№42 სტელა ანდრიუკი: მუშაობის დაწყება მინდა, მაგრამ ვერ დავიწყე. ყველას მაინც ის უნდა, მის თანამშრომელს ყველაფერი თავის ადგილზე ჰქონდეს
ის საოცრად ძლიერი ქალია – უამრავი დადებითი ენერგიით. მასთან საუბრისას ხვდები, რომ შეუძლებელი არაფერია, რომ სიცოცხლეს ყოველთვის აქვს ფასი, რისთვისაც ბრძოლა ნამდვილად ღირს. სტელა ანდრიუკი 35 წლისაა. ჰყავს ორი შვილი და ამჟამად მშვილდოსნობითაა დაინტერესებული. აქტიურად ვარჯიშობს და მიუხედავად ძალიან რთული, მძიმე ცხოვრებისა, სიცოცხლეს ხალისით, სითბოთი და სიყვარულით აგრძელებს.
სტელა ანდრიუკი: ჩვეულებრივად ვცხოვრობდი ისე, როგორც ყველა. შემდეგ გავთხოვდი. ერთ დღესაც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, ღვიძლი დაეშალა. დავრჩი ორ შვილით მარტო. მაშინ ბიჭი მესამე კლასში იყო, გოგო – მეორეში, ახლა ბიჭი 18 წლისაა, გოგონა – 16-ის. მათ თვალწინ დაიღუპა მამა, ბავშვობიდან სტრესში მოუწიათ ცხოვრება. ამის მერე ყველაფერი ნულიდან დავიწყე. ვცდილობდი, შვილებისთვის დედობაც გამეწია და მამობაც. მეც სტრესში ვიყავი. ძალიან მძიმე და რთული იყო ჩემთვის – ორი შვილი გყავს და არ იცი, რა გააკეთო. მშობლები კი მყავდა, მაგრამ არავის ვეუბნებოდი, რომ მიჭირდა. მინდოდა, თვითონ მეკეთებინა ყველაფერი. ამიტომაც, ახლა ვამაყობ საკუთარი თავით: მარტომ გავზარდე ბავშვები და ფეხზე დავაყენე. დავიწყე მეტროთი, მაღაზიაში მუშაობით და ბოლოს რესტორანში მიმტანობით დავასრულე.
– ოჯახის შექმნაზე აღარ გიფიქრია?
– ქმარი ცოტა ეჭვიანი მყავდა. როცა დაიღუპა, ჯერ ისე განვიცადე და მერე უკვე, კაცის დანახვა აღარ მინდოდა. ბევრი თაყვანისმცემელიც მყავდა, მაგრამ ვერ გადავდგი ეს ნაბიჯი. ალბათ, არ შემხვდა ისეთი, რომ შემყვარებოდა. დედაჩემი მეუბნება ხოლმე: გოგო, მალე დაბერდები, გათხოვდიო. მე ჯერ არ ვაპირებ დაბერებას-მეთქი. არ მიყვარს, როცა ვინმე ხედავს ჩემს ცრემლებს – არასდროს არავის ვაჩვენებ. ერთ დღესაც ფანჯარასთან ვიდექი, ჩავფიქრდი და ცრემლები წამომივიდა. ჩემმა ბიჭმა მითხრა: გეხვეწები, დე, შავები გაიხადე და გათხოვდი; ისეთი ადამიანი ნახე, რომელიც ხელის გულზე გატარებს და არ განერვიულებსო.
– იქნებ გაიხსენო ის დღე, როცა ავარიაში მოჰყევი – სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩი, თუმცა ფეხების ამპუტაცია დაგჭირდა.
