№43 როგორ სულიერ მდგომარეობაშია თანამედროვე ქრისტიანი და რა შემთხვევაში ცხონდება არაეკლესიური ადამიანი
დღეს, სამწუხაროდ, ხშირად ამბობენ სასულიერო პირებიც და მრევლიც, რომ ეკლესიიდან ძალიან ბევრი მიდის. იმ მოვლენებმა, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება, ადამიანები დააშორა არა მხოლოდ ეკლესიას, არამედ ღმერთსაც. ამის მიზეზი კი მხოლოდ მიმდინარე მოვლენები არ შეიძლება, იყოს. თუმცა, ამ ყველაფრის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება, ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– დღეს, სამწუხაროდ, დაიწყო მიგრაცია, ხალხი მიდის ეკლესიიდან. ამაზე ბევრი მღვდელი ლაპარაკობს ჩემთან. ამბობენ: ეს სოციალური ქსელის ბრალია, მე ყველაფერს ვაკეთებ, ისინი კი მაინც მიდიანო. ეს ყველაფერი, ვფიქრობ, დრომ მოიტანა. იესო ქრისტე, განკაცებული ღმერთი, ამბობს: როდესაც მოვა ძე კაცისა, ნახავს კი რწმენას დედამიწაზე? ანუ, გარკვეულ ადამიანებში იქნება შემორჩენილი რწმენა. ძალიან ბევრ ქვეყანას, მათ შორის, ჩვენც, გვაქვს პრეტენზია, რომ გავბრწყინდებით და ამ ხიბლის მდგომარეობაში იმყოფება ძალიან ბევრი „მართლმადიდებლური“ ქვეყანა. ქრისტე სულ სხვა რამეს ამბობს: სარწმუნოება იქნება რამდენიმე ათეულ ადამიანში, რომლებიც მხოლოდ საქართველოში კი არ იქნებიან, არამედ სხვადასხვა კონტინენტზეც. ვინც ფიქრობს, რომ საქართველო გაბრწყინდება და სხვა ქვეყნები ჯოჯოხეთისთვისაა განწირული, მას არაფერი ეშველება არც ამქვეყნად და არც იმქვეყნად. ეკლესიას ასეთი სწავლება არ აქვს. მაშინ იესო ქრისტე იტყოდა: გაბრწყინდებიან ქართველები, გაბრწყინდებიან ბერძნები, რუსები, ებრაელები – მსგავსი რამ არ უთქვამს. ქრისტემ თქვა: ყველამ უნდა შევინანოთ, ვირწმუნოთ სახარება და დავიმკვიდროთ სასუფეველი ცათა – ეროვნებებზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. პავლე მოციქული ამბობს ძალიან კარგად: ქრისტეში იუდეველი, წარმართი აღარ არსებობს, ყველა ვართ ერთი. ჩვენ ის დაგვრჩენია, როცა ეკლესიაში მოვდივართ, დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა მდგომარეობაში ვიმყოფებით.
– როგორია დღეს ეკლესიაში მოსიარულე, მორწმუნე ადამიანების სულიერი მდგომარეობა?
– პაისი ათონელი ამბობს თავის ქადაგებაში: შეიძლება, ყოველდღე ეკლესიაში იყო, კარგი მეგობრებიც გყავდეს, მათ შორის, მღვდლები, მონაზვნები, მოწყალებას გასცემდე, მაგრამ თუ შენში სულიერი მოუსვენრობა არ არის, მაშინ არაფერი გეშველება. როცა ადამიანს ჯანმრთელობა შეერყევა, ყველაფერს გაყიდის, ფულს იშოვის და წავა გამოკვლევებზე. ასეთ დროს ის ხორციელი სიამოვნების შეგრძნებსაც კი კარგავს და მერე, თუ ექიმი ეტყვის: ყველაფერი კარგადააო, აგრძელებს ხორციელ ცხოვრებას. მაგრამ, თუ ექიმი გეტყვის, რომ კიდევ გჭირდება კვლევების ჩატარება, მაშინ დაღონებული აგრძელებ სევდიან ცხოვრებას. ადამიანი მოდის ეკლესიაში და მოძღვარი