კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 როგორ დაამარცხეს ქართველმა ომში დაჭრილმა სამხედროებმა კანადაში, „მჯდომარე ფრენბურთში“ ამერიკისა და ინგლისის გუნდები და რატომ გულშემატკივრობდა მათ განსაკუთრებულად ინგლისის პრინცი ჰარი

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 ცოტა ხნის წინ, კანადაში მიმდინარე Invictus Games-ის საერთაშორისო თამაშებში ომში დაჭრილმა ქართველმა სამხედროებმა „მჯდომარე ფრენბურთში“ ოქროს მედლები მოიპოვეს. რამდენიმე დაძაბული თამაშის შემდეგ, ქართველების ნაკრები ფინალში გადავიდა – გაერთიანებული სამეფოს ნაკრებს დაუპირისპირდა და გამარჯვებაც მოიპოვა. Invictus Games-ში გამარჯვებულ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები დიდი ბრიტანეთის პრინცმა, ჰარიმ პირადად გადასცა. ქართველ ფრენბურთელებს შორის, ერთ-ერთი გიორგი ჯაბახიძეა, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს ფეხში დაიჭრა და ამპუტაცია დასჭირდა. დღეს გიორგი პროთეზს ატარებს და ცხოვრების ჩვეულ რიტმს ძალიან აქტიურად, ენერგიულად აგრძელებს. ქართველი სამხედროების ფრენბურთის ნაკრებს ვულოცავ გამარჯვებას და კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებ.
გიორგი ჯაბახიძე:
იანვრიდან ვთამაშობ ფრენბურთს, თუმცა ჩვენი გუნდი უკვე დიდი ხანია, არსებობს. მანამდე სხვადასხვა შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ. მეგობრებმა მითხრეს: იარე ჩვენთან ერთადო. დავუჯერე და ძალიან მომეწონა. მივყევი. თავდაცვის სამინისტრო ყველანაირად გვიდგას გვერდში ომში დაჭრილ სამხედროებს და მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ. ასევე, დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა დეპარტამენტს, რომელიც მუდმივად გვეხმარება. მწვრთნელებს: გოგას და პაატას. რა თქმა უნდა, იმ ქართველებსაც, რომლებიც კანადაში დაგხვდნენ და საოცარი გულშემატკივრობა გაგვიწიეს – ყველა გააჩუმეს.
– რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სამხედრო, რომელიც სპორტის ამ სახეობაში იასპარეზებს?
– სპეციალური მოთხოვნებია. ამპუტაცია, მძიმე კატეგორიის დაზიანება უნდა გქონდეს. გვყავს ბიჭები გუნდში, რომლებსაც ბარძაყიდან არ აქვთ ფეხი. ჩვენ – მუხლიდან გვაქვს. იატაკზე ზიხარ და ისე თამაშობ. თამაშსაც თავისი წესები აქვს: არ უნდა წამოდგე, თორემ ქულას კარგავ. პროთეზი არ გიკეთია, სამუხლეები გაქვს და ადგომა შეგიძლია, ოღონდ ბურთთან შეხების დროს – არა. შეგიძლია ადგე, გაირბინო, მოასწრო დაჯდომა და პასის მიცემა. ძალიან აზარტული თამაშია, დიდი ადრენალინია.
– როგორ ემზადებოდით შეჯიბრებისთვის?
