კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 ვისზე დაქორწინდა ეგრეთ წოდებული „ციანიდის საქმის“ მთავარი მოწმე და რა კავშირში იყო ის თემურ თათარაშვილის დაკავებასთან

თათია ფარესაშვილი ეთო ხურციძე

ეგრეთ წოდებული „ციანიდის საქმის“ მთავარი მოწმე, ირაკლი მამალაძე თბილისში დაიბადა. სკოლის შემდეგ სწავლა ელდარ შენგელაიასა და მერაბ კოკოჩიშვილის სახელოსნოში განაგრძო – ტელე-სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა. სამომავლოდ, ჟურნალისტის პროფესია აირჩია და კარიერული წინსვლა ამ მიმართულებით დაიწყო. პერიოულად მუშაობდა როგორც ტელევიზიებში, ასევე, სხვდასხვა ჟურნალ-გაზეთში. დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით, საყდრისის კომიტეტის წევრია. დედა მედიცინის მუშაკი ჰყავს, მამა ადრე გარდაეცვალა... ირაკლი მამალაძე ფართო საზოგადოებამ ბოლო დროს, ყველაზე გახმაურებული საქმით გაიცნო. ცოტა ხნის წინ, მან ოჯახი შექმნა. მისი სიყვარულის ისტორიასა და „ციანდის საქმის“ დეტალებს, სტატიიდან შეიტყობთ.
– ირაკლი, მეუღლე გაგვაცანით და თქვენი სიყვარულის ისტორია გვიამბეთ.
– აქამდეც მქონდა პირადი ცხოვრება. ძალიან კარგი ქალბატონების საზოგადოებაში ვტრიალებდი.  ერთ-ერთ ავიაკომპანიაში, პიარის კუთხით ვმუშაობდი, სადაც 20-ზე მეტ ბორტგამცილებელთან მქონდა შეხება. თუმცა, ამ ადამიანმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ჩემი მეუღლე არის მონიკა ქართველიშვილი. მე-5 კურსის სტუდენტი, ქიმიკოსი. შეიძლება ითქვას, რომ ირაკლი მამალაძემ, „ციანდის საქმის“ მთავარმა მოწმემ, ქიმიკოსზე იქორწინა (იცინის). დაახლოებით ერთი წლის წინ გავიცანი მეგობრის დაბადების დღეზე. ამის შემდეგ გვქონდა  მიმოწერა და ურთიერთობის წყვეტაც. თუმცა, ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში აუცილებლად იქნებოდა – თუ არა მეუღლედ, კარგ მეგობრად მაინც. ასეც მოხდა. მას დავუკავშირე ჩემი ცხოვრება. ჩემზე 10 წლით უმცროსია, თუმცა ასაკობრივ ბარიერს ვერ ვგრძნობთ. თავის ასაკთან შედარებით, მსოფლმხედველობა გაცილებით ფართო აქვს. ძალიან კარგი, შრომისმოყვარე, ზომიერი ადამიანია.
– ქორწილს როდის გეგმავთ?
– ჩვენ უკვე ცოლ-ქმარი ვართ, ერთად  ვცხოვრობთ. გვქონდა ოფიციალური ნიშნობა, ძალიან ვიწრო წრეში და დავაკანონეთ ჩვენი ურთიერთობა. მალე ვგეგმავთ ჯვრისწერას ქორწილსაც, ალბათ. ჯერჯერობით, ვუძლებთ ერთმანეთს და ბედნიერები ვართ (იცინის). მერე, რა და როგორ იქნება, ამას ღმერთი ინებებს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, არ გამიჭირდება მასთან ურთიერთობა.
– „ციანდის საქმემ“ იქონია გავლენა თქვენს ურთიერთობაზე?
