კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 რატომ გასვა ძელზე ბაგრატ მეოთხემ განძის ამირა ტფილისის გალავანთან

თათია ფარესაშვილი გია მამალაძე

სულთან ალფ-არსლანის მოთხოვნით, ბაგრატ მეოთხემ თავისი დის ასული მიათხოვა მას და ასე შეეცადა, მშვიდობა მოეპოვებინა ქვეყნისთვის. ალფ-არსლანი სამი წლის შემდეგ, მაინც შემოიჭრა ჰერეთში. ბაგრატ მეფე კახეთის ასაღებად ემზადებოდა. ჯარი ვეჟინთან იდგა, სარდლებმა მოახსენეს ჩვენს ხელმწიფეს საქმის ვითარება. მეფე გამოერიდა თურქ-სელჩუკებს და ქართლში დაბრუნდა. კახეთ-ჰერეთის მეფე აღსართანი ძღვენით მივიდა სულთანთან, უარყო ქრისტიანობა, აღიარა მაჰმადის სჯული და იკისრა ხარკი. ალფ-არსლანმა ციხეები დაუბრუნა და აღიარა მეფედ. შემდეგ, სულთანი წამოემართა ქართლისკენ, თან იახლა აღსართანი და ტფილისის ამირა. 1069 წლის 10 დეკემბერს შემოიჭრნენ თურქ-სელჩუკები ქართლში.
ქართლში ბლომად იყო პური და ღვინო. ამის გამო ექვსი კვირა დაჰყვეს თურქ-სელჩუკებმა ჩვენს სამშობლოში, მოიმარაგეს საკვები ჯარისთვის, აოხრებდნენ ქვეყანას და ხოცავდნენ ხალხს. მარბიელი ლაშქარი გადავიდა არგვეთში, მიაღწიეს სვერის ციხემდე და გაძარცვეს. უამრავი ქრისტიანი მოკლეს ან ტყვედ აიყვანეს. საშინელი სანახავი ყოფილა ჩვენი ქვეყანა. მოოხრდა ეკლესიები და მოკლულ ადამიანთა ცხედრებით იყო სავსე არემარე. „სისხლის მწვიმელი ღრუბელი აღმოსავლეთით მოეფინა ქართლსა ზედა“ – წერს მემატიანე. მოულოდნელად, ძალიან აცივებულა. ვინც სახლებიდან აიყარნენ და მთებში იმალებოდნენ, ყინვისგან დაიხოცნენ. სულთანი დაბანაკებული გახლდათ სოფელ კარბში, მერე სოფელ შერთულში გადაინაცვლა. ძალიან გაუჭირდათ თურქ-სელჩუკებს სიცივისა და ქარბუქისგან.
ივანე ლიპარიტის ძე ბაღუაში გააგზავნა ბაგრატ მეფემ სულთანთან და ითხოვა მშვიდობა. სულთანმა ივანეს დააბარა, ხარაჯა მომცეს მეფემ და მშვიდობა იქნებაო, მაგრამ, ზამთრის სიცივის გამო, ვეღარ დაელოდა ბაგრატ მეფის პასუხს და გაემგზავრა. გზად აიღო ტფილისი, რუსთავი და გადასცა ფადლონს – განძის ამირას, გვარად შედადიანს, მაჰმადიან ქურთს, მის ვასალს.
საქართველოში სულთანს თან ახლდა ხუთასი ათასი მეომარიო – წერს ჩვენი მემატიანე. ეს გადაჭარბებული რიცხვი უნდა იყოს. თუმცა, ქართველთა ჯარზე მრავალრიცხოვანი რომ იყვნენ თურქ-სელჩუკები, ფაქტია.
წავიდა სულთანი თავის ქვეყანაში. გაზაფხულზე კიდევ ერთი უბედურება დაატყდათ ჩვენს წინაპრებს თავს. წყალდიდობისას მტკვარი ვერ დაეტია თავის კალაპოტში და დაახრჩო მრავალი მათგანი, ვინც სულთანს გადაურჩნენ.
