№42 როგორ შეუძლია რუსეთს სოხუმისა და ცხინვალის სცენარის გამეორება საქართველოს სხვა კუთხეებში საქართველოს ახალი კონსტიტუციის დახმარებით და უმაგრებს თუ არა ზურგს სომხეთი რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას
კუმურდოში მომხდარი ინციდენტი (ადგილობრივი სომეხი მოსახლეობა რომ ქართულ ტაძარს იჩემებდა), თუმცა შეხლა-შემოხლისას პოლიციელებიც დაშავდნენ და პოლიციის ავტომანქანებიც დაიმსხვრა, მიჩუმათდასავით. ამ ამბისთვის არც ქართულ მედიას მიუძღვნია ჯეროვანი ყურადღება და, მაინცდამაინც, არც ექსპერტ-ანალიტიკოსებს. მეორე მხრივ კი, არც ისაა გამორიცხული, რომ ეს რუსული გზავნილი ყოფილიყო, მაგალითად, ასეთი შინაარსის, რომ არ აპირებს მხოლოდ მავთულხლართებით შემოფარგვლას და თავის მოკავშირესა და სამხრეთ კავკასიაში ერთადერთ სატელიტ სომხეთსაც აამოქმედებს ძალიან აქტიურად საქართველოსთვის პრობლემების შესაქმნელად. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ინციდენტი იმ ფონზე მოხდა, როდესაც ჩვენმა უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მიიღო კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც, მართალია, მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება, მაგრამ, გამარტივდება საქართველოში ორმაგი მოქალაქეობის მიღება. დღეს მოქმედი ნორმით, თუ საქართველოს მოქალაქე მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, ავტომატურად დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას. თუმცა მას შეუძლია, მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს და მოქალაქეობა აღიდგინოს. ეს ნორმა თავის დროზე საქართველოდან წასულ ემიგრანტებზე ზრუნვის გამო დაწესდა, რომ მათ ისტორიულ სამშობლოსთან კავშირი არ გაეწყვიტათ. არც უწყდებოდათ, ვინაიდან თითქმის არ არსებობს შემთხვევა, რომ ქართველი ემიგრანტებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებაზე უარი ეთქვათ. კონსტიტუციის ახალი რედაქციით კი, საქართველოს მოქალაქეობა აღარ უწყდება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიმღებ პირს და ეს გადაწყვეტილებაც ისევ ემიგრანტებზე ზრუნვით მართლდება. დღესავით ნათელია, რომ ორმაგი მოაქალაქეობის მიღების გამარტივება შესაძლოა, მეტად წარმატებით გამოიყენოს ჩვენმა ოკუპანტმა (და არა მხოლოდ მან) და შემდეგ თავისი მოქალაქეების დაცვის ეგიდით სოხუმისა და ცხინვალის სცენარიც გამოიყენოს. მით უფრო, რომ, არაოფიციალური ინფორმაციით, ჯავახეთში მცხოვრებთ აქვთ რუსული პასპორტები, ოღონდ მალავენ, ხოლო ორმაგი მოქალაქეობის კონსტიტუციური ნორმის ამოქმედების შემდეგ, არაფრის დამალვა აღარ დასჭირდებათ. შესაბამისად, თეორიულად ასეთი სცენარიც შეიძლება, წარმოვიდგინოთ: თუკი კუმურდოს მსგავს ინციდენტში ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები მიიღებენ მონაწილეობას, არაა გამორიცხული, რუსეთმა აამოქმედოს თავისი კანონი და დაიცვას საკუთარი მოქალაქეები.
რა დაგვანახვა კუმურდოს ინციდენტმა, თუ იკითხება ოკუპანტის კვალი და რა საფრთხეების წინაშე აყენებს ჩვენს ქვეყანას ორმაგი მოქალაქეობის გამარტივება, – ამ თემებს ექსპერტთან ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ვასილ პაპავასთან ერთად განვიხილავთ.
