კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 რატომ დამყარდა საქართველოში ენერგოკომპანიების დიქტატი მომხმარებელზე და რატომ თამაშობს არბიტრი, ანუ სემეკი, მომხმარებლის წინააღმდეგ

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

 მართალია, საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ოფიციალურ ელექტრონულ გვერდზე გამოქვეყნებულია საქართველოში ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე დაწესებული ტარიფის გამოყვანის მეთოდოლოგია, თუმცა იმდენად სპეციფიკური ენით, რომ მომხმარებელი მასში ვერც გაერკვევა და რომ გაერკვიოს კიდეც, მაინც ვერ დაადგენს, ეს ფორმულა სამართლიანია თუ არა. მეორე მხრივ, არც ის ინფორმაციაა გამჭვირვალე, ბოლოს და ბოლოს, რა ფასად და ვისგან შევიძენთ ბუნებრივ აირს და როგორია გაზის ტარიფის მდგენელები. ანალოგიური ვითარებაა ელექტროენერგიის შემთხვევაშიც, ვერსაც ნახავთ თავმოყრილს, ოფიციალურ ცნობებს, თუ რამდენ კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს ესა თუ ის ადგილობრივი ჰესი, რამდენია იმპორტირებული და როგორ დგინდება შუქის შეწონილი ტარიფი. ეს ბუნდოვანება (და არა მხოლოდ ეს) ბადებს ეჭვს, რომ სემეკის დახმარებით, ენერგოკომპანიები ზედმეტ ფულს იჯიბავენ საქართველოს მოსახლეობისგან. თუ რამდენს და რატომ, ამ თემას ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძესთან ერთად განვიხილავთ.
– განვითარებულ ქვეყნებში სავსებით გამჭვირვალეა ინფორმაცია ენერგოტარიფების შესახებ. ჩვენთან რატომ ავიდა ეს საკითხი სახელმწიფო საიდუმლოების რანგში?
– ენერგეტიკის სექტორი საბაზრო ეკონომიკის სპეციფიკური სექტორია, იმიტომ რომ, თავისუფალ საბაზრო სტიქიაში ვერ ხვდება. ეს არის ბაზარი, რომელიც თითქმის ყველა ქვეყანაში რეგულირების ობიექტია. მასში სახელმწიფო, ამა თუ იმ ფორმით, ერევა და თამაშის გარკვეულ წესებს უწესებს ენერგოკომპანიებსაც, მწარმოებლებსაც და მოსახლეობასაც. თუ ზოგადად შევხედავთ საკითხს, ამ რეგულირებისადმი საზოგადოების პრეტენზიები გაცილებით მეტია, ვიდრე სტიქიური ბაზრისადმი, რომელზეც მოთხოვნა-მიწოდებით ყალიბდება ფასები. ეს აჩენს გარკვეულ სკეფსისს, რომ რეგულირების მექანიზმები ბოლომდე ეფექტიანი არ არის და რაღაც აკლია ამ პროცესს. მეტი ძალისხმევა და მეტი ტრანსფარენტულობაა საჭირო იმისთვის, რომ მოსახლეობამ ბოლოს და ბოლოს მიიღოს სწორი პასუხი, რამდენი ჯდება და რამდენი უნდა გადაიხადოს. მიუხედავად ფასების ფანტასტიკურად მაღალი ზრდისა ნებისმიერ საქონელზე, გასული საუკუნის 90-ანი წლებიდან მოყოლებული, საზოგადოებას ამის მიმართ არ გასჩენია პროტესტის გრძნობა, მაგრამ პროტესტის გრძნობა შლეიფივით მოჰყვება ენერგოტარიფების ზრდას.
– იმიტომ რომ, არ ვიცით, რა და როგორ ხდება და ასეთ დროს ადამიანს ეჭვი ყოველთვის ცუდზე აქვს.
