კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 როგორ შეინარჩუნა რუსკა მაყაშვილმა ცხრა თვის განმავლობაში ცხოვრების ჩვეული რიტმი და რატომ არ წარმოუდგენია მას „ნიჭიერის“ გარეშე ცხოვრება

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

რუსკა მაყაშვილის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მომენტი დგას. მსახიობი დღე-დღეზე დედა გახდება. მიუხედავად იმისა, რომ ცხრა თვის ფეხმძიმეა, ჩვეული აქტიურობითა და ენერგიით აგრძელებს ცხოვრებას და არცერთ პროექტს არ აკლდება. როგორც ვიცით, ის „ტელეიმედზე“ „ნიჭიერის“ ახალ სეზონზე ჟიურის წევრია.
რუსკა მაყაშვილი
: უკვე მესამე წელია, „ნიჭიერის” ჟიურიში ვზივარ. როგორც ყოველთვის, წლევანდელი სეზონიც ყოველგვარ საზღვრებს სცდება, თავის მასშტაბებით. შარშანდელიც ხომ კარგი იყო, მაგრამ წელს ორმაგად მაგარია.
– ჟიურიში ახალი წევრები გყავთ.
– კი, სტეფანე და ბახუტა ჩვენი ახალი წევრები არიან. სტეფანე, გარდა იმისა, რომ ჩემი მეგობარია, ძალიან მაღალი დონის მუსიკოსია. მაღალი პროფესიონალიზმის პარალელურად, საოცრად სამართლიანი და გულიანი ადამიანია, იუმორის კარგი გრძნობით. რაც შეეხება ბახუტას, ის უკვე დიდი ხანია, ჩემი კოლეგა და მეგობარია. მოკლედ, წლევანდელ ჟიურიში ძალიან გამიმართლა. მაკასთან სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს – პირველი ლედია და ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა გვაქვს. მაგრამ ბახუტა და სტეფანე დიდი ხნის მეგობრები არიან ჩემთვის და მათთან საოცარი დამოკიდებულება მაქვს. ასე რომ, ყველაზე დიდ კომფორტში ვარ (იცინის). არ ვამბობ, რომ წინა წლებში არ მქონდა კომფორტი, მაგრამ წელს მაინც სხვაა.
– არაერთი ნიუსი შემხვედრია სათაურით „ფეხმძიმე რუსკა მაყაშვილი სცენაზე ჩვეულ სიგიჟეებს სჩადის“. მიუხედავად იმისა, რომ დღე-დღეზე ბავშვს ელოდები...
– ფეხმძიმობის პირველივე წუთიდან აქტიური ვიყავი და ჩვეულ რიტმში ვაგრძელებდი ცხოვრებას. პირიქით, უფრო მეტადაც გავაქტიურდი. მთელი ორსულობის განმავლობაში ვთამაშობდი სპექტაკლებს; წავიყვანე „X ფაქტორი“ თავის ჩაწერებიან-ლაივებიანად; ვითამაშე ფილმში და ჩავწერე „ნიჭიერის“ ქასთინგები. არცერთი წამი არ გავჩერებულვარ. არანაირი პოზა არ დამიჭერია. ჩემი აზრით, ფეხმძიმობისას კიდევ უფრო აქტიური უნდა იყო. ცუდია ამ მდგომარეობას როგორც ავადმყოფობას, ისე რომ უდგებიან. ძალიან ბევრი მწერს, როგორ ახერხებ ამდენს, მე აუზშიც ვერ ჩავდივარო. მე ეს უფრო მიკვირს.
– ექიმისგან არ გქონდა გარკვეული სახის შეზღუდვები?
– აბსოლუტურად არა. აქ მარტო ჯანმრთელობის საკითხიც არაა, გონებაც უნდა ჩართო. მთავარია, შენ როგორ მიუდგები ამ მდგომარეობას. სამი კატეგორიის ფეხმძიმე არსებობს: ორსული, რომლისთვისაც ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლება, ჩემნაირები და „პოზაში მყოფები“ – ვითომ, რომ ეშინიათ და ზედმეტ ნაბიჯს არ დგამენ, რაც შემდგომ უფრო ართულებს მდგომარეობას. მე მგონია, რომ თუ ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი რიგზე გაქვს, ყველაფრის კეთება უნდა გააგრძელო, რასაც მანამდე აკეთებდი. შემიძლია და რატომ არ უნდა გავაკეთო?!
– უკვე გამოცდილი დედასავით ლაპარაკობ. არადა, როგორც წესი, პირველზე უფრო ეშინიათ და ყველაფერს ერიდებიან. შენსავით თამამები არ არიან ხოლმე.
– ჩემი პირველი შვილია და რა თქმა უნდა, ძალიან ვნერვიულობ. განვიცდი, მინდა, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იყოს, მაგრამ, მგონი, ჩვეული აქტიურობა ყველაზე სწორი მდგომარეობაა. ეს მშობიარობაშიც დამეხმარება და საერთოდ, ყველაფერში. ჩემი ექიმი ძალიან მაქებს, მეუბნება, რომ კარგად ვიქცევი (იცინის).
– ორი ფეხმძიმე ხართ ჟიურიში, ალბათ, ბიჭები განებივრებენ.
– კი, რაღაც საყვარელი დამთხვევა გამოვიდა. მხოლოდ ჟიურის წევრები კი არა, ყველა თან გვყვება, მთელი პროდაქშენი. „ნიჭიერი“ ჩემი  მეორე ოჯახია. ეს ადამიანები, გიორგი ხაბურძანიას და დემნა ჯაფარიძის მეთაურობით, ჩემთვის უახლოესები არიან. სულ იმას ვამბობ, რომ ეს გუნდი მტკვარში რომ გადახტეს, იქაც გადავყვები. ნომერ პირველები არიან.
– შენი და პირველი ლედის ურთიერთობის შესახებ მინდა, გკითხო. ორივე ფეხმძიმედ ხართ, მაგრამ ის უკვე გამოცდილი დედაა. გაძლევს ხოლმე რჩევებს?
– ორსულობაზე ვსაუბრობთ ხოლმე და რჩევებსაც მაძლევს, რომელსაც აუცილებლად ვითვალისწინებ. თვითონ მესამე შვილს ელოდება, ძალიან მაგარი გოგოა და აბსოლუტურად, ჩემნაირი ფეხმძიმეა. ისიც ასეთივე აქტიურია.
– როდის ელოდები ბავშვს?
– რვა ოქტომბერს. მაგრამ, 38 კვირიდან, შეიძლება ყოველდღე დაიბადოს – ორი კვირით ადრე ან გვიან. კვირას ვხდები ორმოცი კვირის. რაც მთავარია, ქასთინგები უკვე ჩაწერილია და ახლა, მშვიდად, წყნარად ველოდებით პატარა ბიჭს.
– როგორია მოლოდინი?
– საოცარი, მთელი ოჯახი ელოდება. თან 17-20 წლის ასაკში ხომ არ ვხდები დედა, რაც, ვფიქრობ, ძალიან ადრეა. უკვე ზრდასრული, 30 წლის ვარ და ამ დროს მართლა აცნობიერებ, რა სირთულეებთან მოგიწევს გამკლავება. გრძნობ, რამხელა პასუხისმგებლობა გეკისრება, რასაც პატარა ასაკში ძალიან მარტივად უყურებ.
– ჭირვეული ფეხმძიმე ხარ? მეუღლეს უწევს შენი კაპრიზების შესრულება?
– არა. აბსოლუტურად უმარტივესი ორსულობა მაქვს. არც ტოქსიკოზს შევუწუხებივარ და არც განსაკუთრებული მოთხოვნები მქონია. არც მადა მომმატებია და არც კილოგრამები. მაგრამ ახლა უკვე, მშობიარობის დროა და მუცელი ძალიან დიდია, რაც ცოტა სასაცილოდ ჩანს გამხდარ ტანზე (იცინის). მინდა, რომ ბავშვს არაფერი მოაკლდეს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის,  ლაღი ბავშვობა ჰქონდეს. ზუსტად ვიცი, რომ მე საუკეთესო დედა ვიქნები, სანდრო – საუკეთესო მამა და ირგვლივ საუკეთესო ბებიები და ბაბუები ეყოლება ვაჟბატონს (იცინის).
– მერე რას აპირებ, პროექტში როდის დაბრუნდები?
– ძიძის აყვანას ჯერ არ ვაპირებ. მინდა, ცოტა ხანს ბავშვი ჩემს ხელში იყოს. მგონია, რისი გაკეთებაც გინდა, აუცილებლად მოასწრებ, მე ამის გამოცდილება მაქვს. შევხედავ სიტუაციას, პროექტს, რა თქმა უნდა, არ გამოვაკლდები. ბევრი ოჯახის წევრი მყავს და დამეხმარებიან. ზოგადად, მსახიობის პროფესია ისეთია, რომ დეკრეტული შვებულებით ხანგრძლივად ვერ ისარგებლებ. ამ შემთხვევაში, მთავარი ბავშვია, მაგრამ მოვახერხებ, რომ არაფერს მოვაკლდე.
– ამ მომენტში როგორ ხარ, უკვე ჩალაგებული ჩემოდნებით ზიხარ?
– კი, ჩალაგებული ჩემოდნებით ვზივარ და ველოდები, როდის დაიწყება ჩემი ცხოვრების მთავარი მოვლენა.
– მშობიარობაზე მეუღლე უნდა დაისწრო?
– არავითარ შემთხვევაში. ჩემი აზრით, ეს უდიდესი შეცდომაა. ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად არასწორია, რომ ქმარმა უყუროს ცოლის არანორმალურ მდგომარეობას. ასე რომ, ქმარს არასდროს დავასწრებ მშობიარობის პროცესს.
– ბუნებრივად აპირებ გაჩენას?
– კი, ჯერჯერობით ყველაფერი აქეთ მიდის (იცინის).
– მინდა „იმედზე“ გადასვლის თაობაზეც გკითხო...
– სხვათა შორის, „იმედი“ ჩემთვის პირველი ტელევიზია იყო. აქ ექვსი წელი ვმუშაობდი. ამხელა პროდაქშენი, რომელიც წლების განმავლობაში „რუსთავი2-ზე“ მუშაობდა, რომელ ტელევიზიაშიც არ უნდა წასულიყო, ყველგან გადავყვებოდი. რა თქმა უნდა, თუ დამიძახებდნენ. ამ ეტაპზე ჩემი „რუსთავი 2-ზე“ დარჩენის აზრს ვერ ვხედავდი. ამ გუნდთან ვმუშაობდი იმ არხზეც, სამი წლის განმავლობაში და სხვასთან მუშაობა ფიზიკურად ვერ წამომიდგენია. ისეთი პროფესიონალები არიან, რომ თავი „ბიბისის“ თანამშრომელი მგონია. რეიტინგს რომ თავი დავანებოთ, აქ ადამიანურ ურთიერთობებზეა ლაპარაკი.
– ნიკა გვარამიამ ამ გუნდს გაუსვა ხაზი თავის სტატუსში. თუ ხელფასს არ გიხდიდნენ, ეს ისევ მაგ გუნდის ბრალი იყოო.
– რა თქმა უნდა, დაწერს. მათი მხრიდან, ძალიან ბუნებრივია იმის თქმა, რომ რასაც ჩვენ ვამბობთ, ტყუილია. ჰო, ეს 150 კაცი გაგიჟდა, გადაირია და „რუსთავი 2-ზე“ 23-წლიანი მუშაობის შემდეგ,  „იმედზე“ წავიდა. სისულელეა და ამიტომ, მის პოსტებს ყურადღებას არავინ აქცევს. რამდენჯერაც უნდათ, იმდენჯერ დაწერონ, არანაირი პრობლემა არაა. ჩვენ ძალიან მშვიდად და წყნარად ვაგრძელებთ ჩვენს საქმეზე მუშაობას. როცა დამნაშავე არაფერში ხარ და სრული სიმართლე იცი, მშვიდად ხარ და ბაქიბუქს არ იწყებ. ჩემი ერთი პოსტი, რომელიც ამ თემაზე დავწერე, უბრალოდ, პასუხი იყო კითხვებზე: რატომ გადახვედით „იმედზე“, მართლა ფულზე გაიყიდეთ? რა სისულელეა, რა ფულზეა საუბარი. უბრალოდ, იქ ძალიან ბევრი პრობლემა და წინააღმდეგობა იყო. რაც არ უნდა იძახონ, რომ ეს ესე არაა, რას ვიზამთ, სიმართლე ასეთია.
– გვარამია ამ ტელევიზიის დირექტორია და მისი პოზიცია გასაგებია, მაგრამ ამ ამბავს ბევრი ცნობილი ადამიანიც გამოეხმაურა, მათ შორის, ნანუკა ჟორჟოლიანიც. რომელმაც დაწერა: იმედია, ეს ყველაფერი რუსკამ ინფორმაციის ნაკლებობის გამო თქვაო. ნანუკასთან, ალბათ, მეგობრული ურთიერთობა გაქვს და მისგან როგორ მიიღე ეს კომენტარი?
– ნანუკასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ისიც ამ ტელევიზიის წარმომადგენელია და რა თქმა უნდა, მას იცავს. მათი პოზიცია, რაღაც მხრივ, გასაგებია, იცავენ საკუთარ ტელევიზიას და მორჩა. რამდენად სწორია მათი ხერხები, ეს უკვე ხალხმა გადაწყვიტოს.
(ინტერვიუ ჩაწერილია ხუთ ოქტომბერს).
скачать dle 11.3