კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 სიცოცხლე ფსონად

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹40-41(876)


კოტეს გაეცინა და მიუგო:
– რა ფული, რის ფული დაგვჭირდა. ეგ ძეწკვი აფხაზეთში გამგზავრების წინ დავკარგე და შენს ქმარს მოუპარავს. ფუი, რა გნიდაა.
– მოიცა. მომისმინე. მოკლედ, კაფეში ვიღაც შემოვიდა, ვითომ შემთხვევით და ალბერტას გადაეხვია. ერთმანეთი რომ მოიკითხეს, იმან უთხრა, – მეც სარეაბილიტაციოდ ვარ აქ, რადგან კანტუზია მივიღეო. შეჰყვნენ ლაპარაკში და იმან თქვა, – საცოდავი კოტიკო ჩხეიძე დაიღუპა გუმისთასთანო. მე ენა ჩამივარდა. ალბერტა კი – ატირდა... ერთი სიტყვით, ერთი კვირა ალბერტა ყოველდღე მოდიოდა ჩემთან და მანუგეშებდა, თან თვითონაც ტიროდა. ერთი კვირის თავზე კი გამომიცხადა: კოტიკომ მითხრა, მე რომ დავიღუპო, ნინიკო მარტო არ დამიტოვო, მიხედე და ცოლად შენ მოიყვანეო.
– ცოლად მოიყვანეო? – თავი გააქნია კოტემ.
– მოკლედ, ისე ვიყავი დარდისგან დათრგუნული, რომ საღი აზრი დავკარგე. ეგ ფლიდი, ნაძირალა კი გვერდიდან არ მშორდებოდა. მეგონა, გვერდით მედგა და მანუგეშებდა. სინამდვილეში კი, თურმე თავის ბინძურ ზრახვებს ახორციელებდა. ერთი თვის მერე ისე აღმოვჩნდი მის ლოგინში და მოსახდენი მოხდა, რომ თვითონვე გაკვირვებული დავრჩი.
– ჰო. სამწუხაროდ, მოსახდენი მოხდა, – ირონიით თქვა კოტიკომ.
– ვარშავიდან მოსკოვში გავემგზავრეთ. თბილისში დაბრუნება არ მინდოდა, ისე მიმძიმდა. მოსკოვში ისე დავქორწინდით, ჩემებისთვის არაფერი მითქვამს. შემდეგ ჯერ რუმინეთში გავემგზავრეთ, იქიდან უნგრეთში – ეს ნაძირალა იქ რაღაც შავ-ბნელ საქმეებს ჩარხავდა, რაც ისევ მოგვიანებით შევიტყვე. სულ რაღაც ერთი წელი დამჭირდა, რომ ჩემი ნაძირალა ქმარი გამეშიფრა, მაგრამ უკვე გვიან იყო. მას ისე მყარად ვყავდი გამომწყვდეული, რომ ნაბიჯის გვერდზე გადადგმას ვერ ვახერხებდი. ამასობაში, შევიტყვე, რომ ცოცხალი იყავი და სულ გავგიჟდი. მაგრამ, მისთვის არაფერი მიგრძნობინებია. იმით დავსაჯე, რომ ბავშვს არ ვუჩენ და ჰგონია, უშვილო ვარ. ასეთ ყოფაში ვარ უკვე თითქმის ოცი წელია.  შენი ნახვა კი ძალიან გამიხარდა და ბოდიშს გიხდი ყველაფრისთვის.
ყოფილმა შეყვარებულებმა კიდევ თხუთმეტი წუთი ილაპარაკეს და კოტიკო წავიდა. მეორე დღიდან მისი ცხოვრება საგრძნობლად შეიცვალა. კაზინო „გრალბაში“ დაიწყო სიარული. კოტე თითქმის ყოველდღე დადიოდა იქ და დიდ თანხებს აგებდა. „პიავკა“ დიდად ხალისობდა ამით და მის საუკეთესო გართობად გადაიქცა „გაფარჩაკებული“ კოტე ჩხეიძის ყურება „რულეტკის” ვიდეოკამერაში.
თანდათან კოტე ჩხეიძის იმიჯი შეილახა და ზურგსუკან მასზე ჭორაობდნენ – „აზარტულ, ფულიან გოიმს“ უწოდებდნენ. იმ დღეს ელოდნენ, როცა წარმატებული ბიზნესმენი კოტე მხეიძე მთელ თავის ქონებას მწვანე მაუდზე დადებდა.