– თავიდან ორი დღე გვქონდა ვარჯიში, შემდეგ – სამი დღე და ბოლოს უკვე, ყოველდღე ვვარჯიშობდით. ვერასდროს წარმოვიდგენდი ფრენბურთს თუ ვითამაშებდი, მაგრამ ძალიან მომეწონა. სირთულეებიც იყო,  ძნელია იატაკზე ხოხვა.  მაგრამ, მერე მივეჩვიე. კანდაში დიდი შემართებით წავედით. რომ ჩავედით, ქართველი ემიგრანტები დაგვხვდნენ. ჯერ ხომ საოცარი პატივი გვცეს და შემდეგ ცრემლებით გამოგვაცილეს. ჩვენი ელჩიც არაჩვეულებრივი ადამიანია, ასევე, კონსული, კიდევ ქართველი მამაო, რომელმაც პარაკლისი გადაგვიხადა და თამაშის წინ დაგვლოცა. ძალიან კარგი ადამიანია. თამაშების მერე ქართველ ემიგრანტებს ყოველდღე რესტორანში დავყავდით. ბოლოს ვამბობდით: მეტი აღარ გვინდაო. 2 დღე ვვარჯიშობდით, მერე ინგლისთან ამხანაგური შეხვედრა გვქონდა და მოვუგეთ. უკვე იმედიანად ვიყავით: ამათ ხომ მოვუგეთ და სხვებსაც მოვუგებთო. რაც შეეხება შეჯიბრებას, ძალიან დიდი კონკურენცია გაგვიწია იორდანიამ. მაგრამ, არ გაუმართლა ჩვენ რომ შეგვხვდა – რომ არა ჩვენ, შეიძლება, ფინალშიც გასულიყო. არცერთი წაგება არ გვქონდა. 5 თამაშიდან ხუთივე 2-ით ნული მოვიგეთ. ნახევარფინალში ამერიკას დავეჯახეთ. მასთან შედარებით გაგვიჭირდა, მაგრამ დამაჯერებლად მოვუგეთ. ფინალში ინგლისს შევხვდით. უკვე ინგლისელებმაც იცოდნენ, რომ წაგებული ჰქონდათ. ნახევარ დარბაზში ინგლისელები ისხდნენ, ნახევარში – ამერიკელები. ქართველი 30 კაცი იყო და ყველა გავაჩუმეთ, პირდაღებულები გვიყურებდნენ: ესენი ვინ არიანო. თან, შეგვეძლო ოჯახის წევრები წაგვეყვანა. ზოგმა შვილი წაიყვანა, მე – ცოლი მყავდა წაყვანილი.
– ალბათ, როგორ ნერვიულობდა.
– ძალიან განიცდიდა. როგორც თვითონ მითხრა, შენ რომ გიყურებდი, ძალიან ვნერვიულობდიო. თავიდან, სამი თამაშის განმავლობაში მეც ვნერვიულობდი, მაგრამ ნახევარფინალსა და ფინალში, უკვე აღარ მინერვიულია. ამერიკა იყო შარშანდელი Invictus-ის გამარჯვებული, ინგლისმა კი შარშან ჩვენ გამოგვაგდო.
მოკლედ, შური ვიძიეთ ორივე გუნდზე, ორივეს მოვუგეთ.
– არავინ ელოდა, ქართველების გუნდი, რომელსაც სამი წლის წინ მჯდომარე ფრენბურთში თამაშის გამოცდილებაც  არ ჰქონდა, ოქროს მედალს თუ მოიპოვებდაო, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრინცმა ჰარიმ  Invictus Games-ის საზეიმოდ დახურვის ცერემონიაზე განაცხადა.
– პრინც ჰარის ჩვენი გამარჯვება ძალიან გაუხარდა. შეძახილებით შეგვხვდა, გასახდელშიც შემოვიდა და წარმატებები გვისურვა. მისი დაარსებულია ეს თამაშები და ყოველთვის ესწრება, გულშემატკივრობს მოთამაშეებს. თამაშის დაწყებამდე შემოვიდა ჩვენთან და გვითხრა: თქვენი იმედი მაქვს, ძალიან გგულშემატკივრობთ და აბა, თქვენ იცით, ძალიან მინდა, ფინალში გნახოთ, ინგლისთან ერთადო. არ ვიცი, სხვებისადმი როგორი დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ ჩვენ მიმართ აშკარად სხვანაირად იყო განწყობილი. ჩვენი მწვრთნელი, რიჩარდიც, მისი გუნდის მწვრთნელია, მისი გამოგზავნილია. როგორც ვიცი, რიჩარდმა გვაჩუქა ბადე და ტატამი, რაზეც ვთამაშობთ. რომ მოვიგეთ, თვითონ გადმოგვცა მედლები და მოგვილოცა გამარჯვება.
– თქვენს 4 წლის შვილს ჩამოუტანეთ მედლები?
– კი, მანამდეც მქონდა სხვადასხვა მედალი. მედალს „დედალს“ ეძახის.
– ახლა მინდა, წარსულში გადავინაცვლოთ. შეგიძლიათ, გაიხსენოთ ისე დღე, როცა დაიჭერით და ფეხის ამპუტაცია დაგჭირდათ.
