№42 რატომ დამართა ლიკა ქავჟარაძეს პოპულარობამ საშინელება, ვისი მეთვალყურეობის ქვეშ იყო ის ოცდაოთხი საათი და რის გამო სცადა ორჯერ თვითმკვლელობა
ტრაგიკული იყო მისი ბედი, ტრაგიკული, ალბათ, იმ ეტაპიდან, როცა ცხოვრების მთავარი აზრი, დედა დაკარგა. სწორედ ამ ეტაპიდან, როგორც თავად ამბობდა, ცხოვრება ძალზე გაუჭირდა და ხსნას ტილოზე, ფუნჯის მოსმით პოულობდა. დაიმსხვრა მისი ქალური ბედნიერებაც – უყვარდა, გათხოვდა, დაშორდა, მერე ისევ შეუყვარდა, გათხოვდა, დაშორდა... მთელი ცხოვრება ეტრფოდნენ შორიდან, ახლოს მიკარებას ვერავინ ბედავდა. ყველაზე ტრაგიკული და გულსატკენი კი ისაა, როცა ქვეყანას ჰყავს ასეთი ღვთიური არსება, ყველა ტკბება მისი ცქერით, მაგრამ არავინ არაფერს აკეთებს მისი სულიერი და ყოფითი გასაჭირიდან გამოსაყვანად. არავინ ზრუნავს მასზე და აი, აღარ არის ის ჩვენ გვერდით – თავისი გმირის, მარიტას მსგავსად, წავიდა დაღლილი, ყველაფერზე და განზე მდგომ ადამიანებზე განაწყენებული იმ ასაკში, როცა ქალს ცხოვრება უხარია, იცის თავისი შარმი; იმ დროს, როცა უნდოდა, კიდევ მნიშვნელოვანი საქმეები ეკეთებინა ხელოვნებაში.
მართლაც „საიდან მოდის ეს სილამაზე ან საით მიდის?..“ ეს ლიკა ქავჟარაძის დღიურებია.
„5 წლის ვიყავი. დედა მოვიდა და რატომღაც, მეზობელთან გამიყვანა. თითქოს იქ დამმალა. საშინელი სიჩუმე იყო. სიწყნარე. უცბად სადარბაზოდან ყვირილი მომესმა. დავიბენი. ვერ გავიგე, რა ხდებოდა. გამოვიპარე და კარის ჭუჭრუტანაში გავიხედე. ბებია იდგა, სულ შავებში. ტიროდა. დედაც იქ იყო. ბაბუაჩემის სახელს იმეორებდნენ. ვიგრძენი, რომ რაღაც მოხდა, რაღაც ცუდი. შემეშინდა. სიკვდილის შემეშინდა (წყარო: ბურუსი ს.კიკალეიშვილი). მას შემდეგ, რაც დედა გარდაიცვალა, ის ბინა გავყიდე, იქ ვეღარ ვიცხოვრებდი. მართალი გითხრათ, არასდროს მომნატრებია ის სახლი. ბებია ავად იყო, დედაც იქ გარდაიცვალა… სამნი ვცხოვრობდით, წლინახევრის ვიყავი, როცა მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ, ამიტომ, მამა ბუნდოვნად მახსოვს. განებივრებული? არა, არასდროს. დედას ამის საშუალება, უბრალოდ, არ ჰქონდა. 12 წლიდან კინოში დავიწყე გადაღება და ჩემი ოჯახის მარჩენალი გავხდი. დედა ძალიან მკაცრი იყო. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერს ის წყვეტდა. არასდროს მქონდა დამოუკიდებლობა, საშუალება, რომ თვითონ მიმეღო გადაწყვეტილება. ვაპროტესტებდი, ვჩხუბობდი და მაინც ისე ვაკეთებდი, როგორც მეტყოდა. მუდმივ ზეწოლას ვგრძნობდი – უნდა! გადაღებაზე მივდიოდი, დედა მომყვებოდა, სადღაც სხვაგან – ისევ დედა ან ბებია… 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი. ამიტომ, ძალიან გამიჭირდა ცხოვრება. არ ვიცი, შეიძლება, ჩემთვის იმის აცილება უნდოდა, რაც თვითონ დაემართა, არ ვიცი. მაგრამ, როცა ასეთ პირობებში გაიზრდები და წლების მერე, საერთოდ სხვაგან აღმოჩნდები, სხვა ქვეყანაში, შეიძლება გაგიჟდე. ამერიკაში დარჩენის საშუალება გვქონდა, სადაც ჩემი პირველი მეუღლე, სანდრო მუშაობდა, მაგრამ ვერა! არა! არ შემეძლო! მიუხედავად იმისა, რომ 1993-1994 წელი იყო და ყველას აქედან გაქცევაზე ეჭირა თვალი. უკან დავბრუნდით.