ეს ხმები, რა თქმა უნდა, პოლიციის ყურამდეც მივიდა და მაიორმა კაშიამაც იცოდა. მან სავარძელში მჯდომ კოტე ჩხეიძეს თავი დაუქნია და უთხრა:
– სავარაუდოდ, მასეა, ალბათ, მაგრამ ყველაფერს გამოძიება დაადგენს. იმედია, გამოძიებას დაეხმარებით.
– რით შემიძლია, დაგეხმაროთ? – ჰკითხა კოტე ჩხეიძემ მაიორ კაშიას და გააბოლა.
– ბატონო კონსტანტინე, როგორც კაზინო „გრალბას“ თანამშრომლების ჩვენებებში წერია, თქვენ თურმე მოკვლით ემუქრებოდით გარდაცვლილ ალბერტ ბაბაიშვილს და ასეთი ფრაზა გითქვამთ: „ბოზიშვილი ვიყო, თუ არ მოგკლა“. ამასვე ადასტურებს ვიდეოკამერების ჩანაწერები.
– თქვენ რა, ალბერტას მკვლელობაში მდებთ ბრალს? – გაეცინა ჩხეიძეს.
– ჯერჯერობით, თქვენ მოწმის სტატუსით იკითხებით. შემდეგ კი ვნახოთ.
– რა უნდა ვნახოთ, მაიორო? კი იყო ალბერტა დამპალი და ნაძირალა, მაგრამ მაგის მოკვლა რაში მჭირდებოდა? ან, რომ მდომოდა, თქვენი აზრით, ასე აშკარად ჩავიდენდი ამას?
– ბატონო კონსტანტინე, სახლში ცეცხლსასროლი იარაღი თუ გაქვთ?
– იარაღის მეტი რა მაქვს, მაგრამ ყველა გაფორმებულია.
– გაუფორმებელი?
– არა, – თქვა მასპინძელმა და გაიღიმა, – შეგიძლიათ, პირადად დარწმუნდეთ.
– თქვენის ნებართვით, – ღიმილითვე მიუგო კაშიამ.
მასპინძელმა კომოდის უჯრიდან ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის დამადასტურებელი საბუთების დასტა ამოიღო და მაიორს მაგიდაზე დაუდო. შემდეგ სამხრეთ კედელთან მივიდა, შიგნით ჩამონტაჟებული კარადიდან დისტანციური მართვის პულტი გამოიღო, კედელს მიუშვირა და მწვანე ღილაკს თითი დააჭირა. კარადა მარჯვნივ გაიწია და კედელში გაუჩინარდა. მის უკან კი შუშის უზარმაზარი ვიტრინა გამოჩნდა, რომელშიც ოციოდე სხვადასხვა სისტემის პისტოლეტი ელაგა.
– აი, ბატონებო, ჩემი არსენალი. შეგიძლიათ, ახლოდან დაათვალიეროთ ეს შესანიშნავი კოლექცია. ვიტრინა დაჯავშნილი შუშისგანაა დამზადებული. მას „კალაშნიკოვის“ ტყვიაც ვერ იღებს. ეს ვიტრინა უფრო დაცულია, ჩემო მეგობრებო, ვიდრე რუსეთის იმპერიის დიდი გვირგვინი კრემლის ალმასის ფონდში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ნივთია, – უთხრა კოტე ჩხეიძემ დაუპატიჟებელ სტუმრებს და ვიტრინასთან ხელით მიიხმო.
პირდაღებული პოლიციელები ხარბად ათვალიერებდნენ ძვირად ღირებული პისტოლეტების კოლექციას, კაშიამ კი მასპინძელს ჰკითხა:
– ალბათ, ეს ვიტრინაც პულტით იღება, ხომ?
– დიახ, – თქვა მასპინძელმა. წითელ ღილაკს თითი დააჭირა და დაჯავშნილი ვიტრინა მძიმედ გაიღო. განმეორებითი მანიპულაციისას კი, ასევე დაიხურა.
– შთამბეჭდავია, – თავი გააქნია კაშიამ. ამ დროს მისმა მობილურმა დარეკა და მაიორმა ტელეფონი ყურზე მიიდო. ერთი წუთი უსმინა, უპასუხოდ გათიშა და მასპინძელს შეავლო მზერა.
– რას იტყვით, მაიორო, ჩემთან კიდევ გაქვთ კითხვები? – თქვა ჩხეიძემ და გააბოლა.
