№43 ძნელია, იყო... კაცი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹38-42(877)
ვახომ ჩაიცინა.
– იმის თქმა გინდა, რომ ჩემთან ფულის გამოა? კოკა, არ გინდა. ვიცი, რომ, როცა გვერდით თათიასნაირი ქალი გყავს, ჯიბეგაფხეკილი ვერ იქნები.
– ჰო... – ანგარიშმიუცემლად დაეთანხმა კოკა.
– ჰოდა, თითქოს თათიას გაბუტვა არ მეყოფოდა, მარიკუნამაც მომშხამა.
– მარიკუნა კარგი გოგოა, – კოკას მართლა მოსწონდა მეგობრის შვილი. თამრიკოს აგონებდა ახალგაზრდობაში და თავის სევდიან, პირველ სიყვარულს.
– ჰო, კარგი გოგოა, მაგრამ შემთხვევას არ უშვებს ხელიდან, არ „მიკბინოს“. ვერ გავიგე, რა უნდა. გადაყოლილი ვარ მაგაზე.
– მართლა ვერ ხვდები, რა უნდა? ვახო, ვერ გაპატია დედამისი რომ მიატოვე. მესმის მისი.
– კარგი ერთი. დედამისს ხომ კარგად აპატია და გახარებულიც კია, თაყვანისმცემელი რომ გამოუჩნდა?
კოკას პირთან მიტანილი ხელი გაუშეშდა. ვახოს ჩაეცინა:
– გაგიკვირდა, ხო? არ ელოდებოდი თამრიკოსგან? ასეა, ჩემო ძმაო. იმიტომ გეუბნებოდი, ქალები ბოლოს მომიღებენ-მეთქი. ოჰ, ერთი გამაგებინა, ვინ არის...
– მარიკუნას არ უთქვამს, რატომ არ ჰკითხე?
– მარიკუნა მეტყოდა? გამომძიებელივით მაკვირდებოდა, რას ვიტყოდი. თან, რომ დაიწყო, აღარ გაჩერდა. თამრიკოს ზედ ჰყვება, დედა ძალიან ბედნიერიაო... კინაღამ უკანვე წავართვი ის ფული, რომელიც მივეცი. ისეთი გაღიზიანებული ვარ, სულ მაგაზე მეფიქრება. თამრიკო და თაყვანისმცემელი... ჰმ, ამას როგორ ვიფიქრებდი.
კოკა ცუდად უსმენდა... ახალმა ინფორმაციამ მასზე მძიმედ იმოქმედა. თამრიკო მის წარმოდგენაში ყოველთვის განსაკუთრებული და ყველა სხვა ქალისგან განსხვავებული, ნახევრად ზეციური არსება იყო. ხელშეუხებელი ქმნილება... მაშინაც კი, როცა ვახოს გაჰყვა ცოლად, ეს „ფორმულა“ თამრიკოს განსაკუთრებულობისა არ შებღალულა. ახლა კი...
გამშრალ ყელში გაჭირვებით გადააგორა ნერწყვი. ტუჩები ენით დაისველა და ჩამწყდარი ხმით იკითხა:
– შენ გჯერა იმის, რაც მარიკუნამ თამრიკოზე გითხრა? ან იქნებ არასწორად გაიგე მისი ნათქვამი?
ვახომ თავი გადააქნია.
– სწორად გავიგე... თან, რამდენჯერმე გამიმეორა, უფრო კარგად რომ მომშლოდა ნერვები. როგორმე უნდა გავიგო, ვინ არის ის კაცი და ამაში შენ დამეხმარები.
კოკას საბოლოოდ მოეშხამა გუნება და ჭამის სურვილიც გაუქრა. უგემურად უსვამდა ჩანგალს თეფშზე და ფიქრობდა იმაზე, რაც ვახომ უთხრა.
