიშნე, გამოვალ-მეთქი და რომ გამოვედი, კარში მართლაც არმატურა იყო გაჭედილი. ავიღე და მოვისროლე ქუჩაში. ამ დროს მძღოლი მანქანისკენ შეტრიალდა. შემდეგ მიირბინა და ყვირილი ატეხა: მოკლეს, მოკლესო. მე პოლიციას გამოვუძახე და სულ ეგ იყო. მერე პოლიცია მოვიდა და აქაურობა ფორმიანებით გაივსო.
– დაგკითხეს?
– დიახ, მაგრამ ზეპირად, არაფერი დამიწერია.
– არმატურის ნაჭერი არავის მოუკითხავს? პოლიციას ვგულისხმობ.
– არა.
– მოკლულის მანქანა სად იდგა?
– აი, იქ, იმ ხესთან, – დარაჯმა ხელი გაიშვირა ჭადრის ხისკენ და მოგვიანებით, ვაჟა ბერიძემ რომ მანძილი გაზომა, 25 მეტრი აღმოჩნდა კარისგან დაშორება.
– ვიდეოკამერა იმ ადგილს არ აფიქსირებს?
– არა, ბატონო. პოლიციასაც აინტერესებდა ეს და შეამოწმეს კიდეც.
თქვენ არც გასროლის ხმა გაგიგონიათ და არც საეჭვო შეგინიშნავთ რამე?
– არა.
– მოკლულს თუ იცნობდით?
– არა. საიდან, – გაეცინა დარაჯს, – როგორც ამბობენ, მილიონერი ყოფილა და მდიდრებს არ ვიცნობ.
– პირად ნაცნობობას არ ვგულისხმობ. უბრალოდ, მაინტერესებს, ხშირად მოდიოდა აქ მოკლული?
– ეს სახლი ორი თვის აშენებულია. თავიდანვე აქ ვმუშაობ და ეგ ცხონებული თქვენი ნათესავი ერთხელ ვნახე აქ. პირველად რომ გაიხსნა, მაშინ, მაგრამ იმდენი მცველი ეხვია გარს, რომ ვერ დაითვლიდით.
– ეჰ, – ხელი ჩაიქნია ბერიძემ, – კარგი იყო, არ მომხდარიყო, მაგრამ ბედისწერას ვერსად გაექცევი. აბა, კარგად იყავით. დიდი მადლობა.
ბერიძე რომ პენტჰაუზიდან წამოვიდა, აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ კარში გაჩხერილი არმატურა საგანგებოდ მოწყობილი ხაფანგი გახლდათ და გულში ერდო ხვისტანს ლანძღავდა პროფესიული უვიცობისთვის. დარაჯთან საუბარი მას მობილურზე ჰქონდა ჩაწერილი და სასამართლოში გამოყენებას აპირებდა.
ძველი კავშირების წყალობით, საზრიანმა ყოფილმა გამომძიებელმა გაიგო, რომ უამრავ საყვარელს შორის, „პიავკას“ ერთ-ერთი საყვარელი შორენა კელენჯერიძე გახლდათ. 22 წლის შორენა „გრალბაში“ მუშაობდა ადმინისტრატორად და ბაბაიშვილის დაცვის უფროსის, სოსო კელენჯერიძის ღვიძლი ძმისშვილი იყო. ბერიძემ იერიშის მიტანა გადაწყვიტა შორენაზე. მანამდე კი ივარაუდა, რომ ყოველგვარი დაცვის გარეშე, სწორედ იმიტომ მივიდა „პიავკა“ პენტჰაუზში, რომ თავის დაცვას ის შორენასთან ინტიმურ ურთიერთობაში არ „დაეწვა“. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდი იყო და ბერიძეს ამის დამადასტურებელი არანაირი ფაქტი არ გააჩნდა. ასეთი ფაქტის მოპოვება კი, თითქმის შეუძლებელი იყო. ამიტომ, ვაჟამ ბლეფზე წასვლა გადაწყვიტა და შორენას მის სადარბაზოსთან დაუდარაჯდა. როცა „გრალბას“ ტანწერწეტა ადმინისტრატორი თავის „მალალიტრაჟკაში“ აპირებდა ჩაჯდომას, ვაჟა მას მიუახლოვდა და ღიმილით უთხრა:
– ასეთ მშვენიერ გოგონას, ასეთი უსახური მანქანა არ შეშვენის.