– ეს მოხდა 2013 წელს, დიღომში. სამნი ვისხედით ავტომობილში, საჭესთან ჩემი უფროსი, გვერდით – მისი ნათესავი და მე – უკან. ტრასა ცარიელი იყო, ჩვენი ავტომობილი სწრაფად მიდიოდა. მე არ მიმიქცევია ყურადღება, რადგან დედას მესიჯს ვწერდი: 10 წუთში ვიქნები სახლში-მეთქი. ტაქსმა გადაგვიჭრა გზა ისე, რომ მაშუქებიც არ ჩაურთავს. ერთი ვიყვირე: ზაზა, ნელა-მეთქი და ამ დროს „გაუსვა“ ტაქსს, გადავვარდით, ბოძს დავეჯახეთ, რომელიც ზედ დაგვეცა, ჩემ მხარეს. მახსოვს, საშინლად მეტკინა ხელი და გავითიშე. თურმე, მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და ამ დროს შემთხვევით, რესტორნიდან მიმტანი ბიჭი მოსაწევად გამოსულა. მე მოვედი გონზე და ვცდილობდი ისინიც მომეყვანა გონზე. არც ვიცი, ძალა როგორ მოვიკრიბე, ვფიქრობდი: არ უნდა დავკარგო გონება, არ მოვკვდე-მეთქი. ხელზე ცრუ სახსარი მქონდა ამობერილი, ვერ ვსუნთქავდი, თავბრუ მეხვეოდა. ვცდილობდი, ფეხები გამეთავისუფლებინა, მაგრამ სავარძლის ქვეშ მქონდა გაჭედილი. რომ ვქაჩავდი, საშინლად მტკიოდა. თავი დავდე ხელზე და ისევ დავკარგე გონება. სახე საერთოდ არ დამწვია, მაგრამ სხეულის 55 პროცენტის დამწვრობა მივიღე. მიმტანმა ბიჭმა ძალიან იყოჩაღა: ჯერ მძღოლი გადმოიყვანა, შემდეგ – მე და რომ მიბრუნდა უკან, მეორე ბიჭის გადმოსაყვანად, ავტომობილი აფეთქდა და ის, შიგნით დაიწვა. ამ ბიჭმა ხელში რომ ამიყვანა, მაშინ მოვედი გონს. ისიც მახსოვს, მამაჩემს სასწრაფომ რომ დაურეკა და მეც დაველაპარაკე, დავამშვიდე. ერთი იმას ვგრძნობდი, რომ ფეხები მეწვოდა საშინლად. ფეხსაცმელი ჩემი ხელით გავიხადე და გავითიშე. რეანიმაციაში რომ გადამიყვანეს, არავის ჰქონდა იმედი, რომ გადავრჩებოდი. ჩემი გადარჩენის ერთი პროცენტი არ არსებობდა. აპარატზე ვიყავი შეერთებული სამი დღე, უგონოდ. მამაჩემს უთხრეს: ეკლესიაში წადით, ილოცეთო. მესამე დღეს მოვედი გონს. 6 თვე ვიწექი საავადმყოფოში, 29 ოპერაცია გადავიტანე. დამწვრობის გამო დავკარგე ორივე ფეხი მუხლს ქვემოთ.
– ბევრი ადამიანი თავის ასეთ მდგომარეობას ვერ ეგუება, საშინელი უიმედობა, დეპრესია იპყრობთ ხოლმე. ხშირად სუიციდზეც კი ფიქრობენ. შენ როგორ შეძელი ამ ყველაფრის გადალახვა და ის, რომ დღეს მაგალითი ხარ ყველასთვის?
