№42 როგორ დაამარცხა რაულ თუთარაულმა დაუმარცხებელი რუსი სპორტსმენი და რატომ ეცოდებოდა მას მეტოქე, რომელსაც ორივე ყბა მოსტეხა
23 სექტემბერს, „ემემეიში“ მოსკოვში გამართულ შეჯიბრებაში 25 წლის რაულ თუთარაულმა დაუმარცხებელი რუსი სპორტსმენი, ვლადიმირ კანუნიკოვი დაამარცხა. კანუნიკოვს აქამდე არცერთხელ არ წაუგია. ვინ არის რაულ თუთარაული, რა მიღწევები და მიზნები აქვს, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
რაულ თუთარაული: სოფელში, გორის რაიონში, შრომაში, წვალებაში გავიზარდე. ყოველთვის მიყვარდა სოფლის საქმე და ვეხმარებოდი ოჯახს. მაგრამ ისიც მჯეროდა, რომ წარმატებას მივაღწევდი. პატარაობიდან სპორტში ვარ. ჩემი მშობლები, ბიძები, ჩემი გარემოცვა, ყველა სპორტსმენია. ჩემი ძმა ფეხბურთელია. 2003 წელს დავიწყე ჭიდაობა. ხუთი წელი ვიჭიდავე, მაგრამ განსაკუთრებული შედეგები არ მქონდა. მერე პატარა ბიძაშვილს ვატარებდი „ემემეიში“. მომეწონა და დავიწყე ვარჯიში. შესაბამისად, შედეგებიც მქონდა. ერევანში მოვიგე საერთაშორისო ჩემპიონატი, მერე ირანში მოვიგე მსოფლიო საერთაშორისო თასი კიკბოქსინგში. საქართველო ბევრჯერ მაქვს მოგებული – შავი ზღვის ქამარი. კუდოში პირველი ქართველი ვარ, მსოფლიო თასი მოვიგე ინდოეთში, 2016 წელს. იქაც ფინალი რუსთან მომიწია. სულ 18 მოგება და უკვე ისეთი რეიტინგი მაქვს, ძალიანაც რომ მინდოდეს, სუსტ მეტოქეს ვერ შევიხვედრებ. ყველა ძლიერი მხვდება. ყველა მოგება დროზე ადრე და ნოკაუტით დავამთავრე.
– ახლახან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვე...
– ამ ბრძოლისთვის ორი კვირა გორში ვემზადებოდი. მერე პეტერბურგში წავედი შეჯიბრებამდე ერთი თვით ადრე და იქ ვაგრძელებდი ვარჯიშს, რაც უცხო გარემოში საკმაოდ რთული იყო. ვარჯიშის დროს ტრავმებიც მივიღე – ფეხზე თითი ამოვიგდე. პატარ-პატარა სხვა ტრავმებიც მქონდა. ვლადიმირ კანუკინს შევხვდი. მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი აქვს. არასდროს წაუგია და ძალიან წარმატებული სპორტსმენია. ჩემზე წინ იყო რეიტინგით. სიმაღლითაც ჩემზე მაღალია. ყველას ეგონა, რომ მოწინააღმდეგე მალე მომიგებდა. სანამ მთავარი ბრძოლები გავა, პატარა ვიდეორგოლები მზადდება ხოლმე და განაცხადა: ეს ბრძოლა დროზე ადრე დამთავრდებაო. რადგან დაუმარცხებელია და არცერთი წაგება არ აქვს, ყველას ეგონა, მე შანსი არ მქონდა. მე კი გულის სიღრმეში მჯეროდა, რომ მოვიგებდი. მან ბევრი მომზადება გაიარა, ვიტამინებსა და დოპინგზეც იყო. თან, რუსი და ორმაგი პასუხისმგებლობა მქონდა, ვიცოდი, არ უნდა წამეგო. ჩხუბი რომ დაიწყო, პირველი რაუნდი