№42 როგორ გაიხსნა, სტალინის განკარგულებით, დაცემული ბერლინის ცენტრში გამათავისუფლებელი რუსი ჯარისკაცის ძეგლი
სტალინი გახლდათ ის, ვინც, ერთად აღებული, ყველა ეროვნებით რუს პატრიოტზე მეტად განადიდა რუსი ერი და რუსული სახელმწიფო... ისტორიის დოქტორი ვსევოლოდ სოლომონოვი წერს: „არარუს სტალინს მავანნი რუსი ერის გადამეტებულ განმადიდებელსა და შოვინისტს უწოდებენ, მაგრამ ამის ცალსახად მტკიცება არასწორია. თუმცა, მართალია, რომ საბჭოთა ბელადი საკმაოდ ხშირად გამოყოფდა რუსების დამსახურებას ისტორიაში და მათ დიდ ერს უწოდებდა. სწორედ სტალინმა დალია „დიდი რუსი ერის“ სადღეგრძელო კრემლში გამართულ, ფაშიზმის დამარცხებისადმი მიძღვნილ საზეიმო ბანკეტზე. მეორე დღეს ეს სიტყვები მთელ მსოფლიოს მოედო. ფრაზა კი ფრთიანი გახდა. იყო კი ეს საქციელი რუსების განდიდება და შოვინიზმი, სიმართლე თუ იდეოლოგიური სვლა? ყველაზე მეტად ბელადის საქციელი მის იდეოლოგიურ-პოლიტიკურ ტაქტიკას ემყარებოდა, რასაც სტალინი ჯერ რევოლუციონერობისას, შემდგომ კი – თავისი 32-წლიანი მმართველობისას იყენედა. ეს ტაქტიკა არც თუ ისე რთული, მაგრამ ძალიან ეფექტური გახლდათ. ანუ, ბელადი ინტერნაციონალურ ქვეყანაში (საბჭოთა კავშირი) იმ ერს ეყრდნობოდა, რომელიც დანარჩენ ერთად აღებულ ერებზე მრავალრიცხოვანი იყო და ტერიტორიით, დანარჩენ რესპუბლიკებს (ასევე, ერთად აღებულს) ასტრონომიულად სჭარბობდა. ამერიკელი მკვლევარი ჯეისონ სპიცი ამის თაობაზე წერს: „საბჭოთა დიქტატორი (სტალინი) ბრწყინვალე ფსიქოლგი გახლდათ. სწორად ჩასწვდა რუსული სულის არსს და ამ ხალხთან (რუსებთან) ურთიერთობა ძალიან წარმატებულად ააგო, რამაც მას დიდი აღზევება და განუზომელი ძალაუფლება მოუტანა. სტალინმა ძირძველი რუსული მესიანიზმის იდეა რეალობად აქცია. დაარწმუნა ისინი, რომ მსოფლიოს მხსნელები არიან და მათ გამათავისუფლებლები უწოდა. გამძინვარებული რუსი ჯარისკაცი რომ დამარცხებულ ევროპას შეესია, ძარცვავდა, აუპატიურებდა, კლავდა და სხვის მიწას იკავებდა, ნუთუ მართლა ფიქრობდა, რომ თავისუფლება მოჰქონდა?..“ ჯეისონ სპიცის ირონია გასაგებია, მაგრამ ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ოკუპანტ რუსებს მანამდე ოკუპანტი ფაშისტების არანაკლები საშინელებები ჰქონდათ საკუთარ მიწა-წყალზე ნანახი და სისხლს სისხლით პასუხობდნენ. თუმცა, „ცოტა“ გადაამეტეს. სტალინმა კი მისეული (სტალინური) რეზიუმე გააკეთა – ქურდებს ქონება ჩამოართვა და მათ კანონიერ მფლობელებს დაუბრუნა. მოროდიორებისა და მოძალედეების ნაწილი კი დახვრიტა, რომ ეს ტალღა გაეჩერებინა და გააჩერა კიდეც. რუსი გამათავისუფლებლის იმიჯი კი უფრო მაღალ ხარისხში აიყვანა და დეოკუპირებული, „გაწითლებული“ ევროპა რუსი-საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლებითა და მონუმენტებით მოფინა. მარტო ის რად ღირს, რომ სტალინის საგანგებო განკარგულებით, დაცემული ბერლინის ტრეპტოვ-პარკში დღემდეა აღმართული „მებრძოლი-გამათავისუფლებელი საბჭოთა (სინამდვილეში, რუსი) ჯარისკაცის“ ძეგლი. მართალია, საბჭოეთის დაშლის შემდეგ მსგავსი ატრიბუტიკა სასწრაფოდ მოიშორეს საბჭოთა ორბიტიდან გასულმა ქვეყნებმა, მაგრამ ის ტენდენცია დღემდე გრძელდება და ეს არა მარტო ძეგლებთან ბრძოლაა, არამედ იმ პოლიტიკურ-იდეოლოგიური კლიშეებისგან გათავისუფლება, რასაც მათი (ძეგლებისა და მონუმენტების) დადგმა ისახავდა მიზნად.
ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „ცივი ომი“ ახალი დაწყებული იყო და სტალინი ინტენსიურად მუშაობდა საბჭოთა იდეოლოგიის განმტკიცებაზე მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. ჩემთვისაც არაერთხელ უთქვამს ამ პერიოდში: გათავისუფლებული ხალხის (იგულისხმება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები) უმადურობა ზოგჯერ ყოველგვარ საზღვარს სცილდება. მათი ისტორიულ-სამართლებრივი მეხსიერება კი შეიძლება ძალიან მოკლე აღმოჩნდეს და ერთი ნაბიჯით განისაზღვროსო... ერთ საღამოს სტალინმა თავის კრემლის კაბინეტში დამიძახა და მითხრა:
– გახსოვს, გათავისუფლებული ხალხების მოკლე ისტორიულ მეხსიერებასა და მათ უსაზღვრო უმადურობაზე რომ გეუბნებოდი? ველოდი, ველოდი და მართალი აღმოვჩნდი ჩემს ეჭვებში.
– რა ეჭვებში, ვერაფერს ვხვდები, კობა, – მხრები ავიჩეჩე მე.
– აღმოსავლეთ ევროპის ფაშისტური მონობისგან გათავისუფლებულ ხალხს ვგულისხმობ. მათი თავისუფლებისთვის მილიონობით საბჭოთა მეომარი სამუდამოდ ჩაწვა მათ მიწაში. მათ კი ელემენტარული პატივისცემის ნიშნად, საბჭოთა ჯარისკაცს ერთი პატარა ძეგლიც კი არ დაუდგეს საკუთარი ნებით. ასე გაგრძელდება კი აღარ შეიძლება. აი, რას ველოდი და ვერ ვეღირსეთ მათგან ასეთ პატივს. ამიტომ, საქმეს ჩვენ უნდა მოვკიდოთ ხელი და საფუძვლიანადაც.
– მართალს ამბობ, გეთანხმები, – მივუგე სტალინს და სულ რამდენიმე დღეში ამ საკითხის ირგვლივ ფართო და სერიოზული მუშაობა გაჩაღდა“.
მოლოტოვმა სტალინის განკარგულება არადიპლომატიურად, საბჭოურად (უფროსი „ძმის“ პოზიციიდან, დატუქსვის ფორმით) გადასცა „მოძმე“ ქვეყნების ლიდერებს და ისინიც დაფაცურდნენ. თავიანთ საუკეთესო მოქანდაკეებს ძეგლები და მონუმენტები შეუკვეთეს, რომლებსაც თავად სტალინი ამტკიცებდა. თუმცა, მათი უმრავლესობა ბელადმა დაიწუნა და სურვილი გამოთქვა, ეს საქმე საბჭოთა ხელოვანებისთვის მიენდოთ. ითქვა და გაკეთდა – საქმეში გამოცდილი საბჭოთა მოქანდაკეები ჩაერთნენ და ადგილობრივი მთავრობების დაფინანსებით „იდეოლოგიურად გამართული“ ძეგლები და მონუმენტები წამოჭიმეს ყველაზე თვალსაჩინო ადგილებზე. ნიშანდობლივია, რომ არასაბჭოური ორბიტიდან ავსტრიელებმა და ფრანგებმაც მიაგეს პატივი საბჭოთა მეომარს და მათი ძეგლები დადგეს. მოსკოვში ვიზიტით ჩამოსულ გენერალ შარლ დე გოლს კი, სტალინმა პირადად გადაუხადა მადლობა საბჭოთა მეომრების დაფასებისთვის და პრეზიდენტს ასეთი სიტყვით მიმართა:
– პირადად თქვენ და მთელ ფრანგ ერს გიხდით მადლობას იმ დიდი დაფასებისთვის, რაც საბჭოთა მეომრების ხსოვნის უკვდავყოფაში გამოიხატა და გარწმუნებთ, ეს უაღრესად მეგობრული ნაბიჯი, შემხვედრი მეგობრული ნაბიჯებით დაფასდება საბჭოთა ხალხის მხრიდან...
და მართლაც, საბჭოეთ-საფრანგეთის ურთიერთობები არც სტალინის, არც პოსტსტალინურ და არც პოსტსაბჭოურ პერიოდებში (დღემდე) არასდროს დაძაბულა და მსოფლიო პოლიტიკაში ყოველთვის სტაბილურად მიმდინარეობდა.