„კაცობა“ ყველა მამრს თავისებურად ესმის. თუმცა არსებობს გავრცელებული სტერეოტიპებიც, რომელსაც მექანიკურად მიჰყვებიან. იმიტომ კი არა, რომ ასე სჯერათ, – უბრალოდ, წესს იცავენ. სიყალბეს თვალს უსწორებენ და მერე ნელ-ნელა ისე ეჩვევიან, ჭეშმარიტებისგან ვეღარ არჩევენ. ხშირად თავს სასაცილოდ იგდებენ, მაგრამ ამას არ აღიარებენ და პირიქით, ჯიუტად ცდილობენ, ყველა დაარწმუნონ, რომ მაგარი ტიპები არიან. აი, როგორ ხდება მათი კაცობის კარიკატურად ფორმირება-გარდასახვა...
თათიას მესიჯმა უარესად გააღიზიანა. ეს თითქმის ბოლო წვეთი იყო მისი მოთმინების ფიალაში და ბრაზით კბილები გააღრჭიალა. თათიაზე კი არა, საკუთარ „მე“-ზე იყო გაბრაზებული. თორემ იმ შტერი გოგოსგან რა უნდა მოეთხოვა. უნდოდა და ითხოვდა. ითხოვდა და იღებდა. ასე მიაჩვიეს. მესიჯში ეწერა: „რამეს მოვიფიქრებ და ვახოს დავუძვრები. მზად იყავი, რომ მნახო. არაფერი დაგეგმო. ჩვენს სასტუმროში მიდი და დამელოდე.”
კოკამ მესიჯი სწრაფად წაშალა და ბალიში თავზე წაიფარა. როგორი სიხარულით გაიქცეოდა სადმე, ძალიან შორს. ყველასგან და ყველაფრისგან დაისვენებდა. ცხოვრებაც იქნებ თავიდან დაეწყო. ტელეფონმა ისევ „ამცნო“, რომ ახალი მესიჯი ჰქონდა წასაკითხი. ჯერ გადაწყვიტა, ყურადღება არ მიექცია ვიბროზუმერისთვის, მაგრამ მერე საკუთარ სინდისთან თავი ასე „გაიმართლა“, – „იმას“, ანუ თათიას თუ არ რცხვენია, ქმარს რომ ღალატობს, მე რა შუაში ვარ. მე ვეტყვი უარს, სხვას მოძებნის – ეგ ისე არ გაჩერდება და იქნებ ყველასთვის აჯობებს, თუ ისევ მე დავუკმაყოფილებ სექსუალურ სურვილებსო. რა თქმა უნდა, ეს სუსტი, უსუსური არგუმენტი იყო. კოკამ ეს იცოდა, მაგრამ სირაქლემის პოზაში ყოფნა მოსწონდა. თავის მოტყუება მას ცხოვრებისეულ ჩვევად ექცა. თან, ახლა თამრიკოზე ფიქრობდა. ვერაფრით დაუშვა, რომ შეიძლებოდა, ამ ქალს უცხო მამაკაცთან ჰქონოდა რომანი. კოკას შეაჟრჟოლა. თითქოს შესცივდა. ბრაზით კბილები გააღრჭიალა. ყველაფერში ვახო იყო დამნაშავე. ჯერ საყვარელი ქალი წაართვა. დიახ, სწორედ რომ, მან წაართვა. ვახო რომ არ ყოფილიყო, თავისი „პოპულარული ბიჭის“ იმიჯით, გარეგნული მედიდურობითა და ეგრეთ წოდებული, ხაზგასმული დელიკატურობით... ინგლისელი ლორდისთვის დამახასიათებელი მანერებით, თუ ლირიკული „ჩანართებით“ – ქალებს რომ აგიჟებს, იქნებ თამრიკოს კოკა შეჰყვარებოდა კიდეც. კოკას თავადაც ვერ აეხსნა ეს „ფენომენი.