№43 რა კომპლექსებს უჩენს ქალს ღალატი და როგორ უნდა გამოვიდეს ის კრიზისიდან
ღალატი მარადიული თემაა და მისგან წამოსული არაერთი პრობლემა ბევრ ადამიანს ურთულებს ცხოვრებას: იმას, ვინც უღალატა, ვისაც უღალატეს და ამ ორის გარშემო მყოფ ადამიანებს. ზოგჯერ ჯაჭვი გრძელია და უამრავი რგოლისგან შედგება. სიტუაციები რთულდება. გამოსავალი თითქოს არ ჩანს, დეპრესია, ნერვიულობა, უძილობა... ზოგიერთი ღალატისგან მიღებულ სტრესს „პატარა გარდაცვალებასაც“ კი უწოდებს. ამ დროს ვიღაცამ უნდა შემოგიძახოს და გითხრას, რომ ცხოვრება გრძელდება.
ნატო (37 წლის): საშინელებაა, ცხოვრება გულში „ხვრელით“, რომელიც აუტანელ ტკივილებს განგაცდევინებს. თითქოს სუნთქვა გიჭირს, ჰაერი არ გყოფნის და ლამის იხრჩობი. აი, ეს არის ღალატი. როგორ მინდა, ერთხელ ჩემმა ქმარმაც გამოსცადოს ეს საშინელება, მაგრამ საკუთარ თავს ვერ გადავახტები, სხვა კაცთან ვერ დავწვები. არ ვიცი, ეს ცუდია თუ კარგი, მაგრამ რეალობას ვერ შევცვლი.
– გინდათ, რომ შეცვალოთ?
– მინდა, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, საკუთარ თავს ვერ ვაჯობებ. ვერ გავაკეთებ იმას, რაც ჩემში არ „ზის“, რაც უცხოა და მიუღებელი. პატარა გოგო არ ვარ და ბევრი წყვილის ურთიერთობის ამბავიც მომისმენია. მეგონა, რაღაც გამოცდილება მქონდა ამ საქმეში. თან, არასდროს შემპარვია ეჭვი ჩემს ქმარში. შეიძლება, ფიქრობთ, რომ ასეთი ნდობით თავად ჩავიყენე თავი მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ნდობის გარეშე ცოლქმრობას აზრი არა აქვს.
– ახლაც ამას ფიქრობთ?
– დიახ და აზრს ვერაფერი შემაცვლევინებს. თუ ახლა ჩემს ქმართან ვცხოვრობ და არ გავეყარე, ეს ჩემი არჩევანი არ არის. ბევრი მიზეზია, რომელთა გამოც, ყველაფერს არ ვანგრევ.
– შვილები, მატერიალური პრობლემები? უსახლკაროდ დარჩენის შიში?
– შვილები – თავისთავად. მათ ნორმალური, სრულფასოვანი ოჯახი სჭირდებათ. ჯერ ისევ პატარები არიან და ბევრ რამეს ვერც გაიგებენ. არც მინდა, რომ გაიგონ. დედაც უყვართ და მამაც, ვერ წარმოუდგენიათ ჩვენ შორის კონფლიქტი. ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, საკუთარი თავის ხელში ასაყვანად, რომ მათთვის შეუმჩნეველი ყოფილიყო ჩემს თავს დატეხილი უბედურება.
– ღალატი უბედურებაა?
– ძალიან დიდი უბედურებაა, სასიკვდილო დიაგნოზია. არ ვიცი, შეიძლება, ვინმე სხვანაირად ფიქრობს, მაგრამ მე ისეთ კრიზისში აღმოვჩნდი და ისეთი სიმპტომები მქონდა, როგორც მძიმე ავადმყოფს. სიცოცხლე აღარ მინდოდა. ახლა გამოსული ვარ მდგომარეობიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კარგად ვარ. ღალატი ქრონიკული დაავადებასავითაა – არ რჩება, უბრალოდ, რემისიის პერიოდები დგება, რომ არ მოკვდე. გულში მოუშუშებელი ჭრილობა მაქვს, რომელსაც ჩემი ქმრის „დამნაშავის მზერა“ ვერ შეახორცებს. აღარ გამოვა მასთან ისეთი ურთიერთობა, როგორიც მქონდა. შეიძლება, ძალიანაც მინდოდეს, მაგრამ ჩემი შელახული თავმოყვარეობა არ მომცემს ამის საშუალებას. სერიოზული კომპლექსებიც გამიჩინა.
– რა კომპლექსები?