ყველაზე ცუდად, ალბათ, მაშინ ვიყავი, როცა დედა გარდაიცვალა. ხატვა დავიწყე და ვცდილობდი, ამაზე გადამეტანა ყურადღება. ძალიან ცუდად გავხდი, მეგონა, ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. ადრე ხომ მაღიზიანებდა, მაგრამ უცბად ისე ინფანტილურად ვიგრძენი თავი… მეე? მე ვცდილობ, არ ვგავდე დედაჩემს, არ მინდა, დედაჩემისნაირი დედა ვიყო. ამიტომ, ლევანს ყოველთვის მეტ თავისუფლებას ვაძლევდი, რომ ცხოვრებაში არჩევანი თვითონ გაეკეთებინა და 24 საათი არ მეკონტროლებინა...
პოპულარობამ საშინელება დამმართა. ბოლოს ისე ვიყავი, ქუდს ლამის თვალებამდე ვიხურავდი, რომ არავის ვეცნე. უკვე მაღიზიანებდა სულ ყურადღების ცენტრში ყოფნა. როგორ ხარ? რა გაცვია? როგორ გამოიყურები?.. სათვალე მიყვარს, იმიტომ რომ, რაღაც ინტიმს მიქმნის. ამინდს არ აქვს მნიშვნელობა. უსათვალოდ, ასე მგონია, შიშველი ვარ. არადა, გავიკეთებ თუ არა, ჩემს სამყაროში ვარ.
ახლა უფრო სხვანაირი ვარ, თუ რაღაც გადავწყვიტე, აზრს ვერავინ შემაცვლევინებს, რატომ უნდა დავუჯერო სხვას?
ერთი ბიჭი მომწონდა, 17-18-ის ვიყავი. ერთ დღესაც მომკიდა ხელი და ფოთში წამიყვანა. ერთ საათში ბიძაჩემი ჩამოვიდა. მე ეს ბიჭი მიყვარს-მეთქი, –
ვუთხარი. სილა გამაწნა, რას ნიშნავს გიყვარსო და უკან წამომიყვანა. იმ პერიოდში ცოლს შორდებოდა და რომ დაიწყეს ნათესავებმა ამბების მიტან-მოტანა – ასეთია, ისეთია, ამას შვრება, იმას შვრება – შემეშინდა და გავჩერდი.
19 წლის გავთხოვდი. მე და სანდროს სულ ცალ-ცალკე გვიწევდა ცხოვრება – ის სულ სადღაც იყო. ამიტომ, დიდხანს დედაჩემთან ვცხოვრობდი. არ მინდა, ამ პერიოდზე ლაპარაკი, სირთულეებთან არის
დაკავშირებული. მაგრამ, ეს 20 წელი ჩემს ცხოვრებაში ცოტა პესიმისტურ პერიოდად მახსენდება.
ახლა ყველაფერი შეიცვალა. როცა მეგობრები მსაყვედურობენ, რატომ არსად დადიხარო, იცი რაა… აღარ მაინტერესებს, მომბეზრდა. აღარ მინდა ის ქაოსი, აღარც „ტუსოვკები“, გამოპრანჭვები. სისულელეა ეს ყველაფერი. ძნელად გავდივარ ადაპტაციას და ამიტომ, ყველაფერზე ვფორიაქობდი, ვნერვიულობდი… აღარ მინდა, ჯანდაბამდე გზა ჰქონია. მყუდროდ, სახლში მირჩევნია ყოფნა.
ჰო, ძილი მიყვარს. თვითონ ვერ ვიძინებ და დიდი ხანია, ტრანკვილიზატორს ვსვამ. როცა რაღაც მაწუხებს, ძილის დროს ყველაფრისგან ვითიშები – იმდენად, რომ დილით ყველაფერი მავიწყდება. ეს მეხმარება. არ ვიცი, თავიდან რომ დავიწყო, რამეს შევცვლიდი თუ არა. უბრალოდ… არ გავხდებოდი მუსიკოსი! მსახიობი? შეიძლება. არა, მე ვიცი, ფსიქოლოგი ვიქნებოდი…”
ლევან შანიძე (მეორე მეუღლე): ლიკა ჩემი მეგობრის მეუღლის დაქალი იყო და მათთან გავიცანი – მათი მეჯვარეები უნდა ვყოფილიყავით ერთად, რაც, ცოტა არ იყოს, არ მიხაროდა. არ მინდოდა, მირონით დავნათესავებულიყავით. მაშინ გრძნობებში არ იყო საქმე, იმ დროს სხვა მიყვარდა. ლიკა კი ისეთი იყო, რომ მასზე ვინ იოცნებებდა. აღმოჩნდა, რომ ჩვენი მეგობრების ჯვრისწერის დროს ლიკა საქართველოში არ იყო და მეჯვარეობა ვერ შეძლო, რაც ძალიან გამიხარდა.