“ ვერ იტყოდა, როდის ან როგორ მოიწამლა თამრიკოს სიყვარულით. ერთ დღეს გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ ამ გოგოს გარეშე მზის ამოსვლაც კი არ უნდოდა. ყველაფერი მოსწონდა მისი: არაპროგნოზირებადი ხასიათი – ზოგჯერ რომ მშვიდად იყო, ზოგჯერ კი, ვულკანივით აფეთქდებოდა... ჭკვიანური გამოხედვა. რაღაცნაირი, ირონიული ჩაცინება, როცა ვინმე არაკომპეტენტურ მოსაზრებას გამოთქვამდა. ერთი სიტყვით, იდეალური ქალი კოკას ცნობიერებაში თამრიკოსთან ასოცირდებოდა. იმედი ჰქონდა, რომ გოგო ერთ დღეს აუცილებლად შეამჩნევდა მის სიყვარულს და დააფასებდა. ისინი ხომ თითქმის ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს. შოკი ისეთი ძლიერი იყო, რომ წელში გატეხა – ვერ იჯერებდა, რომ თამრიკო, მისი საოცნებო ქალი, ვახოს მიჰყვებოდა ცოლად. პირველი ემოცია, რაც შოკის გავლის შემდეგ დაეუფლა, ბრაზი იყო, რომელმაც მასში სურვილი გააღვიძა. ორივე შეიძულა – ვახოც და თამრიკოც. ცდილობდა, არცერთს არ გადაჰყროდა, რომ თავისი აგრესია არ გადმოეფრქვია. არ გადიოდა სახლიდან, არ პასუხობდა ტელეფონს. დედასაც აუკრძალა რომელიმეს ხსენება. ისე იყო გადარეული, პირველად იფიქრა, საერთოდ ხომ არ წავიდე ქვეყნიდანო, მაგრამ ნებისყოფა არ ეყო. გადაწყვეტილებების მიღება ყოველთვის უჭირდა. კარჩაკეტილობაში დიდხანს ვერ გაძლო. მოუსვენრობამ აიძულა, ოთხი კედელი დაეტოვებინა და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაბრუნებოდა. „ცხოვრების ჩვეული რიტმი“, ალბათ, უფრო პირობითად იყო ნათქვამი, თორემ არც სამსახური ჰქონდა და არც რამე, კონკრეტული მიზანი. თინაც ცალკე უშლიდა ნერვებს კრუსუნ-წუწუნით – ეს რა ჰქენი, ანგელოზივით გოგო ხელიდან როგორ გაუშვიო. ერთი-ორჯერ ძალიან მაგრად იჩხუბა კიდეც, მაგრამ თინამ არაფრად ჩააგდო მისი ყვირილი. დოინჯშემორტყმული წამოდგა და ისე შეხედა, კოკას საკუთარი თავი შეეცოდა.
– რომ გირეკავ, რატომ არ მპასუხობ? – გაიგონა ქალის აღშფოთებული ხმა და მიხვდა, რომ ტელეფონს მექანიკურად უპასუხა.
– თათია, ვერ გავიგონე მესიჯი როგორ მოვიდა, ჩამეძინა.
– ჯერ რვა საათიც არ არის. მატყუებ? სად იყავი, ვახოს შეხვდი?.. ვიცი, შენს ნახვას აპირებდა. გითხრა, რომ ვიჩხუბეთ?
კოკამ გაიფიქრა, „ზოგჯერ როგორი აუტანელია ეს ქალიო“ და უნებლიეთ ამოიოხრა.
– რა დაგემართა, არ მოგენატრე? ხომ იცი, ყოველთვის მენატრები.
– ვახო ხომ ჩამოვიდა? ერთმანეთს ვერ შევხვდებით.
– ვითომ, რატომ? გგონია, შენი ძმაკაცის მეშინია?
