№42 როგორ გაიშიფრა საქართველოს ერთ-ერთ რაიონში მოქმედი ყაჩაღების ბანდა, რომელსაც მილიციის მაიორი მეთაურობდა
დღევანდელ პუბლიკაციაში მოთხრობილმა ისტორიამ საქართველოში დიდი რეზონანსი გამოიწვია. მოქმედების დრო, ადგილი და მთავარი გმირების სახელები შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება კი შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
ორმაგი მკვლელობა
2 იანვარი, ბედობა თენდებოდა, როდესაც კასპის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, ბაიდაშვილების სახლთან, ამავე სოფლის მკვიდრს, ოთარ გევურქაშვილს საკუთარი სატვირთო მანქანა გაუფუჭდა – საბურავი გაუსკდა. ოთარი ბაიდაშვილების მაღალღობიანი კარ-მიდამოს ჭიშკარს მიადგა და ოჯახის უფროსს, ვანო ბაიდაშვილს დაუძახა დახმარებისთვის. პასუხი რომ არავინ გასცა. შემდეგ ჭიშკარზე ატეხა ბრაგა-ბრუგი. ისევ რომ არავინ გამოეხმაურა, თავად აძვრა საბარგულზე, რომ სათადარიგო საბურავი ამოეღო. ბაიდაშვილების ეზოს გახედა და გაოგნდა – წინკარში ვანო ბაიდაშვილის 15 წლის გოგონა, ნონა ეგდო გაუნძრევლად. ოდნავ უკან კი – ნონას დედა, 36 წლის ჟანა ბაიდაშვილი, ასევე გაუნძრევლად იწვა. ოთარი ბაიდაშვილების ეზოში გადაძვრა. უძრავად მწოლიარე დედა-შვილს დახედა, რომელთა ირგვლივ სისხლის გუბეები იდგა და მხოლოდ მაშინ გააცნობიერა, რომ მოკლულები იყვნენ... თავზარდაცემული გევურქაშვილი მილიციის განყოფილებაში გაიქცა და მათ ნანახის შესახებ შეატყობინა. სულ რაღაც 40 წუთის შემდეგ ბაიდაშვილების ეზო მილიციელებითა და რაიონის პროკურატურის თანამშრომლებით აივსო. აქვე იმყოფებოდნენ რაიკომის მესვეურებიც. შეატყობინეს თბილისს და კასპის რაიონში გამომძიებელთა და ექსპერტ-კრიმინალისტთა სპეციალური ჯგუფი ჩავიდა, რომელიც ამ ორმაგი მკვლელობის გამოძიებას შეუდგა.
მკვლელობის სურათი
დედა-შვილ ბაიდაშვილების მკვლელობას გენპროკურატურის განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი მერაბ ხურცილავა იძიებდა. როგორც მოწმეთა დაკითხვამ და შემთხვევის ადგილის დათვალიერებამ, აგრეთვე ექსპერტიზის შედეგებმა ცხადყო, მკვლელი მინიმუმ ორი ადამიანი იყო, თანაც ოჯახის ახლობლები თუ არა, ნაცნობები მაინც, რადგან ისინი დედა-შვილმა საკუთარი ნებით შეუშვეს სახლში და სუფრაც გაუშალეს. ეს კი ჟანას დედამთილის ჩვენებიდან დასტურდებოდა, რომელმაც თქვა: „ჩემი ვაჟი ვანო, 29 დეკემბერს მოულოდნელად რუსეთში გაემგზავრა. ჩემი რძალი და შვილიშვილი ჩემთან შეხვდნენ ახალ წელს და საგანგებოდ არაფერი გაუკეთებიათ საახალწლო სუფრისთვის. 