№41 რატომ იძახებს ადამიანი დაავადებებს
ყველას უნდა, იყოს ჯანმრთელი და დიდხანს შემორჩეს წუთისოფელს: ყველას უნდა, მაგრამ ყველა ვერ ახერხებს. იმიტომ რომ, ზოგჯერ უსაქმურობს, ზოგჯერ წაქცევამდე მუშაობს, ხან კი, ნერვიულობასა და შიშში იხლართება. ადამიანები უმეტესად შფოთავენ, ხშირად ბრაზდებიან, შიგადაშიგ ტირიან და ისტერიკებსაც კი აწყობენ. ერთმანეთს ეჩხუბებიან, უბრაზდებიან ყველას და ყველაფერს, წარუმატებლობის მიზეზებს მხოლოდ გარეთ ეძებენ და რუტინა ისე ითრევთ, რომ ვეღარ ამჩნევენ, რომ ვერც კი ცხოვრობენ.
ამას არცთუ იშვიათად, ჯანმრთელობის პრობლემებიც ემატება და რომ არ ემატებოდეს, ის იქნებოდა გასაკვირი: ერთი მხრივ, ამდენი ნეგატივის, მეორე მხრივ კი, სამედიცინო-ფარმაცევტული სექტორების დაუოკებელი მადის ფონზე. ემოციურად გაუწონასწორებელი ცხოვრების წესის ბოლო გაჩერება ექიმის კაბინეტია, სადაც უამრავ მედიკამენტს გამოუწერენ (აბა, სხვანაირად როგორ, როდესაც თეთრხალათიანების მოწოდება მედიკამენტების დანიშვნაა?! თანაც, გეცოდინებათ, რომ საქართველო ლამის პირველ ადგილზეა მედიკამენტთა ჭარბი მოხმარების მაჩვენებლით), უარეს შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევაც კი ხდება ხოლმე აუცილებელი.
ერთი სიტყვით, ეს ყველაფერი ჩემ გარეშეც მოგეხსენებათ: ექიმთანაც არაერთხელ ყოფილხართ და ავადობასაც არაერთხელ შემოუტევია თქვენთვის (სხვა რომ არაფერი – სეზონური გრიპებიც საკმარისია, რომ არაქათი სრულად გამოაცალოს ადამიანს). თუმცა, გვარწმუნებენ, რომ არცერთი ავადმყოფობა არ არის შემთხვევითი და ის სწორედ დაავადებულის გამოძახებით მოდის (გენეტიკური დაავადებების შემთხვევაში, საქმე ოდნავ სხვაგვარადაა, ოღონდ, სანამ ამაზე ვისაუბრებთ...).
თქვენც შეამჩნევდით, რომ დაავადებების უმეტესობა გარკვეულ ასაკში ვლინდება. რატომ? პასუხი მარტივია: ადამიანი ავადდება მას შემდეგ, რაც მიაღწევს საკუთარ ემოციურ, ფიზიკურსა და ინტელექტუალურ საზღვრებს. რაც ნაკლებია მისი ენერგეტიკული მარაგი, მით ადრეულ ასაკში ამოწურავს თავის ლიმიტს.
რატომ ავადდებიან ერთნი მძიმედ, მეორენი კი – მხოლოდ მსუბუქად?!
სამწუხაროდ, მძიმე და სასიკვდილო დაავადებები ემართება მას, ვინც ძლიერ ემოციურ ტრავმებს მალავს და ასეთია: ღალატი, დამცირება, მიტოვება, უარყოფა, უსამართლობა (აბა, გადაავლეთ თვალი ნაცნობ-მეგობართა ისტორიებს?!).
იმისთვის, რომ გავიგოთ, რას გვეუბნება ჩვენი ორგანიზმი ამა თუ იმ დაავადებით (არადა – ყველა დაავადებას თავისი ენერგეტიკული მიზეზი აქვს და ის უკავშირდება იმ დროს თქვენს ცხოვრებაში მომხდარ კონფლიქტს, პრობლემას), აუცილებლად უნდა დაუსვათ საკუთარ თავს შემდეგი კითხვები (თუ ისე მოხდა, რომ ავად გახდით):
1. რას ვგრძნობ სხეულში? – ამ კითხვაზე პასუხი დაგანახვებთ თქვენს დამოკიდებულებას იმ სიტუაციისა თუ ადამიანისადმი, რომლის გამოც გაჩნდა პრობლემა. ეს დაგეხმარებათ ფიზიკური ბლოკის მოხსნაში.
2. რას მაძლევს მე ეს დაავადება? – რამდენადაც უნდა გაგიკვირდეთ, როგორც უკვე გითხარით, ადამიანი იძახებს ავადმყოფობებს. ამ კითხვაზე პასუხის გაცემით კი, გაარკვევთ, თქვენი რომელი სურვილებია დაბლოკილი. ამ კითხვას სვამთ ემოციური ბლოკის მოსახსნელად.
3. რის გაკეთების საშუალებას არ მაძლევს ეს დაავადება? – ამ პასუხით გაარკვევთ, თქვენი რომელი სურვილებია დაბლოკილი. ამ კითხვას სვამთ მენტალური ბლოკის მოსახსნელად.
4. თუ საკუთარ თავს მივცემ ამ სურვილის შესრულების უფლებას (ამ სურვილს გაიგებთ მეორე კითხვის პასუხიდან), როგორ შეიცვლება ჩემი ცხოვრება? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დაგეხმარებათ სულიერი ბლოკის მოსახსნელად.
5. თუ თავს უფლებას მივცემ, გავაკეთო ის, რა პასუხსაც მივიღებ მესამე კითხვიდან, რა საშინელი და მიუღებელი რამეები მოხდება ჩემს ცხოვრებაში? – ამ კითხვაზე პასუხი დაგეხმარებათ გაიგოთ, რატომ გგონიათ, რომ რაღაც არ შეგიძლიათ. პასუხი საშუალებას მოგცემთ, მოიხსნას მენტალური ბლოკი.
ახლა კი აიღეთ ფურცელი და პასტა, გაიხსენეთ, რა გაწუხებთ (მაგალითად, ხშირად ცივდებით ან უცაბედად გაძლევთ სიცხეს, ან გეწყებათ ხველება, გაწუხებთ წნევა, გიწითლდებათ კანი, გტანჯავთ შაკიკი და ასე შემდეგ) და გულწრფელად გაეცით პასუხი ზემოჩამოთვლილ კითხვებს.
გახსოვდეთ: ყველა დაავადების სულიერი ბლოკები იხსნება ერთნაირად. თქვენი პასუხები გაპოვნინებთ ფიზიკური ავადობის ნამდვილ მიზეზს.
მაშ, მოემზადეთ, რადგან შემდეგი ნომრიდან ჩვენ ყველა არსებული დაავადების მიზეზსა და მათგან თავის დაღწევის გზებზე ვისაუბრებთ. შემოგთავაზებთ რამდენიმე ავტორის ვერსიას. თქვენ ის ვარიანტი აირჩიეთ, რომლისკენაც გული გაგიწევთ.
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მოგიწოდებთ, უარი თქვათ ექიმებსა და მედიკამენტებზე, მაგრამ, დამეთანხმებით, რაც ნაკლები ექიმი და მედიკამენტი დაგჭირდებათ და რაც სწრაფად აღიდგენთ ძალებს, მით უკეთესი.
ოღონდ შევთანხმდეთ: კითხვებზე პასუხი უნდა გასცეთ გულწრფელად. ბოლოს და ბოლოს, იმ პასუხებს, ხომ, თქვენ გარდა, ვერავინ ნახავს?!
და, რაც მთავარია, თავდაპირველად იყო სიტყვა, ანუ აზრი მატერიალურია და ეს უკვე კვანტურმა ფიზიკამაც დაადასტურა. ასე რომ, ნუ ვიტყვით უარს სიტყვის ძალაზე.
მომავალ ორშაბათამდე!