№43 რატომ შექმნეს ბერიას ბრძანებით „ლუბიანკის“ მინუს მეექვსე სართულზე ყალბი ფულის საჭრელი განყოფილება
პროფესორი ვსევოლოდ კოკოჩინსკი წერს: „ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ წაყენებული ერთ-ერთი ბრალდება იმდენად აბსურდული იყო, იმ ცნობილ ფალსიფიცირებულ სასამართლო პროცესზე, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ამ სისულელის ტექსტი ასე იკითხება: „ჰქონდა რა მოქალაქე ბერიას ბოროტი განზრახვა და სავარაუდოდ, მომხვეჭელობის ჟინი, მისდამი დაქვემდებარებულ უშიშროების სამინისტროში ჩამოაყალიბა ყალბი ფულის მბეჭდავი განყოფილება. იქ მაღალკვალიფიციურად გამართულ, პოლიგრაფიულად სანიმუშო დონეზე იბეჭდებოდა ფული... და ასე შემდეგ“. როგორც ამ ბრალდების ტექსტია ყოველმხრივ გაუმართავი და გაუგებარი, ასევე არასრულყოფილი და აბსურდულია ბრალდება, რადგან ბერიას ბრალი დასდეს იმაში, რომ მან საუცხოოდ მოფიქრებული გეგმა შეადგინა სპეცოპერაციისა, რომელიც წარმატებით მუშაობდა შვიდი წლის განმავლობაში. ხრუშჩოვმა კი, აწყობილი სისტემა ერთი ხელის მოსმით გაანადგურა.
1947 წელს, „გახურებული“ „ცივი ომის“ დროს, როცა საბჭოეთი დიდ ეკონომიკურ ბლოკადაში იყო მომწყვდეული და მთელი ბიუჯეტი ატომურ პროექტს ხმარდებოდა, ლავრენტი ბერიამ ასეთი რამ მოიფიქრა. უშიშროების სამინისტროში შეკრიბეს საუკეთესო მხატვარ-პოლიგრაფისტები და მიზნად დაუსახეს ბრიტანული ფუნტისა და ამერიკული დოლარების ყალბი კუპიურების ბეჭდვა. ყალბი ფული ისეთი მაღალი ხარისხის უნდა ყოფილიყო, რომ ვერავის განესხვავებინა ნამდვილისგან. ეს იყო საქმის პირველი ეტაპი. ყალბი ფულის ჭრას სათავეში ჩაუდგა ვენიამინ სუროვცევი – განათლებით მხატვარ-პოლიგრაფისტი. სუროვცევს დახვრეტა ჰქონდა მისჯილი საბჭოთა ფულის გაყალბების გამო და ბერიამ, სწორედ რომ, სულზე მიუსწრო 29 წლის ყმაწვილს. მას ყველა ბრალდება მოუხსნეს, სპეციალური ფართი გამოუყვეს „ლუბიანკის” (საბჭოთა უშიშროების შტაბ-ბინა) მინუს მეექვსე სართულზე და ეს ზესაიდუმლო საქმე ჩააბარეს (სუროვცევი 2008 წელს გარდაიცვალა, გენერალ-ლეიტენანტის ჩინით, 90 წლის ასაკში და ბერიაზე „აფანატებდა“, რაც მის მემუარებშია ასახული). ყოფილმა სიკვდილმისჯილმა იდეალური „შემოქმედებითი ჯგუფი“ ჩამოაყალიბა და სამი თვის შემდეგ ლუბიანკის მინუს მეექვსე სართულიდან გამოსულ ვალუტას, ვერ გაარჩევდით ბრიტანული და ამერიკული ფულის მბეჭდავი უწყებებიდან გამოსული კუპიურებისგან. მეორე ეტაპი ბერიას მიერ მოფიქრებული სქემისა იყო – საბჭოთა დაზვერვისადმი დაქვემდებარებული ფირმების შექმნა ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში. ამ ფირმებს ყალბი ვალუტის „ნაღდი გადახდით“ უნდა შეესყიდათ საბჭოეთისთვის აუცილებელი პროდუქტები, ნედლეული და სხვადასხვა მოწყობილობა. შემდეგ კი ეს „ტავარი“ ყალბი ზედნადების გამოყენებით (ვითომდა სხვა ქვეყანაში ეზიდებოდნენ), საზღვაო გზით შემოეტანათ საბჭოთა კავშირში. ეს მახვილგონივრული სქემა ოთხ თვეში სრული დატვირთვით ამუშავდა და მრავალმხრივი ეფექტი მოჰქონდა საბჭოთა კავშირისთვის. გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „ბერიას მიერ მოფიქრებულმა ამ მარტივმა სქემამ დიდი წარმატებით იმუშავა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყანა, ფაქტობრივად, მუქთად იღებდა თავისი მოწინააღმდეგეებისგან ყველაფერ იმას, რამაც ომისშემდგომი კრიზისი დაგვაძლევინა. გარდა იმისა, რომ მოსახლეობა გამოგვიკვება, ატომური პროექტის დაჩქარებულ, წარმატებით რეალიზაციაშიც დიდად დაგვეხმარა. ამასთან ერთად, ყალბი ფულის დივერსიით, დიდ ზიანს ვაყენებდით ჩვენს ყოფილ მოკავშირეებს და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო...“
ეგრეთ წოდებული, შვიდწლიანი „ყალბი ფულის ეპოპეისას“ („ცეერუს“ შეფის, ალენ დალასის ტერმინი) ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ათეულმილიარდობით ყალბი ვალუტა შეიტანეს და მხოლოდ მას მერე „მოიქაჩლეს თავი,“ ზემოხსენებული ქვეყნების (ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატების) მთავრობებმა, ეს ფაქტები (ვალუტების ფალსიფიკაცია) ხრუშჩოვის წყალობით რომ გახდა მათთვის ცნობილი.