შორენამ ალმაცერად შეხედა უცნობ მეხოტბეს და უკვე მანქანაში ჯდებოდა, როცა მას ვაჟამ უთხრა:
– შორენა, შენთან საქმე მაქვს.
– ვინ ბრძანდებით? – შეცბა გოგონა.
– თქვენი მეგობრის მეგობარი ვარ და ათიოდე წუთს თუ დამითმობთ, ყველაფერს აგიხსნით.
– ვინ ჩემი მეგობრის?
– აქ სალაპარაკო ადგილი არაა. აქვე, მანქანა მიყენია და იქ ვილაპარაკოთ.
გოგონამ აქეთ-იქით გაიხედა. შემდეგ ბერიძეს დააკვირდა და უთხრა:
– კარგი. წავედით. საინტერესოა, რა საქმე გაქვთ ჩემთან.
შორენა და ვაჟა ბერიძე, ადვოკატის ავტომობილში ჩასხდნენ. ვაჟა საჭესთან, შორენა კი – უკანა სავარძელზე. გოგონამ უკითხავად გააბოლა და ბერიძეს უთხრა:
– გისმენთ.
ვაჟა ბერიძე ჯერ კიდევ ქუჩიდან იღებდა მობილურზე შორენასთან საუბარს. მან საყელო გაისწორა და გოგონას უთხრა:
– ჩემი ცხონებული მეგობრისგან, შენზე ბევრი ქება მსმენია, ჩემო კარგო.
– ვინ ცხონებული მეგობრისგან? – ჰკითხა ბერიძეს შორენამ.
– „პიავკასგან“, შორენა, ნუთუ ვერ ხვდები?
„პიავკას“ სახელის ხსენებაზე გოგონა შეცბა, მაგრამ არ შეიმჩნია და ბერიძეს უთხრა:
– ჩემგან რა გნებავთ?
– სიმართლე და მხოლოდ სიმართლე, ჩემო კარგო. ჩვენ, ცხონებული ალბერტის ახლო მეგობრები, შეძრწუნებულები ვართ ჩვენი „პიავკას“ მკვლელობით და პროკურატურისგან განსხვავებით, ნამდვილ მკვლელს ვეძებთ. თქვენთან კი იმიტომ მოვედი, რომ ამ საქმეში დაგვეხმაროთ.
– რომელი გამომძიებელი მე მნახეთ და რაში უნდა დაგეხმაროთ? თანაც, მკვლელი ხომ დაიჭირეს უკვე?
– რის მკვლელი, ჩემო გოგონა, გჯერა, რასაც პროკურატურა ჩმახავს?
– მაინც, რა გნებავთ ჩემგან?
– შორენა, ჩემო კარგო. ალბერტი შენთვის ძალიან ახლობელი ადამიანი იყო და მასაც ძალიან უყვარდი. ეს ჩემთვის არაერთხელ უთქვამს და შენგან შვილიც კი უნდოდა – ბიჭი.
– შვილი? – გაიმეორა შორენამ.
– ჰო, ბიჭი. ასე ამბობდა, შორენასავით ტანადი და ლამაზი ბიჭი უნდა გავაჩენინოო.
– ჩემთვის ეს არასოდეს უთქვამს ალბერტს.
– გეტყოდა, მაგრამ არ დასცალდა, – თქვა ბერიძემ, – ახლა შენ სრული სიმართლე მითხარი, შენი და „პიავკას“, ანუ ალბერტ ბაბაიშვილის ინტიმურ ურთიერთობებზე, არავისთვის არაფერი მოგიყოლია?