– ამ დროს თუ სხვა გიყვარდათ, თქვენი და ლიკას სიყვარული როდის და როგორ დაიწყო?
– ლიკა უყვარდა სამას მილიონს. მეც ასეთ დონეზე მიყვარდა, მაგრამ, სხვებთან შედარებით, დიდი პრივილეგია მქონდა – მე მას ვიცნობდი. სანამ ჩვენი სიყვარული დაიწყებოდა, საკმაოდ სერიოზული და ხანგრძლივი ურთიერთობა მქონდა, რომელიც არ შედგა და ამისთვის უფლის მადლობელი ვარ. თუმცა, ამას გარკვეული სტრესი მაინც მოჰყვა. ძალიან განვიცდიდი და ამის მომსწრე ლიკაც გახდა. ერთხელაც, სტუმრად იყო მოსული, როცა ტელეფონზე ზუსტად იმ ქალმა დარეკა. ლიკამ ყურმილი გამომტაცა და მას ჰკითხა: ესა და ეს ხარო? მერე უთხრა, ეს ტელეფონი დაივიწყე, თორემ, თუ დაგიჭირე, თმებით გითრევო – მთელი გულით გამომიცხადა სოლიდარობა.
– ეს მხოლოდ მეგობრული სოლიდარობა იყო? ლიკა რომ ყველას უყვარდა, ეს გასაგებია, მაგრამ, ამ დროს, მგონი, თქვენც უკვე დამსახურებული
გქონდათ მისი ყურადღება, არა?
– ალბათ, ასე იყო. ნარცისიზმში არ მინდა, ჩამეთვალოს, მაგრამ, სიყვარულის დეფიციტს ნამდვილად არ განვიცდიდი და ლიკასაც კარგი გემოვნება ჰქონდა. ამ საქციელით, ალბათ, რაღაც მამცნო და მაშინ ვიფიქრე: „რას გადავაკვდი ამ ქალს, როცა ლიკაა ამისთვის მზად?” – იქიდან დაიწყო რაღაც. დავინახე, რომ მას შეეძლო, ადამიანისთვის ფარად დამდგარიყო – ლიკას ჰქონდა ეს თვისება: თუ შენთან იყო, ტანკს აჯობებდა და ბოლომდე გაგიტანდა. მან სიყვარულისა და მეგობრობის შერწყმა მოახერხა და ბოლოს ყველაზე ძვირფას მეგობრად დარჩა. როცა ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა, ჩვენს ერთ-ერთ მეგობარს დაურეკა, რომელიც მისი დაქალის ყოფილი ქმარი იყო. უთხრა: მე ლევანის ყოფილი მეუღლე ვარ, ლევანი ახლა საავადმყოფოშია, უნდა მიხვიდე და ფული მიიტანოო. მანაც მეორე დღეს ფული მოიტანა – ის კაცი ჩემი კარგი მეგობარია. ლიკამ დაივიწყა, რომ ის მისი დაქალის ყოფილი ქმარი იყო და უკვე სხვა მეუღლე ჰყავდა; რომ თვითონაც ჩემი ყოფილი ცოლი იყო და ყველაფრის მიუხედავად, უმაღლესი მეგობრული სიყვარული გამოამჟღავნა.
შოთო კალანდაძე (მეგობარი): გაოგნებული ვარ ლიკას ამბით. ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. ძალიან ძლიერი ადამიანი იყო. ბევრი ერთობლივი გეგმა გვქონდა. ბოლო პერიოდში სულ დეპრესიაში იყო, მაგრამ, რაც დათო ოქიტაშვილმა უთხრა, ვარსკვლავს გიხსნიო, გამოცოცხლდა. მანამდე არაფრის ხალისი არ ჰქონდა, არც ინტერვიუებს იძლეოდა და თუ ვინმეს მისცემდა, იცით, რომ ეს ძალიან ძვირი ღირდა. მაგრამ, ახლა თითქოს ხელმეორედ დაიბადა. თან, ახალი ფილმის გადაღება გადავწყვიტე. „საშიში მშვენიერება“ – ასე ჰქვია ამ ფილმს. ამ ნოველაში მისი ცხოვრებაა ასახული: უკვე ასაკში შესული ხედავს ახალგაზრდა, ლამაზ ქალს და თავის შიშველ მოხუცებულ სხეულს, რის გამოც დეპრესიაში ვარდება – ჰკლავს მას, ანუ გადატანითი მნიშვნელობით თავის თავს. სცენარი წლების წინ შევქმენი, მაგრამ იმ პერიოდში მეორედ გათხოვდა და ქმარმა არ დართო მასში მონაწილეობის ნება. ამიტომ, ეს როლი ლია კაპანაძემ შეასრულა. თუმცა, სცენარი ლიკას იმდენად მოსწონდა, რომ ცოტა ხნის წინ, შევთავაზე, თავიდან გადაგვეღო. გაგიჟდა, ისე გაუხარდა. დღეიდან აუცილებლად დიეტას დავიცავ და ფორმაში ჩავდგებიო. პირველად ვამბობ, რომ ლიკამ აქამდე ორჯერ სცადა თავის მოკვლა. პირველად 2002 წელს დალია რაღაც ტაბლეტები და გაითიშა. მაშინ მისი თვითმკვლელობის მცდელობა სიყვარულს უკავშირდებოდა. მეორედ მის ცხოვრებაში ყველაფერი ცუდი ერთმანეთს დაემთხვა და კვლავ თავის მოკვლა სცადა. ჩვენს საერთო მეგობარს დაურეკა და უთხრა, რომ თავს იკლავდა და წამლები დალია. მერე შვილი გადაძვრა აივნიდან და გადაარჩინა. ახლა თვითმკვლელობის ვერსია გამორიცხულია. ლიკა საოცარ ხასიათზე იყო და ამ ნაბიჯს არ გადადგამდა. არ ვიცი, ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ვერ შევამჩნიე, რომ ჯანმრთელობის მხრივ რამე აწუხებდა, მით უმეტეს, გული.
– თუმცა, დეპრესია თითქოს მთელ მის ცხოვრებას ფონად გასდევდა.
– იცით რატომ? – პატარა, სულ უმნიშვნელო რაღაც რომ არ გამოსვლოდა ისე, როგორც მას უნდოდა, ამის გამოც დეპრესიაში ვარდებოდა. აღარაფერი უნდოდა, სახლში იჯდა და სულ ეძინა. ათასში ერთხელ თუ გამოვიდოდა ვაკის პარკში სასეირნოდ. კუს ტბაზე ავიდოდით, გავისეირნებდით, ყავას დავლევდით და კარგ ხასიათზე მოდიოდა. კინოს გადაღება იმიტომ დავიწყე, რომ ლიკა არ ჩავარდნილიყო დეპრესიაში.
– თქვენს ფილმს ბევრი უარყოფითი კომენტარი მოჰყვა. პორნოგრაფიად შეაფასეს და ლიკაც არ დაინდეს მასში მონაწილეობის გამო.
– ლიკა ჩემი მეგობარი იყო. ამ ფილმს რომ უარყოფითი კომენტარები მოჰყვა, ის კბილებით მიცავდა. არ გამოხატავდა, მაგრამ უარყოფითი შეფასებების გამო დიდი წნეხის ქვეშ იყო. მეტსაც გეტყვით, შვილისგანაც ძალიან დიდ წნეხს განიცდიდა. მილიონ რამესთან ერთად, ამის გამოც ვეუბნები მადლობას მას. არასდროს უთქვამს: შოთა, იცი რა, ეს ყველაფერი ჩემს შვილს არ მოეწონა და ჩემი სცენები უნდა ამოიღო ფილმიდანო. მით უმეტეს, რომ არც კონტრაქტი გვქონდა და არც ანაზღაურება მიუღია ამ ფილმებში მონაწილეობისთვის.
– ლიკას პრობლემები ჰქონდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რის შესახებაც ახლა განსაკუთრებით ბევრი ლაპარაკობს.
– ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. პრობლემები ყველას გვაქვს, როცა რაღაც არ გამოგვდის, მაგრამ მას განსაკუთრებით ჰქონდა. იმიტომ რომ, უმნიშვნელო ამბებსაც განიცდიდა. თუმცა, ამას არ იმჩნევდა. თუ ძალიან კარგად არ იცნობდი, ვერც შეატყობდი, რომ რთულ მდგომარეობაში იყო.
– თან, საკმაოდ რთული ცხოვრება ჰქონდა.