„შენი ძმაკაცი“ – ამ ფრაზამ ყური მოსჭრა კოკას და გუნება მოუშხამა. თათიას განაწყენება საშიში იყო და წამგებიანიც. ქალებთან ურთიერთობაში დიდი გამოცდილება არ ჰქონდა, მაგრამ იმას კი ხვდებოდა, რა ზიანის მოტანა შეეძლო ამ, ერთი შეხედვით, „შტერ“ გოგოს.
– მეც მომენატრე.
– რა თქმა უნდა, ეჭვიც არ მეპარება. მამაკაცები ჩემ მიმართ გულგრილნი ვერ რჩებიან. ვერც კი წარმოიდგენ, როგორ გაგიმართლა.
– ჰო, ვიცი. ბედნიერებისგან თავი ზღაპარში მგონია და დაჯერება მიჭირს. ვეკითხები ხოლმე საკუთარ თავს, მე ასე რატომ გამიმართლა-მეთქი.
– დიახ... ხშირად უნდა დაუსვა ეგ კითხვა საკუთარ თავს და უფრო დაგაფასებ – ირონიას, რა თქმა უნდა, ვერ მიხვდა თათია და შეიფერა.
კოკას გუნებაში ჩაეცინა. იცოდა, გოგო შტერი რომ იყო, თუმცა, თავისებურად შტერი. უფრო სწორად, ძალიან მოხერხებულად იყენებდა საკუთარ „სიშტერეს“ და კარგ „დივიდენდებსაც“ იღებდა. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ვახო თავისი გონებამახვილობით არ მოუხიბლავს. თუმცა, ვახოზე თავად კოკას რა ეთქმოდა, როცა ქალმა პირველივე მცდელობაზე „შეაბა“.
– თათია, რაღაც არ გამოდის. შენი ქმარი აქ არის. მე მისი მეგობარი ვარ... – კოკა მიხვდა, რომ სისულელე წამოროშა.
– კარგი ერთი, ვახო ჩვენ ხელს არ გვიშლის. თავისთვის არის. თუ სხვა მიზეზი გაქვს, პირდაპირ მითხარი.
– არა, სიხარულო, სხვა რა მიზეზი უნდა მქონდეს შენ ჩემი ერთადერთი ქალი ხარ, მაგრამ არსებობს „კაცური ამბები“ და ცოტა უნდა მაცადო. აუცილებლად გნახავ.
– იცი, რას გეტყვი? როცა მე მინდა, მაშინ უნდა მნახო, გაიგე? – ხმაში პრეტენზია „გამოურია“ თათიამ და ტელეფონი გათიშა.
კოკამ ამოიოხრა. სიგარეტის კოლოფში ჩარჩენილი ბოლო ღერი ამოაძვრინა და სანთებელას დაუწყო ძებნა. ხელის ფათურით ვერ იპოვა და ნერვები უარესად მოეშალა. შარვლის ჯიბეში ასანთის კოლოფს მიაგნო და ის იყო, იქიდან ასანთი უნდა ამოეღო, რომ კოლოფზე წარწერილი ტელეფონის ნომერი „გაეჩხირა“ თვალში. ერთბაშად ვერ გაიხსენა, ვისი ნომერი შეიძლებოდა, ყოფილიყო ან როგორ აღმოჩნდა კოლოფზე. დაღლილი ტვინი არ ემორჩილებოდა და უპროტესტებდა ძალადობას. ქალის სახე სრულიად მოულოდნელად ამოუტივტივდა. უფრო სწორად, მისი გრძელი ფეხები და ვნებიანად გამობზეკილი ტუჩები. მერე რა, თუ ტუჩები ხელოვნურად იყო „აფუებული“. ფეხები კი საგანგებოდ ჩამუქებული, სოლარიუმის „მზისგან“. სახელიც გაიხსენა და გაუხარდა. იქნებ ეს იყო ის, რაც ახლა მართლა სჭირდებოდა. მობილურზე ნომერი აკრიფა. დიდხანს არავინ უპასუხა. უკვე გათიშვას აპირებდა, რომ ქალის ნამძინარევი ხმა გაიგონა.
– რომელი ხარ?