1 იანვარს, შუადღეზე კი, თავიანთ სახლში წავიდნენ დასასვენებლად და საღამოს კვლავ ჩემთან უნდა მოსულიყვნენ“. გაშლილ სუფრაზე მილიციელებს მხოლოდ ღვინო, დაკონსერვებული ბადრიჯანი და ხილი დახვდათ, რაც იმას ცხადყოფდა, რომ სტუმრებისთვის მათ სპონტანურად გაშალეს სუფრა. დედა-შვილს სამ-სამი ტყვია ჰქონდათ მოხვედრილი. ჟანას – „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტიდან მუცელსა და გულში; ნონას კი „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან – ზურგსა და მუცელში. თითო ტყვია კი მოკლულებს თავში ჰქონდათ ნასროლი, ანუ საკონტროლოდ, მაშინ, როცა უკვე მოკლულები იყვნენ. საგანგებო თათბირზე ხურცილავამ უფროსობას მოახსენა: „პირველი ტყვია მკვლელმა, სავარაუდოდ, დედას ესროლა. ეს დაინახა შვილმა და გაიქცა. მას კი მეორე მკვლელმა ჯერ ზურგში ესროლა და წააქცია, შემდეგ – მუცელში. იმავდროულად, ჟანას გულში ესროლეს და შემდეგ ორივე მკვლელმა მაყუჩიანი პისტოლეტებიდან საკონტროლო გასროლა განახორციელა“. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ მკვლელობის ორივე იარაღი სხვა, მეზობელ რაიონში მომხდარი მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებდა. პირველ შემთხვევაში მოკლული იყო ცოლ-ქმარი ამბროსიშვილები და მათი სახლიდან 30 ათასი მანეთი გაიტაცეს; მეორე შემთხვევაში კი, უჯმაჯურიძის ოჯახზე მომხდარი თავდასხმისას მოკლეს 70 წლის ვარლამ უჯმაჯურიძე და ძვირფასი სამკაულები გაიტაცეს. ბაიდაშვილების შემთხვევაში კი, არც გაძარცვას ჰქონია ადგილი და არც გაუპატიურებას, რომ მანიაკზე მიეტანათ ეჭვი. ამიტომ, ხურცილავამ შურისძიების ვერსიაზე დაიწყო მუშაობა.
„ჭინკა“
როგორც გამომძიებლებმა დაადგინეს, ოჯახის უფროსი, 40 წლის ვანო ბაიდაშვილი წარსულში შეიარაღებული ძარცვისთვის იყო ნასამართლევი. 6 წელი ჰქონდა მისჯილი და მეტსახელად სოფელში მას „ჭინკას“ ეძახდნენ. ვანო 7 იანვარს დაბრუნდა სოფელში. 8 იანვარს ცოლ-შვილი დაასაფლავა, ხოლო 9 იანვარს ის ხურცილავამ დაკითხა.
– როგორც ვვარაუდობთ, თქვენი ცოლ-შვილის მკვლელობა შურისძიების მიზნითაა ჩადენილი. ეჭვი ხომ არავიზე გაქვთ?
– მე ჩემი წარსულისთვის უკვე მოხდილი მაქვს. ბოროტმოქმედება ციხიდან გამოსვლის მერე აღარ ჩამიდენია. დავოჯახდი და დღემდე მძღოლად ვმუშაობ. ისეთი კი არაფერი დამიშავებია ვინმესთვის, ასე სასტიკად მომქცეოდნენ. ამიტომ, თქვენი ვერსია არასწორი მგონია, – უპასუხა „ჭინკამ“ ხურცილავას.
ვანო ბაიდაშვილი რომ წავიდა, ხურცილავამ თავის მოადგილეს უთხრა:
– აშკარად ცრუობს ეს კაცი. რაღაცას გვიმალავს და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ იცის, ვინ მოუკლა ცოლ-შვილი.
– თუ მასეა, მაშინ აბაროტზე იჩალიჩებს და კუდზე უნდა დავაჯდეთ, – მიუგო ხურცილავას მოადგილემ.
მილიციამ „ჭინკა” მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანა და ეს საქმე ადგილობრივი სამძებროს უფროსის მოადგილეს, მაიორ ანზორ კოკინაშვილს დაავალა, რომელიც ვანო ბაიდაშვილის თანაკლასელი და ბავშვობის მეგობარი გახლდათ. თუმცა, 16 იანვარს ვანო ბაიდაშვილი კვლავ რუსეთში გაემგზავრა და სოფელს მოშორდა.