– ადამიანს ისეთი ცხოვრება აქვს, როგორსაც შექმნის. გააჩნია, როგორი ფსიქოლოგიური განწყობა ექნება პრობლემებისადმი. თუ ძალიან მწვავედ აღიქვამ, უფრო დიდ პრობლემად გექცევა პატარა რაღაც და ისიც მაშინვე დეპრესიაში ვარდებოდა, გარეთ აღარ გადიოდა. აბსოლუტურად ყველაფერზე ხელს იღებდა. ვეუბნებოდი, ლიკა, შენი პოტენციალის ათი პროცენტი მაინც რომ ჰქონდეს დღევანდელ ცნობილ სახეებს, რომლებიც ეკრანზე თუ არ გამოჩნდნენ, არც ემახსოვრება ხალხს, ყველაფერს გააკეთებდნენ-მეთქი. შენ რომც არ გამოჩნდე, მაინც ლეგენდა ხარ. ამ დროს ის „ვარსკვლავები“ ყოველთვის იცინიან და შენ რა გაქვს სანერვიულო და სატირალი-მეთქი. პატარა იმედგაცრუებაზეც კი ხაზს უსვამდა მისი ცხოვრების უდიდეს მონაპოვარს. ყოველთვის მის გვერდით ვიდექი. მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანის ფსიქოლოგიას ვერ შეცვლი, მხოლოდ დროებით შეგიძლია მისი მდგომარეობის შემსუბუქება. მიუხედავად იმისა, რომ წლები მოემატა, ჩემთვის ლიკა ქავჟარაძე დღევანდელ ქართულ კინოში ნებისმიერ ახალგაზრდას ჯობდა.
– თუმცა, თვითონ ძალიან განიცდიდა ასაკს, ფორმიდან ამოვარდნას.
– ძალიან განიცდიდა. ახლა კი არა, მე ლიკა 1996 წელს გავიცანი. ჩემთან, სახლში ვსადილობდით, ხელის დასაბანად შევიდა სააბაზანოში და სარკეში რომ ჩაიხედა თქვა: აუ, დავბერდიო. არადა, მაშინ 36 წლის ახალგაზრდა ქალი იყო. ჩვეულებრივმა ქალმა შეიძლება, ისე არ განიცადოს ასაკის მატება, როგორც სასწაულად ლამაზმა მსახიობმა, რომელსაც ფილმებში იღებენ და გამუდმებით ყურადღების ცენტრშია. მეუბნებოდა, შოთა, გარეთ რომ გავდივარ, ყველა ლუპით მათვალიერებს და მერე, მთელი თბილისი ლაპარაკობს: „იცი, დღეს ლიკა ქავჟარაძეს დახეული ფეხსაცმელი ეცვა”. ეს საშინელ დეპრესიაში აგდებდა. რიგითი ქალი რომ ყოფილიყო, შეიძლება, ასე მტკივნეულად არ მიეღო ეს ყველაფერი. ვინმე ქუჩაში რომ შეხვდებოდა და ეტყოდა: ვაიმე, ლიკა როგორ გასუქებულხარო, ძალიან განიცდიდა. ზოგჯერ თქმაც არ იყო საჭირო. ისე შემომხედეს, რომ მივხვდი, ასე ფიქრობდნენო, მირეკავდა – ასე მოხდა და ცუდად ვარ, არ ვიცი, რა მეშველებაო. სასიყვარულო ფრონტზე თუ რამე სერიოზული ხდებოდა, ხომ – საერთოდ. ფსიქოლოგიურად ვამუშავებდი, ეს ყველაფერი გადაელახა და ვუხსნიდი, რომ ის ადამიანი მის ფრჩხილადაც არ ღირდა.
– როგორც თქვა, ახლაც შეყვარებული იყო.
– არა, ეს, მგონი, მოიგონა. ბოლოს არავინ ჰყავდა. ერთ ადამიანს დაშორდა, რომელთანაც ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებდა. მან ძალიან დიდი ტკივილი მიაყენა. მათი ურთიერთობა ვერ აეწყო. კაცისთვის ძნელია ლიკა ქავჟარაძის მიტოვება და მისთვისაც ძალიან რთული იყო წერტილის დასმა, მაგრამ ბოლოს მაინც გააკეთა ეს და ნელ-ნელა, გამოვიდა მდგომარეობიდან, რასაც ვარსკვლავის გახსნამ შეუწყო ხელი. ყველაზე დიდი საშინელება ისაა, რომ ამ ულამაზეს ქალს სიყვარულში არასდროს უმართლებდა.