ეუბნება: ცოდვილი ხარ, მომაკვდინებელი ცოდვები გაქვს, თუ ამ მდგომარეობაში დარჩები, ვერ ცხონდებიო. მაგრამ, შენ მაინც ელოდები, როდის გეტყვის ექიმი ცუდად ხარ, ელოდები, ანალიზების პასუხი კარგი იქნება თუ ცუდი, რომ უფრო მეტად დასევდიანდე, ან დამშვიდდე. ჩვენ, ყველანი, როგორც სიმონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს: ხიბლში ვართ. დღეს რომ ყველა გარდავიცვალოთ, ჯოჯოხეთში მოვხვდებით – აი, ეს არის ჩვენი ანალიზის პასუხები. ამწუთს რომ გარდავიცვალოთ, ვერავინ ცხონდება. დღეს სხვაა ცუდად, ხვალ შენ იქნები, ზეგ კიდევ სხვა, იმიტომ რომ, დაცემული ბუნება გაქვთ, არ იცნობთ თქვენს ღმერთს. ეკლესიაში, იცი, რატომ მოდიხართ? – რომ ხვალ უნდა იმშობიარო, რომ შენი ბიზნესი კარგად იყოს, სახლში რაღაც ვერ არის კარგად და გინდა, დალაგდეს. როცა ეკლესიაში მოდიხარ, მხოლოდ უფალთან შეხვედრა უნდა გინდოდეს, ილოცო და მასთან ერთად იყო. თუ უფალთან შესახვედრად არ მიდიხარ ეკლესიაში, არ გაქვს ეს გრძნობა, ღმერთი არ მოგისმენს. უფალმა გითხრა: უარყავ თავი შენი, აიღე ჯვარი და შემომიდექი მე. არავინ გიყვარდეს ჩემზე მეტად. არ მთხოვო ამქვეყნიური არაფერი, ვიცი, რა გჭირდება და მოგცემ. ეძებე სასუფეველი ცათა და სიმართლე მისი, დანარჩენი ყველაფერი მოგეცემაო. როცა ეკლესიაში რაღაც მიზნით მიდიხარ: წავალ ახლა, სანთელს დავანთებ და ეს უნდა ვთხოვოო. მერე ვერ იღებ და ბოროტდები, მრისხანებაში ვარდები და უარესი წარმართი ხდები, ვიდრე იყავი. სწორედ ეს არის ქრისტიანული წარმართობა. როცა მიიღე გადაწყვეტილება, წახვიდე ეკლესიაში, სათხოვარი გადადე გვერდით – დიდი ხნის უნახავი ღმერთი უნდა ნახო, რომელიც გინდა, რომ შემოვიდეს შენში, გითხრას: ჩემო შვილო, მოვედი ჩემთან რამეთუ მშვიდ და მდაბალ ვარ გულითა, ისწავლე ჩემგან, განისვენე ჩემში. თუ ღმერთზე არ ხარ მიკედლებული, დაგინგრევენ სატრაპეზოსაც, იმ კელიასაც, სადაც ცხოვრობ, მაგრამ ღმერთს ვერავინ წაგართმევს. „ციანიდის საქმე“ კი არა, პატრიარქზე რომ თქვან, ყველაზე ცუდი კაციაო, ღმერთს მაინც ვერავინ წაგართმევთ, რა თქმა უნდა, თუ ამის სურვილი გექნებათ და რაც მთავარია, მზაობა. ღმერთთან იმდენად ახლოს უნდა იყოთ, ადგილი არ დარჩეს იმისთვის, რომ შუაში ვინმე ჩადგეს, ან გაძვრეს და გამოძვრეს. მაგრამ, ჩვენ შორის იმდენი ადამიანია, იმდენი ნივთია ჩაყრილი, რომ ღმერთი ამიტომაც არ არის ჩვენთან. ვითხოვთ: სახლი მაყიდინე, გამაყიდინე, ეს გამაკეთებინე. ღმერთი კი სხვა რამეს გვეუბნება: ვიცი, რა გჭირდება, მაგრამ შენ ის არ იცი, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ხარ. შეიძლება, დღეს სული ამოგხადონ და თვალი იმ მდიდარივით, სახარებაში რომ არის, ჯოჯოხეთში აახილოთ. ამიტომ, მიიღეთ სულიერი ენერგია ეკლესიაში.
– ბევრი ადამიანი იმიტომ არ დადის ეკლესიაში, რომ ფიქრობს, ბევრ რამეზე მოუწევს უარის თქმა, სხვადასხვა დოგმა, წესები უნდა შეასრულოს და ამისთვის არ არის მზად.