– მონიკამ კარგად იცის ამ ნივთიერების შესახებ და ისიც ესმის, რომ ამ რაოდენობით კეთილი ზრახვებისთვის მას არავინ იყენებს. ბევრ რამეში დამეხმარა, თუმცა მას მარტო ქიმია არ აინტერესებს კარგი გაგებით, რა თქმა უნდა (იცინის). თავისი პროფესიის მიმართ განსაკუთრებული მიდგომები აქვს, შესაბამისად, არაფერში ჩარეულა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს საქმე მე მეხებოდა, ბუნებრივია, მასაც შეეხო, ისევე, როგორც ჩემს მეგობრებს. მან იცოდა, რომ 33 წლის განმავლობაში არავინ გამიწირავს და ცუდი არავისთვის გამიკეთებია. მოკლედ, რომ ვთქვათ, უპირობო ნდობა გამომიცხადა.
– ზოგადად, როგორ აისახა „ციანდის საქმე“ თქვენს ცხოვრებაზე და კმაყოფილი ხართ თუ არა, განაჩენით?
– ველოდებოდი ამ განაჩენს, რადგან მოსამართლეს რა მტკიცებულებებიც ჰქონდა, სხვაგვარად არ შეიძლებოდა, ყოფილიყო. ვგულისხმობ იმ უტყუარ მტკიცებულებებს, რაც ვიზუალურად არის გადაღებული პროკურატურის მიერ. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვერ ჩავერევი, თუმცა ერთი შემიძლია გითხრათ, რომ წესიერი ადამიანები მომწამვლელ ნივთიერებას არ ითხოვენ, მით უმეტეს, იმ რაოდენობით, რაც მას სურდა – ერთ გრამს. ზოგადად, ეს პირველი ხმაურიანი საქმე არ იყო ჩემთვის. ჟურნალისტიკაში ვიყავი და არაერთი საქმე ყოფილა, რომლის ირგვლივაც აურზაური ატეხილა. შესაბამისად, მიჩვეული ვარ მსგავს რაღაცებს. თუმცა, ციანიდის თემა ყველასგან გამორჩეულია. ცუდია, რომ ამ ამბავში აღმოვჩნდი და ვერაფრით ავიცდინე ეს განსაცდელი. მამა გიორგი ჩემი ძალიან ახლობელი იყო. რაღაც საკითხებში ვეხმარებოდი. 3-4 წლის წინ გავიცანი ჩემი ძმისგან. ჩემი ძმისშვილის ნათლიაც არის. სხვა ნათესაური კავშირი არ გვაქვს. ვმეგობრობდით და კარგი ურთიერთობა გვქონდა. მან ჩათვალა, რომ ამ ყველაფერს შევძლებდი და უკანონო გზით მოვუპოვებდი შხამიან ნივთიერებას. კარგად იცოდა, რომ შეხება მქონდა ბოლნისის ძეგლებთან, კერძოდ, ვიყავი საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრი და აქედან გამომდინარე, შემეძლო იმ კომპანიიდან ციანიდის გამოტანა, სადაც მას მოიპოვებენ. აღმოვჩნდი ჩიხში, რის გამოც მივიღე ეს გადაწყვეტილება. არ მინდოდა, მეც გისოსებს მიღმა აღმოვჩენილიყავი. მივმართე სამართალდამცველებს, თუმცა ის არ მითქვამს, რომ მამა გიორგი იყო დამნაშავე. ვთქვი, ეს ადამიანი რაღაც ცუდს გეგმავს და დანარჩენი თქვენ გამოარკვიეთ-მეთქი. ამის მერე, გაგრძელდა 10-დღიანი გამოძიება და დადგინდა ის, რაც საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი. აქვე დავამატებ, თუ პატრიარქსა და საპატრიარქოს არაფერი ეხებოდა, მაშინ რატომ შეიცვალა მთელი დაცვის სამსახური?! ანუ რაღაც მართლაც ხდებოდა სერიოზული.
– დღეს ყველამ იცის, ვინ არის ირაკლი მამალაძე. მოგწონთ პოპულარობა, რომელიც ამ საქმემ მოგიტანათ?