– ბატონო კონსტანტინე, მანქანა გყავთ? – იკითხა კაშიამ.
– დიახ. „პორშე კარერა“.
– ბოლოს როდის ისარგებლეთ თქვენი მანქანით. საჭესთან როდის იჯექით?
– სამი დღის წინ, როცა ჩემი მეუღლე რკინიგზის სადგურში მივიყვანე, ბათუმში რომ მიემგზავრებოდა. რატომ მეკითხებით?
– სადაა ახლა მანქანა?
– ავტოფარეხში, სახლის ქვეშ. განახოთ?
– ჯერ არა, – თავი გააქნია კაშიამ. ჩხეიძემ კი ჰკითხა:
– გამაგებინეთ ბოლოს და ბოლოს, რა ხდება?
– ბატონო კონსტანტინე, ახლა მთავარი პროკურატურის გამომძიებელი – ერდო ხვისტანი მოვა, რომელსაც მოსამართლის მიერ გამოწერილი ორდერი აქვს თქვენი სახლის ჩხრეკის თაობაზე და სწორედ მან დამირეკა. ამიტომ, სანამ ამ საგამოძიებო მოქმედებას შევუდგებოდეთ, შეგიძლიათ, თქვენს ადვოკატს დაურეკოთ და მოიყვანოთ, რომ ჩხრეკას დაესწროს, – თქვა კაშიამ.
– რა საჭიროა ადვოკატი. კი ბატონო, ჩაატარეთ ჩხრეკა, – მხრები აიჩეჩა ჩხეიძემ, თან დააყოლა, – აბსოლუტურად სუფთა ვარ და ტყუილად გაირჯებით.
ერდო ხვისტანი, ათიოდე თავის კოლეგასთან და ოთხ მოწმესთან ერთად მოვიდა, რომლებიც ქუჩიდან წამოიყვანეს პროკურატურის თანამშრომლებმა. ჩხრეკა სამ საათს გაგრძელდა და კოტე ჩხეიძის კარ-მიდამო საფუძვლიანად გაჩხრიკეს. ერთ-ერთმა გამომძიებელმა კი, ეზოს ჭიშკართან მდებარე ნაგვის ბუნკერში „გლოკის“ სისტემის პისტოლეტი აღმოაჩინა, რომელსაც მაყუჩი ჰქონდა წამოცმული.
– აი, ბატონო ერდო, რა ვიპოვე, – უჩვენა ხვისტანს კოლეგამ მაყუჩიანი „გლოკი“.
– ეს იარაღი თქვენია? – ჰკითხა თვალებგაფართოებულ მასპინძელს ხვისტანმა.
– არა, – მიუგო ჩხეიძემ.
– აბა, ვისია? – ჩაეკითხა ხვისტანი.
– წარმოდგენა არ მაქვს, – თავი გაიქნია მასპინძელმა და სიგარეტს მოუკიდა.
– ნუ ნერვიულობთ, – გამარჯვებულის ირონიით თქვა ხვისტანმა, – ბუნკერი თქვენს ეზოში დგას, ესე იგი, თქვენია. ეზოს მაღალი ღობე აქვს და ძაღლი გყავთ, რომელიც უცხოს არ აჭაჭანებს და ამ იარაღს ბუნკერში თქვენს მეტი ვერავინ ჩააგდებდა. ხომ ლოგიკურია?
– აბსოლუტურად ალოგიკურია, ბატონო ერდო, – გაეცინა ჩხეიძეს, – ჯერ ერთი, ჩემი გერმანული ნაგაზი „ადოლფი“ სამი დღეა, თავის „ბუტკაშია“ გამომწყვდეული და დღეს ვაპირებდი აშვებას. წასვლის წინ მას ნონამ დაუტოვა უამრავი საკვები, რადგან ჩემი იმედი არ ჰქონდა – შიმშილით მოკლავო. „ადოლფი“ ალკოჰოლის სუნს ვერ იტანს და მეც მიღრენს ხოლმე. ეს ერთი. ასე რომ, ეზო დაუცველი იყო და აქ გადმოძრომა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ თუკი „პიავკა“ ამ „გლოკითაა“ მოკლული და ჩემზე გაქვთ ეჭვი, როგორ ფიქრობთ, „გლუშიწელიან“ ფაქტს სახლში მოვიტანდი და ჩემი ნაგვის ბუნკერში ჩავაგდებდი?