კოკამ გაიცინა.
– გაგაღვიძე, ლამაზო? მომენატრე და დავრეკე.
– რომელი ხარ-მეთქი, – გაღიზიანდა „ხმა“.
– ახლავე გაგახსენებ ჩემს თავს. ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო... სპა... მხარბეჭიანი და ძალიან სიმპათიური მამაკაცი, რომელთან ერთადაც ლოგინში სასწაულები ჩაიდინე... გავაგრძელო? – „დატკბა“ კაცი. ხანმოკლე პაუზას ხმამაღალი კისკისი მოჰყვა.
– წარუმატებელი ალფონსი. როგორ არა, ახლა გიცანი. მაგრამ არ მჯერა, რომ მოგენატრე. შენნაირები რომანტიკისგან თავისუფლები არიან. ისიც უნდა იცოდე, რომ მონატრების „კომპენსაცია“ ძვირად ღირებული სიამოვნებაა, რასაც შენი ლამაზი უკანალი ვერ გასწვდება. ამიტომ, პირდაპირ საქმეზე გადადი – რატომ დამირეკე?
– შენი ნახვა მინდა. თუ მართლა მინდა, რა ვქნა? – გაჯიუტდა კოკა.
– რისთვის? სექსის პრობლემა არ უნდა გქონდეს. ყოველთვის იპოვი ისეთ ქალს, რომელიც მაგაზე უარს არ გეტყვის. თანაც, სრულიად უფასოდ. შეიძლება, იქით გადაგიხადოს კიდეც.
– მე შენ მინდიხარ.
– ო, აი, ეგ უკვე სხვა ტარიფია, – ისევ აკისკისდა ქალი, – თან, ახლა უნდა დავისვენო. ბევრი ვიმუშავე, ფორმაში ჩასადგომად ძალების აღდგენა მჭირდება.
– შენ მაგაზე ნუ იდარდებ. ძალიან არ დაგღლი, – ხუმრობა სცადა კოკამ.
– არ ვიცი, რა გიყო... მართლა გამოძინებას ვაპირებდი.
– ძალიან რომ გთხოვო? თან, რაღაც მინდა გკითხო.
– აჰა, ახლა რჩევაც უნდა მთხოვო? ჩვენ რომ მეგობრები არ ვართ? მხოლოდ ერთხელ შევხვდით ერთმანეთს. ვერ ვიტყვი, რომ არ მომეწონა ის, რაც ჩვენ შორის იყო, მაგრამ...
– მეორე შეხვედრა კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება. გპირდები.
– რა უნდა შემომთავაზო?
– სიურპრიზად დავტოვებ. შემხვდი და ნახავ.
– ვერ ვიტან სიურპრიზებს, მით უმეტეს, შენნაირი მამაკაცებისგან. ამიტომ მითხარი, რომ გადავწყვიტო, თუ მიღირს შენზე დროის დაკარგვა.
– ორმხრივად ნაყოფიერი შეხვედრა იქნება. მე ფუჭ დაპირებებს არ ვიძლევი. დარწმუნებული იყავი, ჩემი რჩევები ძალიან ღირებულია.
– აჰ... რაში ყოფილა საქმე. კარგი, სად შევხვდეთ? ოღონდ არ მითხრა, რომ იმდენი ფული გაქვს, შეგიძლია, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ნომერი იქირავო.
– შენ წარმოიდგინე, მაქვს, – ამაყად განაცხადა კოკამ, – ისეთი წყალწაღებულიც არ ვარ, როგორი შთაბეჭდილებაც პირველ შეხვედრაზე დაგიტოვე.
– კარგი. ვნახოთ, რა შეგიძლია, – გახალისდა ქალი, – სასტუმრო შეარჩიე და მომწერე... მოვალ.
– შენ მითხარი, სად გინდა.
– ჩემი გემოვნება იცი, ამიტომ თავად შეარჩიე. ვნახოთ, გაამართლებ თუ არა მოლოდინს.