– 2007 წლის აგვისტოს ჩავირიცხე შეიარაღებულ ძალებში. საკონტრაქტო სამსახურში ვიყავი და 2008 წლის 8 აგვისტოს დავიჭერი, ერთი წლის შემდეგ. ავიაციის დაბომბვის შედეგად დავიჭერი ქალაქ ცხინვალში და დავკარგე ფეხი. მეგობრებმა გადამარჩინეს. გონება არ დამიკარგავს, ფხიზლად ვიყავი. წვივში ვიყავი დაჭრილი, წნევამ ჩამიმსხვრია ძვლები. ფეხი ბოლომდე არ მქონდა მოწყვეტილი, იქვე ვერ მოვიჭერი, ვერ შევძელით და არც იყო ამის დრო. „მეკონწიალებოდა“ ფეხი და ჯერ მე მეჭირა, მერე – მეგობრებს. ბეტეერში შემტენეს და სამშვიდობოს რომ გამოვედით, სამხედრო ჰოსპიტალში გადამიყვანეს. ფეხი ვერ გადარჩა, მითხრეს: უნდა მოგკვეთოთო. მომკვეთეთ-მეთქი. მერვე საავადმყოფოში 6 თვე დავყავი, შემდეგ გადამიყვანეს თურქეთში, „გათას“ კლინიკაში. იქ გავაგრძელე რეაბილიტაციის კურსი და მოვირგე პირველი პროთეზი. თავიდან ძალიან რთული იყო, მაგრამ ერთი რომ მოვირგე, მერე გავიარე. გავიარე და ახლა უკვე ფეხბურთსაც ვთამაშობ პროთეზით. ვერ დავრბივარ, სამაგიეროდ, ვთევზაობ, ვნადირობ. თავდაცვის სამინისტრო უმაღლესი ხარისხის პროთეზებს გვიკეთებს, რომ მოძრაობა არ შეგვეზღუდოს.
– ბევრს უჭირს ამ ყველაფერთან შეგუება, ბევრს დეპრესია ემართება. თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?
– თავიდან იყო სირთულეები, დეპრესიები დიდხანს არ მქონია. ძირითადად, მაშინ ვიყავი ცუდად, როცა 6 თვე ვიწექი, ვერ დავდიოდი. თან, ძალიან ბევრი ხალხი მოდიოდა მოსანახულებლად, მაგრამ ტკივილებმა, უმოძრაობამ, ჩამკეტა.  პროთეზი რომ გავიკეთე და ფეხზე დავდექი, გავიარე, მაშინვე მომეხსნა ყველაფერი. თან, თევზაობა ძალიან მიყვარს. მაგის გარეშე არ შემიძლია და ამანაც მიშველა.
– შემდეგ დაქორწინდით კიდეც.
– კი, ბავშვობიდან ვიცნობდით ერთმანეთს. ერთი წელი შეყვარებულები ვიყავით და მერე დავქორწინდით.
– მედლები მაქვს ბევრიო. რაში გაქვს კიდევ აღებული?
– ეს მეოთხე მედალია. თავდაცვის სამინისტრო შიდა ჩემპიონატებს ატარებს ხოლმე. ახლა დოლიძის სახელობის ტურნირი ჩამოყალიბდა. სხვადასხვა სახეობაში ვმონაწილეობთ. ერთი მედალი ავიღე ბილიარდში – მესამე ადგილზე გავედი; ცურვაში ავიღე მეორე ადგილი და მანამდე, ფრენბურთში ამერიკელ ჯარისკაცებს შევხვდით, რომლებმაც ჩვენთან თამაშის სურვილი გამოთქვეს. ვეთამაშეთ ხელ-ფეხიან ჯარისკაცებს და მოვუგეთ, პირველი ადგილი ავიღეთ. როცა ორი ფეხი აქვს ადამიანს, უჭირს თამაში. ეს ხელს უფრო უშლის, თან წესებიც არ იცოდნენ კარგად.
– რას ურჩევთ, სხვადასხვა ტრავმის გამო ამპუტირებულებს, რომლებსაც ცხოვრების გაგრძელება უჭირთ?
– ერთადერთი, ამ ფეხმა რაშიც ხელი შემიშალა, ეს სირბილია. დანარჩენს, ყველაფერს ვაკეთებ. ძალიან მაგარია, სპორტის ამბავში დასაქმდნენ. გასართობი უნდა ნახონ. მე ვერთობი სპორტით, თევზაობით. მთავარია, სახლში არ  ჩაიკეტო.
скачать dle 11.3