კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 რატომ აშენდა თბილისის ცირკის ქვეშ, ბერიას ბრძანებით, უზარმაზარი თერმული ბუნკერი

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

ლავრენტი ბერია რომ შორსმხედველი პატრიოტი მეურნე იყო, ისიც მეტყველებს, რომ ამჟამინდელი თბილისის ცირკის ქვეშ, უზარმაზარი საცავი ააშენებინა, სადაც მსოფლიოში არსებული ყველა მცენარის თესლი ინახებოდა დიდი რაოდენობით. პროფესორი პავლე სოროკინი წერს: „საგულისხმო ფაქტია, რომ პირველად სწორედ ლავრენტი ბერიას მოუვიდა თავში, თანაც გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების შუაში, რომ „ყოველი შემთხვევისთვის“, მსოფლიოში არსებული ყველა მცენარის  საცავი შეექმნა. დღესდღეობით მსოფლიოში ორი ასეთი საცავია: ერთი რუსეთში, მეორე კი – ნორვეგიაში.
ძნელი სათქმელია, თუ კონკრეტულად, რა მოსაზრებებით ხელმძღვანელობდა 1935 წელს, იმჟამინდელი საქართველოს „ცეკას“ პირველი მდივანი – ბერია, როგორ „აპოკალიფსს“ ელოდა და „ნოეს კიდობნის“ ერთ-ერთი დიდი განყოფილება რატომ შექმნა საქართველოში, მაგრამ ფაქტია, ეს ასე იყო. იმ პერიოდში ეს დიდი ინოვაცია გახლდათ.
1935 წელს, ბერიასვე ინიციატივით, თბილისის ახალი ცირკის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 1939 წელს დასრულდა. მისი პროექტის ავტორები არქიტექტორთა სამეული იყო – ნიკოლაი ნეპრინცევი, ვლადიმერ (ვალერიან) ურუშაძე და სერგეი საგუნეცი. ნიშანდობლივია, რომ ურუშაძე ბერიამ პირადად მიიწვია ცირკის მშენებლობაზე და ცალკე, პირისპირ დაელაპარაკა. ურუშაძე ყვებოდა: „როდესაც მითხრეს, ბერია გიბარებსო, მართალი გითხრათ, ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ცივმა ოფლმა დამასხა. სპეციალობით გვირაბმშენი ვიყავი. იმ პერიოდში კი, საიდუმლო თავდაცვით ბუნკერებს ვაშენებდი. ამ საქმეს თავად ბერია აკონტროლებდა და გავიფიქრე: „ვაი, ჩემო საბრალო თავო, ალბათ, რაღაც არ მოეწონა ბერიას და მიბარებს, რომ გამკიცხოს-მეთქი“. მაშინ კი გაკიცხვიდან დახვრეტამდე ნახევარი ნაბიჯი იყო. კაბინეტში გაფითრებული შევედი, მაგრამ მის გაღიმებულ, კეთილგანწყობილ სახეს რომ შევხედე, ცოტა მომეშვა. ბერია კაბინეტის შუაგულში შემეგება და ხელი ჩამომართვა. შემდეგ მხარზე ხელი მომხვია და დაბალი მაგიდისკენ წარმიძღვა, სადაც რბილი სავარძლები იდგა. ორივე მოვკალათდით, მითხრა:
– როგორ გიკითხოთ, ამხანაგო ვალერიან, როგორ მიდის თქვენი საქმიანობა. ხომ არაფერი გჭირდებათ, რომ დაგეხმაროთ?
– გმადლობთ, ამხანაგო ბერია. ყველაფერი ნორმალურადაა და დახმარება არ მჭირდება, – ვუპასუხე ბერიას.
– როგორ, კაცო (ბერიამ შენობით მომმართა) პირადადაც არაფერი გინდა? აი, მაგალითად, ოჯახში. როგორ დავიჯერო, რომ პატარა თხოვნაც არ გაქვს ჩემთან.
– ნამდვილად არა, ამხანაგო ბერია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, – ვუთხარი და თან, ვცდილობდი, გამომეცნო, რა სურდა ამ კაცს (ბერიას) ჩემგან.
– კარგი. მაშინ მე მაქვს ერთი თხოვნა შენთან და კარგად მომისმინე.
– გისმენთ, ამხანაგო ბერია, – ვთქვი მე.
– გავიკითხე და მითხრეს, – ურუშაძეზე უკეთ საქართველოში ბუნკერებს ვერავინ აშენებსო. სულ მალე ახალი ცირკის მშენებლობას ვიწყებთ. პროექტის ავტორები ნეპრინცევი და საგუნეცი არიან. იცნობ, ალბათ.
– დიახ. კარგად ვიცნობ მათ და კარგი სპეციალისტები არიან, – ვთქვი მე.
– ჰოდა, ძალიან კარგი. ესე იგი, არჩევანში არ შევმცდარვარ. მინდა, შენც ჩაერთო ამ პროექტში და ფუნდამენტთან ერთად, სანამ მთავარ შენობას ამოიყვანენ, უზარმაზარი ბუნკერი ამიშენო იქ. ეს შესაძლებელია ტექნიკურად?
ბერიასთან გამოძახების მიზეზი რომ გავიგე, შიში საერთოდ გამიქრა. ფრთები შემესხა და ვუთხარი:
– დიახ. შესაძლებელია. ბუნკერი თავდაცვითი ნაგებობა უნდა იყოს?
– არა. ის უნდა იყოს სხვადასხვა მცენარის, მარცვლეულისა და მსგავსი ჯიშების საცავი, რა თქმა უნდა, მათი უსაფრთხოდ შენახვის ყველა წესის გათვალისწინებით, – განმიმარტა ბერიამ.
