№43 ბუმერანგი
ანუ არ გაიხსენებ, არც გაგიხსენებენ
რაკი ქვეყნის სათავეში ცხრა წელს იყო (და მერე რა, რომ ახლა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი ჰქვია), თბილისის ყოფილ მერს (გიგი უგულავას) გასახსენებელიც ბევრი აქვს და იხსენებს კიდეც.
ან კი როგორ არ გაიხსენებს, მით უმეტეს, წინასაარჩვენოდ?! მაშინ, როდესაც მათი ოპონენტი პოლიტძალაც ეშურება საკუთარი ძალის წარმოჩენას, ასევე, წინასაარჩევნოდ (მეტროპოლიტენის ახალი სადგურიც გაიხსნა და ახალი ხიდიც შემოგვთავაზეს „ვეფხისა და მოყმის“ ძეგლთან, ცხადია, მოძრაობის განსამუხტავად).
ამიტომაც ბ-ნმა უგულავამაც შეგვახსენა, ჩვენ რა, ოპონენტ-კონკურენტებს შეახსენა, რომ „ვეფხისა და მოყმის“ ხიდი პირველად მან შესთავაზა საზოგადოებას (ნივთმტკიცებად – ვიდეოცაა გადაღებულიო) და, დასძინა, რომ მეტროპოლიტენის ახალი სადგურის გასახსნელად ორ წელს იმუშავეს აზიის განვითარების ბანკთან თანხის მოსაზიდად (პირადად მე კი მეტსაც გეტყვით: ახალი მეტროსადგურისთვის გვირაბი, საერთოდაც, კომუნისტებმა გაჭრეს).
მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ, მაგალითად, მემედ აბაშიძის ძალისხმევით, საერთოდაც, აჭარა დაუბრუნდა დედასაქართველოს, მას კი არათუ არ ახსენებდნენ, ბათუმის ბულვარიდან მისი ძეგლიც კი გაიტანეს (აი, სწორედ მაშინ, როდესაც ბ-ნი უგულავა და მისი თანაგუნდელები ახალი მეტროსადგურისთვის თანხას იზიდავდნენ), ესე იგი, ყველაფერი ლოგიკურად მომხდარა: არ გაიხსენებ, არც გაგიხსენებენ. –