მასპინძლის პასუხმა ხვისტანი დააბნია, თუმცა იხტიბარი არ გაიტეხა და ჩხეიძემ უთხრა:
– მთვრალი იყავით და თქვენს მოქმედებას ბოლომდე ვერ აკონტროლებდით. ან, უბრალოდ, იარაღის გადაგდება ვერ მოასწარით და სახლში წამოიღეთ.
– აბსურდია, ბატონო ერდო და ამ თქვენს ვერსიას ნებისმიერი დამწყები ადვოკატი ქვიშის სახლივით დაანგრევს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კაზინოდან აქ ტაქსით მოვედი, რომელიც  „გრალბას“ დაცვამ დამიქირავა და ფულიც მათ გადამიხადეს, თან ძვირად ღირებული სიგარაც მაჩუქეს, რომელიც პიჯაკის ჯიბეში მიდევს და არ მომიწევია, – თქვა კოტე ჩხეიძემ.
– ნუ ნერვიულობთ, ბატონო კონსტანტინე. მე ხომ ჯერ არაფერში გდებთ ბრალს და გამოძიება მიმდინარეობს. ჯერჯერობით მოწმის სტატუსით იკითხებით და ბევრი რამაა გასარკვევი. ამიტომ, მთავარ პროკურატურაში უნდა წამომყვეთ, – უთხრა ხვისტანმა კოტე ჩხეიძეს.
გამომძიებლებმა ჩხეიძის „პორშე კარერა“ და მისი „ეფლის“ მობილურიც წაიღეს „გლოკთან“ ერთად, რომ ნივთებისთვის ექსპერტიზა ჩაეტარებინათ, რაც საგამოძიებო მოქმედების აუცილებლობით იყო გამოწვეული. ბოლოს კი, როცა მთავარ პროკურატურაში ხვისტანმა კოტეს დაკითხვა დაასრულა, გამოუცხადა:
–48 საათით გაკავებთ, რომ საგამოძიებო მოქმედებების სრულფასოვან ჩატარებას ხელი არ შეუშალოთ ან არ მიიმალოთ.
დაკითხვას პროკურატურაში უკვე ჩხეიძის ადვოკატი, ვაჟა ბერიძე ესწრებოდა. მან პროტესტი განუცხადა ხვისტანს და ჰკითხა:
– ჩემს უდანაშაულო კლიენტს მკვლელობაში სდებთ ბრალს?
– ჯერჯერობით, ის მხოლოდ ეჭვმიტანილია, – თქვა ხვისტანმა, – ექსპერტიზის დასკვნას დაველოდოთ და საბოლოო პასუხსაც მაშინ მიიღებთ.
ბერიძეს ჩაეცინა და ხვისტანს უთხრა:
– ბატონო ერდო, გარწმუნებთ, რომ ჩემს კლიენტს 48 საათის შემდეგ გაათავისუფლებენ, ხოლო თქვენ კი, გპირდებით, საქვეყნოდ გამოგაჭენებთ, როგორც ცრუბრალმდებელსა და ცილისმწამებელს.
– ნება თქვენია, – მშვიდად მიუგო ხვისტანმა ბერიძეს და კაბინეტიდან გამოისტუმრა. კოტე ჩხეიძე კი წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანეს.