– ესე იგი, თერმული, – ვთქვი მე და დავაყოლე, – ისეთ თერმულ ბუნკერს ავაშენებ, ამხანაგო ბერია, რომ მასში შენახული მცენარეები ათას წელიწადს გაძლებს.
1937 წლისთავის 40 ათას კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული, ორსართულიანი ბუნკერი მზად იყო. ის 80 მეტრის სიღრმეზე მდებარეობდა საკმაოდ უნიკალური ნაგებობა გახლდათ. ჰქონდა ორი შენიღბული შესასვლელი, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. გვირაბში სატვირთო მანქანა ეტეოდა. ობიექტი პირადად ბერიამ ჩაიბარა ჩემგან...“
ცირკის მშენებლობა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, როცა თერმულმა ბუნკერმა ფუნქციონირება დაიწყო და მასში სატვირთო მანქანებით შეჰქონდათ სპეციალური ყუთები. თითოეულში 100 კილოგრამი საჯიშე თესლი იყო მოთავსებული. პირადი ნომერი ჰქონდა დაშტამპული და შესაბამის ადგილზე ინახებოდა. ბუნკერის ზედამხედველი „ჩეკას“ მეორე რანგის კომისარი, დომენტი სურგულაძე იხსენებდა: „თავიდან, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა კიდეც – რა საჭირო იყო ამდენი ფულის ხარჯვა მცენარეების საცავი ბუნკერისთვის და რატომ ინახავდა მათ ბერია. მაგრამ, ასეთი რამის კითხვას მას ვინ გაუბედავდა? როგორც ეტყობა, მან შემატყო გაკვირვება და ნახევრად ხუმრობით მითხრა:
– დომენტი, ხომ იცი, გენდობი და იცოდე, ერთი მარცვალიც რომ გაგიფუჭდეს, ტყავს გაგაძრობო.
თითქმის ოცი წელი იარსება ბუნკერმა და მე მისი უცვლელი დირექტორი ვიყავი. ამ ხნის განმავლობაში ბუნკერში თითქმის ყველა მცენარის თესლი შევინახეთ, რაც მსოფლიოში არსებობს. 1956 წელს კი, როცა ხრუშჩოვმა სტალინი კულტად გამოაცხადა, მაისის ერთ დილას, „კაგებეს“ ოფიცრები მოვიდნენ და იქაურობა დალუქეს. მე კი დაკითხვაზე წამიყვანეს. სამი დღის შემდეგ ბუნკერიდან მისი შიგთავსის გამოტანა დაიწყეს. ერთ კვირაში ყველაფერი გამოზიდეს და მოსკოვში  გადაიტანეს, რასაც ჩვენ თითქმის ოცი წლის განმავლობაში სათუთად ვაგროვებდით. ბოლოს ბუნკერის ორივე კარი საიმედოდ ამოქოლეს და ეს ორსართულიანი, უნიკალური ნაგებობა მტკვრის წყლით აავსეს...“
ხრუშჩოვის „ტურებმა“ რომ ეს ვანდალური ძარცვა განახორციელეს, ბერია უკვე სამი წლის მოკლული იყო ვერაგულად, მაგრამ, რომ იტყვიან, ალბათ, საფლავში ბრუნავდა. არადა, მრავალი უნიკალური ჯიშის მცენარის თესლის დიდი რაოდენობით მოსაპოვებლად, სხვადასხვა ქვეყანაში  ჩეკისტური ოპერაციების ჩატარება გახდა საჭირო. მათ შორის, ისეთ შორეულშიც, როგორიც ბრაზილია და ამერიკის შეერთებული შტატებია. სწორედ ბრაზილიიდან ჩამოიტანეს უნიკალური ლურჯი ქლიავის კურკები, რომელიც დღეს უკვე თითქმის გადაჯიშებულია და მხოლოდ  მიუვალ ჯუნგლებში გვხვდება. მას უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს და ბევრ დაავადებას კურნავს. 30-იან წლებში ამ მცენარის  კურკები ოქროზე ძვირად ფასობდა. სპეციალურ აღრიცხვაზე იყო და ქვეყნიდან მისი გატანა სიკვდილით ისჯებოდა. ბერიას ჩეკისტებმა კი ბრაზილიიდან 109 კილოგრამი ლურჯი ქლიავის კურკები ჩამოიტანეს და თბილისის ბუნკერში ინახებოდა. ისეთივე ჩეკისტური მოხერხებულობით ჩამოიტანეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან 100 კილოგრამი ყველაზე მაღალი ხის – ამერიკული სეკვოიას თესლები, რომლის გატანა ქვეყნიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანონით დღესაც მკაცრად ისჯება.
ბერიას ასეთი ძალისხმევა, რაც არ უნდა უწოდონ მას, საბოლოო ჯამში, ალბათ, მაინც  სამშობლოზე ზრუნვა იყო. ძნელი სათქმელია,  რას გეგმავდა მომავალში 36 წლის ბერია და რატომ ჩააქსოვა ამდენი ენერგია და თანხა ამ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო (სხვა დიდ პროექტებთან შედარებით) საქმეს. მაგრამ, ფაქტია, რომ ეს ასე მოხდა და სამომავლოდ, მას გრანდიოზული გეგმები ჰქონდა.
ლავრენტი ბერია დიდი ხანია, აღარაა ცოცხალი და მრავალ საიდუმლოსთან ერთად, ეს საიდუმლოც თან წაიყოლა. თუმცა, მავანნი ფიქრობენ, რომ მას საქართველოს სამოთხედ გადაქცევა სურდა, თუმცა არ დასცალდა.“
скачать dle 11.3