ვენიამინ სუროვცევი წერდა: „ლეფორტოვოს ციხის ერთადგილიან, სიკვდილმისჯილთა საკანში ვიჯექი. ზოლიანი უნიფორმა მეცვა. სასიკვდილო განაჩენი უკვე გამოტანილი მქონდა და დახვრეტას ველოდი. ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვფრთხებოდი და მეგონა, დასახვრეტად უნდა წავეყვანეთ. რომ დამიჭირეს, 124 კილო ვიყავი. ორ თვეში 67 კილომდე ჩამოვედი და ბოლოში 57 გავხდი. ერთ დღეს კვლავ დამფრთხალი ვუსმენდი დერეფანში მომავალი ადამიანის ნაბიჯებს. თუმცა, ჩემმა გამახვილებულმა სმენამ ორი ხმა გაარჩია – ერთი იყო „ნადზორის“ ჩექმების კაკუნი, მეორე კი – ბევრად რბილი ხმა. „ორნი არიან და ნეტავ რა ხდება?“ – შიშით გავიფიქრე და ღმერთს შველა ვთხოვე. ნაბიჯები ჩემს საკანთან შეწყდა. ცოტა ხანში, მძიმე კარგი გაიღო და ზღურბლზე ლავრენტი ბერია დავინახე, რომელიც ყურადღებით მათვალიერებდა. ბერიას დანახვამ იმედით ამავსო, რადგან გონებამ მიკარნახა, ასეთი მაღალჩინოსანი დასახვრეტად არ მომაკითხავდა. რადგან ის საკანში მეწვია, ესე იგი, სერიოზული საქმე აქვს... ანუ, გადავრჩი-მეთქი.
– ვენიამინ ნათანოვიჩ! – მითხრა ბერიამ, – განახევრებულხართ ციხეში. სურათებზე სრული ადამიანი ჩანხართ (ბერია საკმაოდ მსუქანი იყო), – და საკანში შემოვიდა. ღიმილით მუცელზე დაიდო ხელი და დააყოლა, – მეც ხომ არ ჩავჯდე ორი-სამი თვით აქ, ეს ქონი რომ მოვიცილოო...
ერთი სიტყვით, ბერიამ მითხრა, რომ საიდუმლო პროექტისთვის ვჭირდებოდი, ყველა ბრალდება გამიუქმდებოდა და დოსიეს გამისუფთავებდნენ. სამაგიეროდ, ყალბი გირვანქები და დოლარები უნდა მებეჭდა, რომლებსაც ვერავინ გაარჩევდა ნამდვილისგან.
– შეძლებთ? – მკითხა ბერიამ.
– შევძლებ, – მივუგე და შვებით ამოვისუნთქე, რადგან მივხვდი, რომ გადავრჩი.
ლავრენტი ბერია გენიალური ადამიანი იყო და საბჭოეთისთვის იმდენი სასიკეთო რამ გააკეთა, მის მკვლელ შეთქმულებს არც კი დაესიზმრებოდათ“.
ბერიას დადანაშაულება საბჭოთა მართლმსაჯულების მხრიდან, ყალბი ვალუტის ბეჭდვაში იგივეა, მარშალი ჟუკოვი რომ დაედანაშაულებინა იმავე თემიდას, ბერლინის აღებაში...
1953 წლის დეკემბერში ბრიტანულ-ამერიკულ დაზვერვას უკვე ხელთ ჰქონდათ ბერიასთვის წაყენებული ბრალდების სრული ტექსტი და შოკირებულები იყვნენ. მათ სასწრაფოდ დაიწყეს ყალბი კუპიურების ძებნა, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწიეს და იძულებულები გახდნენ, ფულის დიდი მასა ამოეღოთ და ეკონომიკა, რომ იტყვიან, გაესწორებინათ. სამაგიეროდ, ანგლო-ამერიკულმა დაზვერვამ წარმატებით დაარღვია საბჭოთა კავშირში საქონლის არალეგალური ტრანსპორტირების ის წარმატებული სქემა, რომელიც ბერიას ძალისხმევით ფუნქციონირებდა და ძალზე ეფექტური იყო.“