კოკამ მობილური ლოგინზე მიაგდო. სწრაფად წამოდგა და გეზი სააბაზანოსკენ აიღო.
– თინა, – გასძახა სამზარეულოში მოფუსფუსე დედას, – პირსახოცი და სუფთა საცვლები შემომაწოდე რა! ხალათიც. მეჩქარება.
თინამ სველი ხელები ტილოთი შეიმშრალა და შვილთან გამოვიდა.
– სად მიდიხარ? – ჰკითხა გამომცდელად და ეჭვით სავსე მზერა მიაპყრო.
– საქმე მაქვს, – მოუჭრა კოკამ.
– ვიცი, მე შენი საქმე. ჭკვიანად იყავი, იცოდე...
– თინა, ორმოცდასამი წლის ვარ და ჭკუას ისევ ათი წლის ბიჭივით მარიგებ. კარგი რა, არ დაიღალე? მე ახლა რაღა შემცვლის?! – დაიღრიჯა კოკა.
– ჭკვიანად იყავი-მეთქი, მე შენ გეუბნები. მოეშვი ბოზებში წანწალს და ცოლი მოიყვანე. ცოლი შეგცვლის. ოღონდ გონებადამჯდარი, წესიერი. შენსავით ქარაფშუტა არა, რომ კლდეზე გადაგჩეხოს.
– აუ, თინა... შენც იტყვი ხოლმე, რა! გონებადამჯდარი და წესიერი მე გამომყვება ცოლად?
– გამოგყვება, – დარწმუნებით თქვა თინამ, – რატომ არ გამოგყვება?! – ლოთი არ ხარ, არც ნარკომანი, სახლი გაქვს, პატრონი გყავს...
– სამსახური არ მაქვს. სახლში ოცი წლის ძველი რემონტია. თუ ძმაკაცს არ შევეცოდები და მანქანას არ მათხოვებს, დანჯღრეული ტაქსი სანატრელი მაქვს. ჯიბის ფულს დედა მაძლევს. საუზმეზე ფრანგული კრუასანის მაგივრად, სამოცთეთრიან პურზე წასმულ „სპრედს“ ვჭამ. ევროპაში ბოლოს მაშინ ვიყავი, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი რომ არსებობდა, – განაგრძო კოკამ ირონიულად, – თანამედროვე გოგოებს ჩემნაირი ქმარი არ სჭირდებათ.
– შენც ისეთი მოძებნე – არათანამედროვე, – არ შეეპუა ქალი, – ჭკვიანი და გონიერი ცოლი ფეხზე დაგაყენებს და ცხოვრებაში ისე წაგწევს წინ, იქნებ სასაუზმოდ პარიზსა და სტრასბურგში იარო, – კოკამ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი.
– უკვე ვიცი, საითაც უმიზნებ. თინა, როგორ არ დაიღალე. მორჩი რა, თამრიკოზე ფიქრს. დაივიწყე! არ იყო ეგ ქალი ჩემი ბედი და შეეგუე ამას, დროა.
– ბიჭო, რას ნიშნავს, შენი ბედი არ იყო. ნუ ბჟუტურობ რაღაც სისულელეს. მაშინ არ იყო, ახლა იქნება. ბედს შენ უნდა შეუწყო ხელი და ის გააკეთო, რაც შენთვისაა უკეთესი. გაიგე?
– გავიგე, მაგრამ ახლა მართლა მეჩქარება. მაცადე, აბაზანაში შესვლა და მერე ვილაპარაკოთ კარმულ საკითხებზე, – კოკა ქალს ხელიდან დაუსხლტა და უკვე სააბაზანოში შესულმა გამოსძახა, – პატარა პირსახოცი არ შემომიტანო და არ ამაღრიალო. თანაც, მალე...
თინამ ამოიოხრა და ფოსტლების ფრატუნით კარადისკენ გაემართა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში