№42 ვის როგორი ტვინი აქვს
ქალებისა და კაცების აზროვნება ერთმანეთისგან მკვეთრად რომ განსხვავდება, ყველასთვის ცნობილია, თანაც მეცნიერულადაც დადასტურებულია. ეს განსხვავება გამოწვეულია ქალისა და მამაკაცის ტვინის სხვადასხვაგვარი აგებულებით. ეს არ არის მითი, არამედ რეალობაა. თუმცა, ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ქალის ტვინი პატარაა მოცულობაში, მამაკაცის კი – დიდი. ანუ, არავინ ჩათვალოს, რომ განსხვავებულობა ადასტურებს მამაკაცების გენიალურობას, სულაც არა.
განსხვავება გამოიხატება თავისებურებებში.
კაცების ტვინი ბევრად უფრო მარტივადაა მოწყობილი. მოდი, ასე ვთქვათ – დაყოფილია პატარა კოლოფებად და ყოველი მათგანი სხვადასხვა თემაზეა ორიენტირებული – მანქანაზე, ფულზე, სამსახურზე, შვილებზე... კაცის ტვინი მთლიანად დაფარულია ამ „კოლოფებით“ და არასდროს არღვევს ერთადერთ, მთავარ წესს – არ ეხებიან ერთმანეთს, არ ირევიან ერთმანეთში. შეიძლება, მამაკაცი ცხოვრებაში მოუწესრიგებელია და არასდროს იცის, სად დევს მისი წინდები, მაგრამ ტვინში ყველაფერი წესრიგში აქვს. როდესაც კაცი რაიმეზე ფიქრობს, ის ხსნის კონკრეტულად რომელიმე ერთ კოლოფს, მსჯელობს იმაზე, რაც მასშია და აბრუნებს უკან ისე, რომ არ ეხება სხვა კოლოფის შიგთავსს.
ქალის ტვინი მამაკაცის ტვინისგან იმით განსხვავდება, რომ ის არის ქსელების ერთობლიობა, ურთულესი ბადე ფიქრებისა და აზრების. ქალის ტვინში ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ფული დაკავშირებულია მანქანასთან, მანქანა – სამსახურთან, შვილები – ქმართან... დაქალებთან... არავითარი კონკრეტული კოლოფები. ეს არის ერთგვარი სოციალური ქსელი უსწრაფესი ინტერნეტით, რომლის სიჩქარეც ემოციებით განისაზღვრება. სწორედ ამიტომაა, რომ ქალებს ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება შეუძლიათ, რაც კაცებს არასდროს გამოსდით.
და ყველაზე მთავარი. მამაკაცის ტვინში არის ერთი კოლოფი, რომლის არსებობა და დანიშნულება არცერთ ქალს არ ესმის. ეს კოლოფი არაფერზე არ არის ორიენტირებული. მისი სახელიც ასეთია – „კოლოფი არაფრის შესახებ“. სხვათა შორის, ეს კოლოფი მამაკაცისთვის ტვინის ყველაზე საყვარელი ნაწილია. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ მამაკაცს შეუძლია, არაფერზე იფიქროს და არაფერი აკეთოს. უბრალოდ, „გამორთოს“ და დაისვენოს. ქალები კი როგორც არ უნდა ისვენებდნენ, მათი ტვინი მაინც ყოველთვის რომელიმე აქტუალური საკითხისკენ იქნება მიმართული.