– დაფარული აჩენს ხოლმე დამატებით კითხვებს. კიდევ ერთი მომენტია: ენერგობაზარი რეგულირდება, ხოლო ეკონომიკის ნებისმიერ სფეროში ის პოულობს მეტ სარგებელს, ვინც მანიპულირებს ამ რეგულირების ბერკეტებით. ანუ ვისზეცაა დამოკიდებული შესაბამისი მარეგულირებელი ღონისძიებების გატარება. რადგან მარეგულირებელი კომისიის ხელშია კარტბლანში და ის იყენებს ამ ბერკეტებს, სწორედ ეს აჩენს კითხვებს. ეს ზოგადი მომენტია, თუმცა საქართველოში ბევრი ისეთი პროცესი იკვეთება, რაც სხვა ქვეყნებისთვის არ არის მისაღები. ჩვენთან, როგორც წესი, იურიდიული პირებისთვის გნებავთ, დენის, გნებავთ, ელექტროენერგიის ტარიფი, გაცილებით მაღალია, ვიდრე ფიზიკური პირებისთვის. ეს თითქოს მოსახლეობაზე ზრუნვითაა გამოწვეული, მაგრამ, თუ ეკონომიკას განვიხილავთ, როგორც კვლავწარმოებით პროცესს, აღმოვაჩენთ, რომ ძვირი ენერგეტიკული რესურსი წარმოებისთვის, ნიშნავს გაძვირებულ საქონელს, მისი თვითღირებულების ზრდას, კონკურენტუნარიანობის დაცემას და, შესაბამისად, შედარებით, ნაკლები პროდუქციის გამოშვებას. შედარებით ნაკლები პროდუქციის გამოშვება და დაბალი კონკურენტუნარიანობა კი ნიშნავს, რომ  გაცილებით ნაკლები ადამიანი იქნება დასაქმებული, ნაკლები მიიღებს ხელფასს და ნაკლები გავა ბაზარზე რამის შესაძენად. ანუ ჩვენ უნდა გვეშინოდეს არა ენერგეტიკული ტარიფების გაზრდის, არამედ ეკონომიკის არაკონკურენტუნარიანობის. თუ მოსახლეობას შემოსავალი არ ექნა, ხუთი თეთრიც რომ იყოს ტარიფი, მაინც ვერ გადაიხდის. მაგალითად, ევროკავშირში მრეწველობისთვის ენერგოტარიფი მოსახლეობის ტარიფის 50-55 პროცენტია, ჩვენთან კი, სულ ცოტა, 25 პროცენტით უფრო ძვირია. ესეც არასწორად მიგვაჩნია. იგივე ითქმის გაზის ტარიფზე. ჩვენთან მოსახლეობისთვის გაზის ტარიფი თითქმის იმის ეკვივალენტია, რა ფასადაც ყიდულობს საქართველო ბუნებრივ აირს, მაგრამ მრეწველობისთვის გაცილებით ძვირია, თუმცა მოსახლეობა შემოსული გაზის 25-30 პროცენტს მოიხმარს, დანარჩენი მიეწოდება საწარმოებს, თბოელექტროსადგურებს, რომლებიც აწარმოებს ელექტროენერგიას და გამოდის, რომ ძვირი გაზი აწარმოებს ძვირ ელექტროენერგიას და მოსახლეობის ჯიბეს ურტყამს. ჩვენ რამე ახლის გამოგონება კი არ გვჭირდება, არამედ უნდა ვისწავლოთ მსოფლიო გამოცდილებაზე.
– საკმაოდ მაღალია ენერგოტარიფებში განაწილების წილი, ელექტროენერგიის შემთხვევაში, პროდუქტზე ძვირიც კი. ეს ნორმალურია?  
