№42 როგორ ვიყოთ ჯანმრთელები
ალერგიის გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები
თითოეული ადამიანი თავად იძახებს ამა თუ იმ დაავადებას, შესაბამისად, მათი დაძლევაც ადამიანის სურვილსა და ნებისყოფაზეა დამოკიდებული.
ალბათ, შემეკამათებით: როგორ შეიძლება, ადამიანი თავის თავს ცუდს უსურვებდეს და უნდოდეს, რომ ავად გახდეს?! პარადოქსულია, მაგრამ ეს სავსებით შესაძლებელია. მეტიც, არათუ შესაძლებელია, ეს სწორედ ასე ხდება. უკვე დადასტურებულია მეცნიერული კვლევებით, რომ ადამიანის ორგანიზმისთვის, ფაქტობრივად, სულერთია, თქვენ რამე უსიამოვნო შეგემთხვათ თუ ამაზე მხოლოდ ფიქრობთ. და რა გამოდის?! რამდენჯერაც გაიხსენებთ თქვენთვის უსიამოვნო ისტორიასა თუ ფაქტებს, სწორედ იმდენჯერ მიაყენებთ სხეულს ტრავმას. ამიტომაც გვირჩევენ ფსიქოლოგები, რომ მხოლოდ დადებითი ფიქრები და აზრები დავიტოვოთ მოუსვენარ ტვინში, რომელიც არასდროს ჩუმდება.
ახლა კი კონკრეტული დაავადებების გამომწვევ მიზეზებსა და მათი დაძლევის გზებზე საუბრის დროც დადგა.
ალერგია
ალერგია ოცდამეერთე საუკუნის დაავადებაა და ხშირად ვერც ხერხდება მისგან თავის დაღწევა საუკეთესო ექიმებისა თუ უთანამედროვესი მედიკამენტების გამოყენებითაც კი. მოგეხსენებათ, ალერგია ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობაა რაღაც ნივთიერების მიმართ და მას იმ დაავადებათა რიგს მიაკუთვნებენ, რომლებიც იმუნურ სისტემასთანაა დაკავშირებული.
ემოციური ბლოკი: ალერგიით დაავადებული ადამიანი ხშირად განიცდის ვიღაცისადმი ზიზღს და, საერთოდაც, დიდი ძალისხმევის გაღება უწევს, რომ შეეგუოს ადამიანებსა თუ გარემოს. ასეთი ადამიანი ძალიან ხშირადაა სხვათა შთაბეჭდილების ქვეშ, განსაკუთრებით, ვისზეც შთაბეჭდილების მოხდენას თავად ცდილობს. ალერგიით დაავადებულები, როგორც წესი, ადვილად ბრაზდებიან.
ალერგია ყოველთვის დაკავშირებულია რაღაც შინაგან წინააღმდეგობასთან. ალერგიით დაავადებული პიროვნების ერთი ნაწილი რაღაცისკენ მიილტვის, მეორე ნაწილი კი, თრგუნავს ამ ლტოლვას. იგივე რამ ახასიათებთ ადამიანებთან მიმართებაშიც. მას უყვარს ადამიანი, მაგრამ ამავე დროს არ უნდა, რომ მასზე დამოკიდებული იყოს. ამიტომაც ხანგრძლივი ორჭოფობის შემდეგ, ის საყვარელ ადამიანში პოულობს უმრავ ნაკლს. ძალიან ხშირად ალერგიით ავადდებიან ისინი, რომელთა მშობლებს აქვთ განსხვავებული აზრი ცხოვრებაზე და ამ მიზეზით ერთმანეთთან ყოველთვის კამათობენ. ამასთან, ალერგია არაჩვეულებრივი საშუალებაა ყურადღების მისაქცევად, განსაკუთრებით, თუ ალერგიის გამო, სუნთქვაა გაძნელებული: ალერგიით დაავადებულს ასეთ დროს სხვა ადამიანების დახმრება სჭირდება.
მენტალური ბლოკი: თუ გაწუხებს ალერგია, ესე იგი, შენს ცხოვრებაში მეორდება ერთი გარკვეული სიტუაცია, რომელიც კიდევ გიზიდავს და ამავე დროს, არც მოგწონს. ან შენს ცხოვრებაში არის ადამიანი, რომელიც გაღიზიანებს, მაგრამ ამავე დროს ცდილობ, მოიპოვო მისი კეთილგანწყობა – როგორც წესი, ასეთი ადამიანი შენი ახლობელია. გგონია, რომ, თუ ამ ადამიანის მოლოდინს გაამართლებ, ის მთელი გულით შეგიყვარებს. ამდენად, შეეცადე, გაიგო, რომ ეს ერთადერთ რამეს ნიშნავს: შენ დამოკიდებული ხარ იმ ადამიანზე, მის შექებასა თუ ძაგებაზე. ამიტომ აღარ უნდა ჩათვალო, რომ დამორჩილებაა სიყვარულის მოპოვების ერთადერთი გზა. საინტერესოა, რომ ალერგიას ხშირად იწვევს ის, რაც ადამიანს ყველაზე მეტად უყვარს. მაგალითად, შეიძლება, გიყვარდეს რძის პროდუქტები, მაგრამ სწორედ რძის პროდუქტებზე გქონდეს ალერგია.
თუ შენ გაწუხებს ალერგია კვების რომელიმე პროდუქტისადმი, ეს შესაძლოა, მეტყველებდეს იმაზე, რომ საკუთარ თავს არ აძლევ ცხოვრების სიამეებით ტკბობის უფლებას. არადა შენი ცხოვრება უფრო სასიამოვნო და მსუბუქი გახდება, თუ გააცნობიერებ, რომ ტანჯვის გარეშეც შეგიძლია, დაიმსახურო მათი ყურადღება, ვინც გიყვარს. თუ შენ გაქვს ალერგია მტვერზე ან რომელიმე ცხოველზე, შესაძლოა, თავს აგრესიის მსხვერპლად მიიჩნევდე. რატომ გგონია, რომ სხვები შენდამი აგრესიულად არიან განწყობილები?! გირჩევ, შეამოწმო ეს ეჭვი.
იმის ნაცვლად, იფიქრო, რომ ალერგია რაღაც გარე ფაქტორითაა გამოწვეული, შეეცადე, გააანალიზო, რა გადაგხდა თავს ბოლო ერთი დღე-ღამის განმავლობაში, რომელიც წინ უძღოდა ალერგიულ შემოტევას. იქნებ იძულებული იყავი, ურთიერთობა გქონოდა ადამიანებთან, რომლებსაც ვერ იტან ან რომლებიც გძულს?! რაკი შენ არ შეგიძლია სხვების გადაკეთება, ერთადერთი გზა გრჩება: აიტანო ისინი და ისწავლო სამყაროს ხედვა გულის თვალებით.
ალერგიის დევიზი ასეთია: მინდა და მეშინია, მივილტვი და გავრბივარ. კარგად დაფიქრდით, ვინ გაღიზიანებთ და რატომ არ აღიარებთ საკუთარ ძალასა და შესაძლებლობებს?!