№42 რისთვის უხდიდა „მაცაცოს“ შორენა თეთრუაშვილი ფულს და რატომ ვერ დაუმტკიცა მან ლადო ბედუკაძეს გაუპატიურება
ლგბტ თემის წარმომადგენელმა ნუგზარ ტატიშვილმა, იგივე „მაცაცომ” საქართველო დატოვა და პოლიტიკურ თავშესაფარს გერმანიისგან ითხოვს. „მაცაცოს” საზოგადოება, როგორც ტრანსგენდერ ქალს ისე იცნობდა, თუმცა მოგვიანებით, მან ეს სტატუსი უარყო და განაცხადა, რომ „განიკურნა”. თუმცა ახლა, მაშინდელი განცხადების მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ ყოველთვის ტრანსგენდერი იყო, არის და იქნება. უახლოეს მომავალში კი, სასქესო ორგანოს მოშორებას და არაერთი პლასტიკური ოპერაციის გაკეთებას აპირებს.
– შორენა თეთრუაშვილთან რა გაკავშირებთ?
– შორენა თეთრუაშვილთან წლების ურთიერთობა მაკავშირებს. ერთმანეთი საპატრიარქოში გავიცანით. სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოსაც თავის მოთხოვნები ჰქონდა ჩემთან: პოლიტიკოსების, განსაკუთრებით კი, განათლების სამინისტროს წარმომადგენლების ფარული ჩანაწერების გადაცემას მთხოვდა. როგორც გახსოვთ, განიხილებოდა კანონპროექტი სკოლაში სექსუალური განათლების მიღების შესახებ და მათი ინტერესი სწორედ მას შეეხებოდა. მთხოვდნენ, განათლების სამინისტროში სექსუალური უმცირესობების შესახებ ინფორმაციების მოპოვებას. ასეთი ინფორმაცია მე, რა თქმა უნდა, მქონდა, მოვამზადე და გადავეცი შორენა თეთრუაშვილს. შორენა ყოველკვირეულად მიხდიდა თანხას 500 ლარამდე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. ეს იყო ანაზღაურებაც და ერთგვარი დახმარებაც მისი მხრიდან. ფირების სანაცვლოდ, მე უნდა მიმეღო უსაფრთხოება. იმ პერიოდში საპატრიარქომ განცხადებაც გააკეთა და სახელმწიფოსგან ჩემთვის დაცვის გამოყოფა მოითხოვა, რაც არ განხორციელდა. მე ზუსტად იმ პერიოდში დამჭრეს. საერთო ჯამში, მე ვიდევნებოდი ჩემი გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულებისა და ჩემ მიერ გაწეული წინააღმდეგობების გამო.
– ერთი პერიოდი გავრცელდა ინფორმაცია, რომ „გირჩის” წევრი იყავით და მღვდლადაც გაკურთხეს.
– მღვდელმსახურების თაობაზე ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება. რაც შეეხება „გირჩის” პოლიტიკურ ხედვებს, მათ ნამდვილად ვიზიარებ. თუმცა, უფრო „ნაციონალური მოძრაობის” მომხრე ვარ. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ვიქნებოდი, აუცილებლად გავხდებოდი საქართველოს პარლამენტის წევრი, შესაბამისად, ვიქნებოდი, პირველი ტრანსგენდერი ქალი პარლამენტარი საქართველოში.
– პირველი ტარანსგენდერი ქალი ვიქნებოდიო, თქვით. მაგრამ გვახსოვს თქვენი განცხადება, რომელშიც აღნიშნეთ, რომ ტრანსგენდერი აღარ ხართ. როგორღაც, ორიენტაციასთან დაკავშირებით პერიოდულად იცვლებოდა თქვენი დამოკიდებულება.
– ტრანსგენდერობა და ზოგადად, ლგბტ თემის წევრობა ფსიქოლოგიური მიდგომაა. მე ტრანსგენდერი ქალი ვარ და ამის შეცვლა შეუძლებელია. ვარ, ვიყავი და ყოველთვის ვიქნები. განცხადება, რომელიც მე გავაკეთე ჩემი გენდერული იდენტობის შესახებ, იყო გარკვეული ძალების ზეგავლენის შედეგი. ეს მე ვთქვი საპატრიარქოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით. იძულებული ვიყავი, ასეთი განცხადება გამეკეთებინა. ასე რომ, ჩემი განცხადება, მე გეი აღარ ვარ და გეობისგან განვიკურნე, – იყო შეკვეთილი.
– რამდენადაც ვიცი, ქალზეც იყავით დაქორწინებული. ესეც შეკვეთილი იყო?
– ჩვენ ნამდვილად გვქონდა ხელი მოწერილი, მაგრამ ეს ჩემი და ჩემი მეგობრის პირადი გადაწყვეტილება გახლდათ. რეალურად, ინტიმური ურთიერთობა არ გვქონია და არც ოჯახი გვერქვა. ეს ფაქტი სულ სხვა მიზანს ემსახურებოდა.