– თავიდან ხელს ვერც მკიდებდნენ, არ იცოდნენ საიდან დაეწყოთ. ამპუტაციის შესახებ ჩემთვის არაფერი უთქვამთ, მშობლებს უთხრეს. გადარჩენის შანსი არ იყო, დამეწვა ძვალიც, ქსოვილებიც. პირველი ოპერაცია ჩემს დაბადების დღეზე გამიკეთეს. გონს რომ მოვედი, მთელი სხეული მტკიოდა, მეწვოდა, მუმიასავით ვიყავი დაბინტული. ვერ ვმოძრაობდი, პატარა შეხებაც და აუტანელ ტკივილს განვიცდიდი, ხორცი ზედ მრჩებოდა. რაღაცას კი ვეჭვობდი, მაგრამ ექიმები არაფერს მეუბნებოდნენ. ვგრძნობდი, რომ ფეხებთან რაღაც მაკლდა. რომ დავინახე ფეხები არ მქონდა, მაშინვე ისტერიკაში ჩავვარდი, ნემსები გამიკეთეს. მხოლოდ ფეხების დაკარგვა კი არ განვიცადე, ვფიქრობდი იმაზე: რა ეშველებათ ჩემს შვილებს, როგორ უნდა ვიმუშაო, როგორ გავაგრძელო ცხოვრება-მეთქი. ერთი პერიოდი თავის მოკვლაზეც ვიფიქრე, გვერდით წამლები მედო. მაგრამ, ექიმმა შემამჩნია და გამლანძღა. იმხელა შოკი იყო, საერთოდ, ვერ ვამოძრავებდი, მთელი სხეული „სკრეპებით“ მქონდა დამაგრებული. პატარა მოძრაობაზეც ისეთ ტკივილს განვიცდიდი, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ისეთი ტკივილები მქონდა, მორფზე გადამიყვანეს. არავინ ფიქრობდა, ოდესმე თუ დავიწყებდი მოძრაობას. ერთ დღესაც ექიმმა მეორეს უთხრა: ისეთი მდგომარეობაშია, ფსიქოლოგი დასჭირდებაო. ამ სიტყვამ ძალიან გამაღიზიანა, თან ვფიქრობდი: ამ ტკივილებისგან მართლა გავგიჟდები-მეთქი. მივხვდი, საკუთარ თავს თუ არ ვუშველიდი, ვერავინ დამეხმარებოდა. სახლში რომ გამომწერეს, მაშინ დაიწყო უფრო მეტი საშინელება: არ მიხორცდებოდა, ლპებოდა კანი. ასე იცის გადანერგილმა კანმა, რომელიც მთელ სხეულზე მქონდა. ვერ ვმოძრაობდი და ექიმებმაც თქვეს: ვერ დაიწყებს მოძრაობას ან ეტლით მოუწევს სიარულიო. ამ სიტყვებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. ატროფირებული მქონდა ყველა კუნთი, მაგრამ დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა. ჩემს თავს ველაპარაკებოდი: ოღონდ ფეხები ავწიო-მეთქი. მართლაც, ერთ ღამეს ავწიე ფეხები, ტირილი დავიწყე სიხარულისგან. დილით მამას ვაჩვენე, როგორ ვამოძრავებდი ფეხებს. იმანაც ტირილი დაიწყო. ექიმები გაოცებულები იყვნენ: შენ ბუნების კანონი გაქვს დარღვეული – ასეთი ტრავმით და შოკით ადამიანი ვერ გადარჩება, მადლობა შენს გულს, შენს მონდომებას, რომ ასე გაუძელიო. თავიდან დავიწყე ყველაფერი – წელის აწევა, წამოჯდომა. რომ წამოვჯდებოდი, სისხლი ისე მომდიოდა, როგორც ონკანიდან მოდის წყალი. მაგრამ, ეს კარგი იყო, უფრო ადვილად მიდიოდა შეხორცების პროცესი.
მეორე, ახალი ეტაპი, უკვე პროთეზის მორგება და სიარულის დაწყება იყო. ჩემმა ექიმმა მაჩვენა ერთი გოგონას ვიდეო, რომელსაც ჩემსავით ორივე ფეხი აქვს დაკარგული და ერთი თირკმლით ცხოვრობს, რომელიც მამამ გადაუნერგა. სნოუბორდისტია და რომ ვუყურებდი, როგორ დარბოდა, ცეკვავდა, შიგნიდან ენერგიის მომატება ვიგრძენი. წამოდგომის, ცეკვის და გარეთ გასვლის სურვილი მომაწვა – ჩემით რომ შევსულიყავი „ვანაში“, მებანავა, ჩემით მეკეთებინა ყველაფერი, ისე, როგორც ამას ადრე ვაკეთებდი. დიდი სტიმული მომცა ამან და მამაჩემს ვუთხარი: პროთეზი მინდა-მეთქი. ჯერ ადრეა, არ გაქვს ჭრილობები შეხორცებულიო. მაინც დავითანხმე. პირველი პროთეზი საშინელება იყო, ძალიან დიდი, მძიმე, არცერთი შარვალი არ მეტეოდა და პლუს, საშინელი ტკივილები მქონდა, თავიდან ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყე სიარულის სწავლა. ეტლშიც არ ვჯდებოდი, კედელი იყო ჩემი ყავარჯენი. მამაჩემის დიდი მადლობელი ვარ. ის რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი, რა დამემართებოდა – ის დამიდგა გვერდში. სამწუხაროდ, შარშან გარდაიცვალა. შემდეგ თანამედროვე პროთეზები გამიკეთეს. მერე უკვე დავიწყე კარგად სიარული, კომპლექსებიც აღარ მქონდა. შემეძლო, შარვლის ქვეშ ჩამეცვა.