კარგად მოვიგე, მეორე რაუნდში უფრო ის იგებდა, უკვე ისე ვიყავი, იქ გაჩერება არ შეიძლებოდა. თან, რუსეთში რომ ჩხუბობ და რუსს ეჩხუბები, აშკარა მოგება უნდა იყოს, თორემ ისე ბრძოლას არ მოგცემენ. მესამე რაუნდში ყველაფერი ჩავდე და დავამარცხე. არ სჯეროდა, რომ მოვუგებდი, შოკში იყო. ძლივს მოვიდა აზრზე. ამის შემდეგ უკვე ქამრისთვის უნდა ვიბრძოლო. შარშან უნდა მებრძოლა, მაგრამ რუსეთში მოვიწამლე და მესამე რაუნდში წავაგე. ისეთი მოწამლული ვიყავი, ძლივს გადავრჩი. დაახლოებით, ერთი თვე საავადმყოფოში ვიწექი. ოთხი ბრძოლით დამხია უკან. ახლა უკვე მოვიდა დრო, რომ ქამრისთვის ვიბრძოლო. სხვათა შორის, კარგად ვიყავი მომზადებული. ეს ბრძოლა ვისთნაც წავაგე, მან მოიგო ქამარი. ამიტომ, რევანში მიწევს ქამრისთვის. პირველი ქართველი იყო გურამ გუგენიშვილი, ვინც ეს ქამარი საქართველოში ჩამოიტანა, გურამი გარდაცვლილია და მეორე ვიქნები მე, ვინც ამ ქამრისთვის იბრძოლებს და მოიპოვებს. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო საქართველოს კუდოს ფედერაციის პრეზიდენტს, დავით ხახუტაშვილს, ჩემს მწვრთნელებს – გიორგი კაბულაშვილს, აკაკი ხოხაშვილს და რამაზ ბებრაძეს.
– როგორც ვიცი, ჩინეთის სახელითაც ასპარეზობ...
– დიახ, მე ასევე ჩინეთის ერთ-ერთ ძლიერ ორგანიზაციასთან მაქვს კონტრაქტი და ვჩხუბობ ჩინეთის კლუბის სახელით, თუმცა, საქართველოს დროშით. ბოლოს, შარშან უკვე ფინალი იყო და ჩემს ბრძოლას უნდა გადაეწყვიტა ჩემპიონობა. ჩემი მოგებით ჩვენი კლუბი ჩემპიონი გახდა ჩინეთის კლუბებს შორის. საქართველოში არ ექცევა ამ სპორტს ყურადღება, თორემ ჩინეთში ყველა მიცნობს. ჩემი ბილბორდებით, პლაკატებით, კარიკატურებით სავსეა ქუჩები. რუსეთშიც მცნობენ.
– ალბათ, რინგის გარეთაც არაერთხელ გამოგიყენებია შენი ძალა....
– მამაჩემი ბავშვობიდან მავარჯიშებდა და ფიზიკურად სულ გამოვირჩეოდი. ჩხუბი არასდროს მიყვარდა. თუ ვჩხუბობ, სულ ჩემი ძმისა და ძმაკაცების გამო. ერთხელ სამ ძმას ვეჩხუბეთ სკოლის უკან მე და ჩემმა ძმამ. ძალიან ვცემე, მაშინ ძიუდოზე დავდიოდი. ერთხელ კიდევ, მეძინა და გამაღვიძა ჩემმა ძმამ, მამაჩემის ტოლ კაცთან უჩხუბია და წამოდიო. წავედი და ერთი რომ დავარტყი, ცუდად გახდა, ისევ მე მოვასულიერე. მერე ძალიან ვნანობ, როცა ვჩხუბობ. რომ დავწვები, სულ მეფიქრება ასეთ რაღაცებზე და მეცოდება. რინგის ჩხუბს არ ვნანობ, მაგრამ წაგებული მაინც მეცოდება ხოლმე. ორი წლის წინ, პეტერბურგში, რუსთან ვიჩხუბე. ისიც დაუმარცხებელი იყო, არცერთი წაგება არ ჰქონდა. ორივე ყბა მოვტეხე, თან მამამისის დაბადებისის დღეს, ძალიან შემეცოდა.