ვერაგული კომბინაცია
„ჭინკას“ გამგზავრებიდან ოთხი დღის შემდეგ, ანუ 20 იანვარს, კასპის მილიციის სამმართველოს მთელი პირადი შემადგენლობა ერთ-ერთი სოფლის შესასვლელთან იყო ჩასაფრებული და მწვანე „მოსკვიჩის“ გამოჩენას ელოდნენ. როგორც მაიორმა ანზორ კოკინაშვილმა განუცხადა თავის უფროსს, მას (მაიორს) უტყუარი ინფორმაცია ჰქონდა თავის აგენტ თემურ რობიზონიშვილისგან, რომ კასპელი ძებნილი, ციხიდან გაქცეული რეციდივისტი, 30 წლის უშანგი ღარიბაშვილი, თავის „პაძელნიკებთან“ ერთად, თავს უნდა დასხმოდა კიღურაძეების ოჯახს. ამიტომ, მოხდა დიდი ძალების მობილიზება და მილიციელებს ნაბრძანები ჰქონდათ, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, სასიკვდილო ცეცხლი გაეხსნათ ბოროტმოქმედებისთვის. პირველი ყველაზე საშიშ ხაზზე სწორედ მაიორი ანზორ კოკინაშვილი და მისი მძღოლი, გივი სუჯაშვილი იყვნენ ჩასაფრებულები. როგორც კი მოსახვევში მწვანე „მოსკვიჩი“ გამოჩნდა, კოკინაშვილმა და სუჯაშვილმა ცეცხლი გაუხსნეს მანქანას. თუმცა, „მოსკვიჩმა“ უწყვეტი ცეცხლის ქვეშ გაიარა და ასი მეტრის მოშორებით აკაციის ხეს შეასკდა. „მოსკვიჩში“ სამი ადამიანი იჯდა – უშანგი ღარიბაშვილი, თემურ რობიზონაშვილი და საჭესთან კი – იური ვოლკოვი. მძღოლი მკვდარი იყო. რობიზონაშვილმა და ღარიბაშვილმა კი ხელები ასწიეს და მილიციას დანებდნენ და ისინი პირადად მილიციის მაიორმა, კარლო ნათაძემ დააპატიმრა. მათ სწორედ ის მაყუჩიანი „მაკაროვი“ და „ტეტე“ ამოუღეს, რომლითაც დედა-შვილი ბაიდაშვილები იყვნენ მოკლულები. დაკავებულები თავად ნათაძემ გადაიყვანა თბილისში ისე, რომ კასპის მილიციაში არ წაუყვანია. მეორე დღეს კი მაიორი ანზორ კოკინაშვილი და მისი მძღოლი, გივი სუჯაშვილი დააპატიმრეს. საქმე ის იყო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ კასპის რაიონში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი ამხილა, რომელსაც მაიორი კოკინაშვილი მეთაურობდა. სწორედ მან და მისმა მძღოლმა სუჯაშვილმა მოუკლეს „ჭინკას“ ცოლ-შვილი და ეს შურისძიების მიზნით გააკეთეს. სინამდვილეში დახოცილი ამბროსიშვილების სახლში საქმეზე სწორედ „ჭინკა“ და მისი ბავშვობის მეგობარი, მაიორი კოკინაშვილი იყვნენ. ნაყაჩაღარი ფული „ჭინკამ“ გაიტაცა, რუსეთში გაიქცა და მის ამ საქციელს მისი ცოლ-შვილი შეეწირა. კოკინაშვილი თავის აგარაკზე ძებნილ უშანგი ღარიბაშვილს მალავდა და „აჩალიჩებდა“. 20 იანვარს კი მას და მის „პაძელნიკებს“ „სველი“ იარაღი მისცა და საქმეზე გაუშვა. თავად კი, კოლეგებთან ერთად, ჩასაფრება მოაწყო იმ იმედით, რომ სამივეს დახოცავდა. მათგან „სველ“ იარაღს ამოიღებდა და ყველა მკვლელობას მათ აჰკიდებდა. თუმცა, ეს ვერაგული კომბინაცია ჩაუფლავდა.
„ჭინკაზე“ ძებნა გამოცხადდა, მაგრამ მის კვალს ვერსად მიაგნეს. მაიორ კოკინანაშვილსა და დანარჩენებს კი მოსამართლემ, შესაბამისად, სიკვდილით დასჯა და 15-15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
P.S. კოკინაშვილს დახვრეტის გაუქმებამ მოუსწრო და ის დღემდე უვადო პატიმრობაშია. „ჭინკა“ კი მას მერე აღარ გამოჩენილა.