№42 „ჭკვიანი“ კამერები
ანუ ვის არ აქვს ჭკუა?!
იმ მარტივი მიზეზით, რომ წესრიგისკენ მაინცდამაინც არ მიგვიწევს გული (თუმცა მხოლოდ მაშინ, თუ კანონი, ანუ სანქცია მკაცრი არ არის), დანაშაულის პრევენციის, მომხდარ დანაშაულზე ოპერატიული რეაგირების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენისა და აღკვეთის, ასევე, სატრანსპორტო ნაკადების მართვისა და უტყუარი მტკიცებულებების მოპოვების უზრუნველსაყოფად, ამ ჩვენმა შსს-მ წამოიწყო ახალი პროექტი: „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“.
რის მიხედვითაც, მთელი ქვეყნის მასშტაბით (ცხადია, რაც ოკუპაციას გადაურჩა), პოლიციის მიერ წინასწარ შერჩეულ ადგილებში, ვიდეოანალიტიკური პროგრამებით აღჭურვილი, არც მეტი, არც ნაკლები, „ჭკვიანი კამერები“ დამონტაჟდება (რომლებსაც სამართალდამცველები უწყვეტ რეჟიმში დააკვირდებიან).
ხოლო, რაკი უწყვეტსა და ცოცხალ რეჟიმში დააკვირდებიან, გვაიმედებენ, რომ დანაშაულიც მალე შეინიშნება და აღმოიფხვრებაო.
პროექტი ფრიად საშურია, რადგან კამიკაძეობა, განსაკუთრებით, ავტომაგისტარლებზე ლამის საქართველოს მოქალაქეების ჰობად იქცა.
აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ მძღოლებს დარდიმანდობაში არც ფეხით მოსიარულეები ჩამორჩებიან – ისე მამაცად გადაირბენენ ხოლმე ჩქაროსნულ ტრასას, თითქოს უსახელო უფლისციხელივით, ქვეყნის გადასარჩენად მტრის შემოსევის ამბის მიტანა ეჩქარებოდეთ.
აქედან გამომდინარე კი, ცხადზე უცხადესია, ისიც საქმეა, კამერები მაინც თუ „გვეყოლება“ „ჭკვიანი”. –