კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 რატომ იყო გახარებული ანტიოქიის სამთავროს კანცლერი, დავით აღმაშენებლის მიერ, დიდგორში მაჰმადიანთა ჯარის განადგურებით

თათია ფარესაშვილი გია მამალაძე

1098 წელს ჯვაროსნებმა აიღეს ანტიოქია, მომდევნო წელს იერუსალიმი. ჩამოყალიბდა ოთხი ჯვაროსნული სახელმწიფო, რომლებშიც შედიოდა კიდევ რამდენიმე სენიორია. ერთ-ერთის, ანტიოქიის სამთავროს პირველი მთავარი გახდა ნორმანული წარმოშობის ბოჰემუნდ (ბოემუნდ) პირველი ტარანტელი, იტალიის ტარანტის სამთავროს მთავარი. 1111 წელს ის მოკვდა და მთავრად გამოცხადდა მისი მცირეწლოვანი ვაჟი, ბოჰემუნდ მეორე, რომელიც იმ დროს იტალიაში ცხოვრობდა. 1112 წლიდან ანტიოქიის სამთავროს მართავდა რეგენტი, იტალიის სალერნოს მთავარი როჯერი.
ანტიოქიის სამთავროს 1114-1126 წლების ისტორია აღწერა ჯვაროსნული ომების მონაწილემ, სამთავროს კანცლერმა გოტიემ, ნაშრომში „ანტიოქიის ომები“. გოტიეს სახელი სამეცნიერო ლიტერატურაში კარგადაა ცნობილი. წარმოშობით იყო ფრანგი ან ნორმანდიელი. მონაწილეობდა 1119 წლის ბრძოლაშიც, როცა ალეპოს მთავარმა ილღაზიმ დაამარცხა ანტიოქიის მეთაური როჯერი. როჯერი ბრძოლაში დაიღუპა. გოტიე ტყვედ ჩავარდნილა იმ ბრძოლაში და წაუყვანიათ ალეპოში, საიდანაც თავი დაუხსნია. ტყვეობაში ბევრი ტანჯვა-წამება გადაუტანია, რამაც უფრო განამტკიცა ქრისტესა და ქრისტიანთა სიყვარულში.
თავის ქრონიკებში გოტიეს მოთხრობილი აქვს დიდგორის ბრძოლის შესახებ, რომელიც მან დიდგორში მებრძოლი ჯვაროსნებისგან იცოდა.
დავით აღმაშენებლისა და საქართველოს შესახებ ევროპელები ჯვაროსნული ომების დაწყებისთანავე შეიტყობდნენ, როდესაც 1096 წელს გადმოსხდნენ აღმოსავლეთში და დაიწყეს ჯვაროსნული ლაშქრობა. რა თქმა უნდა, ჯვაროსნების მეთაურები გამოცდილი მხედართმთავრები და  პოლიტიკოსები იყვნენ. ამიტომ, თავისთავად ცხადია, აღმოსავლეთში შემოსვლისთანავე დაიწყეს მოკავშირეების მოძიება. პირველი, ვისაც ისინი დაუკავშირდნენ, იყო ბიზანტიის იმპერატორი ალექსი კომნენი. ბიზანტია უშუალო მეზობელი გახლდათ მაჰმადიანური სახელმწიფოებისა და მის ინტერესებშიც შედიოდა ჯვარსნული ომები. მაჰმადიანებს ბიზანტიის ტერიტორიის დიდი ნაწილი მიტაცებული ჰქონდათ. ჯვაროსნები ეწვივნენ ბიზანტიის იმპერატორ ალექსის და თავი მის ვასალებად გამოაცხადეს, რადგან მისი ნებისა და დახმარების გარეშე, ბიზანტიის ტერიტორიებს ვერ გადაივლიდნენ, ვერ მოიმარაგებდნენ საკვებს და ასე შემდეგ. იქვე ჯვაროსნები შეიტყობდნენ საქართველოს შესახებ, რომელიც ქრისტიანული ქვეყანა იყო რეგიონში და საქართველოს მეფე დავითთანაც დაამყარებდნენ კავშირს. დავით მეფესაც ძალიან აწყობდა ჯვაროსნების შემოჭრა ლევანტში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ჩვენს მოსაზღვრე რეგიონში, რადგან გამოუჩნდა მოკავშირეები დამპყრობელი თურქების წინააღმდეგ. როგორც ჩანს, დავით აღმაშენებლის სამხედრო ნაწილები იბრძოდნენ ჯვაროსნების მხარდამხარ იერუსალიმის და ალბათ,  სხვა ქალაქების აღებისას.
