№41 რა სასწაულებს აღასრულებს სარკის წმიდა გიორგის ხატი და როგორ სთხოვენ მას შვილიერებას და მძიმე სნეულებისგან განკურნებას
საქართველოში დიდმოწამე გიორგი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წმიდანია, რომლის მიმართ ქართველები განსაკუთრებულს სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავენ. წმიდა გიორგის ოდითგანვე უდიდეს პატივს მიაგებდნენ და შემწეობას, მფარველობას სთხოვდნენ. როგორც ცნობილია საქართველოში ძალიან ბევრი ტაძარი, მონასტერი წმიდა გიორგის სახელობისაა და ეს უდიდესი წმიდანი ოდითგანვე შეეწევა საქართველოსა და ქართველ ერს.
საქართველოში წმიდა გიორგის სახელობის მრავალი მონასტერი არსებობს და იქ დღემდე აღესრულება არაერთი სასწაული. ერთ-ერთი, სარკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაა, სადაც დაბრძანებულია და ინახება წმიდა გიორგის უძველესი და სასწაულმოქმედი ხატი. ერთი ლეგენდა ასეთია: ეკლესია, რომელშიც ეს ხატია დაბრძანებული, ქარელის რაიონში მდებარეობს. ეკლესიასაც და ხატსაც თავისი საოცარი ლეგენდის შარავანდედი ჰმოსავს: გადმოცემით, ქარელის რაიონის სოფელ საღოლაშენთან არის „დედოფლის მინდორი“ და „დასასრულად“ წოდებული ადგილი, რაც წმიდა, შენახულ ადგილს ნიშნავს. იქ გლეხკაცი არც ხნავდა და არც საქონელს უშვებდა. დაცვისა და შეუხებლობის ნიშნად, ამ მდელოს ხნულის შემოვლებით სარყავდნენ. ერთ-ერთი სარყვის დროს დაღლილ გუთნისდედას ჩასძინებია და საკვირველი ჩვენება უხილავს. გამოღვიძებულს არავისთვის არაფერი უთქვამს, მხოლოდ ღვთისგან მითითებულ ნიშანს ელოდა, რომელსაც ხვნა უნდა შეეფერხებინა. მართლაც, უეცრად სარყვისას, უღლეული შედგა და ადგილიდან აღარ იძვროდა. მეხრეს ხარების გასაფიცხებლად, შოლტი გადაუკრავს, თან გუთნის შემაფერხებელ მცენარეთა ფესვები გაულანძღავს. ეს იყო და გულწასული მეხრე მაშინვე მიწაზე დაენარცხა და სული განუტევა. ხნულის გათხრისას დიდმოწამე გიორგის ქვაში ნაკვეთი ხატი გამოჩნდა. დღესაც აქ, „დასარყულ“ მინდორზე, წმიდა გიორგის ბარელიეფში ნაკვეთი ქვის ხატი დევს, რომლის შესახებაც გუთნისდედას ჩვენებაში ეუწყა, რომ ამოებრძანებინა და გაუხედნავ ხარებზე დაედო. სადაც ხარები დაღლილნი დაწვებოდნენ, იქ აეგოთ დიდმოწამე გიორგის სახელობის ეკლესია. ურემზე დაბრძანებული ხატით ხარებმა თრიალეთის ქედს მიაშურეს. ეკლესიისკენ მიმავალი გზის შუაში საჯავარედ წოდებული შესასვენებელი ადგილია. სწორედ აქ შეჩერებულან დაღლილი ხარები, შეუსვენიათ და გზა განუგრძიათ. დღეს აქ მორწმუნენი ჩერდებიან, რომ ძალამოკრებილნი კვლავ შეუდგნენ ეკლესიისკენ მიმავალ აღმართს. ბოლოს ხარები არაქათგამოცლილნი დაწოლილან. ამ ადგილას სამი მონაზონი შეკრებილა, რომელთაც ღვთის შემწეობით, აუგიათ სარყის ახლა უკვე სარკის, წმიდა გიორგის ეკლესია. ჩვენს წელთაღრიცხვამდე ანუ წარმართულ პერიოდში, ამ ადგილას ქურუმების ტაძარიც ყოფილა, რომლის ნიშნები ახლაც შემორჩენილია.
დღესაც გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ზოგი მათგანი კლდოვან გზას ფეხშიშველა მიუყვება. როგორც ამბობენ, არ ყოფილა შემთხვევა, ვინმე ამის გამო გაციებულიყო, ან ფეხი დაზიანებოდა. სარკის წმიდა გიორგი განსაკუთრებით უშვილოთა შემწეა, ჩვილთა მფარველი. დღესაც ნახავთ უამრავ წყვილს, რომელთაც ამ ხატის მოლოცვის შემდეგ, შვილი შეეძინათ. ძველად, მადლიერების ნიშნად, ოჯახები ეკლესიას აკვნებს სწირავდნენ და წლების წინაც, ეკლესიის გარშემო, თურმე, უამრავი აკვანი იდგა. ყოფილა შემთხვევა, რომ ურმით მის კარამდე მიყვანილი დავრდომილი, თავისი ფეხით შესულა მონასტრის ეზოში. სარკის წმიდა გიორგის ხატზე შუბია გამოსახული, რომლის წვერთან შეხებისას, არაერთხელ განკურნებულან დაავადებული ადამიანები, მათ შორის, სიმსივნით დაავადებულებიც.