– გათხოვილიც იყავით, თუმცა ეს ურთიერთობაც დასრულდა. ახლა რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში?
– ჩემი გათხოვება განხილვის საგანი გახდა. ჩვენ ნამდვილად ვიყავით ერთად და ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. მაგრამ, საჯარო სივრცეში ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, დაიწყო ჩემს მეორე ნახევარზე არნახული შეტევა, როგორც ოჯახის წევრების, ისე პოლიციელების მხრიდან. მას აიძულეს, რომ ჩემთან ურთიერთობა გაეწყვიტა. თუმცა, აქამდე ძალიან ბევრ მეგობარ ბიჭთან ერთად მიცხოვრია. ბოიფრენდის ნაკლებობას არ განვიცდიდი, მაგრამ ჩემი ცნობადობიდან გამომდინარე, ეს სირთულეებთან იყო დაკავშირებული. მე ვარ ტრანსგენდერი ქალი და არაა გამორიცხული, მომავალში გერმანიაში მქონდეს სასიყვარულო ურთიერთობა.
– რაც შეეხება იმიჯს. აპირებთ ისევ ქალის სამოსს დაუბრუნდეთ?
– მე დავიწყე უკვე ჰორმონული თერაპია. ეს ორწლიან პერიოდს მოიცავს, რომლის დასრულების შემდეგ, მექნება გაკეთებული შესაბამისი პლასტიკური ოპერაციები, რაც სქესის კორექციასაც მოიცავს. ამას აუცილებლად გავიკეთებ. მკერდის, საშვილოსნოს და გარკვეული ნაწილების პლასტიკური ოპერაციების გაკეთებას უახლოეს მომავალში ვაპირებ. რაც შეეხება ჩაცმულობას, ეს გენდერულ იდენტობას არ უკავშირდება. შემიძლია, ჩავიცვა კაბა, მაგრამ არც კაცის სამოსი მიქმნის დისკომფორტს. ერთადერთი, ჩემი სასქესო ორგანო მიქმნის დისკომფორტს, რომელსაც უახლოეს მომავალში მოვიშორებ. ზოგადად, თბილისში დღისით ტრანსგენდერი ქალის ფორმით სიარული წარმოუდგენელია. გამუდმებული დისკრიმინაციის მსხვერპლი იქნები, მაგრამ ღამით, ყოველთვის ასე დავდიოდი.
– საშვილოსნო ახსენეთ. შვილის ყოლას აპირებთ?
– აუცილებლად მეყოლება შვილი. ჩემი საშვილოსნოდან იქნება თუ სუროგატი დედის გამოყენებით, შვილი აუცილებლად მეყოლება. თუმცა, ამას წლები დასჭირდება.
– სახელსაც ხშირად იცვლით.
– კი, მე ვიყავი: ვახტანგ ოქროპირიძე, გიორგი ჩხარტიშვილი, გიორგი ტატიშვილი და ამჟამად ვატარებ ნუგზარ ტატიშვილის სახელს. სახელის ცვლილება ჩემს სუბიექტურ შეფასებებს უკავშირდება გარკვეული საკითხებისადმი. იყო, რაღაც ცვლილებები ჩემს ცხოვრებაში, რომელიც ამას მოითხოვდა. ჩემს სახელებს შორის ყველაზე პოპულარულია – მაცაცო, რომელიც საპატიმროში, აივინფექციის შედეგად გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალის პატივსაცემად დავირქვი.
– თავად 17 წლის იყავით, როცა საპატიმროში მოხვდით.
– კი, 100 000 ლარის ოდენობით თანხის თაღლითობის გამო. ეს იყო თაღლითობის კლასიკური მაგალითი, რის გამოც ორი წელი გავატარე საპატიმროში. შემდეგ, ამნისტიით გამათავისუფლეს. იქ იყო აუტანელი პირობები და დარწმუნებული ვარ, ახლაც ასეა. მე ამის შესახებ ინფორმაციებს მაწვდიან და ვიცი, რომ ლგბტ პირები უმძიმეს მდგომარეობაში არიან. პირადად მე, სასჯელაღსრულების სისტემაში ყოველთვის ძალადობის მსხვერპლი ვიყავი. ამ დაწესებულებაში გამაუპატიურა ვლადიმერ ბედუკაძემ. თუმცა, გამოძიება დღემდე არ ჩატარებულა. მითხრეს, რომ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, დაზარალებულად ვერ მცნობენ. ეს ქეისი დეკემბერში სტრასბურგში გაიგზავნება. ჩემს გაუპატიურებას სასჯელაღსრულების სხვა თანამშრომლების და მსჯავრდებულების მხრიდანაც ჰქონდა ადგილი. ყველა საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ უშედეგოდ.