№43 დალაშქრულები
ანუ აზიური ფაროსანა VS აზიელი თემურ ლენგი
აზიურმა ფაროსანამ დასავლეთ საქართველო ისე საგულდაგულოდ დალაშქრა, რომ ეს ჩვენი მოსახლეობა მოსავლის გარეშე დატოვა, მას შემდეგ კი, რაც თხილი მოინელა, ციტრუსებსაც შეესია.
ოღონდ შესაბამისმა სამსახურებმა მოასწრეს მოსახლეობის გაფრთხილებაც და „შეიარაღებაც“. ანუ ამ ავადსახსენებლის მოსაშთობად სპეციალური საშუალებებიც გადასცეს და გამოყენების ინსტრუქციაც მიაყოლეს (ჯერ ერთი, როგორ უნდა შეიწამლოს ციტრუსი და, მეორეც, როდის უნდა დაიკრიფოს, რომ ფაროსანას ჩვენც არ მივყვეთ საიქიოს).
ამის პარალელურად, რაკი ეს მავნე მწერი დედაქალაქსაც დაერია, სახლის პირობებში მასთან ბრძოლის მეთოდებიც გაგვაცნეს, თუმცა, თუ დედაქალაქელთა კომენტარ-რეაქციით ვიმსჯელებთ, სურათი არც თუ სახარბიელოა: მართალია, შიშმა ფაროსანას სიყვარული ვერ შეიქმა, მაგრამ აი, პანიკის ელემენტები გამოაჩინა.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ამ ათასხუთასწლიან ქალაქს (არადა – ადამიანებს არ ერჩისო, მხოლოდ მცენარეებს ანადგურებსო) აზიელი ჯალალედინიც ახსოვს და თემურ ლენგიც (აღა მაჰმად ხანმა კი, ხომ, სულ რაღაც ორასიოდე წლის წინათ გაგვასწორა მიწასთან), იბადება რიტორიკული კითხვა: ამ ოხერ შიშს აქვს დიდი თვალები თუ ამდენის გამძლებნი ფაროსანამ როგორ დაგვიბრიყვა?! –