ფადლონ მეორე ამპარტავნებამ შეიპყრო – სულთნის მიერ დასმულს, ვინ რას დამაკლებსო. გამოიყვანა ტფილისის მიმდებარე სოფლებიდან ხელოსნები, დაატყვევა, წაიყვანა და თავის სამსახურში ჩააყენა. გაზაფხულზე დადგა ბაგრატ მეოთხე დიდგორში, სადაც საზაფხულო სადგომი ჰქონიათ ჩვენს მეფეებს. ფადლონმა არაფრად ჩააგდო ჩვენი ხელმწიფის დიდგორში ყოფნა, გამოემართა ოცდაცამეტი ათასი კაცით, მოვიდა ტფილისს და დაიბანაკა ისნის ველზე. მერე იქვე დატოვა კარვები, აიარა ღამით მუხნარი და დაარბია ქართლის სოფლები.
შეიტყო ქართლის სოფლების დარბევის შესახებ ჩვენმა მეფემ, გააგზავნა მცირერიცხოვანი რჩეული ლაშქარი ივანე ლიპარიტის ძის, ნიანია ქუაბულისძისა და მურვან ჯაყელის, ყველისციხის ერისთავისა და სხვა აზნაურების სარდლობით.
ქართლში ვეღარ ჩაასწრეს ჩვენებმა. შექცეულებმა მიუსწრეს მტერს წილკნის გორასთან, შეებნენ და პირველსავე ხმლისმოკიდებაზე გააქციეს ქურთი ფადლონი. გაქცეული მტერი მოხვდა მდინარე ნარეკვავის ხრამთან და ვეღარ წავიდა წინ. მიადგნენ ჩვენი წინაპრები და ხოცავდნენ, იპყრობდნენ მტერს. ავსებულა ხრამი მოკლული მაჰმადიანებითა და მათი ცხენებით.
ფადლონის ჯარის ნაწილი მიადგა შობოს ტყეს და იქიდან ცდილობდა გაღწევას, მაგრამ ჩვენი წინაპრები პატარა ჭიებივით იჭერდნენ, გამოათრევდნენ ძეძვებსა და ტყეში დამალულ თურქებსა და სპარსებს. დანარჩენებს ღართის იწრობში დახვდნენ და გაჟუჟეს. ფადლონმა მხოლოდ თხუთმეტი მხედრის თანხლებით გაასწრო წილკნის გზით. მიადგა არაგვს, მოუხვია და ერწოსკენ წავიდა. გზაში ხალხი შეხვდა, რომლებმაც ვინაობა ჰკითხეს. ამირამ იცრუა, „ფადლონის შიკრიკი ვარ. მახარობლად მივდივარ აღსართან მეფესთან, რათა ვამცნო, გავაქციეთ აფხაზთა მეფის ლაშქარი“.
იცნო ერთმა კაცმა ფადლონი და უთხრა:
არ ხარ შენ შიკრიკი, არამედ ხარ ამირათა-ამირა ფადლონიო.
შეშინებულმა ფადლონმა მიუგო: მოგცემ ოქრო-ვერცხლს და სხვა მრავალ ძვირფასეულობას, ოღონდ ნუ გამამხელ, გამიყვანე მინდვრად და თან წამომყევიო.
უპასუხა იმ კაცმა:
ვერ ვიზამ მაგ საქმეს, რადგან ამ ქვეყნის შვილი ვარ, ახლა ისმინე ჩემი და გამომყევი, მიგიყვან აღსართანთან და ის გაგაგზავნის შენს ქვეყანაშიო.