– როგორი გოგონები მოგწონს და შეყვარებული თუ გყავს?
– საცოლე მყავს უკვე. სხვათა შორის, ქართველი გოგონები არ მიზიდავენ. ყველაფერზე ხვეწნა და ყურადღება უნდათ – სულ მესიჯობა, სულ ლაპარაკი. მე კიდევ ამდენი დრო არ მაქვს. თუ შენთან ურთიერთობა უნდა, ხომ უნდა გაგიგოს?! დილით ვვარჯიშობ, შუადღეს ვისვენებ, საღამოს ისევ ვვარჯიშობ. დასვენების დროს გოგოს არ მივახარჯავ. თან, იმუნიტეტი სპორტსმენებს დაბალი გვაქვს. შეიძლება, ადვილად გავცივდეთ, იმათ კიდევ ყურადღება უნდათ. ჩემი შეყვარებული მიგებს, გვერდში მიდგას, ბევრი ლაპარაკი არ უყვარს. ხუთი წელია, ერთად ვართ და კარგად ესმის ჩემი. მალე დაოჯახებას ვაპირებ. დაახლოებით ორ კვირაში დავქორწინდებით. ახლა მარტო ვცხოვრობ, ჩემი ოჯახი სოფელშია. მე სახლი ვიყიდე და ძალიან მიჭირს მარტო ყოფნა. ცოლი მომხედავს, მომაქცევს ყურადღებას.
– შენი საცოლე გიგებს ამ ყველაფერში?
– ჩემი შეყვარებული თავიდან მეჩხუბა, გამებუტა. ვიღაცებმა უთხრეს, სხვა გოგო ჰყავსო, მაგრამ არავინ მყავდა. წარსულში თუ ვინმე იყო, რა მნიშვნელობა აქვს. თუმცა, ჩემი გოგოსთვის პირველი სიყვარული ვარ. წარსულში არასდროს ჰყოლია შეყვარებული და ეს ძალიან მახარებს. შეყვარებული რომ ჰყოლოდა, ეგ ხელს არ შემიშლიდა მასთან ურთიერთობაში, მაგრამ, რომ არ ჰყოლია, ეს ორმაგად სასიხარულოა. ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ გოგო ქალიშვილია. არის შემთხვევები, როცა გოგონები თავიდან იტყუებიან და მერე შეიძლება, სიყვარულისთვის დათმო. ზოგადად, მკაცრი არ ვარ, მაგრამ ჩემი შეხედულებები მაქვს. მაგალითად, სპორტდარბაზში რომ გოგოს ელასტიკი აცვია, ჩემს შეყვარებულს ისე არ ჩავაცვამ. არც სპორტული გოგონები მომწონს.
– შენ გენდერული თანასწორობის მომხრე არ იქნები...
– ბოლომდე არ ვემხრობი. ქალი და კაცი თანასწორია, მაგრამ გააჩნია, მომენტს. ჩემზე წინ ჩემი ცოლი ვერასდროს წავა. ამბობენ, კაცს ეპატიება ღალატი, ქალს არაო, არცერთს არ ეპატიება. უპირველესად, საკუთარ თავს უნდა სცეს კაცმა პატივი. საყვარელ ადამიანს რომ კოცნი, სხვამ როგორ უნდა გაკოცოს. როცა საყვარელი ადამიანი გიწევს გვერდით, სხვა როგორ უნდა დაიწვინო. რაღაცას რომ აკეთებ, უნდა გიღირდეს. შენ თუ იმად გიღირს, რომ საყვარელ ადამიანს გული ატკინო, მაშინ ატკინე.