– ყველა ქვეყანაში დისტრიბუციის ქსელის წილი საკმაოდ მაღალია, 50-55 პროცენტის ფარგლებშია საცალო ფასში მისი წილი. მეორე საკითხია, სწორია თუ არა ასეთი მიდგომა. ამდენად, ჩვენს ენერგეტიკოსებსა და დისტრიბუტორებს ახალი არაფერი გამოუგონებიათ, ისინი სარგებლობენ არსებული წესებით. მაგრამ ჩვენ ჩამორთმეული გვაქვს ის უფლება, რაც სხვა ქვეყნებში უკვე მიღწეულია: არჩევის თავისუფლება. ჩვენ არ შეგვიძლია, ავირჩიოთ ის ენერგოკომპანია, რომელიც მოგვაწვდის ელექტროენერგიას. მაგალითად, საქართველოში სულ სამი ენეგროკომპანიაა: „ენერგოპროჯორჯია“, „თელასი“ და კახეთის ენერგოკომპანია, რომ მოვინდომოთ კიდეც, თუ ინდივიდუალური ან მიკროჰესი არ იქნა, სხვა წყაროდან ელექტროენერგიას ვერ მივიღებთ.
– იმოქმედებს ტარიფზე? ჩვენ თითქოს რამდენიმე ფარმაცევტული კომპანიაც გვაქვს და ნავთობიმპორტიორიც, მაგრამ ეს ფასებს დიდად არ ცვლის.
– როცა კონკურენციაა, იქ კომპანიები ცდილობენ, მიიზიდონ პოტენციალური მომხმარებლები და ამის ხარჯზე გაასაღონ მეტი პროდუქცია. ჩეხეთს აქვს საინტერესო პრაქტიკა: თუ მსხვილი წარმოება წელიწადში 40 მილიონ კილოვატზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, მას შეუძლია, დამოუკიდებლად აირჩიოს მიმწოდებელი კომპანია. ანუ თავისუფლები არიან თავიანთ არჩევანში. და ამას 2000-იან წლებში მიაღწიეს. მეტიც, არა მხოლოდ მსხვილი კომპანიები, მოსახლეობაც დამოუკიდებლად აკეთებს არჩევანს 2002 წლიდან, თუ ვისგან შეიძინოს ელექტროენერგია.
– გაზიც?
– დიახ. 2007 წლიდან აქვს იქ მოსახლეობას საშუალება, დამოუკიდებლად აირჩიოს გაზის მომწოდებელი კომპანია. ანუ იქ მომხმარებლის დიქტატია, ჩვენთან მწარმოებლისა და არბიტრის, რომელიც მხარს უჭერს მწარმოებელს და მის მხარესაა.
– ჩვენ ერთი მომწოდებელი გვყავს, აზერბაიჯანი, ანუ „სოკარი“. ევროკავშირში ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი, ხომ, რუსეთია და როგორ ახერხებენ, ჰქონდეთ არჩევნის თავისუფლება?
– რუსეთის წილი და გავლენა ცოტა გადაჭარბებული მეჩვენება. დასავლეთ ევროპის ბაზარზე რუსულ გაზს 30 პროცენტი უჭირავს. ყველაზე დიდი წილი მოდის გერმანიაზე –  40 პროცენტი და ამიტომაცაა გერმანიის პოზიცია ფრთხილი და მოზომილი რუსეთისადმი. ანუ ევროპელებს ფართო არჩევნის შესაძლებლობა აქვთ. ჩვენთან, სამწუხაროდ, არა მარტო მომწოდებლებში ვართ შეზღუდულები, არამედ ჩვენი ეკონომიკა მთლიანადაა პოლიტიკის მძევალი. რომც მოვინდომოთ, თურქმენეთიდან გაზს ვერ მივიღებთ ამ ეტაპზე: რუსეთი თავის ტერიტორიაზე არ გაატარებს, კასპიის ზღვის გავლით ტრანსპორტირებას კი ინვესტიცია სჭირდება, თუმცა 90-იან წლებში ჩვენ ვყიდულობდით გაზს თურქმენეთისგან და სწორედ მაშინ დაგვიგროვდა მისი ვალი.
– რომლის ნაწილსაც ბამბაზიის ჭრელი ხალათებით ვისტუმრებდით.