– ჩემთვის არაფერი შევცლილა, ისევ ისეთი, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ერთადერთი, ქუჩაში მცნობენ ხოლმე. ზოგს ეშინია ჩემი, ზოგიც რაღაცას მეკითხება და ასე შემდეგ. ცნობადი სახე რომ ხარ, კარგია, მაგრამ გააჩნია რით გახდები ცნობილი. ეს ძალიან მძიმე იყო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. უბრალოდ, ერთი რამ ვიცოდი -  მართალი ვიყავი საკუთარ თავთან. რა და როგორც მოხდა, ერთი წუთითაც არ ვნანობ.
– რას გთავაზობდათ მამა გიორგი ციანიდის სანაცვლოდ?
– სანაცვლოდ ის მთავაზობდა „ოქროს, ბრილიანტს“ ანუ თანამდებობას საპატრიარქოში – პროტოკოლის უფროსობას, რომელიც თავად უნდა შეექმნა. ეს ჩანს ჩანაწერშიც, რომელიც  პროკურატურის მიერაა ჩაწერილი, თვალთვალისა და მიყურადების შემდეგ. შორენა თეთრუაშვილის თემა მისი გამოგონილია. ჩანაწერში არ ფიქსირდება ის, რომ მას ვინმე სთხოვდა ამ ნივთიერებას და სხვისთვის სჭირდებოდა, თუნდაც შორენა თეთრუაშვილისთვის.
– მამა გიორგიმ პირდაპირ გითხრათ, რისთვისაც სჭირდებოდა ციანიდი? როგორც მასთან დაახლოებული პირი, როგორ ფიქრობთ, რატომ უნდოდა პატრიარქისთვის ზიანის მიყენება?
– დიახ, პირადად მითხრა, რომ მას ეს სჭირდებოდა ადამიანის მოსაკლავად. დანამდვილებით ვიცი ეს. ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ადამიანი, ვისთვისაც ეს ციანიდი სჭირდებოდა, არ ჭამდა ტკბილს და არ აინტერესებდა ექსპერტიზა. გამოძიებით რაც ვიცი, დათვალიერებულია მისი კომპიუტერი და მოძიებული აქვს მთელი მასალები ციანიდთან დაკავშირებით: რა ანეიტრალებს, როგორ ხდება სიკვდილი და ასე შემდეგ. მარტო ეს ჩანაწერი არაა. თუ ამ ჩანაწერებში რაიმე სხვა ისმის, უნდა გამოვიდნენ მისი ადვოკატები და  აცნობონ საზოგადოებას. ის საუბრობდა კარიერულ წინსვლაზე,  როცა ასეთ მაღალ თანამდებობას მპირდებოდა, ამ პატრიარქის მოღვაწობის დროს ნამდვილად არ გულისხმობდა. მას უნდა დაეკავებინა მაღალი თანამდებობა, რომ მე ამ პოზიციაზე გავემწესებინე. ამბობს ასეთ რამეს:  მაქვს დიდი ამბიციები, უნდა წავიდე შორენას, მამა მიქაელ ბოტკოველის, ან დავით ჭინჭარაულის ადგილზე. ვკითხე, ვინ იყო დავით ჭინჭარაული და მიპასუხა: პატრიარქის უკან რომ დგას, ვისთან ერთადაც პატრიარქი 40 წელია არის. ფაქტია, მას კეთილი ზრახვები არ ჰქონდა. ალბათ, ჰყავდა საკუთარი კანდიდატი, რომელსაც პატრიარქად განიხილავდა.
– წლების განმავლობაში მეგობრობდით. აქამდე რაიმე ეჭვი ხომ არ გაგჩენიათ მისი გეგმების შესახებ?
– მამა გიორგი არასდროს მიმაჩნდა მოძღვრად, ის უფრო მენეჯმენტური საკითხებითა და ფინანსებით იყო დაკავებული. ანაფორა ეცვა, ქუდების ძალიან კარგი კოლექციაც ჰქონდა, იცვამდა თანამედროვედ და სხვადასხვა ქვეყანაშიც უკვეთავდა სამოსს.  რასაც ჰქვია სულიერი მოძღვარი, აი, ამ სულიერებას ნაკლებად ვგრძნობდი მასში. ეს მისთვისაც არაერთხელ მითქვამს. მანამდე მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ მქონია, მეგობრად მიმაჩნდა. სხვათა შორის, ძალიან ფრთხილი და დაკვირვებული ადამიანია, მათ შორის რისკიანიც.
