№42 რამ მიიყვანა თითქმის ჩაშლამდე პოლიტიკური ელიტისთვის დაგეგმილი ვანო სარაჯიშვილის კონცერტი
ცნობილი მწერალი და ხელოვნებათმცოდნე ირაკლი ანდრონიკოვი ასეთ ისტორიას ყვებოდა: „საქვეყნოდ ცნობილი ქართველი ლირიკული ტენორი, „საქართველოს ბულბულად“ წოდებული, მომღერალი ვანო სარაჯიშვილი, 1916 წელს, ბაქოს საოპერო გუნდთან ერთად, პოლონეთში იმყოფებოდა სოლო გასტროლებზე, სადაც მას კარგად იცნობდნენ და თაყვანს სცემდნენ. ერთ წვიმიან, შემოდგომის დღეს, ვარშავის საოპერო თეატრში უნდა ემღერა და ამ კონცერტს პოლონეთის მთელი მთავრობა ესწრებოდა. ვანო ნახევარი საათით ადრე მოიყვანა იმპრესარიომ თეატრში „როლს-როისის“ „ლიმუზინით“. ამ დროს თეატრის შესასვლელთან ვანოს თაყვანისმცემელთა ასეულობით უბილეთო ადამიანი იდგა და თავის კერპის გამოჩენას ელოდა, „ლიმუზინი“ „დაბუქსავდა“, ბრბოში ვერ გააღწია, იმპრესარიომ წინასწარ მომზადებული ქოლგა აიღო და დიდი ბოდიშის მოხდით, სარაჯიშვილს უთხრა:
– პან (ბატონო) სარაჯიშვილო, ამ ხალხს ვერ დავშლით და ფეხით უნდა მივიდეთ თეატრამდეო.
– კი მაგრამ, რატომ დგანან ეს ადამიანები ამ თავსხმაში და ადგილიდან არ იძვრიანო? – გაუკვირდა ვანოს.
– თქვენი თაყვანისმცემლები არიან. ბილეთები ვერ იშოვეს კონცერტზე დასასწრებად და თქვენს გამოჩენას ელოდებიან, რომ თვალი შეგავლონო.
ვანომ იმპრესარიოს სიტყვები არ დაიჯერა. პირველი გადავიდა მანქანიდან და როგორც კი, სახელოვანი მომღერალი დაინახეს, თაყვანისმცემელთა ბრბო დიდი ოვაციით გარს შემოეხვია „ლიმუზინთან“ მდგომ სარაჯიშვილს. „საქართველოს ბულბული“ ისე შეძრა ასეთმა სახალხო აღიარებამ, რომ ნახევრი საათის განმავლობაში, „როლს-როისის“ სახურავზე მდგომმა, კოკისპირულ წვიმაში, უბილეთო თაყვანისმცემლებს თავისი საუკეთესო რეპერტუარი უმღერა. ოპერაში შეკრებილ არისტოკრატიულ-პოლიტიკურ ბომონდს კი, კარგა ხანს მოუწია ლოდინი... და მართალია, დაგვიანებით, მაგრამ კონცერტი მაინც ჩატარდა.