– ძვირად მივყიდიდით შაქარს, 30 პროცენტით ძვირად და ვურემონტებდით თვითმფრინავების არმადას, რომელიც თურქმენეთს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დარჩა. ამ რემონტმა და მომსახურებამ დიდწილად დაფარა საქართველოს ვალი ამ ქვეყნისადმი. ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ პრობლემაა მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა. შევადაროთ ფასების დონე საშუალო ევროპულს: დენის ტარიფი ჩვენთან არის ევროპული ტარიფის 38 პროცენტი, გაზის კი –  26 პროცენტი, შესაბამისად, თითქოს ტარიფები ჩვენთან 3-4-ჯერ დაბალია, მაგრამ ჩვენი მოსახლეობის შემოსავლები ათჯერ ნაკლებია ევროპელის შემოსავლებზე. შესაბამისად, ჩვენთან დენისა და გაზის მსყიდველობითუნარიანობა 3-4-ჯერ დაბალია მათთან შედარებით. არ გვაქვს რესურსი, შევიძინოთ იმ რაოდენობის ელექტროენერგია და გაზი, რამდენსაც ევროკავშირის მოქალაქეები შეიძენენ.
– არის თუ არა ნორმალური, როდესაც „სოკარში“ იყრის თავს არა მხოლოდ აზერბაიჯანული გაზი, არამედ საერთაშორისო პროექტებით საქართველოსთვის გათვალისწინებული უფასოდ და შეღავათიან ფასად ნაყიდიც?
– აზერბაიჯანის წილი ჩვენ მიერ მოხმარებულ ბუნებრივ აირში არის აბსოლუტურად მაღალი და უფრო პოლიტიკური ფაქტორია, მაგრამ, როგორც პრაქტიკა ადასტურებს, ოჯახის არაწევრის დანიშვნა ოჯახური საქმეების სამართავად, არ ამართლებს. დასავლეთ საქართველოში არის თავკაცის ცნება, მაგრამ თავკაცი ქელეხში ამართლებს მხოლოდ. სხვა შემთხვევაში, ოჯახმა, ანუ ქვეყანამ თავად უნდა მიხედოს თავის პრობლემებს. თორემ, როდესაც „პირველი ვიოლინოს“ ფუნქციას გარე ძალას ასრულებინებ, ეს აკნინებს არა მარტო თვითონ იმ ინსტიტუციის ავტორიტეტს, ვინც ეს უფლება მიანიჭა, არამედ ქვეყნის სუვერენიტეტსაც. როცა სტუმარს მეტისმეტ უფლებებს ანიჭებ, ვიცით, რა დაემართა მასპინძელს „ჯაყოს ხიზნებში“, როდესაც ასე მოიქცა. ამიტომ ჯობია, ყველამ იცოდეს თავისი ადგილი ოჯახში.
– ელექტროენერგიის ტარიფიც უცნაურად საფეხურეობრივი გვაქვს. თუ არის ამის ანალოგი სადმე?
– ჩვენთან ჯერ კიდევ ველური დასავლეთის პრინციპებია და მოსახლეობა ამას უდრტვინველად იღებს, იმიტომ რომ, ელექტროენერგიის დღეს მოქმედი ტარიფი არის რეპრესიული. რადგან, თუ 102 კილოვატსაათამდე ელექტროენერგიას მოიხმართ, ერთი კილოვატსაათის ტარიფი არის 12,980 თეთრი; თუ 101-დან 301-ის ჩათვლით მოიხმართ –   16,992 თეთრი და, თუ ღამით ტელევიზორის გამორთვა ვერ მოასწარით ან ნათურა დაგრჩათ ანთებული, რის გამოც 301 კილოვატს გადასცდა თქვენი მოხმარება, უკვე თქვენ მიერ მოხმარებული –   1-დან 301-ის ჩათვლით –   თითოეული კილოვატი დაგიჯდებათ 21,476 თეთრი. მე 102-სა და 302-ე კილოვატებს დავარქმევდი „ოქროს კილოვატს“, იმიტომ რომ, ფაქტობრივად, პირველ შემთხვევაში, ერთი კილოვატის წონა შეადგენს 4 ლარსა და 22 თეთრს; მეორის შემთხვევაში – 13 ლარსა და 71 თეთრს. ესე იგი, საკრალური დატვირთვა აქვს ყოველ 102-ე და 302-ე კილოვატსაათს. 