1104 წლის ერწუხის ბრძოლაში გამარჯვება, როგორც დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი გვიამბობს, ძალიან ხმაგასმენილი ყოფილა იმდროინდელ სამყაროში. ამ გარემოებებს არ შეიძლება, დიდი ინტერესი არ გამოეწვია ჯვაროსნებს შორის საქართველოსადმი.
ჯვაროსნული სახელმწიფოების ჩამოყალიბებიდან გარკვეული ხნის შემდეგ, ნელ-ნელა, მაჰმადიანები გონს მოდიოდნენ და ცდილობდნენ შეტევაზე გადასვლას ჯვაროსნების მიერ დაარსებული სამეფო-სამთავროების წინააღმდეგ. ჯვარსონულ სახელმწიფოებს მუდმივ საომარ ვითარებაში უწევდათ ყოფნა. ეს იყო სამხედრო სახელმწიფოები.
როგორც ვთქვით, კანცლერ გოტიეს მოთხრობილი აქვს დიდგორის ბრძოლის შესახებ. მისი გადმოცემით ჩვენ ვიცით, რომ დიდგორში ქართულ ჯართან ერთად, ევროპელი ჯვაროსნებიც იბრძოდნენ. სწორედ მათგან მოიპოვა გოტიემ ცნობები „ძლევაი საკვირველის“ შესახებ.
კანცლერი გოტიე, როგორც აღვნიშნეთ, მონაწილეობდა იმ ბრძოლაში, როცა ილღაზიმ სასტიკად დაამარცხა როჯერის ანტიოქიური არმია. გოტიემ კარგად იცოდა ილღაზის, როგორც მხედართმთავრის მონაცემები და შესაძლებლობები. იცნობდა მისი მოკავშირეების ძალებსაც. გოტიე ამბობს, რომ მაჰმადიანებს ჯვაროსნული სახელმწიფოების საბოლოოდ გასანადგურებლად და ქრისტიანთა გასაწყვეტად, ახლო აღმოსავლეთში, ჯერ დავით მეფის განადგურება სჭირდებოდათ, რადგან ზურგიდან დარტყმის ძალიან ეშინოდათ. ანუ, საქართველოს სამეფო გოტიეს მიაჩნდა იერუსალიმის სამეფოს ჩრდილოეთ ბჭედ. გოტიეს უწერია, რომ მაჰმადიანების ლაშქარი ექვსასი ათასი მეომრისგან შედგებოდაო. ეს გადაჭარბებული უნდა იყოს, მაგრამ, გოტიეს სურვილია, ალბათ, წარმოაჩინოს ქართველთა და ქრისტიანთა გამარჯვების სამართლიანობა, ღვთისმიერი წყალობა და მნიშვნელობა. ავტორი ცოტათი აჭარბებს ფრანგთა გადამწყვეტ როლზეც ბრძოლაში. გოტიეს ქართველთა ჯარის ერთი ნაწილი მოხსენიებული ჰყავს მიდიელებად, რაც, ალბათ, მისთვის მოთხრობილიდან არასწორი დასკვნა უნდა იყოს და უნდა იგულისხმებოდეს ყივჩაღები, ჩვენი არმიის წევრები. დიდგორში მონაწილე ჯვაროსნებს ისინი ირანულენოვან ხალხად მოეჩვენა. ზოგი მიიჩნევს, რომ აქ შირვანელები იგულისხმებიანო...
ანტიოქიის კანცლერი გვიამბობს:
„გოტიე-კანცლერის „ანტიოქიის ომები“
ომი II. მუხლი XVI
1121-1122 წწ.
