№43 შვილი საყვარლისგან გავაჩინე, ქმარს კი თავისი ჰგონია
ინტიმური საუბრები
წლების წინ, ერთი ბიჭი მიყვარდა. ახალგაზრდული გატაცება იყო, აჩემება თუ ნამდვილი სიყვარული, ახლაც არ ვიცი. უბანში, ყველა გოგოს მოსწონდა, მასზე ჭკუა ეკეტებოდათ და ეპრანჭებოდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ, მას მე მოვწონდი და სიყვარული ამიხსნა. სიმართლე გითხრათ, ნიკა არ ჯდებოდა ჩემს გემოვნებაში. მე სულ სხვანაირი ბიჭები მომწონდა, მაგრამ, იმის გამო, რომ ყველა გოგოს მოსწონდა, მისი შეყვარებული გავხდი. დაახლოებით, ერთი წელი დავდიოდით. მერე, დავშორდით. წლები გავიდა, მეც გავთხოვდი, მანაც ცოლი მოიყვანა და ცხოვრება გაგრძელდა. ძალიან კარგი მეუღლე შემხვდა, გამიმართლა. ერთი შვილი გვეყოლა და როგორც ყველა, ჩვენც, მისი აღზრდით ვიყავით დაკავებულნი. დიდად რომანტიკულ-მოსიყვარულე წყვილი ნამდვილად არ ვიყავით, მაგრამ გარედან ასე ჩანდა. ერთ დღესაც, ბავშვი სკოლიდან გამომყავდა და შემთხვევით, ნიკა შემხვდა. სიმპათიურად გამოიყურებოდა. გამიხარდა მისი ნახვა, გამოველაპარაკეთ ერთმანეთს და მივხვდი, რაღაც ძალა მიზიდავდა მისკენ. მისგანაც, იგივე ვიგრძენი. ტელეფონის ნომერი გამომართვა, ბავშვს აკოცა და წავიდა. იმ საღამოსვე დამირეკა და მითხრა, რომ აფორიაქდა. ჩემმა ნახვამ წარსულში დააბრუნა და კიდევ უნდოდა, ვენახე და გული გადაეშალა. მეორე დღეს, შევხვდი. მის ბინაში ავედით, ყავა დავლიეთ, ვისაუბრეთ და ჩემდა უნებურად, მის მკლავებში აღმოვჩნდი. მივხვდი, ის, რაც განვიცადე, ჩემს ქმართან არასდროს მიგრძნია. ნიკასთან, სულ სხვა ქალად ვიგრძენი თავი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამის მერე, ხშირად ვხვდებოდით. ჩემი ქმარი არასდროს ყოფილა ეჭვიანი და ვერც დაუშვებდა, რომ მე ვუღალატებდი. ეს მეც არასდროს მიფიქრია, მაგრამ ასე მოხდა. ერთ დღესაც, გავიგე, რომ ორსულად ვარ. ზუსტად ვიცოდი, ბავშვის მამა ნიკა იყო და იმის გაფიქრებაც არ მინდოდა, ეს ამბავი ჩემს ქმარს გაეგო. ვერაფერს შევცვლიდი, რადგან, ოჯახში გამოვაცხადე, ბავშვს ველოდები-მეთქი. ქმარი სიხარულით გადაირია. ძალიან უყვარს ბავშვები და სულ მეხვეწებოდა, ერთზე ნუ გავჩერდებით, ბევრი შვილი გავაჩინოთო. მე კი, წინააღმდეგი ვიყავი და ვეუბნებოდი – ერთი გვყავს და ამას მივცეთ განათლება, ისე გავზარდოთ არაფერი მოაკლდეს, ასე ჯობია-მეთქი. მხოლოდ, იმის გამო არ ვთქვი მეორე შვილზე უარი, რომ ის ნიკას შვილი იყო. ბევრი ვიფიქრე, მეთქვა თუ არა ეს მისთვის და, გადავწყვიტე, გამეჩინა ბავშვი და მერე, დავფიქრდებოდი, სიმართლე მეთქვა თუ არა მისი მამისთვის. თუმცა, ვერ მოვითმინე. ნიკას რომ ვუთხარი, ორსულად ვარ-მეთქი, შეცბა. ვერ დაუშვა, რომ შეიძლება, მისგან ვყოფილიყავი ორსულად ან შეეშინდა, არ ვიცი. იმ დღის შემდეგ, დარეკვასაც მოუკლო და შეხვედრებსაც. ლაჩარი და მშიშარა აღმოჩნდა. მივხვდი, შვილი არ სჭირდებოდა ჩემგან. ცხრა თვის შემდეგ, ულამაზესი გოგონა შემეძინა. რომ შევხედე, გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა მამას და გულზე ელდასავით მეცა. ახლა ორი წლისაა და ჩემს ქმარს გაგიჟებით უყვარს, ჰგონია მისი შვილია. ვერც კი დაუშვებს, რომ შეიძლება, მისი სისხლი და ხორცი არ იყოს ბავშვი, რომლის გამოც სიცოცხლეს დათმობს. ნიკა არც კი გამოჩენილა, არც ბავშვი უნახავს და არც ჩემი მდგომარეობა უკითხავს. ვეცდები, ეს ამბავი საიდუმლოდ დარჩეს ოჯახში და იმედია, ვერავინ გაიგებს, რომ შვილი საყვარლისგან გავაჩინე და არა ქმრისგან.
მანჩო, 29 წლის.