არანაირი უპირატესობა რომელიმე მხარეს – ქალისა და კაცის ტვინი, ორივე, თავისებურად უნიკალურია. კაცის დადებითი მხარე ისაა, რომ ერთ საგანზე შეუძლია მობილიზება, ქალის კი ის, რომ ბევრ რამეს აანალიზებს ერთდროულად. სწორედ ამიტომ ხდება, რომ ქალს შეუძლია, ხელში აყვანილი ბავშვით სამზარეულოში საუზმე აკეთოს, თან ტელევიზორს უსმენდეს და მაინც შეძლოს სახლიდან გამავალ ქმარს მიაძახოს პროდუქტების სია, რომლიდანაც მამაკაცს ნახევარზე მეტი არ დაამახსოვრდება, თუკი „კოლოფში“ არ შეინახა. ყველაზე წარმატებული მამაკაციც კი, ვერასდროს მოახერხებს ერთდროულად რამდენიმე საქმის არათუ გაკეთებას, მათზე ფიქრსაც კი.
როცა კაცს
უყვარს
ის წარმოუდგენლად ლამაზი, ჭკვიანი, ძლიერი და მშვენიერია. საუბარია შეყვარებული მამაკაცის თვალით დანახულ ქალზე. სამწუხაროდ, მხოლოდ იქამდე, სანამ ეს ქალი მისი ცოლი გახდება. მამაკაცების უმრავლესობას სიამოვნებს ქალთან ყოფნა, სანამ მის დაპყრობას ცდილობს. უხარია მასთან ერთად კაფეში ყოფნა, კინოსა თუ გამოფენებზე სიარული და იმის გამეორება, თუ როგორი ლამაზია.
ეს ყველაფერი არ არის – როცა მამაკაცი ქალზე შეყვარებულია, მასზე ცუდი არაფერი ახსოვს. ვერ შეძლებს გაიხსენოს, ბოლოს როდის იყო მასზე გაბრაზებული, 5 წუთით მაინც. როგორი მძიმე დღეც არ უნდა ჰქონდეს, მისი ღიმილი მაშინვე ყველაფერს დაავიწყებს და მისი დღეც ისეთივე მშვენიერი ხდება, როგორადაც ამ ქალს ხედავს. კაცი, უბრალოდ, ბედნიერია, რომ მას შეხვდა.
როგორც კი კაცი იგრძნობს, რომ შეყვარებულია, მისი ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება. უჩნდება კარიერაში წინსვლის სურვილი და მოტივაცია. ეძებს საკუთარ თავში ძალას, რაც მეტის კეთების საშუალებას მისცემს. ის ხშირად ეკითხება თავს, ნუთუ გამიმართლებს და ქალი, რომელსაც მე ვხვდები, ჩემი ცოლი იქნება?
მაგრამ, ძვირფასო მამაკაცებო, გახსოვდეთ: თუ ცოლი გყავთ, იცოდეთ, რომ ცხოვრება ამით არ დამთავრებულა. გააგრძელეთ მასთან პაემნებზე სიარული.
ნუ დაკარგავთ იმის სურვილს, რომ დაუსრულებლად იბრძოდეთ მისი გულის მოსაპოვებლად, იმის მიუხედავად, რომ ერთხელ უკვე გითხრათ თანხმობა ცოლობაზე.
ცოლქმრული ურთიერთობები დანგრევის პირასაა მხოლოდ იმიტომ, რომ აღარ ცდილობენ ყოველდღე ხელახლა შეიცნონ ერთმანეთი. პაემანზე სიარულის გაგრძელებით, თქვენ ყოველ ჯერზე ხელახლა გაიცნობთ ერთმანეთს და არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გააკეთოთ ეს.
ის პირველი შეგრძნება, მუცელში პეპლების ფრენისა, ზუსტად ისევე მეორდება, როგორც პირველი შეხვედრისას, თუკი მოინდომებთ და ყოველდღიურობას ცოტა ინტრიგას შესძენთ. ერთმანეთის მიმართ ინტერესი – ეს არის გასაღები ბედნიერი ცოლქმრული ურთიერთობისა. გახსოვდეთ, არავის აქვს იმ ადამიანთან ყოფნის სურვილი, რომელიც მისი პიროვნების მიმართ არანაირ ინტერესს არ გამოხატავს.
ბედნიერება არ მთავრდება სიტყვების შემდეგ – „თანახმა ვარ“.