კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 რატომ აკრძალა სტალინმა მკვლევართა შეშვება ლენინის პირად არქივში

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

პროფესორი ანტონ პავლენკო წერს: „ყოვლისმაკონტროლებელმა სტალინმა, რომელიც „ჩეკას“ სადავეებს კარგად ფლობდა, მშვენივრად უწყოდა თავისი ხელქვეითების ცხოვრების ყველა დეტალი – ყველა მათგანის დოსიე პირად არქივში საიმედოდ ჰქონდა გამოკეტილი. დროდადრო კი, ამ წითელი საქაღალდეების შიგთავსს „თავში ავარდნილი“ კოლეგის წინააღმდეგ იყენებდა და თუკი მათ ვნებებს მაინც ვერ დააცხრობდა (პირისპირ შეხვედრისას), მაშინ ამ საქაღალდეებში მოყვანილ, უტყუარ ფაქტებს „სვლას აძლევდა,“ მერე კი „თავში ავარდნილებს“ ან აპატიმრებდნენ და ხვრეტდნენ, ან პარტიიდან რიცხავდნენ და „თამაშგარე“ ტოვებდნენ. ბელადი განსაკუთრებით კარგად იცნობდა ძველი ბოლშევიკების ყოფას. მათ, ვისთან ერთადაც, არაერთი წელი ჰქონდა გატარებული არალეგალურ სარბიელზე და მათ შესახებ ინფორმაციები წითელ საქაღალდეებში პირადადაც კი შეჰქონდა ხოლმე. სტალინს არც პროლეტარული რევოლუციის ბელადის, ლენინის ყოფა-ცხოვრება გამოჰპარვია და ილიჩზეც (ლენინზე) ჰქონდა სრული დოსიე. მართალია, მასაც წითელ საქაღალდეში ინახავდა, მაგრამ ცალკე, ცეცხლგამძლე სეიფში ჰქონდა გამოკეტილი. სტალინის ქალიშვილი, სვეტლანა თავის მემუარებში წერდა: „დედის დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე, ჩემი მშობლები კინკლაობდნენ ხოლმე ერთმანეთში და ჩხუბობდნენ კიდეც. ბავშვი ვიყავი და ბევრი რამ მაშინ არ მესმოდა. მათ ჩხუბს არაერთხელ შევსწრებივარ და მამა ყოველთვის სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა. დედა კი „აწვებოდა“ და რაღაცის დამტკიცებას ცდილობდა. მამა ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ დედა მაინც თავისაზე იდგა ხოლმე. ასეთ დროს მამას ან სიტყვიერი, ან სულაც, დოკუმენტური ფაქტები მოჰყავდა და მხოლოდ მაშინ იხევდა დედაჩემი უკან. დედის თვითმკვლელობამდე ერთი თვით ადრე, მშობლების ჩხუბს ისევ შევესწარი. ღამე იყო და დედაჩემის ხმამაღალმა ლაპარაკმა გამომაღვიძა.
– არ გრცხვენია, მათზე როგორ მიგაქვს ეჭვი. ისინი ხომ გამოცდილი, გამობრძმედილი ბოლშევიკები არიან და ერთად არაერთი წელი გაქვთ იატაკქვეშეთში გატარებული. ილიჩი (ლენინი) რომ ცოცხალი იყოს, აუცილებლად შეგახურებდა! ყვიროდა დედა (უკვე წლების მერე გავიაზრე, რომ დედა მამას ოპოზიციონერი ბოლშევიკების დაპატიმრების გამო ეჩხუბებოდა).
ლენინის ხსენებაზე მამას ირონიულად გაეცინა და მიუგო:
– ილიჩი შენ წმიდანი ხომ არ გგონია? გგონია, ხომ? ეს მე ავიყვანე ის ასეთ რანგში. სინამდვილეში კი, ლენინი ისეთივე სიბარიტი (კომფორტის მოყვარული) „ბაბნიკი“ და დაუნდობელი, ეჭვიანი ადამიანი იყო, როგორც ყველა ბოლშევიკი.
– ცრუობ! – ისტერიკულად იკივლა დედამ.
მამა სეიფთან მივიდა და იქიდან წითელი საქაღალდე გამოიღო. დედას წინ დაუდო და უთხრა:
– გაეცანი ამას. აქ შენი კერპის გმირობებია და თუ კიდევ მეტყვი, რომ ვცრუობ, მაშინ ვერაფერს მოგიხერხებო.
დედა კითხვას შეუდგა. მამამ კი დამინახა, ხელში ამიყვანა და კვლავ საწოლში დამაწვინა...“
„ლენინის წითელი საქაღალდის შიგთავსზე კი ვიაჩესლავ მოლოტოვის მეუღლე, პოლინა ჟემჩუჟინა ყვებოდა: „მე და ნადია (სტალინის ცოლი) უახლოესი მეგობრები ვიყავით. თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ნადია ჩემთან იყო სტუმრად. მარტონი ვიყავით. ის საკმაოდ გულაცრუებული ჩანდა და საუბრისას მითხრა:
– პოლია, იცი, რომ თურმე არც ლენინი ყოფილა მორალისტი, ბოლომდე კეთილშობილი და ილიჩის სახე, რომელსაც ჩვენ ლიტერატურიდან და კინოდან ვიცნობთ, ტყუილიაო.
ნადია ლენინის მდივანი იყო კარგა ხნის განმავლობაში. მისმა სიტყვებმა გამაოცა და ვუთხარი:
– ნადენკა, შენ ხომ ილიჩის მდივანი იყავი კარგა ხანს. მას ახლოს იცნობდი. ყოველთვის აღმერთებდი და ასე რატომ ლაპარაკობ-მეთქი?
– ვცდებოდი, პოლია.
– ცდებოდი? იქნებ ახლა ცდები?
– არა, პოლია. იოსებს (სტალინს) წითელი საქაღალდე აქვს. იქ ლენინზე ბევრი რამ წერია და სრულად წამაკითხა ის ჩემმა ქმარმა. გარწმუნებ, იქ (საბუთებში) ილიჩი წმიდა და მორალურ ადამიანად სულაც არ გამოიყურება.
– რას ამბობ, ნადენკა? – ვთქვი მე.
ნადიას ჩაეცინა და მითხრა:
– იცი, რომ ილიჩს სიფილისი სჭირდა?
– სიფილისი? – გავიმეორე მე. ამ დროს სახლში ჩემი მეუღლე დაბრუნდა. ჩვენ გავჩუმდით. ცოტა ხანში კი, ნადიამ თავი მოიკლა და წითელი საქაღალდის საიდუმლოება საფლავში ჩაიტანა“.
წითელი საქაღალდის შიგთავსს სტალინი მკაცრად ასაიდუმლოებდა და 1935 წელს, მან კატეგორიულად აკრძალა ლენინის პირად არქივში მკვლევრების დაშვება. საქმე ის გახლდათ, რომ არქივში, რომელიც ლენინის მუზეუმშია დღემდე განთავსებული, რევოლუციის ბელადის ნამდვილი ბიოგრაფიაა ასახული დოკუმენტურად და ეს მასალები რომ გამოემზეურებინათ, ბელადს (ლენინს) ჩამოსცილდებოდა ის ჰეროიკულ-მორალური იმიჯი, რითაც ის სტალინმა შემოსა და ილიჩის სახე დაუხატა ასეულ მილიონობით ადამიანს მთელ მსოფლიოში.
მწერალი კონსტანტინე სიმონოვი ის იშვიათი გამონაკლისი გახლდათ, ვინც გასული საუკუნის 60-იან წლებში ლენინის პირად არქივთან დაუშვეს. სიმონოვი თავის დღიურებში წერდა: „ლენინის არქივში მუშაობისას პირველად იმან დამშოკა, რომ თურმე, ილიჩს განუკურნებელი სიფილისი სჭირდა და ცოცხლად ლპებოდა. ასევე, გავიგე ისიც, რომ თურმე, ჩვენს ბელადს უამრავი საყვარელი ჰყოლია. ქალებს სიტყვებით აბრუებდა. მათ ქონებას სძალავდა და მიუხედავად იმისა, რომ დიდ ნაწილს ბოლშევიკურ მოძრაობას ახმარდა, არანაკლები თანხებით საკუთარ, კომფორტულ ცხოვრებას იწყობდა ემიგრაციაში. დადასტურებული ფაქტია ისიც, რომ ოქტომბრის გადატრიალება 1917 წელს, ლენინმა გერმანული დაზვერვის ფულით განახორციელა. ახლა ვხვდები, თუ რატომ არ დამრთო ნება სტალინმა 1947 წელს, რომ ილიჩის არქივში მემუშავა. როცა მას ეს თხოვნა გამოვუცხადე, სტალინმა მითხრა:
– ჯერ ადრეა ილიჩის არქივის გახსნა. ლენინზე წერეთ ის, რასაც ჩვენ ოფიციალურად ვქადაგებთ. ლენინის ცხოვრების პატარ-პატარა ნიუანსების გახსნა კი, მომავალი თაობების ხვედრია. ამას დრო სჭირდება და 60-70 წელი მაინც უნდა გავიდესო.
სტალინისთვის მეტი აღარ მითხოვია ლენინის არქივში მუშაობა. თუმცა, ინტერესი ასმაგად გამიცხოველდა...“
 როგორც, თითქმის ყოველთვის, სტალინმა ზუსტად „გაარტყა“ და ლენინის არქივი 65 წლის შემდეგ გახდა ხელმისაწვდომი სპეციალისტებისთვის. ბევრი რამ გაირკვა ილიჩის შესახებ და ის ისეთი მიმზიდველი აღარ ჩანს, როგორსაც სტალინი ხატავდა. თავად სტალინს კი, ლენინის ჰეროიკულ-მორალური სახე, უპირველესად, იდეოლოგიური კუთხით სჭირდებოდა და ყოველმხრივაც ამიტომ განადიდებდა მას. ეს, ალბათ, ასე იყო, მაგრამ მაშინ რატომ არ გაანადგურა სტალინმა ლენინის მაკომპრომეტირებელი საბუთები? ძნელი სათქმელია. მაგრამ, უნდა ვივარაუდოთ, რომ სტალინმა ლენინის ნამდვილი სახე წმინდა ისტორიული მოსაზრებებით შემოინახა. ეს, ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი, ვინ იცის, იქნებ „შავი დღისთვის“ ინახავდა ილიჩზე კომპრომატს და აბუნტებული ხელქვეითების შემოსევას ელოდა, რომ ეს იერიში ილიჩის კომპრომატებით მოეგერიებინა.
скачать dle 11.3