– არ გინდა, რომ შენზე თქვან ცუდი, ნუ იტყვი ცუდს სხვაზე; არ გინდა, რომ განგიკითხონ, ნუ განიკითხავ სხვას; არ გინდა, რომ შენს ცოლზე თქვან ცუდი, ნუ იტყვი სხვის ცოლზე ცუდს; არ გინდა, რომ ვინმემ დაგაყაჩაღოს, მოგპაროს, შენ არ დააყაჩღო სხვა – ამას ჰქვია სახარების ოქროს კანონი. ვინც ამას შეასრულებს, ის არის ქრისტიანი. რამდენჯერაც გინდა ეზიარო და წირვა მოისმინო, თუ ამ დროს მტაცებელი მგელი ხარ, რა აზრი აქვს ამ ყველაფერს. ამ დროს ადამიანი ეკლესიაში არ დადის, კეთილია, არ განიკითხავს, არ არის შურიანი, ცუდს არ აკეთებს, წესიერი, თავმდაბალია – ისინი ცხონდებიან, მოვლენ ეკლესიაში და ჩვენ წავალთ. ძალიან მარტივია ღმერთი, ქრისტიანობა, თუ შენს სულში მიიღებ იესო ქრისტეს. მაგრამ, ძალიან რთულია დოგმების შესრულება, მცნებების დაცვა თუ ყველაფერს ფარისეველივით შეასრულებ: სანთელი უნდა დაანთო მარჯვენა ხელით, ტაძარში რომ შემოხვალ, უნდა შებრუნდე მარჯვნივ, მესანთლეს თავი უნდა დაუკრა, სტიქაროსანს უნდა გაუღიმო, მამასგან კურთხევა უნდა აიღო: გაგიჟდები, დაიღლები. ეს არავის დაუდგენია, ჩვენ დავადგინეთ. სამაგიეროდ, არ ვასრულებთ იმას, რაც ღმერთმა დაადგინა, მაგრამ, რაც ადამიანმა დაადგინა, იმას ვასრულებთ: აქ არ გაიარო, გაეთრიე ეკლესიიდან შარვალი გაცვია, რას ჰგავხარ. კი არ ეტყვიან: ხომ არ გინდა, მოძღვართან ურთიერთობა? რომელ მოძღვარს დავუძახო? არა, ისეთი სახით უყურებენ, რომ გაიქცევა ადამიანი ეკლესიიდან. ზოგს ისიც ჰგონია, რომ მართლმადიდებლობა მოძველდა. არ დაგავიწყდეთ და იცოდეთ, რომ ქრისტიანობა ყოველთვის თანამედროვეა. არ შეიძლება, ქრისტიანობა პირველ საუკუნეში ყოფილიყო სხვანაირი და დღეს – სხვანაირი. სწვალებაა იესო ქრისტესი: ისე მოექეცი სხვებს, როგორც შენ გინდა მოგექცნენ – შეიძლება, ამ სწავლებამ დროს ვერ გაუძლოს? იცოდეთ, რომ ღმერთი ღვთისმსახურებას ითხოვს ჩვენგან. მღვდელი მღვდელმსახურია, დანარჩენები ყველანი ღვთისმსახურები ხართ. ადამმა დაკარგა სამოთხეში ღვთისმსახურება და ღმერთი ითხოვს თქვენში ღვთიმსახურების აღდგენას. ადამიანები ჩემგან ითხოვენ დახმარებას და მე, ღმერთის სიყვარულიდან გამომდინარე, ვეხმარები მათ და არა პატივმოყვარეობიდან გამომდინარე. ღმერთიდან გამომდინარე მიყვარს ჩემი ცოლი, ქმარი და ვეხმარები სხვებს – ეს არის ღვთისმსახურება და არა მაგიურად ვეზიარე ქრისტეს. ხომ უნდა გახსოვდეს ვის ეზიარე? ვეზიარე იესო ქრისტეს, რომელიც სიყვარულის, თავმდაბლობის, სიკეთის ღმერთია და შენ თუ მას ეზიარები, რატომ ხარ ბოროტი, ამპარტავანი, შურიანი, რატომ არ გიყვარს ადამიანები? შენ თუ არ გიყვარს, შურიანი, ბოროტი ხარ, ყველაფერი ჩერდება, ღმერთი გშორდება. უფრო სწორად, შენ შორდები ღმერთს, რადგან ღმერთი სიყვარულია და სიყვარული თუ არ გაქვს, შენთან რა უნდა ღმერთს. თუ გინდათ, რომ თქვენი აზროვნება, ღვთისმეტყველება იყოს თანამედროვე მაქსიმე აღმსარებელი, სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი და გრიგოლ პალამა იკითხეთ, სამი დიდი წმიდანი, რომელთა ქადაგება ყოველთვის თანამედროვეა.