– არა. ვისთვის უნდა მომეყოლა?
– თუნდაც, ბიძაშენი სოსოსთვის.
– რას ამბობთ. ეს რომ სოსოს სცოდნოდა, ორივეს დაგვხოცავდა.
ვაჟა ბერიძის მთავარი მიზანი მიღწეული იყო. შორენა კელენჯერიძემ უპრობლემოდ დაადასტურა „პიავკას“ საყვარლობა. ეს ყველაფერი გადაღებული იყო და ეშმაკ ადვოკატს შტერი გოგონას ბოლომდე „რასკრუტკა“ შეეძლო, თანაც თავის გემოზე, მაგრამ ადვოკატი არ ჩქარობდა. მას ერჩივნა, შორენა ოსტატურად გამოეწურა და არანაირი იძულება არ გამოეყენებინა საამისოდ. თუმცა, თუკი ასეთი რამ საჭირო გახდებოდა, არც ამაზე დაიხევდა უკან და ბიძამისთან დაბეზღებით დააშანტაჟებდა შტერ გოგოს. ბერიძემ შორენას ბიძის სახელი ოსტატურად ამოატივტივებინა და უთხრა:
– შორენა, ძვირფასო, კიდევ ერთხელ გეკითხები ხაზგასმით, ბიძაშენმა სოსომ ხომ არაფერი იცოდა თქვენი ინტიმის თაობაზე? ეს მთავარი მომენტია და არაფერი დამიმალო.
– არა, რას ამბობთ. არაფერს გატყუებთ. სოსოს რომ ეს სცოდნოდა, ორივეს მოგვიღებდა ბოლოს. მიუხედავად იმისა, რომ სოსო ალბერტის ძალიან ერთგული იყო.
– შორენა, ეჭვი გვაქვს, რომ „პიავკას“ მკვლელობა ბიძაშენის მონაწილეობით თუ არა, მისი ხელშეწყობით მაინც მოხდა. „პიავკა“ მკვლელობის ღამეს აბსოლუტურად დაუცველი, დაცვის გარეშე დარჩა. შედეგმაც არ დააყოვნა და მოკლეს. აი, ამიტომ გვაქვს ეჭვი.
– არა. გარწმუნებთ, სოსო აქ არაფერ შუაშია. იმ ღამეს პენტჰაუსის ფეშენ-ბინაში მე ველოდებოდი ალბერტს და დაცვა ამიტომ გაუშვა. მან ტელეფონზე დამირეკა ფეშენ-ბინაში თავისი მობილურით და მითხრა, – სოსო მოვტეხე. მოვდივარ და მოემზადეო.
– იქნებ, ბიძაშენმა სხვა წყაროდან, თავისით შეიტყო თქვენი ამბავი და შური იძია „პიავკაზე“?
– არა. გამორიცხულია. სოსოს რომ ეჭვი მაინც ჰქონოდა, ჯერ ერთი, შევატყობდი და ისიც არ დამალავდა ამას. ასე რომ, სოსო გამორიცხეთ.
– შენ რას იტყვი. ვინმეზე ხომ არ გაქვს ეჭვი.
– წარმოდგენა არ მაქვს. ალბერტი ისეთი ფიგურა იყო და ისეთ წრეებში ტრიალებდა, ძნელია, ვინმეზე მიიტანო ეჭვი. მით უმეტეს, ჩემთვის, რადგან ალბერტის საქმეში ჩახედული არ ვარ და არც მის პარტნიორ-მეგობრებს ვიცნობ. თუნდაც თქვენ, პირველად გხედავთ და არ ვიცოდი, რომ ალბერტის ბავშვობის მეგობარი იყავით.
– უფროსი მეგობარი, – თქვა ვაჟა ბერიძემ და, – „პიავკაზე“ თითქმის ოცი წლით უფროსი ვარ. ერთ უბანში ვცხოვრობდით და ჩემ თვალწინ გაიზარდა ცხონებული.