– რა ამოიკითხეთ კუმურდოში მომხდარ ინციდენტში თუ ეს უბრალოდ, შემთხვევითობაა და მეტი არაფერი? უბრალოდ ადგილობრივ სომეხ მოსახლეობას, ჩვენს თანამემამულეებს, სჯერათ, რომ კუმურდო სომხური ეკლესიაა და არა ქართული?
– ადრეც მომხდარა მსგავსი ინციდენტები, როდესაც ჯავახეთში მცხოვრები სომეხი მოსახლეობა გვედავებოდა ქართულ ეკლესიებს. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ეს იჩქმალება და გაგრძელება არ მოჰყვება ხოლმე. არც ფართო მასშტაბიან კონფლიქტში გადაზრდილა, თუმცა, თუ უახლოეს წარსულს გადავხედავთ, არც ცხინვალსა და სოხუმში მისულა სიტუაცია ერთ დღეში კრიტიკულ ზღვრამდე. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში, რა გადაიტანა ბოლო ოცი წლის განმავლობაში კავკასიამ, რამდენი ეთნო და რელიგიური კონფლიქტი გარე ძალების ჩარევით და ვინ მოგვცემს გარანტიას, რომ მსგავსი ძირგამომთხრელი საქმიანობა საქართველოს წინააღმდეგ არ ხორციელდება ახლაც?! ვერავინ დამაჯერებს ამაში, იმიტომ რომ, ძლიერია როგორც თურქეთის, ისე ირანის ინტერესები, ამას გარდა, დასავლეთისაც და რუსეთის ინეტერესები ხომ თავისთავად არსებობს. განსაკუთრებით საყურადღებოა, როცა საქმე ეხება ჯავახეთს. ჩვენ გვახსოვს, როდესაც ახალქალაქიდან გადიოდა რუსეთის სამხედრო ბაზა, როგორი სიტუაცია იყო ჯავახეთში, ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებდა, ლუკმა-პურის გარეშე დავრჩებითო. თუმცა, რაც ახალქალაქის ბაზა დაიხურა, არ მსმენია, ვინმე შიმშილით დაღუპულიყო იმ რეგიონში. რაღაც ეკონომიკური საფუძველიც ექნებოდა იმ პროტესტს, მაგრამ არა ისეთი სავალალო, რომ შიმშილამდე მიეყვანა.
– რატომ გაახსენდათ კუმურდოს კუთვნილება ახლა და არა, ვთქვათ, ექვსი თვის წინ?
– დიახ, სხვა ეკლესიებსაც გვედავებიან, მაგრამ რატომ მაინცდამაინც კუმურდო და რატომ მაინცდამაინც ახლა?! ორი ან ექვსი თვის წინათ არ იდგა ეს პრობლემა?! თან, თავს დაესხნენ სამართალდამცველებს და, ამდენად, ეს ინციდენტი არის თვითონ სახელმწიფო ინსტიტუტების ერთგვარი გამოცდაც. თუ ეს ინციდენტი გაატარეს და დაუსჯელად დატოვეს ის ძალები, რომლებმაც ეს ჩაიდინეს, ცხადია, ასეთი ქმედება, ანუ უმოქმედობა მათ წაახალისებს. რადგან შეუძლებელია სპონტანურად ისეთი მასის მობილიზება, რომელიც მაშინვე დაუპირისპირდება პოლიციას. იმიტომ რომ, ყველას ესმის, თუ რა შეიძლება, მოჰყვეს ამას: დაპატიმრება ან ფულადი ჯარიმა. როგორც ჩანს, ინციდენტის მონაწილეებს გარკვეული ძალები უმაგრებდნენ ზურგს, თორემ სხვა შემთხვევაში, უბრალოდ, უნდა გაგიჟდეს ადამიანი, რომ პოლიციას დაუპირისპირდეს. გაწევ-გამოწევასა და შეხლა-შემოხლაზე არაფერს ვამბობ, მაგრამ პოლიციის მანქანების დაზიანება და პოლიციელების დაშავება, სერიოზული დანაშაულია.