– როგორ აღმოჩნდა სასულიერო სამყაროში?
ერთადერთი, რაც ვიცი, მეუფე დიმიტრის ეპარქიიდანაა. იქ მოღვაწეობდა წლები, მერე იყო უკრაინაში – დონეცკის ოლქში, შემდეგ – ბათუმში. ბოლოს სამი მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა: ბათუმის სემინარიის რექტორი გახლდათ,  ასევე ერთ-ერთი კლინიკის დირექტორი და საპატრიარქოს ქონების მმართველი სამსახურის უფროსი. როცა საუბრობენ, რომ ერთი დეკანოზი და ერთი მამაო გაწირესო, ასეც არ არის. მას ხელეწიფებოდა ბევრი რამის გადაწყვეტა. ბოლოს მან წერილში ასეთი რამ დაწერა, ირაკლი მამალაძემ ძვირად შემომთავაზა ეს ციანიდიო, რაც აბსურდია.
– პატრიარქთან შეხვედრა გქონდათ?
– მოდი, ამ თემას არ შევეხები. თუ მსგავსი შეხვედრა შედგა ან შედეგბა, ეს ჩემთვის ძალიან პირადია. ამ თემით არასდროს ვივაჭრებ. სალაპარაკო და სათქმელი იმდენია, ამაზე საუაბრი ნამდვილად არ მჭირდება.
– მუქარა და შანტაჟი არ ყოფილა გაჩუმების მიზნით? ოჯახმა როგორ აღიქვა ეს ყოველივე?
– არა, მსგავსი არაფერი. ვინც მიცნობს, ძალიან კარგად იცის, რომ ვერაფერი გამაჩუმებს. როცა რაღაცას ეხება საკითხი და შენ ხარ  უდანაშაულო, როგორ შეიძლება, ვინმემ შეგაშინოს. ყველაზე დიდი აბჯარი და ფარიც ადამიანისთვის სიმართლეა. ჩემს ცხოვრებაშიც არაფერი არსებობს ისეთი, რომ ვინმემ რამით დამაშანტაჟოს. რომც იყოს მსგავსი რამ, მაინც რადიკალურ გზას მივმართავდი და ასე მოვიქცეოდი. რაც შეეხება ოჯახს, მძიმედ გადაიტანეს. იყო ბევრი ნერვიულობა. რთულია მათთვის ეს ყოველივე. არ არის მარტივი, როცა ასეთ ხმაურიან საქმეში ხარ. იყვნენ ადამიანები, რომლებიც მამხნევებდნენ და გვერდში მედგნენ. ერთ-ერთმა მათგანმა ისიც კი მითხრა, შენ გქონდა ორი შანსი: ეს ადამიანი იქვე უნდა მოგეკლა ან კიდევ, უნდა გაგეკეთებინა ის, რაც გააკეთეო.
– ჯაშუშობას გაბრალებდნენ. ცილისწამების გამო ქვეყანაც დატოვეთ.
– კი, იყო მსგავსი რამ. ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა ამ ფაქტმა. მაბრალებდნენ თემურ თათარაშვილის დაჭერას. თათარაშვილმა თქვა, რომ სააკაშვილმა დამიჭირა, რა შუაშია მამალაძეო. როცა ასეთ აბსურდულ რაღაცას გეუბნებიან, ძალიან რთულია. ადამიანმა, რომელმაც იტანჯა ციხეში და ამბობენ, რომ თურმე მე დავაჭერინე, ეს არ იყო ჩემთვის მარტივად გასაგები. ამიტომ, წავედი უკრაინაში ჩემს ნათესავებთან და დავბრუნდი ცოტა ხანში. ვთქვი, თუ ეს ადამიანი იტყვის, რომ მე ვარ ჯაშუში, კი ბატონო. მთელმა საქართველომ იცის, რომ ეს იყო შურისძიება და  დასაჯა იმ ხელისუფლებამ, რომელიც მაშინ მართავდა სახელმწიფოს.
скачать dle 11.3