№42 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: როგორც ვიცი, არსებობს რამდენიმენაირი ფორმის ჯვარი. რომელი ჯვარი უნდა ატაროს ქართველმა მართლმადიდებელმა?
პასუხი: მას შემდეგ, რაც მაცხოვარი ჯვარს აცვეს, ქრისტიანებმა რამდენიმე ფორმის ჯვარი შექმნეს. ზოგზე მაცხოვარია გამოსახული, ზოგზე კი – არა. არსებობს ანდრია პირველწოდებულის X-ის ფორმის ჯვარი. არის აგრეთვე, გადაბრუნებული ჯვარი პეტრე მოციქულისა – ცნობილია, რომ პეტრე მოციქულმა თავი ღირსად არ ჩათვალა ჯვარზე ისეთივე წესით გაეკრათ, როგორც ქრისტე გააკრეს და ამიტომ ის გადაბრუნებულ ჯვარზე აწამეს. ქართველებისთვის ცნობილია, ასევე, წმიდა ნინოს და ბოლნური ჯვრები. მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელ ჯვარზე ილოცებენ და რომელ ჯვარს ატარებენ მართლმადიდებლები, მთავარია, მას ეკლესია კანონიკურად აღიარებდეს.
კითხვა: რამდენად სწორია, როდესაც ტაძარში არ უშვებენ შარვლით შემოსილ მანდილოსნებს?
პასუხი: ტაძარი მოკრძალებასა და პატივისცემას მოითხოვს, ამიტომ ქალი ტაძარში კაბით შემოსილი უნდა მივიდეს, გარდა იმისა, რომ ქალის შარვლით ტაძარში მისვლა საეკლესიო ტრადიციით არ არის ნებადართული, არც ზნეობრივადაა მოსაწონი. ტაძარში შესვლას, ისევე როგორც სხვა ადგილებში, თავისი წესი და რიგი აქვს. ტაძარში ისე უნდა გამოიყურებოდეთ, რომ ღვთისთვის მოსაწონი იყოთ. თუმცა, რასაკვირველია, არ არის სწორი, როდესაც ზოგიერთი მოძღვარი უხეში ფორმით მიმართავს შარვლით შემოსილ ქალბატონს და ტაძარში არ უშვებს. ამით შეიძლება, ტაძარში მოსულები დაბრკოლდნენ და აღარც მოუნდეთ კიდევ ეკლესიაში შესვლა. განსაკუთრებით, ეს შეიძლება დაემართოთ ტაძარში ახალმოსულ ადამიანებს. ზომიერების დაცვა ყველასთვის და ყველაფერშია მოსაწონი.
კითხვა: ვარ მორწმუნე ქრისტიანი. მყავს შვილები და ვცდილობ, ისინიც ეკლესიურად აღვზარდო. ამიტომ მარხვის პერიოდში ჩემთან ერთად მათაც ვამარხულებ. ზოგიერთი ახლობელი ამის გამო მსაყვედურობს და მეუბნება, რომ ბავშვებს ვაშიმშილებ და ჯანმრთელობას ვურყევ. ხანდახან მეც ეჭვი მეპარება. სწორედ ვიქცევი თუ არა?
პასუხი: რადგან მორწმუნე ბრძანდებით, მარხვისა და შიმშილობის ერთმანეთისგან გარჩევა არ უნდა გაგიჭირდეთ. მარხვა არათუ ბავშვებში, უფროსებშიც კი ზომიერებას მოითხოვს. ასაკისა და ჯანმრთელობის მიხედვით, თქვენს შვილებს მოძღვარი შეურჩევს მარხვის შესაფერის სახეს. გარდა ამისა, უნდა იცოდეთ, რომ მხოლოდ საკვების მიღებაზე თავის შეკავება არ არის ჭეშმარიტი მარხვა. მარხვის დროს საჭიროა ბავშვებს ესაუბროთ ქრისტიანული ცხოვრების წესზე და ადამიანის სიყვარული და სიკეთის კეთება ასწავლოთ. მოზარდის ქრისტიანული აღზრდა მხოლოდ საკვების შეზღდვას კი არა, ფაქიზ, სულიერ დამოკიდებულებას მოითხოვს.
კითხვა: რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ქრისტიანთა მიერ ერთი ბარძიმიდან მიღებულ ზიარებას.
პასუხი: ერთი ბარძიმიდან წმიდა საიდუმლოს მიღებაში უნდა ვიგულისხმოთ ყველა მართლმადიდებლის ჭეშმარიტი ძმობა და დობა, განურჩევლად მათი მდგომარეობისა, განათლებისა და მატერიალური სახსრებისა. ერთმანეთის მიმართ მათ არ უნდა გააჩნდეთ სიძულვილი და მიუღებლობის განცდა. პირიქით, უნდა უხაროდეთ, რომ შესაძლებლობა აქვთ ერთი ბარძიმიდან მიიღონ წმინდა ძღვენი.