– თქვენ რას უკავშირებთ ასეთ სითამამეს?
– არის ორი მომენტი: თვალშისაცემია, რომ წინასაარჩევნოდ მოხდა, მაგრამ არის მეორე თემაც; უახლოეს პერიოდში უნდა გაიხსნას ბაქო-ყარსის რკინიგზა.
– თურქეთის წარმომადგენელმა დაგვაიმედა, 30 ოქტომბერსო.
– გავიხსენოთ მსგავსი ისტორიები: აგვისტოს ომის დროს რუსეთმა დაბომბა სუფსის ტერმინალის სიახლოვეს ტერიტორია, რითაც მიანიშნა, რომ გეოსტრატეგიული პროექტებისთვის საქართველო მთლად საიმედო ქვეყანა არ არის. იყო ასეთი შემთხვევაც: როდესაც თურქმენეთის პრეზიდენტი ჩამოვიდა საქართველოში, პრეზიდენტ მარგველაშვილთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ორივე ქვეყნისთვის, თუ თურქმენული გაზი კასპიის გავლით გამოვიდოდა საქართველომდე. ამას მოჰყვა მცოცავი ოკუპაცია. ანუ ისევ შეიქმნა ფონი, რომელ პროექტზე ლაპარაკობთ, როდესაც საქართველოს ცენტრალურ ტრასასთან 200 მეტრში ვდგავართ. ამ ლოგიკაში კუმურდოს ინციდენტი ბუნებრივად ჯდება. იმის თქმა მინდა, რომ მსგავსი რამ ადრეც მომხდარა, უბრალოდ, ჩვენი მედია და საექსპერტო წრეები ამაზე არ ლაპარაკობენ. პირადად მე ამას შემთხვევითობას ვერ დავარქმევ. სიმპტომატურია, რომ ხდება ახლა და, რაც მთავარია, პოლიციისთვის ქვების დაშენა არ არის ინციდენტი, ეს დანაშაულია.
– ფაქტობრივად, სახელმწიფოზე ხელის აღმართვაა.
– ერთია პროტესტის გამოხატვა და ჩვენი სახელმწიფო დემოკრატიულია ნამდვილად გამორჩეული კავკასიაში ამ კუთხით. აქ არის პროტესტის გამოხატვის საშუალებაც და საკუთარი სიმართლის დამტკიცებისაც. თან, ისინი ამ საკითხს ძალით ხომ ვერ გაიტანენ?! ძალით ვინ წაგვართმევს ქართულ ტაძარს?! უცნაურია ისიც, რომ მაინც გაუგებარია, რა მოხდა. რის გაკეთება უნდოდათ?! არც ინფორმაციაა სრული. იმას გარდა, რომ როგორ შეიძლება, იდავო მეათე საუკუნის ტაძარზე, როდესაც იმ ადგილებში პასკევიჩმა ჩამოგასახლა მეცხრამეტე საუკუნეში?! გამოდის, რომ ჩვენ თავად ვაძლევთ ამდენის უფლებას და ამ ფონზე ორმაგი მოქალაქეობის დაკანონება კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციას. ხომ არ შეიძლება, ყველაფერი ჩვენს საზიანოდ კეთდებოდეს?! აუცილებლად უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება მომხდარს. ჩვენ შეგვიძლია, ამაზე ვილაპარაკოთ, აზრი გამოვთქვათ და გავაანალიზოთ სიტუაცია, თორემ რეაგირება უნდა მოახდინოს იმ უწყებებმა, რომლებიც ვალდებულები არიან, მსგავსი ქმედებები გამოიძიონ და აღკვეთონ, იმიტომ რომ, ეს აშკარად ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობაა. წარმოვიდგინოთ, რომ რომელიმე პოლიციელი დაღუპულიყო, რომელიმეს ესროლა და ვინმე დაჭრილიყო მეორე მხრიდან, ეს ხომ გამოიწვევდა ჯაჭვურ რეაქციას?!
– არეულობის საბაბს ეძებდნენ?