102-ე და 302-ე კილოვატსაათები გვიზრდის ელექტროენერგიის საფასურს –   ერთ შემთხვევაში 5 ლარით, მეორე შემთხვევაში –   თითქმის 14 ლარით. ამიტომ ვფიქრობ, ლაპარაკი სამართლიანობაზე ზედმეტია. მართალია, ელექტროენერგიის დეფიციტია და სახელმწიფოს აქვს უფლება, რომ გარკვეულწილად, შეზღუდოს მოხმარება და იზრუნოს მოხმარების შეზღუდვის სტიმულირებაზე, მაგრამ იყოს პროგრესული გადასახადი: მაგალითად, 102 კილოვატამდე მოხმარებულზე გადამახდევინე პირველი საფეხურის ტარიფით, 102-დან დახარჯულზე კი –   მეორე საფეხურის ტარიფით, ანუ რაც გადავაცილე ის დამიფასე ძვირი; ასევე, 301 კილოვატსაათის ზემოთ გადამახდევინე მესამე საფეხურის ტარიფით. თუ 302 კილოვატს მოვიხმარ, ყველაფერს ნუ გადამახდევინებ მესამე საფეხურის ტარიფით. აშკარაა სოციალური უსამართლობა და მოსახლეობა თავისი ჯიბიდან იხდის გაცილებით მეტს, ვიდრე მოიხმარს. საქართველოში თითოეული შინამეურნეობა, საშუალოდ, მოიხმარს 450 კილოვატსაათ ელექტროენერგიას და თუ ამ 450 კილოვატიდან ამოვალთ, თითოეული ოჯახი ამ რეპრესიული ტარიფის გამო, წელიწადში ზედმეტ 201 ლარსა და 60 თეთრს იხდის ერთ შინა მეურნეობაზე. საქართველოში მილიონზე მეტი შინა მეურნეობაა. ავიღოთ, საშუალოდ მილიონი, გამოდის, საქართველოს მოსახლეობა ყოველწლიურად საჯარიმო ტარიფის გამო, დამატებით თითქმის 211 მილიონ ლარს იხდის. რატომ? ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემა და მოითხოვს განსჯას. ეს აშკარად სოციალური დისკრიმინაციაა და ენერგეტიკის სფეროში ჩართულ ინსტიტუტებს აძლევს დაუსაბუთებელი, არაარგუმენტებული შემოსავლის წყაროს. ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებსაც და ყველანაირ ლოგიკასაც. თუ საზოგადოებაზე ზრუნვა უნდათ და ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვა, არის სხვა გზაც, მაგალითად, „ჭკვიანი მრიცხველების“ დამონტაჟება, რომელიც გამოარჩევს დღისა და ღამის ტარიფებს. სომხეთი გადავიდა მოხმარების ასეთ წესზე უკვე ათ წელზე მეტია. ღამის ტარიფი გაცილებით იაფია, ამიტომ, ზოგი დიასახლისი სარეცხ მაქანას ამუშავებს ღამით ან აუთოებს ღამით, თანხის დაზოგვის მიზნით. ნობელის პრემიის ლაურეატი რობერტ ტალერი ამბობს, რომ აი, სწორედ ასეთი არაპირდაპირი ზემოქმედებით ვახდენთ ქცევის კორექციას და დღისა და ღამის ტარიფების არსებობის შემთხვევაში, ადამიანები იმის გამო, რომ ღამის ტარიფი უფრო იაფია, ღამით უფრო ინტენსიურად გამოიყენებენ ელექტროენერგიას. ქსელზე დატვირთვაც დაბალანსდება. აი, ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ და რაც უფრო საქმიანი იქნება დამოკიდებულება და გავითვალისწინებთ მსოფლიო გამოცდილებას, მით ეფექტიანი იქნება განაწილებაც და სკეფსისიც შემცირდება.

скачать dle 11.3