№43 სეპარატისტული წყურვილი
ანუ თვითგამორკვევის იგავური მოტივები
კატალონიელმა სეპარატისტებმა, მართალია, რეფერენდუმით დამოუკიდებლობა გაინაღდეს, მაგრამ არათუ მადრიდმა, თვით სრულიად ევროკავშირმაც კი, თქვენი თვითგამორკვევის დიდი ხათრი გვაქვს, მაგრამ, არაო.
უფრო მეტიც, ესპანეთის ძალოვანმა სტრუქტურებმა ორი კატალონიური ორგანიზაციის ლიდერიც კი დააკავა. მოტივით: მოქალაქეებს ამბოხებისკენ აქეზებდნენო.
თუმცა დაკავებულები ცხარობენ (ბარემ ციტატას მოვიშველიებ): „ეს ქმედებები არ ესადაგება სამართლიანობას! მათი მიზანი ჩვენი დაშინება და თავისუფლებისკენ სწრაფვის გამო დასჯაა“, ხოლო კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელი კი, საერთოდაც, აცხადებს, რომ „ისინი (ანუ ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლება) ცდილობენ, გისოსებს მიღმა მოაქციონ იდეა, რის შედეგადაც ჩვენს თავისუფლების წყურვილს მხოლოდ აძლიერებენ”.
მაგრამ, რაკი, ესპანური კანონით, ამბოხისკენ მოწოდება 15 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება, სეპარატისტული წყურვილის მოკვლის შესაძლებლობა, საუკეთესო შემთხვევაში, 15 წლის შემდეგ მიეცემათ.
უფრო მეტიც, ესპანეთის კანონმდებლობით, თუკი რეგიონი დამოუკიდებლობის ვერსიას მიაწვება, ესპანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას აქვს უფლება, თავის პირდაპირ მმართველობაში აიყვანოს ავტონომია.
ერთი სიტყვით, საქმეს კოჭებშივე ეტყობა, რომ ევროკავშირი არ აპირებს სეპარატიზმის წახალისებას და მის ნებისმიერ გამოვლენას ძირშივე მოაშთობს (როგორც ჩვენ – ფაროსანას). ძალიანაც კარგი, ვინაიდან ჩვენ ისევე ვუჭერთ მხარს ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, როგორც სერბეთისაც, იმიტომ რომ, ჩვენიც გაგვჭირვებია.
ოღონდ, თუ გავიხსენებთ, რომ ევროკავშირმა სერბეთს კოსოვო ჩამოაჭრა, მაგრამ კატალონიას ესპანეთს უნარჩუნებს, რუსეთმა კი ჩეჩნეთი მიწასთან დაადუღა, სოხუმსა და ცხინვალში კი თვითგამორკვევის ვერსიაზეა, თუმცა ჩვენ კი ორივეს ვუთანაგრძნობთ (ესპანეთსაც და სერბეთსაც) დიდ პოლიტიკაში (გინდ დასავლეთი იყოს, გინდ – ჩრდილოეთი), როგორც ჩანს, წამყვანი მაინც იგავური მოტივია: „პატარა კაცსა დიდ კაცთან როდის გასვლია მართალი“?! –