– შესაძლოა, მაგრამ რამდენჯერაც მიიჩქმალება, იმდენჯერ განმეორდება და ერთხელაც იფეთქებს. მოულონელი რომ არ იყოს მერე, ახლავე უნდა მიეხედოს. როგორც გითხარით, მე არ მივაწერ ამას მხოლოდ არჩევნებს. ასეთი ინციდენტები ვერ შეაფერხებს ბაქო-ყარსის რკინიგზის გახსნას, მაგრამ არასასიამოვნო ფონს შექმნის.
– შესაძლოა, ამასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს, მაგრამ სომხეთმა საქართველოში ელჩად წარმოგზავნა ადამიანი, არადიპლომატი, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, ჯავახეთის მკვიდრი და საქართველოზე უამრავი კრიტიკული მოსაზრების ავტორი. როგორ უნდა გავიგოთ ეს ჟესტი? მას რწმუნებათა სიგელი არ გადასცა ჩვენმა საგარეო უწყებამ, მაგრამ ესეც ხომ ვითარების ხელოვნური დაძაბვაა სომხეთის მხრიდან?
– სომხური პრესა ცუდად არ ახასიათებს იმ ადამიანს. თუმცა არადიპლომატის გამოგზავნა ნიშნავს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობაში სტატუსის დაკნინებას. და საკმაოდ უსიამოვნო ჟესტია.
– განვიხილოთ სცენარი ჯავახეთის მცხოვრებლებმა რომ რუსეთის მოქალაქეობაც მიიღონ, რის უფლებასაც მათ რამდენიმე თვეში ოფიციალურად მისცემს ჩვენი კანონი, როგორ შეუძლია რუსეთს, გამოიყენოს ჯავახეთის არაქართველი მოსახლეობა თავისი დესტრუქციული სცენარისთვის?
– რუსეთს ადრევე აქვს გაცხადებული, რომ თავის მოქალაქეებს დაიცავს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და ჩვენ ეს ვნახეთ აფხაზეთსა და ცხინვალში. შესაძლოა, ქართველებმაც მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა, მაგრამ ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ რუსეთის მოქალაქეობის მქონე უკმაყოფილო ადამიანებზე. ადვილი წარმოსადგენია, სად შეიძლება, შეიქმნას ასეთი უკმაყოფილო მასა. ამდენად, გაუგებარია, რა დატვირთვა აქვს ორმაგი მოქალაქეობის დაკანონებას, რა კუთხით გამოადგება ის საქართველოს სახელმწიფო ინტერესს?!
– პარალელურად, ეს საარჩევნო ხმებიცაა, ანუ ეძლევათ არჩევნების შედეგზე ზემოქმედების საშუალებაც.
– ცხადია, თუ კრიტიკულ ზღვრამდე მივიდა ვითარება, რუსეთი ამ ბერკეტსაც გამოიყენებს. ამ მომენტში საფრთხე არ ჩანს, მაგრამ სამხედრო კონფლიქტამდე საქმის მისვლის შემთხვევაში, რუსეთის მოქალაქეები არის რუსეთის დასაყრდენი, ფაქტობრივად, მეხუთე კოლონა. ჩვენ ვიცით, როგორ აგვარებს რუსეთი ეთნიკურ პრობლემებს საკუთარ ტერიტორიაზე: ჩეჩნებს, ფაქტობრივად, გენოციდი მოუწყო, მაგრამ მსოფლიოს ხმა არ ამოაღებინა. ვიცით, რა გააკეთა აფხაზეთში ომის დროს „ბაგრამიანის ბატალიონმა“, მაგრამ აქ არავის უძებნია დამნაშავეები. არ არის გამორიცხული, იგივე პრეცედენტი შეიქმნას, რომ საქართველოზე გამავალი საერთაშორისო პროექტები ჩაიშალოს. პარალელურად, რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ გაუშვებს შანსს, რომ საქართველოში დაძაბოს სიტუაცია და ერთ-ერთი ხელსაყრელი ბერკეტია ჯავახეთი. მე შორეულ პერსპექტივაზე ვლაპარაკობ, თუ აქამდე მივა საქმე.