– ქალების მიმართ ნდობა და პატივისცემა დავკარგე. ყველა უწესო მგონია. სადაც ერთმა მოინდომა ჩემი მიწასთან გასწორება, სხვას რა შეუშლის ხელს? იცით, როგორ გავიგე, რომ ქმარი მღალატობდა? საერთოდ რომ არაფერს ვეჭვობდი, სოციალური ქსელით ვიღაც ქალისა და ჩემი ქმრის ეროტიკული ფოტო-ვიდეო მასალა მივიღე, თავისი კომენტარებით – რომ მე ბრმა ვარ და პლუს, სულელი. თავი ჩირგვებში მაქვს შეყოფილი და რეალობის დანახვა არ მინდა. რომ ჩემი ქმარი ახლა მისი უფროა და მირჩევნია, მათ ურთიერთობას ხელი არ შევუშალო... მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა იყო. ლამის ენა ჩამივარდა. ისეთი ძლიერი იყო შოკი, რომ დავმუნჯდი. ოცდათხუთმეტი წლის ქალმა, ისე უმწეოდ ვიგრძენი თავი, რომ ტირილიც ვერ შევძელი. შიგნით ყველაფერი ამტკივდა, როგორც მძიმე ავადმყოფს. იმ წუთში მთელი ხმით ღრიალი მინდოდა, მთელ ქვეყანას რომ გაეგო ჩემი უბედურების ამბავი. როგორ აგიხსნათ – კაცი რომ სხვა ქალთან დაწვება, ეს ერთი უბედურებაა, მაგრამ საკუთარი თვალით რომ ნახავ, როგორ გაგასწორეს მიწასთან; შენი ყურით რომ მოისმენ, როგორ უხსნის სიყვარულს ვიღაც ქუჩის ქალს, კაცი, რომელსაც საკუთარ თავზე მეტად ენდობოდი, შეიძლება, მოკვდე. სამი დღის განმავლობაში, ნელ-ნელა ვკვდებოდი. მომდიოდა და მომდიოდა „გზავნილები“ იმ ქალისგან – შესაბამისი წარწერებით „დამშვენებული“ – თითქოს განმარტების გარეშე ვერ მივხვდებოდი, რასთან მქონდა საქმე.
– ქმარს არაფერი უთხარით?
– სამი დღე, როგორც მუნჯი, ისე ვიყავი და ჩუმად ვგლოვობდი. არაფერი ვთქვი, ხმა საერთოდ ვერ ამოვიღე. ჩემი „გამყიდველი“ ქმარი მიხვდა რაღაცას. ისიც ჩუმად, დაძაბული მაკვირდებოდა. მართლა არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა – წავსულიყავი ბავშვებით? მაგრამ, სად?. რა მეთქვა მათთვის, ბედნიერ ცხოვრებას რატომ მოგწყვიტეთ-მეთქი? უნდა ამერია მათთვისაც შეჩვეული და კომფორტული ყოველდღიურობა. მარტო მე გავქცეულიყავი? ქმარი მიმეგდო? ღირსი ნამდვილად იყო, მაგრამ მე ხომ მის სახლში ვცხოვრობდი. სულ გაჩუმებულიც ვერ ვიქნებოდი. ბოლოს ვუთხარი: იმდენი მაინც ვერ მოახერხე, შენს კახპას თქვენი უზნეობის დამადასტურებელი ნივთმტკიცებები ჩემთვის არ გამოეგზავნა-მეთქი? გაშტერდა – ისე მიყურებდა, როგორც დანაშაულში გამოჭერილი ქურდი. ჩემზე უსუსური იყო იმწუთას და მივხვდი, მარტოს უნდა გადამეტანა მთელი ეს კოშმარი. გამოსავალიც მარტოს უნდა მომეძებნა ამ დიდი კრიზისიდან. თითქმის ორი წელი გავიდა და ჩვენ ისევ უცხოებივით ვართ. ერთ სახლში ვცხოვრობთ და გარეგნულად არაფერს ვიმჩნევთ, მაგრამ მარტო რომ ვრჩებით, თვალებში არ ვუყურებთ ერთმანეთს. ვერ ვუშვებ ჩემამდე, თუმცა, მას აშკარად უნდა, მცდელობებიც აქვს. კომპლექსი მაქვს, რომ ისევ მიღალატებს. არ ვიცი, როგორ გავუმკლავდე ღალატისგან გამოწვეულ დეპრესიას. არადა, მინდა... მაინც მიყვარს ჩემი მოღალატე ქმარი.