№43 „იგი სხვაა, რბევა სხვაა“?!
სპეცრაზმითა აქციების დამთრგუნველი
შესაძლოა, იმ მარტივი მიზეზით, რომ ამ ჩვენს სამყაროში ბუმერანგის ეფექტი უნივერსალურია, ამ ჩვენს მეგობარსა და გასაჭირში მყოფ უკრაინას ამ ჩვენსავე პრეზიდენტყოფილთან მეგობრობა ძვირად დაუჯდება (ყოველ შემთხვევაში, საქმეს სწორედ ასეთი პირი უჩანს).
მოქალაქეობის არმქონესა და, ფაქტობრივად, აპატიდ მიხეილ სააკაშვილს, უკრაინაში შეჭრილს, არათუ ძვრა ვერ უყვეს, ის საპროტესტო აქციებისთვის ემზადება, თუმცა, რაღა ემზადება. ატარებს და ეგაა.
და თქვენ წარმოდგინეთ, მან, სპეცრაზმითა საპროტესტო აქციების დამთრგუნველმა, პეტრო პოროშენკოს, რომელიც მისი ულტიმატუმის შემდეგაც კი არ გადადგა (შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას სააკაშვილმა პოროშენკოს ოთხპუნქტიანი ულტიმატუმი წაუყენა თუ არადა, გადადექიო!), აქციის წინააღმდეგ სპერაზმის გამოყვანა დაუწუნა, პათოსით (მომყავს ციტატა): „უკრაინის ხელისუფლება დღეს აკეთებს სპეცრაზმის დემონსტრაციას, მაგრამ ეს ჩემზე ნაკლებად ახდენს ზეგავლენას (ანუ რაც მე სპეცრაზმების მიერ რბევა მინახავსო?!), რადგან, როდესაც მე ვიყავი სახელმწიფოს მეთაური, მყავდა ამაზე დიდი რაოდენობის და ამაზე უკეთესი სპეცრაზმი, მაგრამ (განა მშვიდობიანი აქცია დავარბიე?!) 2007 წელს გადავდექი, რადგან ამ შემთხვევაში სპეცრაზმი ვერ შველის (აქ, როგორც ილარიონი იტყოდა, ცოტა შეეშალა, ვინაიდან სპეცრაზმმა უშველა, თუ უშველა)“.
იმის გათვალისწინებით, რომ ამ ჩვენს პრეზიდენტყოფილს, რომელიც, მართალია, კვლავ იმ ვერსიაზეა, რომ უკრაინელი პოლიტიკოსია და არამც და არამც ქართველი, უკრაინაში მხარდამჭერებიც ჰყავს (რომლებსაც მისი თითოეული განა მხოლოდ სიტყვის, ამოსუნთქვის სჯერათ), ჩნდება ეჭვი, რომ უკრაინელთა ნაწილი ამ გაქანებულ ოცდამეერთე საუკუნეში სრულ საინფორაციო ვაკუუმშია. –