III. კერძოდ, რას (გეტყვით)? (ალაბით) წამოსულმა (ელღაზიმ) თურქმანთა და აგრეთვე არაბთა ურიცხვი ჯარი შეკრიბა და ამ შეკრებილთა სიმრავლე რომ ნახა, უაღრეს ამპარტავნებით გათამამებულმა, დავით მეფის წინააღმდეგ ივერიაში ლაშქრობა გადაწყვიტა ერთ ხორასნელ სულთანთან ერთად; რათა მისი დაქცევის, ანუ განდევნის შემდეგ, თავისუფლად და სრულიად შეუდგეს იერუსალიმისა და ანტიოქიის დამორჩილებას და სრულიად ქრისტიანთა ამოწყვეტას. თუმცა, მას, სიამაყით მოლაშქრეს, ღვთის რისხვა წინ უდგა: იმავე დღეს, როდესაც სულთანი და თვით ელღაზი ექვსასი ათასი მეომრით მეფის ქვეყანაში საომრად შესულან, ესე მეფე დავით, წმიდა ჯვრის ნიშნით აღჭურვილი, ოთხმოცი ათასი მიდიელ და ქრისტიანი მეომრით, მოაწყო რა რაზმები, ერთ ხეობაში დადგა. ორ მთათა შუა დაბურულ ტყეში, საიდანაც ხმები იყო, რომ მტერნი შეტევას უპირებდნენ. დადგა და წარმოსთქვა ესრეთ:
„ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის რჯულის დასაცავად წესიერად ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართ, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ.
 და ერთ რამეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისთვის კარგი იქნება, ესაა, ჩვენ ყველამ, ხელთა ცისადმი აღპყრობით, ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისთვის ამ ბრძოლის ველზე უფრო მოვკვდებით, ვიდრე გავიქცევით. რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, ჩვენივე ნებით ამ ხეობის შესავალი, რომლითაც შევსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკრათ და მტკიცე გულით მტერებს, როცა მოგვიახლოვდებიან ჩვენზე იერიშის მოსატანად, სასტიკად შევუტიოთ!.”
ასეთი მეფის, ამ ჭეშმარიტისა და სრულის ქრისტიანის, აზრი მოწონებული, მიღებული და შესრულებულიც ყოფილა.
VI. არც დაუგვიანდა: მეფემ თითოეული რაზმი დაარიგა, ხოლო ორასი ფრანგი მეომარი რომ ჰყავდა, მოწინავეში დააყენა, პირველ დაკვრათა მისაცემად; მყისვე ხეობის მეორე ნაწილში, ანუ ფრონტზე, ჯარისკაცთა ძლიერი ყიჟინით, ცხენთა და აბჯართა უკიდურესი ხმაურით, ურჯულოთა ზარდამცემი ბაირაღებით ჩნდებიან და იმავე დროს, სხვადასხვაგვარ საკრავთა ხმაურით მთა და ბარი ბანს აძლევს.
ხოლო მეფე დავით, ამდენ სიმხეცეს მოთმინებით განიცდის, თავისიანებს მამაცი სულით ამხნევებს და ანუგეშებს. უმტკიცებს, რომ უსჯულოთა გაამაყებული სიმრავლე, ძალითა და შეწევნით წმიდა ჯვრისა, ნაკლების ჯარით და სწრაფად დაითრგუნება. ამის შემდგომად, დაინახეს რა ურიცხვი ბრბო, ქრისტეს მსახურნი, ამაყის სულით გატაცებულნი, უაღრესი ყიჟინით თავს დაესხნენ მათ, ხოლო უფლის ძალით, პირველ შეტაკებისთანავე ბრმავდებიან და ფრანგთა მიერ გაქცეულნი იფანტებიან. ღვთის რისხვით, ბოროტნი ქრისტეს მსახურთა და მიდიელთა მახვილის მსხვერპლად იქცევიან.
და გავიგეთ ამ ომის მნახველთაგან, რომ სამი დღის განმავლობაში, გაქცეულთა ოთხასი ათასი მოისრნენ მეფის მახვილითა.
თვით ელღაზი, თავში დაჭრილი, დაჰკარგა რა თითქმის ყოველივე, ღვთის ნებართვით, მცირეოდენ ლტოლვილით უიარაღო და დამშეული, არაბთა მეფის წინამძღოლობით დაბრუნდა, ნახევრად მკვდარი“...
скачать dle 11.3