განახორციელა რა სტალინმა აღმოსავლეთ ევროპის „სკულპტურიზაცია“ (სოლჟენიცინის ტერმინი), მის მთავარ ამოცანად ამ სფეროში აღმოსავლეთ გერმანია რჩებოდა. მაგრამ, სტალინი არ ჩქარობდა და როგორც მოლოტოვი განმარტავდა – სტალინს ეს აქცია ჩაფიქრებული ჰქონდა, როგორც რაიხსტაგზე წითელი დროშის აღმართვა.
1949 წლის 8 მაისს, ანუ მაშინ, როცა ევროპა და დანარჩენი მსოფლიო (საბჭოთა კავშირის გარდა) აღნიშნავდა ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, ბერლინის ცენტრში, ტრეპტოვ-პარკში გაიხსნა რუსი გამათავისუფლებლის 12-მეტრიანი, 70-ტონიანი ქანდაკება. ავტორები იყვნენ მოქანდაკე ევგენი ვიქტორის ძე ვუჩეტიჩი და არქიტექტორი იაკოვ ბორისის ძე ბელოპოლსკი. აკადემიკოსი ვუჩეტიჩი იხსენებდა: „ქანდაკების დამზადების შეკვეთა პირადად სტალინისგან მივიღე. მან კუნცევოს აგარაკზე მიმიწვია და ამიხსნა, თუ როგორი ძეგლი სურდა ბერლინის ცენტრში, თან დააყოლა, – არქიტექტორი პირადად შეარჩიეთო. მე იაკოვ ბორისოვიჩ ბელოპოლსკი ავირჩიე, რადგან ის საუკეთესოთა შორის საუკეთესო იყო. ორივე ბერლინში გავემგზავრეთ და ძეგლის ადგილი დავათვალიერეთ“.
ტრეპტოვ-პარკის ცნობილი ქანდაკება ასე გამოიყურება – სამხედრო ფარაჯაში ჩაცმული, სლავური გარეგნობის მეომარს (რუსს) ერთ ხელში უზარმაზარი მახვილი უჭირავს, მეორეში კი – პატარა გოგონა, რომელიც, ფაქტობრივად, გერმანული გარეგნობისაა. ვუჩეტიჩი ყვებოდა: „მე და ბელოპოლსკი სტალინს ერთი თვის მერე კვლავ კუნცევოში ვეწვიეთ და ძეგლის მაკეტი მივუტანეთ. მასზე ჯარისკაცს, თავდაპირველ ვარიანტში, მახვილის მაგივრად, ავტომატი ეჭირა, ხოლო კვარცხლბეკი პრიალა იყო და მასზე მხოლოდ წარწერის ადგილი დავტოვეთ. ბელადმა ორი შენიშვნა მოგვცა:
– მეომარს, ავტომატის მაგივრად, მახვილი უნდა ეკავოს და ეს იქნება იმის სიმბოლო, რომ თუკი ვინმე კვლავ წამოყოფს თავს, უფრო სასტიკად დაისჯება, ვიდრე ჰიტლერი. პოსტამენტზე კი, გამარჯვების ორდენი გამოსახეთ, რაც ჩვენი ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლო იქნებაო.
ჩვენ იმავე დღეს შევასწორეთ მაკეტი და ძეგლი ბერლინში სწორედ ამ ფორმით დაიდგა.“
საგულისხმო ფაქტია, რომ ამ ძეგლს სტალინმა „ხორცი შეასხა“, გააცოცხლა და კონსტანტინე სიმონოვი ყვებოდა: „ტრეპტოვ-პარკის ძეგლზე სტალინმა მითხრა:
„ამხანაგო მწერალო, ეს ძეგლი ნამდვილი ისტორიიდან წარმოიშვა. ჩვენები რომ ბერლინს იღებდნენ, საბჭოთა ჯარისკაცმა საშინელი ბრძოლის (პერესტრელკის) დროს ხუთიოდე წლის გოგონა გადაარჩინა ბრმა ტყვიას ქუჩაში. სწორედ ის ბავშვი უჭირავს ხელში და კარგი იქნება, თუ ამის შესახებ დაწერთო.
მეც ავდექი და დავწერე...“
კიდევ ერთი საგულისხმო ფაქტია ის, რომ „ცივი ომის“ დასაწყისში, როდესაც სტალინური „სკულპტიურიზაცია“ ტემპებს იკრებდა, ბელადს მოლოტოვისთვის უთქვამს: თუკი ჩვენი გუშინდელი მოკავშირეები ჩვენს მტრობას არ მოეშვებიან, გამათავისუფლებელი მეომრის ქანდაკებებს ლონდონსა და ვაშინგტონშიც დავდგამთო, ხოლო თუ რას ნიშნავდა ეს, ძნელი მისახვედრი არაა“.