– ძალიან კარგ ფორმაში ხარ, მშვენივრად გამოიყურები.
– მადლობა. ძალიან მინდოდა, შორტები ჩამეცვა, მოკლე კაბა. სახლში ნელ-ნელა მივეჩვიე. მერე უცხოეთში რომ წავედი, ჩავიცვი შორტები, აღარ ვმალავდი პროთეზს და ხალხის რეაქცია იყო ნული. საქართველოში საზოგადოება ისეთია, გინდა არ გინდა, გაკოპლექსებენ. ისე გაშტერდებიან, უხერხულად გრძნობ თავს, საკუთარი თავი უცხოპლანეტელი, ტერმინატორი გგონია. ვფიქრობ ხოლმე: თბილისში რომ გავიდე მოკლე კაბით, პროთეზებით და იარებით, ნახევარი თბილისი ჩაიხოცება. ბევრჯერ გამიგია: რა ლამაზი გოგოა, როგორი ტანი აქვს, პროთეზებით დადის, რა საწყალიაო. ამ შეცოდებას ვერ ვიტან და ერთხელ სიტყვა „საწყალის” გამო ვიჩხუბე. მე ისევ ისე მაქვს ყველაფერი, ისევ ისე შემიძლია, გავაკეთო.
– როგორც ვიცი, ამჟამად მშვილდოსნობით ხარ დაინტერესებული. სხვა საქმითაც ხარ დაკავებული, მუშაობ?
– არა. მუშაობის დაწყება მინდა, მაგრამ ვერ დავიწყე. მაინც ყველას უნდა, ყველაფერი თავის ადგილზე იყოს: ხელებიც და ფეხებიც. დღეს მშვილდოსნობით ვარ დაკავებული. ახლობელმა ვიდეოები გამომიგზავნა. ძალიან მომეწონა და დავუკავშირდი ჩემს პირველ მწვრთნელს, ია ტალახაძეს. პირველად ხის მშვილდით დავიწყე. ხელები კი ამიკანკალდა, მაგრამ მერე აზარტში შევედი. ხელი სუსტი მაქვს, მაგრამ ვცდილობ, კარგ შედეგებს მივაღწიო. დღეგამოშვებით მშვილდზე ვვარჯიშობ, დანარჩენი დღეები – ტრენაჟორებზე. ჯერჯერობით ჩემპიონატზე არ ვყოფილვარ, მაგრამ იქამდეც მივალ. შუალედში ხელზე ოპერაციები გავიკეთე და მომიწია ხანგრძლივი პაუზის აღება. არსად მეჩქარება, მინდა, საკუთარ თავში ვიყო დარწმუნებული და მაინც გავარტყამ მიზანში.
– რა დაგეხმარა იმაში, რომ დღეს ასეთი ლამაზი, ხალისიანი, იმედიანი ზიხარ ჩემ წინ?
– პირველი: საკუთარი თავის ხელში აყვანა შემიძლია, მეორე: პოზიტივი, ვცდილობდი, გულთან არაფერი მიმეტანა, ვანეიტრალებდი. სულ ვიბრძვი, ეს, ალბათ, ჩემი ცხოვრების წესია და ესეც დამეხმარა, ასევე – ოჯახი. მთავარია, მონდომება, იმის გააზრება, რომ ცხოვრება არ მთავრდება ამით. არ აქვს მნიშვნელობა, პროთეზებზე დადიხარ, თუ ეტლში ზიხარ, ცხოვრება უნდა გააგრძელო.