– თქვენ თვითონ არავისზე გაქვთ ეჭვი?
– მე და ჩემს მეგობრებს ყველაზე გვაქვს ეჭვი და ვცდილობთ, სიმართლე გავარკვიოთ. შენთანაც ამიტომ მოვედი, ჩემო გოგონა, მაგრამ ვხედავ, მართლა არაფერი იცი. კეთილი. უნდა წავიდე და თუკი რამეში დამჭირდი, ხომ შეიძლება, ისევ შეგაწუხო?
– რა თქმა უნდა, – თქვა შორენა კელენჯერიძემ და მანქანიდან გადავიდა.
***
ადვოკატ ვაჟა ბერიძეს წარსულში უმდიდრესი საგამოძიებო პრაქტიკა ჰქონდა. არაერთი ისეთი საქმე გაუხსნია, სადაც აშკარა მკვლელად ერთი ადამიანი ფიგურირებდა, სინამდვილეში კი, დამნაშავე სულ სხვა აღმოჩენილა. ვაჟა დარწმუნებული იყო, რომ კოტე ჩხეიძესთან დაკავშირებითაც მსგავსი რამ ხდებოდა და რომ ცნობილ ბიზნესმენს „გაუჩალიჩეს,“ მაგრამ ვინ და როგორ? – ამ რიტორიკული კითხვის გარშემო ტრიალებდა ადვოკატი. ვერსიას ვერსიაზე აგებდა და ცდილობდა, გამოეცნო, თუ როგორ აღმოჩნდა კოტე ჩხეიძის თითების ანაბეჭდები „გლოკის“ პისტოლეტზე, რომლითაც „პიავკა“ მოკლეს. მრავალმხრივი ანალიზის შემდეგ, ბერიძე იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ასეთი რამის გაკეთება ყველაზე მეტად ან თავად ჩხეიძის მეუღლე ნონას შეეძლო, ან მისი ხელშეწყობით უნდა მომხდარიყო. ამ აღმოჩენამ ბერიძე შეაძრწუნა. კიდევ ერთხელ გადაამოწმა გონებაში საკუთარი ვერსია და კვლავ ამ დასკვნამდე მივიდა. ადვოკატი ანერვიულდა. სიგარეტი გააბოლა, თან ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. ერთი მხრივ, ვაჟა ბერიძეში ძველი მონადირის ინსტინქტმა გაიღვიძა და უნდოდა, ვერაგი დამნაშავის პოვნა-გამოააშკარავება. მეორე მხრივ, ადვოკატი ვაჟა ბერიძე თავისი კლიენტის გამართლების ჟინმა შეიპყრო და სურდა, ამ რეზონანსულ მკვლელობას მისთვის პროფესიული დიდება მოეტანა, თანაც მიწასთან გაესწორებინა „ახალი ტალღის პროკურატურა“, საიდანაც ის, ყოვლად უსამართლოდ გაათავისუფლეს. მესამე მხრივ კი – ბერიძე მთელი არსით, სიძულვილით იყო აღვსილი ვერაგი, მოღალატე ქალის მიმართ (თუ ჩხეიძის ცოლი დამნაშავე იყო) და მზად იყო, ის საკუთარი ხელით მოესპო. საამისოდ კი, ამ საკითხზე ქალთან დალაპარაკება იყო საჭირო. ნონასთან ასეთი დაკონტაქტების ნებართვა კი, ბერიძისთვის მის კლიენტს, კოტე ჩხეიძეს უნდა მიეცა. ვაჟას ძალიან უმძიმდა ჩხეიძესთან ამ საკითხზე საუბარი, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. მკვლელობიდან მეხუთე დღეს, ანუ „პიავკას“ დასაფლავების წინა დღით, ბერიძე გლდანის ციხეში შეხვდა კოტე ჩხეიძეს და შორიდან დაიწყო:
გაგრძელება შემდეგ ნომერში