№43 როგორ დავაპროგრამოთ ჩვენი იღბალი ბარაქასა და მატერიალურ კეთილდღეობაზე
ასტროლოგიაში მთვარის ფაზებსა და მის გავლენას იღბალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მთვარე ქალური ენერგეტიკის პლანეტაა, თუმცა მთვარის შევსებით ფაზაში ბევრი ქალი უარყოფითი ენერგიის მოჭარბებას და ნეგატიურ განწყობას გრძნობს, რაც კონკრეტული ფაზის ბრალია. თუ სურვილი გაქვთ, დაიკლოთ წონაში, დააპროგრამოთ იღბალი ბარაქასა და მატერიალურ კეთილდღეობაზე, მაშინ ეს უნდა დაიწყოთ, როცა მთვარე კლებას დაიწყებს.
ზოგადად, კლებადი მთვარის პერიოდში ადვილია გახდომა, შედეგიანია მკურნალობის კურსის დაწყება, ახალი ფინანსური შემოსავლების გზების მოძიება, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება და წარუმატებლობისგან თავის დაღწევა. ასევე, კლებადი მთვარის პერიოდში ორგანიზმი ადვილად იტანს ქირურგიულ ჩარევას და სწრაფად იწყებს გამოჯანმრთელებას. ორგანიზმი ნაკლებად ითხოვს საკვებს, რაც წონის პრობლემებსაც მოგიგვარებთ. თუმცა, ამ პერიოდში, ორგანიზმი იწყებს დასუსტებას. ამიტომ, მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ დატვირთვას.
სამყარო ვიზუალიზაციისა და თვითშთაგონების ნიჭს აძლევს თითოეულ ადამიანს. მთვარე კი, მისი ფაზების მიხედვით, ეხმარება ნებისმიერს, რომ ამა თუ იმ სურვილს რეალურად მისცეს ფორმა და განახორციელოს. საამისოდ კი, კლებადი მთვარე იდეალური პერიოდია. მიმდინარე დღეებში ფურცელზე ჩამოწერეთ თქვენი პრობლემები. მიუთითეთ, როგორ წარმოგიდგენიათ ამ პრობლემის მოგვარების გზები. შემდგომ ეს ფურცელი დაკეცეთ და მთვარის შუქზე დაწვით. ფერფლი კი გამდინარე წყალს გააყოლეთ. ზუსტად ამგვარად მოხდება თქვენი პრობლემების გაქარწყლება.
სანამ ახალი მთვარე გამოანათებს ცის კაბადონზე, ის რამდენიმე დღით ქრება, შემდეგ კი რკალის სახით ჩნდება. ამ დროს მთვარეს უდიდესი გავლენა აქვს ჩვენზე. ამ პერიოდში კარგია სამკურნალო პროცედურები, ადვილია არასასურველი კავშირებისგან გათავისუფლება, არასაიმედო ადამიანებისგან თავის დაღწევა. როცა ცაზე მთვარის ახალი რკალი გამოჩნდება, ადამიანის ორგანიზმის აქტიურობა ნელდება, ქვეითდება და იკლებს შრომისუნარიანობა. ამ დროს, იმუნიტეტიც ქვეითდება და დიდია დეპრესიისა და აგრესიის ალბათობა.
მზარდი მთვარის ფაზაში, იწყება ორგანიზმში ცხიმების დაგროვება, ამიტომ, უნდა აკონტროლოთ წონა. ამ დროს, კარგია რომანტიკული შეხვედრები; იღბლიანი და წარმატებების მომტანია საქმიან სფეროში. ამ დღეებში უნდა გამოიჩინოთ მეტი ყურადღება გარემოებების მიმართ. თუმცა, იზრდება ემოციურობა და, ამიტომ, მეტად უნდა აკონტროლოთ საკუთარი ქცევა.
როცა მთვარე დისკოს ნახევარს იკავებს, ამ დროს ხდება ენერგიის მომატება. ადვილია ცხოვრებისეული პრობლემების გადაწყვეტა. უნდა იმოქმედოთ თამამად.
სავსემთვარეობის პერიოდში, მოჭარბებული და დაგროვილი ენერგია უკონტროლო ხდება. ადამიანი აფორიაქებულია, ნერვული სისტემა – დაძაბული. ეს დრო მშვიდად და წინდახედულად უნდა განვლოთ. სავსემთვარეობის დღეებში რომანტიკული შეხვედრები მეტ ვნებასა და ემოციურ ელფერს იძენს.
მთვარის შევსებამდე ერთი დღით ადრე და შევსების მეორე დღეს, ადამიანის ორგანიზმში აქტიურად მიმდინარეობს ცხიმების დაგროვება. ამას თავიდან აიცილებთ, თუ მთვარის შევსების წინ, ხილით მოიწყობთ განტვირთვის დღეს. სასურველია, ამ დღეებში ტკბილეულს მოერიდოთ. არსებობს ადამიანების ტიპი, რომლებსაც სავსე მთვარის დროს ტკბილეულისადმი მოთხოვნა უძლიერდებათ. ამისგან თავის დასაღწევად, გირჩევთ, ამ დღეებში ხშირად იაროთ ბუნებაში სუფთა ჰაერზე ფეხით და მიიღოთ ბევრი სითხე.