– და რატომ არ შეიძლება, მივიდეს?
– რა თქმა უნდა, როდესაც ქვეყნის ოცი პროცენტი ოკუპირებულია, პრობლემები არ წყდება და, ფაქტორივად, არ გაღიარებს, როგორც სახელმწიფოს. რუსეთი არსად ახსენებს საქართველოს: თითქოს არ ვარსებობთ, მაშინ, როდესაც საქართველო არის კავკასიის ცენტრი. მაგრამ აი, ამ იგნორირებით ცდილობს შენი როლის დაკნინებას და ორმაგი მოქალაქეობის დაკანონებით გამოდის, რომ კარტბლანშს ვაძლევთ შორეულ პერსპექტივაში. იცის ვინმემ, რა მოხდება 10-20 წლის შემდეგ. მაგალითად, ახლო აღმოსავლეთში ერთ წელიწადში ამოყირავდა სიტუაცია. ვერავინ რომ ვერ წარმოიდგენდა, ისე დაიძაბა და რატომ უნდა გამოირიცხოს იმავე სცენარისთვის კავკასია?! რომელსაც ისედაც აქვს რუსეთთან ურთიერთობის ურყოფითი გამოცდილება და რა შეუშლის ხელს რუსეთს, რომ აქ ისევ კონფლიქტური სიტუაცია შექმნას?! ჩვენ რუსეთთან, ფაქტობრივად, „ცივი ომის“ რეჟიმში ვართ. ჩვენს ტერიტორიაზე ჰყავს თავისი ჯარი, აღიარა ჩვენი სეპარატისტული რეგიონები და კონფლიქტის არც ახალ კერაზე იტყვის უარს. ამდენად, ორმაგი მოქალაქეობა უკან გადადგმული ნაბიჯია, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.
– რა უნდა გაკეთდეს, რომ ქართულმა სახელმწიფომ ღირსეულად დაძლიოს ეს პრობლემა, კუმურდოს ინციდენტს ვგულისხმობ. მაგალითად, სომეხთა ეკლესიას გაუკეთებია განცხადება, რომ კუმურდო არის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი.
– მსოფლიო სტანდარტის მარტივი რეცეპტია: უნდა დაისაჯონ ორგანიზატორები, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს. თბილისში, როგორც დედაქალაქსა და ქვეყნის კულტურულ-პოლიტიკურ ცენტრში უამრავი სომხური ორგანიზაციაა. ცხადია, თუ ჯავახეთში რამე მოხდა, უპირველესად, ისინი დაზიანდებიან, ვინაიდან არ გამოვა, შენ იჯდე მშვიდად თბილისში და ჯავახეთში რაც გინდა, მომხდარა. თან, შენ უფრო გეთქმის ჯავახეთელებისთვის, როდესაც საქართველოს მოქალაქე ეთნიკური სომეხი ხარ, რომელმაც რაღაცას მიაღწიე საქართველოში და არავინ გავიწროებს. აფხაზეთში ქართველები ხოცა „ბაგრამიანის ბატალიონმა“, მაგრამ აქ არცერთ ეთნიკურ სომეხს არ შექმნია პრობლემა, იმიტომ რომ, საქართველო ცივილიზებული სახელმწიფოა, მაშინ, როდესაც აზერბაიჯანიდან ყარაბაღის კონფლიქტის გამო, სომეხი მოსახლეობა სრულად გაყარეს და მეხუთე კოლონის პრობლემა მოხსნეს იმთავითვე. ასე რომ, ჩემი აზრით, სომხურ ორგანიზაციებთან ერთობლივი მუშაობაა საჭირო. ჯავახეთში ჩასვლა, პრესკონფერენციების მოწყობა, პეტიციების მომზადება. მხოლოდ სამართალდამცველების რეაგირებით არ უნდა შემოიფარგლოს ეს საქმე.