არ უნდოდა ფადლონს, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა, ვერსად წავიდოდა. თან, ბაგრატ მეფის ხელში ჩავარდნას, აღსართანის ტყვეობა ერჩივნა, რადგან ბაგრატისგან განსხვავებით, აღსართანი ემორჩილებოდა სულთანს და მაჰმადიანობაც მიღებული ჰქონდა. გაუძღვა ის კაცი და მიიყვანა ჟალეთში მყოფ მესხ აზნაურთან, ისაკ ტოლობელის ძესთან. ისაკმა რომ გაიგო, ვინც იყვნენ მხედრები, იარაღი ჩამოართვა, ცხენებიდან ჩამოყარა, გაძარცვა და დაატყვევა. დაივიწყა, რომ ბაგრატ მეფის ქვეშევრდომი იყო – ფადლონ იბნ შავური ჯორზე შესვა, და ბაგრატ მეფეს კი არ მიჰგვარა, სწრაფად წაიყვანა და აღსართანს მიუყვანა თელავში. აღსართანს შეეშინდა, ფადლონის გამო ბაგრატ მეფემ არ შემომიტიოსო, თან გამორჩენაც უნდოდა. მიიყვანეს ხორნაბუჯის ციხესთან ქურთი ამირა, დაანახვეს ფადლონის მეციხოვნეებს. იმ დროს ხორნაბუჯს ფადლონი იყო დაპატრონებული თურქთა სულთნის დახმარებით და მისცა შავურის ძემ ხორნაბუჯი აღსართანს. მერე მიიყვანეს არადეთთან და არადეთიც მისცა აღსართანს.
ბაგრატ მეფეს ევაჭრა აღსართანი. ჩვენს ხელმწიფეს შეეშინდა ფადლონის გაშვების და დაუბრუნა აღსართანს ბოჭორმა და უჯარმა, რომლებიც ადრე წაერთმია კახთა მეფისთვის და წამოიყვანა ფადლონი. გასვეს ძელზე შავურის ძე ტფილისის გალავანთან. ტფილისში ამ დროს ფადლონის გარნიზონი იდგა. ქალაქში მყოფ მაჰმადიანთა ერთ-ერთ სარდალს არ უნდოდა ტფილისის ჩაბარება, თვითონ უნდოდა გაამირება და სულ არ ადარდებდა ფადლონის ბედი. ამიტომ, არ გაუღო ჭიშკარი ქართველთა ჯარს. გაჭირვებით, მაგრამ მაინც აიღეს ტფილისი ჩვენმა წინაპრებმა. თუმცა, ქალაქი თვითონ არ დაიჭირა მეფემ, არამედ დმანისში მოაძებნინა სითლარაბი, შეიძლება ტფილისის ამირების შთამომავალი, მოაყვანინა და მას უბოძა ტფილისი. იქნებ, ალფ-არსლანთან დაპირისპირებას მოერიდა. თვითონ მეფემ კი დაიკავა რუსთავის, ფარცხისის, აგარანის, გრიგოლ-წმიდას, ქავაზინის ციხეები და ხარკი აიღო ორმოცდაოთხი ათასი დრაჰკანი. მძევლად დაიტოვა მისი ძმის წული, მანუჩას ძე და სამი განძელი თავადი (ზოგი მიიჩნევს, რომ ბაგრატ მეფემ ორმოცდაოთხიათასიანი კონტრიბუცია დააკისრა სითლარაბს და მისი ხალხი დაიტოვა მძევლად. ზოგის აზრით კი, ფადლონს გადაახდევინა ეს თანხა, მისი ხალხი დაიტოვა მძევლად და მასვე წაართვა ციხეები, რომლებიც დაკავებული ჰქონდა ალფ-არსლანის დახმარებით).
ალფ-არსლანმა ბაგრატ მეფესთან გააგზავნა ელჩი – სარანგი ალხაზი, რომელმაც გადასცა სულთნის თხოვნა, გაეთავისუფლებინა ფადლონი. ბაგრატმა გაათავისუფლა შედადიანი და გააგზავნა განძას, თავის სამკვიდროში, სარანგიც თან გაჰყვა. სამაგიეროდ, ჩვენს ხელმწიფეს გადმოსცეს გაგის ციხის კლიტენი და დაიკავა ბაგრატმა გაგი. მაგრამ, ფადლონმა გატეხა ფიცი და შუამდგომლობა სულთნისა და „მოიპარა ქავაზინი“, ანუ მოულოდნელად აიღო. მეფე ამ დროს დასავლეთ საქართველოში იყო. მიადგა ფადლონი აგარანის (კოჯრის) ციხეს და ციხისთავმა გადასცა ციხე განძის ამირას.
გაბრაზდა ბაგრატ მეფე, გადმოვიდა აღმოსავლეთ საქართველოში და დაიბრუნა აგარანი.
скачать dle 11.3