დიდმოწამე წმიდა გიორგის სახელობის ლომისას ტაძარშიც, დღემდე არაერთი სასწაული აღსრულებულა. თავად ამ ეკლესიის აშენებასაც განსაკუთრებული ისტორია აქვს. ლომისის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია ისტორიულად უკავშირდება საქართველოში ჯალალ-ედ-დინის შემოსევას. მტერმა მაშინ არაგვის ხეობაც დაარბია და 7 000 არაგველი ტყვედ წაასხა. ტყვეებს თან მთიულეთის მთავარი სიწმიდე – გზოვანის წმიდა გიორგის ხატი წაუღიათ. გადმოცემით, ამ ძლიერ ხატს ხვარაზმელთა მხარე „შეუკრავს“ – დედამიწას ნაყოფი აღარ გამოუღია, ადამიანი და საქონელი გაბერწებულა... ერთი სიტყვით, ქვეყანა დაღუპვის პირას მისულა. თავზარდაცემულ სულთანს მკითხავები უხმია. მათ მოუხსენებიათ: უბედურების მიზეზი გურჯისტანის ხატიაო. საკირეში ჩააგდეთო! – მყისვე უბრძანებია სულთანს. ასეც მოქცეულან, მაგრამ უვნებელი ხატი საკირედან ამოფრენილა და იქვე, მოვლენილი თეთრი ხარის რქაზე დაბრძანებულა. ხარი და ხატი მანამ არ დაძრულან ადგილიდან, სანამ სულთანს ყველა ტყვე არ გაუთავისუფლებია.
დღეს არავინ იცის, სად არის ლომისის სასწაულთმოქმედი ხატი. შიშიანობის დროს დეკანოზებს გადაუმალავთ და სანაცვლოდ, მისი მსგავსი ვერცხლის ხატი მოუჭედინებიათ. გადამალული ხატი ვეღარ უპოვიათ. ასლი ახლა მლეთის ეკლესიაშია დაბრძანებული. ლომისის მონასტრის მუხის კარს რკინა აქვს გადაკრული, რომელზეც თვრამეტსტრიქონიანი ხუცური წარწერა ამოუჭრიათ. ლომისის წმიდა გიორგის სახელთან კიდევ ერთი ტრადიციაა დაკავშირებული – ეკლესიაში ინახება დიდი ზომის ჯაჭვი, რომელსაც მხრებზე იდებენ და ასე უვლიან ეკლესიას გარშემო. ეს საყელური ხარის შესაბმელ ჯაჭვთან არის გაიგივებული. თუმცა, რეალურად, ხარი ამხელა ჯაჭვს ვერ ატარებდა. როდესაც ბევრი ადამიანი მოდის, ისინი ერთდროულად იდებენ კისერზე. ვისაც აღთქმა აქვს დადებული ან აღთქმის დადება უნდა, ანდა რაიმეს ევედრება წმიდანს, ამ ჯაჭვს კისერზე იდებს და ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით. ეკლესია ამ ტრადიციას არც გმობს და არც ხელს უწყობს. ხალხური გადმოცემით, ლომისის ჯაჭვი ბარიდან კისრით ამოუტანია ცოდვილ დადიანის ქალს. სხვა ვარიანტით, წმიდა გიორგის სასწაულებრივად უხსნია ერთი ქართველი ტყვე და მასაც მადლობის ნიშნად, ჯაჭვი, რომელიც ტყვეობაში კისერზე ედო, ლომისის მთაზე ამოუტანია. კიდევ არსებობს ერთი თქმულება: ერთ მთიულ კაცს ძმა უკურნებელი სენით გახდომია ავად. წმიდა გიორგისთვის უთხოვია, ოღონდ ძმა გადამირჩინე, ჩემს სახლში, რაც ყველაზე მძიმე და გრძელი ჯაჭვია, შენს სალოცავში ამოვიტანო. მართლაც აუტანია ჯაჭვი მხრით მაღალ მთაზე ლომისის სალოცავში, რის შემდეგაც მისი ძმა გამოჯანმრთელებულა. ლომისის მთავარმოწამეს შესთხოვდნენ ადამიანისა და საქონლის გამრავლებას, უშვილონი – შვილიერებას, დასაოჯახებლები – დაოჯახებას. ვისაც ძუძუში რძე არ ედგა, დეკანოზი-ხევისბერი ტაძრის კედლიდან კირს ჩამოფხვნიდა, წყალში გახსნიდა და მეძუძურ დედაკაცს შეასმევდა. ბავშვსაც თმას პირველად აქ სჭრიდა დეკანოზი. დღემდე ძალიან ბევრი მიდის ჯანმრთელობის პრობლემით და ისინი კურნებას იღებენ.
მოამზადა