***
ალბერტ ბაბაიშვილის მკვლელობის საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე და იმის გამოც, რომ კოტე ჩხეიძეს დაკავების ვადა 48 საათში გასდიოდა, ბალისტიკური, დაქტილოსკოპიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზა სწრაფად ჩატარდა. რამაც ყველასთვის და თვით ხვისტანისთვისაც, მოულოდნელი შედეგები უჩვენა. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ „პიავკა“ სწორედ იმ მაყუჩიანი „გლოკით“ იყო მოკლული, რომელიც კოტე ჩხეიძის ეზოში მდებარე ნაგვის ბუნკერში იპოვეს. პისტოლეტის ტარზე, სასხლეტსა და მაყუჩზე კი, მისი თითების ანაბეჭდები იყო დაფიქსირებული. ბაბაიშვილის მკვლელობის ადგილთან შორიახლო, ასფალტზე კი კოტე ჩხეიძის „პორშე კარერას“ საბურავების კვალი აღმოაჩინეს კრიმინალისტებმა. ისიც დაამტკიცეს, რომ მანქანა ბოლოს არა სამი დღის წინ გამოიყვანეს ავტოფარეხიდან, როგორც ამას ჩხეიძე ამტკიცებდა, არამედ, დაახლოებით იმ დროს, როცა „პიავკა“ მოკლეს. გარდა ამისა, დილის ექვსის ნახევარზე, ანუ იმ დროს, როცა ჩხეიძე ამტკიცებდა, რომ მაგრად ეძინა საკუთარ ლოგინში და „პიავკა“ კი მოკლეს, მისი ტელეფონიდან უცხოეთში იყო დარეკილი და საუბარი სულ რაღაც 20 წამს გაგრძელდა. ზარის ადრესატს გამოძიება ადგენდა. ზარის გაშვების ადგილად კი, ანძამ ის კვადრატი დააფიქსირა, რომელიც „პიავკას“ მკვლელობიდან 200 მეტრში, ხოლო კოტე ჩხეიძის სახლიდან – 8 კილომეტრში მდებარეობდა. აგრეთვე, არსებობდნენ მოწმეები, რომლებიც ამბობდნენ, რომ დაინახეს, სწრაფი ნაბიჯებით მომავალი კაცი, რომელიც „პორშე კარერაში“ ჩაჯდა და მანქანა დიდი სისწრაფით გააქროლა ღამის თბილისის ცარიელ ქუჩებში. ამ მასალებზე დაყრდნობით, ერდო ხვისტანმა კოტე ჩხეიძეს, ალბერტ ბაბაიშვილის მკვლელობის ბრალდება წაუყენა. მოსამართლემ კი მას წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა და კოტე ჩხეიძე გლდანის ციხეში გადაიყვანეს.
***
ერდო ხვისტანი ბავშვივით ხარობდა. თავი ქუდში ეგონა და ფიქრობდა, რომ წარმატებულად გახსნა რეზონანსული მკვლელობა და საბრალდებო დასკვნაც დიდი ხალისით შეადგინა, რომელშიც ეწერა, რომ თითქოს ფულის წაგებით გამწარებულმა კოტე ჩხეიძემ ჯერ აყალმაყალი ატეხა კაზინო „გრალბაში“ და მის მეპატრონეს მოკვლით დაემუქრა. შემდეგ სახლში წავიდა და გაუფორმებელი „გლოკის“ სისტემის პისტოლეტი აიღო, თავისი „პორშე კარერათი“ წამოვიდა, ალბერტ ბაბაიშვილს მის ერთ-ერთ ფეშენებელური პენტჰაუზის სადარბაზოსთან ჩაუსაფრდა. მერე კი, სანამ ბაბაიშვილის პირადი  მძღოლი მანქანიდან იყო გადასული, რომ დაცული პენტჰაუსის დარაჯისთვის ეზოს კარი გაეღებინებინა, რადგან დისტანციური მართვის პულტმა არ იმოქმედა, ამ დროს ჩხეიძემ ბაბაიშვილი მანქანაში ჩაცხრილა და მიიმალა. ეს დასკვნა რომ ადვოკატის თანდასწრებით ხვისტანმა ჩხეიძეს გააცნო. ბრალდებულმა გამომძიებელს უთხრა:
– სრული აბსურდია და შეკერილი საქმე. ამას მე ხელს არ მოვაწერ.
– მოაწერთ თუ არ მოაწერთ, თქვენი ნებაა, მაგრამ იქნებ ის ამიხსნათ, თუ როგორ მოხვდა მკვლელობის იარაღზე თქვენი თითების ანაბეჭდები? – ნიშნის მოგებით მიუგო ხვისტანმა ჩხეიძეს.
ჩხეიძეს პასუხი არ გაუცია. ვაჟა ბერიძემ კი პროკურორს უთხრა:
– ჯერჯერობით ეს, ანუ თითის ანაბეჭდები  „გლოკზე“ ერთადერთი ხელჩასაჭიდი სამხილია ჩემი კლიენტის წინაააღმდეგ, მაგრამ გარწმუნებთ, გავაბათილებთ და ბატონ კოტეს გაამართლებენ.
თავდაჯერებულ ხვისტანს ირონიულად ჩაეცინა და ადვოკატს მიუგო:
– ეს თქვენი სიტყვითაა ერთადერთი სამხილი და ის სინამდვილეში, ერთადერთი არაა და სხვა წონიანი სამხილებიც არსებობს, თან იმდენად დამაჯერებელი, რომ მილიონ გამაბათილებელ არგუმენტს გადაწონის.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3